Tuesday, July 9, 2013

ფირდოუსი

ზურაბის თავგადასავალი


(როგორც იქნა, გავტეხე ნავსი და ორი წლის შემდეგ კვლავ ვაგრძელებ... 700-მდე ბეითი თარგმნილია, 400 დარჩა)

და ზურაბს რომ მოჰკრა თვალი... შეემსჭვალა გული ეჭვით -
რადა ჰგავსო ჩემს წინაპრებს ნეტავ მკლავით ან მხარ-ბეჭით?! (675)

თუმცა სიტყვით ეს შესძახა: “გამომყევი, ჰე, ყმაწვილო!
გავცდეთ ამ ველს... შენი ცხენი სჯობს ჩემს ცხენთან დააწყვილო”.

მას ზურაბი დასთანხმდა და თითქოს დაჰკრა ხელი ხელზე,
აედევნა იგი როსტომს ფართოდ გაშლილ ბრძოლის ველზე.

პირს ღიმილი გადაეკრა და მეტოქეს უთხრა ასე:
შერკინება რომ გსურს ჩემთან, ეს სურვილი დავაფასე

და მოგყვები, აბა, ვნახოთ, ჩემთან ბრძოლის თუ ხარ  ღირსი...
სხვას ნურავის გავიყოლებთ, ჩვენ ორნი ვართ საკმარისი.

მაგრამ მაინც უნდა გითხრა, სახით რომ ასე კუშტი,
იქნებ შენ ის გეყოფა, რომ დაგკრა თავზე ერთი მუშტი (680).

არ გეგონოს, შევუშინდე შენს სიმაღლეს, ტანს და მკლავებს,
შენი წლების სიმრავლე ხომ მე სულაც არ დამაკავებს”

მას როსტომი უსმენდა და კვლავ ებრძოდა გულში ეჭვებს,
თვლას ვერ სწყვეტდა ის ზურაბის ფართო მხრებს და გაშლილ ბეჭებს,

ბოლოს უთხრა: “დადექ, ვაჟო! მკვახე სიტყვა მითხარ რბილად,
მოესწრები ცივ მიწაში ჩასვლას... ერთხანს იყავ თბილად.

ჩემს სიბერეს რომ იწუნებ, ეგ სიბრიყვე არის სრული;
ამ ასაკში არაერთი ლაშქარი მყავს შემუსრული.

მოვკალ, თუკი სადმე დამხვდა მე ავსული, გინდა დევი,
არ მინახავს მე ჯერ ჩემი დამჩაგრავი და მომრევი. (685)