Friday, November 22, 2013

იტალიური საბავშვო პოეზია

* * *
ფურცელ–ფურცელ კალენდარი შრიალებს,
დრო ახალ წელს სანამ მოაბრიალებს,

ჩაიქროლებს დღე–ღამეთა ზღაპარი,
აინთება საახალწლო ლამპარი,

ახალი დრო თან სიკეთეს იახლებს
და მოიტანს აურაცხელ სიახლეს.

სასიკეთო ნატვრითა და ოცნებით,
სხვებს დავკოცნით და ჩვენც დავიკოცნებით,

დაპირებებს დავარიგებთ იაფებს,
ტაძრებს სანთლის შუქი ააკიაფებს,

რომ ატყდება საჩუქრების ტრიალი,
ცას შესწვდება ჩვენი გულისფრიალი,

ჩვენს უსაზღვრო სიხარულს რომ ნახავო,
მოდი მაშინ... მოდი, წელო ახალო!

* * *
ორშაბათი ამბობს: "ჩქარა! ამოძრავდით ყველაო!"...
სამშაბათი უარზეა: "ჩქარა არა – ნელაო!"
ოთხშაბათი გაჩხერილა არხეინად შუაში...
ხუთშაბათსაც სულ არ მოსდის ფაციფუცი ჭკუაში...
პარასკევი ვინმეს ეძებს მეგობრობის იმედით,
შაბათი კი აღმა–დაღმა დაქრის ველოსიპედით...
ნეტავ კვირა რაღას ფიქრობს, რას წუხს და რას განიცდის?
გათენდება კვირადღე და თავის საქმე მან იცის.

* * *
დაიწყება მალე თოვა,
თეთრი ფანტელები მოვა...

როგორც აურაცხელ  ფიქრებს,
ცა დაგვაყრის ზღაპრულ ფიფქებს,

და ჩვენც ციურ ვარდის კონებს
მათი ხილვა მოგვაგონებს...

მდუმარედ და ნება-ნება
თოვლი მიწას ეფარება,

რომ აღავსოს ყველას გული
სიმშვიდით და სიყვარულით.

* * *
დაბალი ხმით ვისაუბროთ, ბავშვებს ლექსი ვუამბოთ:
ნეტავ ღამით ვინ სად დადის - აზრით ანდა უაზროდ?

იქნებ ვინმე პრინცია და ღამის ორომტრიალი
არ ასვენებს, რადგან ესმის მას ფოთოლთა შრიალი?!

იქნებ ვინმე ჯუჯაა და თავისნაირ ძმაბიჭებს
ლოტოს კოჭებს ურიგებს და ფეხებს ფრთხილად აბიჯებს?!

იქნებ ვინმე ბატონია, კბილი სტკივა საბრალოს
და არ იცის ეს ტკივილი სხვას ვის გადააბრალოს?!

იქნებ ვინმე დარაჯია, ან სამხედრო გუშაგი,
ბნელი ღამით სულ რომ ფხიზლობს ვით ერთგული მუშაკი?!

ქალაქიდან გაქცეულა დღეს ქურდი და ხიზანი...
დაიძინეთ პატარებო, ნახეთ ტკბილი სიზმარი!

Tuesday, November 5, 2013

ჯანი როდარი

იმედი

მინდა მქონდეს მაღაზია პაწია...
კარს გავხსნიდი, ყველას გავუღიმებდი...
იცით, რად მსურს მე ეს გაწამაწია?
გასაყიდი რა მაქვს? რა და – იმედი!

გავძახებდი: "ხელმისაწვდომ ფასადაც
ვყიდი იმედს, ბითუმად კი – იმედებს",
ერთის ნაცვლად ექვსს მივცემდი და სადაც
ფულს იმედში ყველა გამოიმეტებს.

მერე ვუხმობ ღატაკებს და ღარიბებს,
ვინც ცხოვრებამ იმედს გადააჩვია,
და უფულოდ მათთვის ჩამოვარიგებ
მთელ იმედებს, რაც კი რამ გამაჩნია.


საახალწლო სურვილები

საახალწლო სურვილები, მინდა, გაგიზიაროთ
და ჩვენ მათი ასრულებით მუდამ ერთად ვიაროთ:

მინდა, იყოს იანვარი აპრილივით მზიანი,
გრილ ივლისად გარდაიქმნას მარტი თავაზიანი,

მე დღე მინდა ისეთი, რომ ღამე აღარ მახსოვდეს,
რომ არ ქროდეს ქარიშხალი ზღვაზე აღარასოდეს,

თბილი პურის სუნი მცემდეს, სადმე გზად რომ ჩავივლი,
კვიპაროსმა გამოისხას ერთხელ ატმის ყვავილი,

ძაღლი იყოს კატისათვის მეგობარი რჩეული,
რძე მენახოს შადრევნიდან დილით ამოფრქვეული...

თუ ზედმეტი რამ ვინატრე, შემიცვალეთ ის იმით,
რომ ვიარო მთელი წელი ბედნიერი ღიმილით.


სამახსოვრო

ზოგი საქმე დღისით უნდა აკეთო,
ან ისწავლო, ან თამაშის ადგილი
გამოძებნო ხტუნვით იქით-აქეთო,
დაიბანო და მიირთვა სადილი.

ზოგი საქმე ღამისაა... გჭირდება
ძილისათვის რომ ლოგინი დაიგო,
იქ თავისთვის ბალიშიც რომ იდება,
სჯობს, რომ ყურით არაფერი გაიგო.

ზოგი საქმე არც დღისით და არც ღამით
არ ხდებოდეს, ყველა ამის მდომია,
არც ზღვაზე და არც ხმელეთზე - არსაით!
და ასეთი, მაგალითად, ომია.