Saturday, October 11, 2014

თეოფილ გოტიე

Pierre Jules Théophile Gautier (1811-1872)

უმანკოება გულს წარვტაცე ვაი, რომ ადრე...
ვაი, რომ გაქრა სიამის და ტრფობის ცდუნება...
რად მოვეპყარი ასე დილას?!  აუგი ვკადრე?!
რატომ ინება საუკუნოდ არდაბრუნება?!

რატომ? ცვარ-ნამსაც, აგერ, სურს რომ თავი ანებოს
და ჩაიწრიტოს მცენარეთა მწვანე კაბაში,
რომ ცივ ქარებში უნატიფეს ყვავილს - ანემონს -
საღამომდეც კი არსად შერჩეს  ფერთა კაშკაში.

აგერ, ანკარა წყაროს წყალში შობილი ტალღა
ქვიშაში გავლით სიანკარეს კარგავს მაშინვე,
ახედეთ ღრუბელს, სიქათქათით რომ ჩანდა მაღლა,
ძირს დაეშვა და მოიქუფრა დაშვებაშივე. 

წუთისოფელი ასეთია - თავის მარწუხებს
ჩაგვავლებს, რათა ჩვენგან დრო და ჟამი იპაროს...
რაც გვალხენს, ქრება და კვალში გვდევს ის, რაც გვამწუხრებს,
ვარდს ერთი დღე აქვს, ხოლო ასი წელი - კვიპაროსს. 

Saturday, October 4, 2014

ემილი დიკინსონი

(1830-1886)

შორეულ მთვარეს ხელები ქარვის
აქვს თითქოს მარად ზღვისკენ გაწვდილი...
ზღვაც, მთვარის გარდა, არსად და არვის
არ სდევს მორჩილად, როგორც ყმაწვილი.

ზღვას მთვარე მართავს, თუ სად და როდის
ტალღა ნაპირთან ტალღით მორიყოს...
ზოგჯერ ქალაქთან სულ ახლოს მოდის,
ზოგჯერ ცდილობს, რომ მისგან შორს იყოს.

ჩემო ბატონო, შენც ქარვის ხელით
ზღვასავით მართავ ჩემს გრძნობებს თითქოს...
ჩემი სიცოცხლე არსებით მთელით
ბრძანებას შენსას ელის და ითხოვს.