პერსი ბიში შელი
Percy Bysshe Shelley
(1792 - 1822 წწ)
სიყვარულის ფილოსოფია (Love's Philosophy)
The fountains mingle with the river
ამქვეყნად ყველა ნაკადული ერთვის მდინარეს,
ყოველ მდინარეს ელოდება ზღვის სტიქიონი,
ზეციურ ტატნობს, ნეტარებით პირ-მომცინარეს
უერთდებიან ტრამალებზე მქროლი სიონი.
არავის აწევს მარტოობა მძიმე კირთებად,
განგებამ ყველას მოწყალების თვალით შეხედა.
სულდგმული სულდგმულს მიესწრაფვის და ენივთება,
მე კი ვერ შევძელ სანატრელო შენთან შეხვედრა.
შეხედე მთაც კი შესწვდენია ზეცის ბაგეებს,
ტალღაც კი ტალღას ჩაჰგრეხია ვნებამორევით,
მომდურებულ დას ძმა სიკეთის ღიმილს აგებებს,
აღარც კი ახსოვს რომ ახრჩობდა ბოღმის მორევი.
თუნდ ჩამოცალოს მზემ მიწაზე ალერსის თასი,
თუნდ მოაფრქვიოს მთვარემ ზეცას ვნების ტბორები.
განა ექნება ამ ყველაფერს რაიმე ფასი,
მე შენს ბაგეებს თუკი ვეღარ ვეამბორები?!
ცვალებადობა (Mutability)
We are the clouds that veil the midnight moon
ჩვენ ვართ ღრუბლები და პირბადით შევბურეთ მთვარე,
ჩვენ მივიჩქარით ნარნარად და თეთრი აფრებით...
წყვდიადშიც გვახლავს სისპეტაკე! მაგრამ სულ მალე,
ღამეც მიაღწევს თავის სასრულს და ჩვენც გავქრებით.
ჩვენ მივიწყებულ ლირას ვგავართ, მოშლილ სიმებით
სხვადასხვა ჰანგზე რომ ხმიანობს ყველა შეხებით;
ბზარებსღა ვითვლით... თითქოს სიმით იმ გზას მივებით,
ბოლოსდაბოლოს უფსკრულში რომ გადვიჩეხებით.
გვძინავს და... ზოგჯერ ჩაიღვრება სიზმარში შხამი,
ვიღვიძებთ... ერთ ფიქრს ძალუძს მოსპოს ყველა ნუგეში,
ხანგრძლივ ტირილში ვიღიმებით ოროდ წამი
და ხან არ ვნაღვლობთ, ხან ვიხუტებთ სევდას უბეში.
აქ ყველაფერი სულერთია - ვდარდობთ თუ ვხარობთ,
გრძნობათა ცვლაში სულ არ ვიცით გულის დანდობა;
გუშინდელს ხვალ თუ ვეღარ ნახავთ, ნუ მგლოვიარობთ, -
მარადიული არის მხოლოდ ცვალებადობა.
* * *
იტალიას (To Italy)
As the sunrise to the night
როგორც დევნიან ღრუბლებს ქარები,როგორც აღვიძებს დილა ბუნებას,
როგორც მიწისძვრა სდევს მძვინვარებით
მთების სევდიან აბუბუნებას,
შენც, იტალიავ, მარად ხარ ასე
ხან იმედით და ხან შფოთით სავსე.
სიკვდილი (Death)
Death is here, and death is there
სიკვდილია აქ და სიკვდილია იქ დაყველაფერი ქვეყნად, მგონი, სიკვდილს იქმდა,
გარშემო და ირგვლივ, ზემოთ, ქვემოთ, შიგნით
ყველგან სიკვდილია... სიკვდილს თავად ვიქმნით.
ყველაფერზე მოჩანს აქ სიკვდილის დაღი,
როგორიც და რაც ვართ _ სნეული თუ საღი,
როგორიც და ვინც ვართ _ მორჩილი თუ ლაღი.
ჯერ სიამე კვდება გულში... შემდგომ ამის
იმედიც და შფოთიც კვდება და ამ სამის
მიტოვებულ სხეულს მთლად ეცლება ვნება
და, ვით დროის ვალი, კვდომის ჟამიც დგება.
ყველაფერი კვდება თაყვანსა ვცემთ რასაც,
საკუთარ თავს ვტოვებთ, ვეთხოვებით სხვასაც;
რადგან ყველა ვკვდებით, ვრჩებით მხოლოდ ამბად,
სიყვარულიც თავად თავს მოიკლავს, ალბათ.
* * *
შემოდგომა (Autumn)
The warm sun is failing
მზის მცხუნვარება რომ კარგავს ძალასდა ცივი ქარი გზას რომ იკვალავს
შიშველთა ტოტთა დასაზაფრავად,
დამჭკნარ ყვავილსაც შეუღრენს ავად
და წელიწადიც
მთლად თავისთავად
უნდა დააკვდეს, უნდა დაეცეს
მჭკნარი ფოთლებით მორთულ სარეცელს
წადით, თვეებო!... ო, მაშინ წადით...
ამ ნოემბრიდან იმ მაისამდე
თალხი სამოსით გადანისლვამდე
მიმკვდარ წელიწადს მისდიეთ კვალში, _
ცხედარს სამარის კართან მისვლამდე
და მერე სიკვდილს იქ გაუყარეთ,
ვით აჩრდილებმა, თქვენ თვალი თვალში.
მყინავი წვიმა მიწას აკვდება,
მატლი მიწისკენ მიიკლაკნება,
მალე მდინარე ზვირთებად მოვა,
მდუმარე ზარმაც საშველი ჰპოვა _
მკვდარ წელიწადის
დაიწყო გლოვა...
მერცხლები უკვე ტოვებენ ბუდეს,
ხვლიკებმა ხვრელში გზა მიიმრუდეს...
წადით, თვეებო!... ო, ჩქარა წადით...
ჩაიცვით თეთრი, რუხი და შავი,
ერთად მიანდეთ მწუხრის ჟამს თავი,
რომ მკვდარ წელიწადს მისდიოთ კვალში,
გამოიგლოვოთ განგება ავი
და მის საფლავზე გადმოსაფრქვევად
მწვანე ცრემლები გაგიჩნდეთ თვალში.