Saturday, May 28, 2016

საადი, „ბუსთანი“

მესამე კარის ბოლოსწინა იგავი

იგავი 18 (3)

ჭაბუკმა ერთმა შესწავლა სტვირზე დაკვრისა იწყო და
ის რომ უკრავდა, მრავალი გული სულ ცეცხლით იწვოდა. (300)

თუმც მამამისი ამისა გამო სულ ასე ტუქსავდა:
„დავწვავო მაგ სტვირს“ - ეძახდა, ვაჟი სტვირზე რომ უკრავდა.

ერთ ღამეს შვილის საკრავს რომ ჩუმად უსმინა მამამა,
ჰანგთა სიტკბომან მოხუცის გულსაც ძალიან აამა.

და თქვა: „მრცხვენია, უნდა ვთქვა მე სინანულით აწ, ვა-ო...
დაწვას ვუქადდი მას, რამაც დღეს ჩემი გული დაწვაო“.

არ იცით, ხელებს რად შლიან როკვისას გალაღებულნი
და ციბრუტივით მბრუნავი მებანგენი და მებრუნი?

გაშლილი ხელით უღებენ გულის კარს ცას და სამყაროს
და სურთ, რომ მათგან სხვა ყველა ხელთა ტრიალმა გაყაროს. (305)

როკვის სიბრუვით ვინც ცდილობს სატრფოს ხილვას და ხსენებას,
სხეულს, ვით სამოსს, იხდის და მაშინ გრძნობს ბედნიერებას.

ზღვაში თუ ცურვა გწადია, უნდა ცურავდე შიშველი,
სამოსით ცურვა დაგახრჩობს და ვეღარავინ გიშველის.

შემოიძარცვე სულიდან საწუთროს ყველა ცდუნება,
თუ გსურს, რომ არ დაძაბუნდეს ეგ შენი ზნე და ბუნება.

სულმოკლეობა თუ გბორკავს, ქრებიან დიდი მიზნები,
ბორკილებს როცა დაამსხვრევ, შენს მიზანს მაშინ მისწვდები.

Wednesday, May 18, 2016

ფირდოუსი

(ფრაგმენტი "შაჰნამედან“)
ვაგლახ, თურმე ასე ბრუნავს წუთისოფლის თავზე ჩარხი:
ზოგს იმედი თვალში უკრთის, ზოგს გულში აქვს დასამარხი.
ზოგი ლაღობს, აქვს სიამე სკივრში ოქროს რადგან დებით,
თუმც სიკვდილი მოიტაცებს ბოლოს მასაც ქამანდებით.
ვინც ბრძენია, წუთისოფელს სიყვარულით გულს არ ანდობს,
სულ ამაოდ ნაღვლობს ზოგი, ზოგიც ფუჭად დარდიმანდობს.
ზოგს სიმდიდრე ჰგვრის შვებას და ზოგი შვებით უმზერს შვილებს,
მაგრამ ყველას მიწა ელის - ხელმოკლეს თუ ხელგაშლილებს.
ბედის ჩარხიც მხოლოდ ბრუნავს, იქნებ ფიქრის არც აქვს ნება,
არც არავის იცოდებს და არც არავინ ენანება.
ჩვენ არ ვიცით მისი არსი, მას არ ესმის კითხვა ჩვენი,
თუ რატომ და რა მიზნით ვართ წუთისოფლად გასაჩენი.
არც არავინ იცის ქვეყნად - ვინ როდის და რატომ კვდება,
ბოლოს ყველა სად წავალთ და იქ მისულებს რა დაგვხვდება?!