Friday, November 22, 2013

იტალიური საბავშვო პოეზია

* * *
ფურცელ–ფურცელ კალენდარი შრიალებს,
დრო ახალ წელს სანამ მოაბრიალებს,

ჩაიქროლებს დღე–ღამეთა ზღაპარი,
აინთება საახალწლო ლამპარი,

ახალი დრო თან სიკეთეს იახლებს
და მოიტანს აურაცხელ სიახლეს.

სასიკეთო ნატვრითა და ოცნებით,
სხვებს დავკოცნით და ჩვენც დავიკოცნებით,

დაპირებებს დავარიგებთ იაფებს,
ტაძრებს სანთლის შუქი ააკიაფებს,

რომ ატყდება საჩუქრების ტრიალი,
ცას შესწვდება ჩვენი გულისფრიალი,

ჩვენს უსაზღვრო სიხარულს რომ ნახავო,
მოდი მაშინ... მოდი, წელო ახალო!

* * *
ორშაბათი ამბობს: "ჩქარა! ამოძრავდით ყველაო!"...
სამშაბათი უარზეა: "ჩქარა არა – ნელაო!"
ოთხშაბათი გაჩხერილა არხეინად შუაში...
ხუთშაბათსაც სულ არ მოსდის ფაციფუცი ჭკუაში...
პარასკევი ვინმეს ეძებს მეგობრობის იმედით,
შაბათი კი აღმა–დაღმა დაქრის ველოსიპედით...
ნეტავ კვირა რაღას ფიქრობს, რას წუხს და რას განიცდის?
გათენდება კვირადღე და თავის საქმე მან იცის.

* * *
დაიწყება მალე თოვა,
თეთრი ფანტელები მოვა...

როგორც აურაცხელ  ფიქრებს,
ცა დაგვაყრის ზღაპრულ ფიფქებს,

და ჩვენც ციურ ვარდის კონებს
მათი ხილვა მოგვაგონებს...

მდუმარედ და ნება-ნება
თოვლი მიწას ეფარება,

რომ აღავსოს ყველას გული
სიმშვიდით და სიყვარულით.

* * *
დაბალი ხმით ვისაუბროთ, ბავშვებს ლექსი ვუამბოთ:
ნეტავ ღამით ვინ სად დადის - აზრით ანდა უაზროდ?

იქნებ ვინმე პრინცია და ღამის ორომტრიალი
არ ასვენებს, რადგან ესმის მას ფოთოლთა შრიალი?!

იქნებ ვინმე ჯუჯაა და თავისნაირ ძმაბიჭებს
ლოტოს კოჭებს ურიგებს და ფეხებს ფრთხილად აბიჯებს?!

იქნებ ვინმე ბატონია, კბილი სტკივა საბრალოს
და არ იცის ეს ტკივილი სხვას ვის გადააბრალოს?!

იქნებ ვინმე დარაჯია, ან სამხედრო გუშაგი,
ბნელი ღამით სულ რომ ფხიზლობს ვით ერთგული მუშაკი?!

ქალაქიდან გაქცეულა დღეს ქურდი და ხიზანი...
დაიძინეთ პატარებო, ნახეთ ტკბილი სიზმარი!

Tuesday, November 5, 2013

ჯანი როდარი

იმედი

მინდა მქონდეს მაღაზია პაწია...
კარს გავხსნიდი, ყველას გავუღიმებდი...
იცით, რად მსურს მე ეს გაწამაწია?
გასაყიდი რა მაქვს? რა და – იმედი!

გავძახებდი: "ხელმისაწვდომ ფასადაც
ვყიდი იმედს, ბითუმად კი – იმედებს",
ერთის ნაცვლად ექვსს მივცემდი და სადაც
ფულს იმედში ყველა გამოიმეტებს.

მერე ვუხმობ ღატაკებს და ღარიბებს,
ვინც ცხოვრებამ იმედს გადააჩვია,
და უფულოდ მათთვის ჩამოვარიგებ
მთელ იმედებს, რაც კი რამ გამაჩნია.


საახალწლო სურვილები

საახალწლო სურვილები, მინდა, გაგიზიაროთ
და ჩვენ მათი ასრულებით მუდამ ერთად ვიაროთ:

მინდა, იყოს იანვარი აპრილივით მზიანი,
გრილ ივლისად გარდაიქმნას მარტი თავაზიანი,

მე დღე მინდა ისეთი, რომ ღამე აღარ მახსოვდეს,
რომ არ ქროდეს ქარიშხალი ზღვაზე აღარასოდეს,

თბილი პურის სუნი მცემდეს, სადმე გზად რომ ჩავივლი,
კვიპაროსმა გამოისხას ერთხელ ატმის ყვავილი,

ძაღლი იყოს კატისათვის მეგობარი რჩეული,
რძე მენახოს შადრევნიდან დილით ამოფრქვეული...

თუ ზედმეტი რამ ვინატრე, შემიცვალეთ ის იმით,
რომ ვიარო მთელი წელი ბედნიერი ღიმილით.


სამახსოვრო

ზოგი საქმე დღისით უნდა აკეთო,
ან ისწავლო, ან თამაშის ადგილი
გამოძებნო ხტუნვით იქით-აქეთო,
დაიბანო და მიირთვა სადილი.

ზოგი საქმე ღამისაა... გჭირდება
ძილისათვის რომ ლოგინი დაიგო,
იქ თავისთვის ბალიშიც რომ იდება,
სჯობს, რომ ყურით არაფერი გაიგო.

ზოგი საქმე არც დღისით და არც ღამით
არ ხდებოდეს, ყველა ამის მდომია,
არც ზღვაზე და არც ხმელეთზე - არსაით!
და ასეთი, მაგალითად, ომია.

Monday, September 16, 2013

საადი - "ბუსთანი"

...ვთარგმნი საფუძვლიანად - თავიდან ბოლომდე:

უფლის სადიდებელი

დიდება უფალს, რომელმან სულით აღავსო სხეული,
რომელმან ენა გვიბოძა, სიტყვის სათქმელად რხეული,

ვადიდოთ ღმერთი მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი,
ჭირში თუ ლხინში მოკვდავთა განმკითხავი და მხლებელი.

ნეტარ არს, ვინც მას ერთგულებს და მის კართან დგას მარადის,
ვინც განუდგება, ღირსებას აღარსად ჰპოვებს არად ის.

დიადი მეფე ცხოვრებამ თუნდ ალაღოს და ახაროს,
უფლის წინაშე ის უჯობს თავი მიწამდე დახაროს.

(შესავალი თავი მთლიანად და ზოგი სხვა ფრაგმენტი იხილეთ აქვე, საადის გვერდზე)

Tuesday, July 9, 2013

ფირდოუსი

ზურაბის თავგადასავალი


(როგორც იქნა, გავტეხე ნავსი და ორი წლის შემდეგ კვლავ ვაგრძელებ... 700-მდე ბეითი თარგმნილია, 400 დარჩა)

და ზურაბს რომ მოჰკრა თვალი... შეემსჭვალა გული ეჭვით -
რადა ჰგავსო ჩემს წინაპრებს ნეტავ მკლავით ან მხარ-ბეჭით?! (675)

თუმცა სიტყვით ეს შესძახა: “გამომყევი, ჰე, ყმაწვილო!
გავცდეთ ამ ველს... შენი ცხენი სჯობს ჩემს ცხენთან დააწყვილო”.

მას ზურაბი დასთანხმდა და თითქოს დაჰკრა ხელი ხელზე,
აედევნა იგი როსტომს ფართოდ გაშლილ ბრძოლის ველზე.

პირს ღიმილი გადაეკრა და მეტოქეს უთხრა ასე:
შერკინება რომ გსურს ჩემთან, ეს სურვილი დავაფასე

და მოგყვები, აბა, ვნახოთ, ჩემთან ბრძოლის თუ ხარ  ღირსი...
სხვას ნურავის გავიყოლებთ, ჩვენ ორნი ვართ საკმარისი.

მაგრამ მაინც უნდა გითხრა, სახით რომ ასე კუშტი,
იქნებ შენ ის გეყოფა, რომ დაგკრა თავზე ერთი მუშტი (680).

არ გეგონოს, შევუშინდე შენს სიმაღლეს, ტანს და მკლავებს,
შენი წლების სიმრავლე ხომ მე სულაც არ დამაკავებს”

მას როსტომი უსმენდა და კვლავ ებრძოდა გულში ეჭვებს,
თვლას ვერ სწყვეტდა ის ზურაბის ფართო მხრებს და გაშლილ ბეჭებს,

ბოლოს უთხრა: “დადექ, ვაჟო! მკვახე სიტყვა მითხარ რბილად,
მოესწრები ცივ მიწაში ჩასვლას... ერთხანს იყავ თბილად.

ჩემს სიბერეს რომ იწუნებ, ეგ სიბრიყვე არის სრული;
ამ ასაკში არაერთი ლაშქარი მყავს შემუსრული.

მოვკალ, თუკი სადმე დამხვდა მე ავსული, გინდა დევი,
არ მინახავს მე ჯერ ჩემი დამჩაგრავი და მომრევი. (685)

Thursday, June 27, 2013

რუდაქი

ეს მათთვის, ვინც "იწვის":

* * *
ეს სიყვარული რა არის? - ტკივილის დიდი ზღვა არის...
ჭკუა არ შემრჩა, ჩემს თავში - არ ვიცი - რაღაც სხვა არის...
მე გულში, დარდი კი არა, მთა მაქვს და მისი წვა არის,
შენ კი, გული რომ გგონია, გული კი არ გაქვს - ქვა არის.
* * *
შენს ნახვას მე ვერ ვეღირსე თუნდაც სადმე გზაზე წამით,
შენს მშვენებას ვერ შევასწარ თვალი დღისით ანდა ღამით.
ბოლოს ბედისწერამ მამცნო ციდან ნება თვისი ამით:
განშორების რუმბთან დაგსვამ და იქ ღვინო სვიო ჯამით. 

Tuesday, May 14, 2013

არტურ რემბო

Le Buffet

C’est un large buffet sculpté; le chêne sombre,
Très vieux, a pris cet air si bon des vieilles gens;
Le buffet est ouvert, et verse dans son ombre
Comme un flot de vin vieux, des parfums engageant;

Tout plein, c’est un fouillis de vieilles vieilleries,
De linges odorants et jaunes, de chiffons
De femmes ou d’enfants, de dentelles flétries,
De fichus de grand-mère où sont peints des griffons;

- C’est là qu’on trouverait les médaillons, les mèches
De cheveux blancs ou blonds, les portraits, les fleurs sèches
Dont le parfum se mêle à des parfums de fruits.

- O buffet du vieux temps, tu sais bien des histoires,
Et tu voudrais conter tes contes, et tu bruis
Quand s’ouvrent lentement tes grandes portes noire.



ძველი კარადა

(თარგმნა ჩემმა შვილმა, ვახტანგ ელერდაშვილმა)

მუხის კარადის ჩუქურთმები, ხეში ნაკვეთი,
დიდი ხანია დაემსგავსა წარსულ ზმანებებს.
ღია კარიდან სურნელება სასოწარმკვეთი
უზომოდ გვათრობს, გვიზიდავს და თავს არ გვანებებს.

ბოხჩად შეკრული ძველმანების ალიაქოთი
ყვითელ თეთრეულს სიბნელეში თეთრად იგონებს.
გადაავიწყდათ დრომოჭმული დროის წალკოტი
ბებოს თავშალზე ამოქარგულ ციცქნა გრიფონებს…

აქ თქვენ შეხვდებით თმის ხვეულებს და გულსაბამებს,
ყვითელ სურათებს და თოჯინებს დაულამბავებს –
სიბნელეში რომ გვიყურებენ ნაჭრის თვალებით.

კარადას ბევრი ჭორ-მართალი ეცოდინება
და, ზანტად, მუხის შავი კარის აჭრიალებით
წარსულის ზღაპრებს მოგვიყვება, თუკი ინება.

Wednesday, May 1, 2013

დუბეითი


کی باشد و کی باشد و کی باشد و کی؟
من باشم و وی باشد و می باشد و نی
من گه لب وی بوسم و وی گه لب من
من مست ز وی باشم و وی مست زمی

რა იქნება? რა იქნება? რა იქნება? რაო?
მე ვიყო და შენ იყო და ღვინის ფიალაო...
შენმა ბაგემ დამიბანგოს გულის იარაო...
დავთვრე შენი სიყვარულით, ღვინით კი არაო...


Sunday, March 17, 2013

სერგეი ესენინი

ჯერ აქ დავდებ, მთავარ გვერდზე...
1975 წელს არის თარგმნილი, ცოტა კი განვაახლე.


წერილი დედას!

ცოცხალი ხარ, დედა, ჩემო  თმაჭაღარა?
გესალმები!... მეც რა მიჭირს?! – ვცოცხლობ ასე...
გაზაფხულმა შენს ქოხს, ალბათ, დააღვარა
კვლავ სინათლე, შეუცნობი გრძნობით სავსე.

მწერენ მე, რომ ვერ იკავებ ცრემლებს თვალზე
და მალულად ჩემზედ ნაღვლობ დღით თუ ღამით,
რომ ხშირ–ხშირად გამოდიხარ სოფლის გზაზე
ძველმოდური გაცრეცილი მოსასხამით.

ნუთუ სწუხარ საღამოთა უკუნეთში?!
გიზაფრავენ ზმანებანი გულს შენ განა?!
გეჩვენება ვინმემ სადმე ბნელ დუქნებში
გულის პირზე რომ ფინური დამცა დანა?!

არა უშავს, საყვარელო! იყავ მშვიდად,
შენს ფიქრებში ყოველივე მოჩანს შავად,
მე ლოთობას არ ავყვები ისე დიდად,
რომ ჩავიდე საფლავში შენს უნახავად.

მე კვლავ ის ვარ, მიცნობ ისევ ნაზ არსებას
და ვოცნებობ მხოლოდ მასზე ყოველ დილით,
რომ განვშორდე ვნებათღელვის გაშმაგებას
და შენ ქოხში დაგიბრუნდე კვლავ ღიმილით.

დავბრუნდები მე, როდესაც გაშლის კვირტებს
ჩვენი ბაღი გაზაფხულის შესაცინად,
ოღონდ, დედა, ახლა ნუღარ გამაღვიძებ
ალიონზე, რომ გჩვეოდა რვა წლის წინათ.

ოცნებათა გაღვიძება კვლავ თუ სცადე,
დამიჯერე, გვიჯობს რომ მათ ვანდოთ რული, –
ცხოვრებაში ძალზე ადრე განვიცადე
გადაღლა და დანაკარგის სინანული.

და ლოცვასაც ნუ მასწავლი... აღარ მინდა!
აღარა მსურს გარდასულის გახსენება.
მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის სხივი წმინდათწმინდა,
შენ ხარ ჩემი ნუგეში და ჩემი შვება

მაშ, დამშვიდდი, შეიკავე ცრემლი თვალზე,
ნუ ინაღვლებ ასე ძლიერ დღით თუ ღამით,
ნუ გამოხვალ ასე ხშირად სოფლის გზაზე
ძველმოდური გაცრეცილი მოსასხამით.

Friday, March 1, 2013

არ მახსოვს


ჩემი თარგმანია.... არ მახსოვს - საიდან (?!)

ვიცი, ცხოვრებას ვიწყებ თავიდან,
გარდასულ წელთა გაფრენის ფასად...
ნეტავ ტკივილი მოდის საიდან
და ნეტავ რატომ არ მიდის არსად?!

ჩუმად დაგლოცავ – წადი!... ასე რომ
ბედნიერების ზღვარსაც გადახვალ,
მე კი არც ვცოცხლობ და არც ვარსებობ,
ჩემს სიახლოვეს შენ რომ არა ხარ.

Thursday, February 28, 2013

ქართულიდან რუსულად

გალაკტიონის "მე და ღამე"... ფრაგმენტი... საცდელი თარგმანი


Пишу стихи так страстно неспроста я
И ночь горит и тает вновь и вновь...
В окно влетает с поля ветров стая,
Чтоб рассказать мне сказку про любовь.
* * *
Плетет луна божественно вуали,
Весь мир покрыт блаженством серебра...
Играя с ветром листья дыбом встали
И вновь в окне висит сирень  как бра.
* * *
Пространством стало небо для искусства,
Чтоб сизый голубь крылья рисовал,
Вновь чтобы рифмой наполнялись чувства
И этот стих в словах торжествовал.
* * *
* * *
Все знает ночь, читая эти строки,
Как я страдал....  Ушел от всех я прочь....
И стали мы вдвоем так одиноки:
И я и ночь.- о,боже!  - Я и ночь.

Monday, February 25, 2013

ლინა კოსტენკო


უკრაინელი პოეტი ქალი (დ. 1930 წ)

Ісус Христос розп’ятий був не раз.
Там, на Голгофі, це було уперше.
Умер од смерті, може,— від образ,
і за життям не пожалів, умерши.
А потім розп’яли на полотні,
у мармурі, у гіпсі і в граніті.
А потім розп’яли його в мені,
і розп’яли на цілім білім світі.
І тіло з’їли, кров’ю запили.
Ще рік, чи два, чи десять, чи довіку?
І продавали образ з-під поли,
і не дають умерти чоловіку.
Куди піду? Куди тепер піду?
Де на землі земля обітована?
Казарми в Гефсіманському саду,
І всі народи — як розкрита рана…

იესო ქრისტეს ჯვარცმა წილად ბერჯერ არგუნეს...
ეს გოლგოთაზე აღასრულეს, დიახ, პირველად,
თუმც ვერც დათრგუნეს, ვერც ჩაუკლეს გული საგულეს...
და კვლავ გაცოცხლდა ყველასათვის გასაკვირველად.

მერე ჯვარს აცვეს ნახატზეც და ნაქანდაკარზეც,
ძერწა თუ ქარგა ნაირგვარად ქალმა თუ კაცმა...
ქვით და ლითონით გამოსახეს ჭერზეც და კარზეც.
და ახლა ვხვდები, რომ ჩემს სულშიც მოხდა ეს ჯვარცმა

კიდევ რამდენ წელს უნდა ვტანჯოთ?!... ან იქნებ მარად
უნდა კვდებოდეს და ებრძოდეს საზარელ ვნებას?
ჩვენ ის ვაქციეთ სიავის წილ ხატად და ფარად,
მას კი, ვინ იცის, იქნებ მშვიდად სიკვდილი ნებავს?!

მე სად წავიდე?! ვინ გაიგებს ჩემს შეშლილობას?
გეთსიმანიის ბაღში მხოლოდ ყაზარმებს ვხედავ....
მთელი სიცოცხლე დაემსგავსა ერთ დიდ ჭრილობას
და აქ ვერც სიკვდილს, ვერც აქედან გაქცევას ვბედავ.

Friday, February 15, 2013

Turkey


თანამედროვე თურქული პოეზიიდან



* * *
რა ქალები მყვარებია! - დღეს არ ჩანან არსად...
რა ქალები მყვარებია! - დღეს არ ჩანან არსად...
შემოდგომის წვიმა ჰქონდათ მოსასხამად... გარსად....
მოფერებას პასუხობდნენ ჩვილი ბავშვის მსგავსად.

ზოგჯერ, როცა ვშორდებოდი, იცრემლებდნენ თვალებს...
რა ქალები მყვარებია! - დღეს არ ჩანან არსად...
არ ვიცოდი, ასე ტრფობა რომ შეეძლოთ ქალებს,
რომ არასდროს ვავიწყდები მათ არაფრის ფასად.

დღესაც მომდის წერილები მათგან... მათგან... მხოლოდ
ერთ ოცნებას ვიხსენებ და გადაიქცნენ ასად...
დამავიწყდა ყველა ლექსი სრულად, უთავბოლოდ....
რა ქალები მყვარებია! - დღეს არ ჩანან არსად...

ვიხსენებ და თითქოს ქრება მარტოობის სევდა,
თუმცა ვიცი, შორს არიან.... ხმა კი მესმის, მესმის....
თითქოს ღრუბლად გადაიქცა, რა ტკივილიც მდევდა,
გაქრა ტრფობა, მაგრამ ახლა ხსოვნა თავბრუდ მესხმის.

სხვას ასეთი სიყვარული სად ჰქონია სხვა - სად?!
რა ქალები მყვარებია! - დღეს არ ჩანან არსად...

* * *
ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!...
ვინც არ უნდა შეიცვალოს, თუნდაც ბილწი გახდეს წმინდა,
თუნდაც ლურჯი თვალი ექცეს მწვანედ ჩემთა თვალთა წინ და
თუნდ გემსგავსოს შენ ხმით ისე, თითქოს ლექსად გადმოდინდა,
სიგარეტიც შენებურად მოიმარჯვოს.... არავინ და
არვინ მინდა მე შენს მეტი.... დავალ გარეთ, ვზივარ შინ და
ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!...

დავივიწყე ყველაფერი: სიყვარული, ტრფობა, ვნება...
ქერათმიანს შავგრემანი (ან პირიქით) ენაცვლება,
გაურკვეველ სახეს სახე მისდევს როგორც გზნებას გზნება,
ზოგის ბაგეს სისხლი წვავს და ზოგზე თითქოს თოვლი დნება...
ღმერთო, ამდენ ზმანებებში ძალას ვკარგავ ნება-ნება...
ჩემს გიტარას ვუსმენ ისევ და წარსული მენანება,
ვინც არ უნდა შევიყვარო - ასეთია ღმერთის ნება! -
არვინ მინდა მე შენს მეტი.... შენთან ყოფნა მენატრება.

ვინც არ უნდა შევიყვარო.... რაგინდ მწვავდეს ცეცხლის ალი,
მაინც შენსკენ მომიძღვება წუთისოფლის გზა და კალი,
ეგებ ენა აელესათ დასაცინად, როგორც ხმალი,
ჩემს სიყვარულს მიაწერეს ეგებ ქვეყნის ცოდვა-ბრალი,
ეგებ წვიმს და მე ვეღარ ვგრძნობ, დამიბრმავდა ეგებ თვალი...
ეგებ შენთან დამრჩა გული, მე კი სხვაგან დავრჩი მწყრალი...
ეგებ სიოც მოქრის შენგან ვნებითა და კოცნით მთვრალი,
ეგებ რაღაც ჯადო ხარ და სულაც არ ხარ მხოლოდ ქალი...  

ვერ გავიგე, ეს სიცოცხლე რა სიზმარში გამიფრინდა....
ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!...

* * *
ტკბილი იყო საუბარი შენთან, ჩემო კარგო.
ვით რაკრაკი ნაკადულის, ვით ნიავის ფრენა...
თითქოს გსურდა ყვავილებით ველ-მინდორი ქარგო,
გსურდა ია-ენძელების ფიანდაზად ფენა,
ტკბილი იყო საუბარი შენთან, ჩემო კარგო...
კვლავ შენს სურათს ეფერება გული... თვალი... სმენა.

მიამბობდი ლამაზ ზღაპრებს შენზე... ჩემზე... სხვაზე...
სიტყვებს ხიბლი ეძლეოდათ თითქოს მხოლოდ შენით...
მე უშენოდ სულ უდაბნო დამხვდებოდა გზაზე,
დაშრებოდა ყველა წყარო დარდით... სევდით... წყენით...
სულ საავდრო და შავ ღრუბლებს ვიხილავდი ცაზე...
კვლავ შენს სურათს ვეფერები გულით... თვალით... სმენით.

საღამომდე რომ გელოდი, შენ ყვავილთა კონით
მოდიოდი უეცრად და მიქარვებდი თმენას,
და სალამსაც რომ მეტყოდი, მე ფიქრით და გონით
ვივიწყებდი წუთისოფლად დროის მუხთალ დენას,
ტკბილ სიმღერას ჰგავდი შენ და მეც ამ ხსოვნის ქონით
კვლავ მოვყავარ შენს სურათთან გულს და თვალს და სმენას.

გაზაფხულზე, ო, რამდენჯერ, გვიხმო მთად და ბარად
მეგობართა საფლავებზე ყვავილების ცვენამ,
როს პატარა ჩიტუნების ფრენას ქარდაქარად
მივდიეთ და თითქოს გვითხრა მათმა ტკბილმა სტვენამ -
გაუფრთხილდით სიყვარულსო მარად.... მარად.... მარად!
დღეს მიტომაც გაგიხსენა გულმა... თვალმა... სმენამ.

ჩვენი ფიქრი წარსულისკენ ისევ გზა-კვალს იგნებს
და მოწყენით.... მონატრებით დღეს ჩვენ ვცოცხლობთ ისევ...
ვმალავ იმ ჩვენს ძველ სიყვარულს, ვით აკრძალულ წიგნებს,
მაგრამ მაინც, ვით განსაცდელს, დარდებს გულზე ვისევ,
წარსულს ყველგან ეს ცხოვრება გზად და ხიდად მიგებს
და შენს სურათს ჩემს კედელზე ვგრძნობ.... ვხედავ და ვისმენ.

* * *
სამჯერ გნახე სიზმრად, კარგო, სამჯერ გითხარ - "მიყვარხარ" - და
გამოვცვალე მერე წყალი ლარნაკებში... გავხსენ ფარდა
და არ ჩანდა სიზმრის მიღმა არაფერი, ღრუბლის გარდა...

შენი სახე მომენატრა, განთიადის სხივს რომ ჰგავდა.

ძალისძალად ვხლართავ ლექსებს... აივანთან მზე თვალს ხუჭავს....
მომხედეო! - ალუბალი მომძახის და იკლებს ქუჩას,
მე კი ვეძებ შენს სურნელს და სევდას ზღვარი არსად უჩანს....

შენი სახე ჩვენი ქვეყნის პირველ გაბრწყინებას ჰგავდა.

ვფიქრობ და სულ ვეკითხები ჩემს საფიქრალს, სულთამხუთავს,
გული ლექსებს რატომ გიძღვნის?! - განა ასჯერ ეს არ უთქვამს?!
ან მიხაკის სუნი რატომ ასდიოდა მაგ შენს სუნთქვას?!  

ან ეგ სახე მარადიულ სილამაზეს რატომ ჰგავდა?