Tuesday, November 15, 2016

საადი შირაზელი

„ბუსთანი“
მეექვსე კარის ფინალური აფორიზმები


სრულყოფილება ყოველი ადამის ძისა ის არის
თუ, დაგროვების კი არა, სურვილი გაცემის არის.

არ შეეცვლება გარეწარს საძრახი ზნე და გონება,
ძუნწი ძუნწადვე დარჩება, თუნდ ჰქონდეს დიდი ქონება.

ალალი კაცი არვის ვნებს სინამდვილით თუ ოცნებით,
თუნდ შიმშილობდეს, ცხოვრებას მაინც სდევს პატიოსნებით.

სიკეთის თესვა სჩვევიათ სულით უხვებს და ძლიერებს,
გაცემა ნიშნავს ავსებას და არა სიცარიელეს.

ადამიანის არსებას უფალი ქმნის და განკარგავს,
ჭკვადმყოფი ადამიანურ სახეს არასდროს დაკარგავს.

ის, ვინც სიმდიდრეს აგროვებს დიდი დროით და დროებით,
როცა მას კარგავს, კარგავენ თვით მას მლიქვნელთა ბრბოები.

თუ საკუთარ თავს შემატე ზნეობის მარგალიტები,
დარდს მადლად გიქცევს საწუთრო, სულში სიმწრით რომ იტევდი.

ვისაც ქვასავით სჩვევია უქმად და უშნოდ დაგდება,
ის არც არავის ახსოვს და არც არვის გამოადგება.

მაგრამ თუ ოქროს ფასს იძენს შენი საქმე თუ ფიქრები,
სულ სანთლით საძებარი და სათაყვანები იქნები.

კლდეების ნგრევა სჭირდება სარკისთვის მინის ძიებას,
ჰოდა, იმ სარკის დაჟანგვა არავის ეპატიება.

ქონებას ხანგრძლივ ვერვინ ფლობს, ის სადმე ერთხანს იდება,
ცოდნას და განათლებას კი თან სდევს მარადის დიდება.