Friday, January 30, 2015

ფედერიკო გარსია ლორკა

მწარე სიყვარულის სონეტი 




შიშით ვუმზერ შენს თვალებში დაბუდებულ ჯადოს
და მგონია დასაკარგად არის მარად მზად ის,
ვშიშობ, რომ აწ მხოლოდ ჩემთვის აღარ დანავარდობს 
შენს ღაწვებზე ღამის სუნთქვა, ვით სურნელი ვარდის. 
ამ ნაპირზე, მე კი არა, თვით სიცოცხლეც დარდობს
და ხეს ვგავარ უტოტებოს და ვერ ვპოვებ ადგილს, 
სადაც შვებას შევიგრძნობ და მივცემ რამე საზრდოს
ტკივილს, რაიც ჩემს სხეულში დამშეული დადის. 
თუ ხარ ჯვარი საფიცარი, თუ ხარ გულის ურვა,
თუ განძი ხარ, რაც მამხნევებს ან რაც აღმაშფოთებს,
თუ, ვით ძაღლი, ბატონობამ შენმა დამიურვა, 
არ წამართვა, რაც მწადია, რომ ჩემს სულში თრთოდეს
და აღირსე შენთა წყალთა მდინარეში ცურვა
ჩემი მწირი შემოდგომის გაყვითლებულ ფოთლებს.

Monday, December 15, 2014

ედგარ ალან პო

"ყორანი
(The Raven) 



01
ერთხელ ღამით ფიქრთა შუა დაღლილობამ შემიტყუა
და ვთქვი - ალბათ, სევდა თუა, ამ ძველ წიგნებს ვფურცლავ ოდეს...
ძილს ვებრძოდი მთელი ღამე, კაკუნი რომ მომესმა მე,
თითქოს ვიღაც ანდა რამე კართან შინ მე მომდგომოდეს,
"სტუმარია?! - ვეჭვობ, რომ სხვა კართან ვინმე მომდგომოდეს
და სათქმელი რამე ჰქონდეს".
02
თითქოს მახსოვს, ვგრძნობდი რასაც - დეკემბერსაც და მის ქარსაც,
თითქოს სურდა ბუხრის ალსაც - იატაკზე ჩრდილად ხტოდეს...
გულს კი სურდა ძლიერ დილა და თვით წიგნმაც გააწბილა,
რომ იქ შვება ვერ იხილა, რომ ის მარად ხსოვნით კრთოდეს
და შორეულ ქალწულ ლენორს, ვით ანგელოზს, შეჰხაროდეს,
თუმც იმედი არც რამ ჰქონდეს.
03
მარჯნისფერი აბრეშუმის ფარდის - მისი შარიშურის -
ხმაც მზარავდა და ღარავდა გულს შიშით, რაც დღემდე მომდევს,
ჯერ უცნობი რაღაც ელდით მეც და გულიც მთლად გავხელდით:
"სტუმარია - კვლავ ვთქვი - ვეჭვობ, შემოშვებას სხვა რომ მთხოვდეს,
სტუმარია ვიღაც... ვეჭვობ, ამის ნებას სხვა  რომ მთხოვდეს,
ან განზრახვა სხვა რამ ჰქონდეს.
04
მოვიკრიბე მალე ძალი, კარს შევავლე უმალ თვალი,
ვკითხე: "კაცი ხარ თუ ქალი?! - მაპატიე მე, არმცოდნეს,
არ ველოდი კაკუნს ღამე, მთვლემარს მესმა ოდეს ხმა მე,
ვერც გავიგე სიტყვა რამე - კარზე ვინმე მომძახოდეს"...
გავხსენ კარი და ვიფიქრე, იქ წყვდიადი დამხვდა ოდეს,
ვეჭვ, სამზერი სხვა რამ მქონდეს.
05
მივაშტერდი წყვდიადს ასე, შიშითა და გზნებით სავსე,
მე იმ ნატრულს დავემსგავსე, ვისაც სურს, რომ შუქი კრთოდეს,
თუმც არ ჰკვეთდა სხივი წყვდიადს და არც ბგერა - დუმილს, ფრიადს,
მხოლოდ სურვილს ვგრძნობდი დიადს, ექოსავით რომ მოჰქონდეს
სივრცეს სიტყვა - "ლენორ... ლენორ..." და ჩემს ირგვლივ მიმოჰქონდეს...
სხვა სურვილი არც რამ მქონდეს.
06
მოვბრუნდი და ვიგრძენ სრული მგზნებარებით თრთოდა სული
და ვშიშობდი, აწ სარკმელზე ის კაკუნი განმეორდეს,
მართლაც მესმა მძლავრად ისევ და ვთქვი - "ეჭვებს რატომ ვისევ?!
გამოვაღებ სარკმელს ისე, სული ძლიერ რომ არ თრთოდეს,
ვნახავ, იქნებ ქარს სწადია - რაღაც უცნაურად ქროდეს
და ხმაც უცნაური ჰქონდეს".
07
გავაღე და ზევით-ქვევით მოფართხალე ფრთების ქნევით
იქ ყორანი დამხვდა წინ და შემოფრინდა შიგნით ოდეს,
მედიდურად მე გამშორდა და ვით ლედიმ ანდა ლორდმა,
ჩამიარა შორი-შორ და კართან ახტა, თითქოს მოსდევს
ძველი ჯავრი პალადასი, რომ მის ბიუსტს დასჯდომოდეს, -
თითქოს ჯავრი ახლაც ჰქონდეს.
08
შევხედე და სევდის ნაცვლად გავხალისდი - ისე მკაცრად
იჯდა თითქოს მთვლიდა არც რად... ჰგავდა ბრძენს და ყოვლისმცოდნეს.
ვუთხარ: "ვატყობ, არ ხარ მხდალი, თუმც მზერა გაქვს ერთობ მწყრალი,
მედიდურად გიჭრის თვალი... სჭვრეტ ღამეულ ბრალს და ცოდვებს..
მაშ, სახელიც მითხარ... იქნებ ჯოჯოხეთურს მეტყვი  ბოდვებს...“
და თქვა სიტყვა - "არასოდეს!"
09
ყორნის სიტყვას ყური როცა მოვკარ, ფრიად გამაოცა,
საშველი კი არც მან მომცა, სული სევდით რომ არ ძრწოდეს...
ან უნახავს ნეტავ ვინმეს, შესწრებია მხეცს ან ფრინველს,
რომ ოთახში შეძლებს იმდენს, შეეღწიოს შიგნით ოდეს,
უმალ კართან შემოდებულ ბიუსტს თავზე დასჯდომოდეს
და თან ეთქვას "არასოდეს"?!
10
ეს თქვა მხოლოდ შემზარავად და ბიუსტზე კვლავ უძრავად
იჯდა... თითქოს ერთ სიტყვაში მთელ ძალას და სულს აქსოვდეს...
ფრთის შექნევაც კი არ სცადა, არაფერი მითხრა სხვა და
მე ვთქვი - "წავა ესეც ხვალ და მოისურვებს, რომ გამშორდეს,
როგორც ყველა მეგობარი და იმედიც აღარ მქონდეს...“
მან დამჩხავლა - "არასოდეს".
11
დავუბრუნდი შიშით დუმილს, ჩხავილი რომ შეწყდა სტუმრის,
"მგონი, ერთი სიტყვა იცის - ვთქვი - ვეჭვობ, რომ სხვას ამბობდეს...
ალბათ, ვინმე ბედკრულს ჰყავდა მიჩვეული, ის კი თხზავდა
სევდით ლექსებს კვლავ-და-კვლავ და სურდა, ასე დასძახოდეს
ყორანის ხმაც... უიმედო სევდით სავსე დასძახოდეს:
"არა, არა.... არასოდეს...“
12
ჩემს სევდიან სულს თუმც მალე კვლავ ღიმილით მივეძალე,
სავარძელი დავდგი ახლოს ყორანთან და კართან ოდეს,
რბილ ხავერდზე მჯდომმა თავი მივეც ფიქრებს, ის კი - შავი,
მწუხარე და შემზარავი ხმით ცდილობდა კვლავ ჩხაოდეს,
ვით ბნელეთის მოციქული ერთი სიტყვით დამჩხაოდეს
და ამბობდეს - "არასოდეს".
13
ასე ვიჯექ სავსე ეჭვით, ღრმა დუმილში ხანგრძლივ შეჭრით,
ფრინველი კი თვალთა ცეცხლით თითქოს გულში შემომჭროდეს,
მე იდუმალ ფიქრთა შორის ხავერდებზე წამოწოლილს,
შუქს მაფენდა ლამპიონის სხივი ისე, თითქოს კრთოდეს
იისფერად სატრფოს ხსოვნა... მსურდა, კარს ის მოსდგომოდეს,
თუმც არ მოვა არასოდეს.
14
მერე ვიგრძენ რაღაც შვება, მოფარფატე ნება-ნება,
თითქოს ჩემთან  სურნელება სერაფიმთა იფრქვეოდეს,
"ო, საბრალოვ! - თავს შევძახე - აწ ღვთიური შვება ნახე,
მოჩანს ანგელოზთა სახე, რომ შენს ხსოვნას შვება ჰქონდეს...
რომ ლენორი დაივიწყო... რომ ლენორი არ გახსოვდეს...
და მომესმა - "არასოდეს!"
15
ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ  ფრინველს,
რომელ მაცდურ ქარს ეწადა, შენთან ერთად აქეთ ქროდეს?!
რად მეწვიე უდაბურ და ბნელ მხარეში... ან რა გსურდა?!
უშიშრობა შენი მშურს და გთხოვ - მართალი მითხარ!... გთხოვ დღეს!
გალაადის ნაპირს ჩემთვის თუ აქვს შვება? - მითხარ!.. გთხოვ დღეს!"
და მომესმა - "არასოდეს!"
16.
ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ  ფრინველს?!
ღმერთს გაფიცებ, ვისგან მადლიც გვსურს, ორივეს მოგვფენოდეს,
მითხარ, ჩემს სულს ეღირსება, თუნდ ედემში ჰქონდეს შვება,
თუ ექნება იმის ნება, წმინდა ქალწულს შეჰხაროდეს,
ლენორს ხელის შესახებად უხმობდეს და შესძახოდეს?!"
და მომესმა - "არასოდეს!"
17
“მაშ, ამ სიტყვით გამეცალე, გადი გარეთ ქარში მალე,
ფრინველი ხარ თუ ეშმაკი?! - სჯობს, გზა ჯოჯოხეთში გქონდეს!...
სჯობს, კარისკენ გაემართო, სულს ცრუ გზნება არ დამართო,
მე დამტოვე ისევ მარტო... მოშორდები ბიუსტს ოდეს,
სჯობს ჩემს გულსაც შენი კლანჭი აღარასდროს დასტყობოდეს!...“
და მომესმა - "არასოდეს!"
18
მივაშტერდი ყორანს მყის და - ის უძრავად ზის და ზის და -
თითქოს ბიუსტს პალადისას საუკუნოდ დასჯდომოდეს,
მზერაც თითქოს გაუქვავდა, მეოცნებე დემონს ჰგავდა,
და მის ჩრდილქვეშ ვიგრძენ კვლავ და მივხვდი, სული უნდა ძრწოდეს,
ყორნის ჩრდილში ჩაფერფლილ სული, მარად უნდა ძრწოდეს,
და არ აღდგეს არასოდეს!

ვთარგმნე 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში

Sunday, November 9, 2014

პოლ ვერლენი


(1844-1896)

გულზე ცრემლებს მაფრქვევს სევდა,
როგორც ქალაქს ნაწვიმარს...
რა სევდაა, ან რად მდევდა,
დამინდობს თუ გამწირავს?!

მიწა ისმენს წვიმის ჰანგებს,
ზეცა გადაინისლა...
მოწყენილ გულს მკერდში აგნებს
სიმღერები წვიმისა.

უმიზეზოდ ტირის გული,
მომაბეზრა თავი და
ან რით არის გათანგული
ან რა ზღვარს გადავიდა?!

გულს ტკივილი გარს რომ უვლის,
სულ უბრალოდ აიტანს -
არც სიყვარულს, არც სიძულვილს
არ გრძნობს აღარავითარს.

მეორე ვარიანტი

ტირის გული და ცრემლი სდის ისე,
ქალაქში უცებ გაწვიმდა თითქოს...
ნეტავ რა სევდით აღივსო ისევ,
ნეტავ ცრემლებით რა საშველს ითხოვს?!

აწვიმს მიწას და აწვიმს სახურავს
და ტკბილი ხმებით კვლავ ვიბანგებით...
იქნება გულმა დაიმსახურა
ეს მონატრება წვიმის ჰანგებით?!

ტირის და ისევ არ მესმის რატომ?!
თავად შემძულდეს ეს გული ლამის...
ნუთუ ღალატით დარჩა ის მარტო?!
ნუთუ აქვს გლოვას მიზეზი რამის?!

იქნებ უბრალოდ, ან იქნებ წვიმით
გული უცნაურ გრძნობამდე მიმყავს,
ალბათ, ტკივილი მეწვია იმით,
რომ არვინ მძულს და არავინ მიყვარს.

Saturday, October 11, 2014

თეოფილ გოტიე

Pierre Jules Théophile Gautier (1811-1872)

უმანკოება გულს წარვტაცე ვაი, რომ ადრე...
ვაი, რომ გაქრა სიამის და ტრფობის ცდუნება...
რად მოვეპყარი ასე დილას?!  აუგი ვკადრე?!
რატომ ინება საუკუნოდ არდაბრუნება?!

რატომ? ცვარ-ნამსაც, აგერ, სურს რომ თავი ანებოს
და ჩაიწრიტოს მცენარეთა მწვანე კაბაში,
რომ ცივ ქარებში უნატიფეს ყვავილს - ანემონს -
საღამომდეც კი არსად შერჩეს  ფერთა კაშკაში.

აგერ, ანკარა წყაროს წყალში შობილი ტალღა
ქვიშაში გავლით სიანკარეს კარგავს მაშინვე,
ახედეთ ღრუბელს, სიქათქათით რომ ჩანდა მაღლა,
ძირს დაეშვა და მოიქუფრა დაშვებაშივე. 

წუთისოფელი ასეთია - თავის მარწუხებს
ჩაგვავლებს, რათა ჩვენგან დრო და ჟამი იპაროს...
რაც გვალხენს, ქრება და კვალში გვდევს ის, რაც გვამწუხრებს,
ვარდს ერთი დღე აქვს, ხოლო ასი წელი - კვიპაროსს. 

Saturday, October 4, 2014

ემილი დიკინსონი

(1830-1886)

შორეულ მთვარეს ხელები ქარვის
აქვს თითქოს მარად ზღვისკენ გაწვდილი...
ზღვაც, მთვარის გარდა, არსად და არვის
არ სდევს მორჩილად, როგორც ყმაწვილი.

ზღვას მთვარე მართავს, თუ სად და როდის
ტალღა ნაპირთან ტალღით მორიყოს...
ზოგჯერ ქალაქთან სულ ახლოს მოდის,
ზოგჯერ ცდილობს, რომ მისგან შორს იყოს.

ჩემო ბატონო, შენც ქარვის ხელით
ზღვასავით მართავ ჩემს გრძნობებს თითქოს...
ჩემი სიცოცხლე არსებით მთელით
ბრძანებას შენსას ელის და ითხოვს.

Sunday, August 24, 2014

ფრანჩესკო პეტრარკა

მთარგმნელის ბიბლიოთეკა #6 იქნება ფრანჩესკო პეტრარკას სონეტები, რასაც ახლა ვამზადებ, წიგნი ეძღვნება თამაზ ბაძაღუას და ჯემალ აჯიაშვილის ნათელ ხსოვნას; მასში შესულია ამ ორი მთარგმნელის მიერ შესრულებული თარგმანები, ასევე ჩემი და გიორგი ხულორდავასი. წიგნი სავარაუდოდ ნოემბერში გამოვა და 70-80 სონეტის თარგმანი იქნება წარმოდგენილი.




(ჩემი თარგმანი, სონეტი #107)


საშველი არ ჩანს, ბედისწერა კვალში მდევს ავი...
ტურფა თვალები მე მებრძვიან, ო, რა ხანია!
ჩემი წამება მათთვის, მგონი, გასახარია,
და ჩემთან ომში არ იციან, რა არის ზავი.

მსურს, განვარიდო იმ სხივმოსილ მზერას მე თავი,
რაიც თხუთმეტი წლის წინ ვნახე, - არ ახალია
და რაც ყოველთვის საოცარი სანახავია,
ერთხელ ნახვით რომ გავაღმერთე და უკვდავვყავი.

საითაც წავალ, სხივთაფენა ყველგან მათია,
ჩემს ირგვლივ მარად ის თვალები მოჩანან ანდა
ანარეკლია იმ თვალთა და ათინათია...

დაფნის გვირგვინი გაუვალ ტყედ იქცევა ხან და
მძაფრი სინათლე, ვით სიბრმავე, ყველგან ანთია
და მომდევს მტრულად, რაც ოდესღაც მოყვარედ ჩანდა.

Wednesday, August 13, 2014

ჰაფეზი

რუმის კრებული დავამთავრე და, მგონი, ჰაფეზის თარგმნას ვიწყებ...
ვინ იცის, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჰაფეზის დივანი არ მქონდა გადაშლილი და აჰა... გადავშალე და თავისთავად შემომეთარგმნა...

ჩემს გულს ტრფობა თუ ეწვია შირაზელი თურქი ქალის,
ბუხარა და სამარყანდი იყოს ძღვენი მისი ხალის.

მასვით ღვინო, აქ ვილხინო... სამოთხეში ვერ ვიხილო
მე მუსალის ბაღნარი და რუქნაბადთან ჩქეფა წყალის.

ლამაზმანთა სიკეკლუცემ გულს წარსტაცა თმენა უცებ,
და ვარ მსგავსი ამ ქალაქის, ნაძარცვის და ნათურქალის.

ჩემი ტრფობის სივაგლახემ რით შეამკოს სატრფოს სახე?!
რა ფერი და რა ხაზია ღირსი მისი წამწამ-თვალის?!

იოსების ეშხის გარდა, ვერ ჩამოხსნას ვერვინ ფარდა
ზოლეიხას ვნებისა და უბიწობის ცოდვა-ბრალის.

რაგინდ რისხვით გამაოცო, მინდა, რომ ეს რისხვაც ვლოცო...
მწარე სიტყვაც ტკბილად მესმის, თუ მას ამბობს ბაგე ლალის.

სათქმელს გეტყვი, სულო ჩემო! - შენც გაუგე რჩევას გემო:
ის ყრმა ხარობს, ვისაც სჯერა მოხუცების სიბრძნის ძალის.

ღვინის ბანგით, ჩანგის ჰანგით ფლანგე ეს დრო გასაფლანგი,
ჭკუით ვერვინ ჰპოვოს აზრი ამ ცხოვრების გზის და კვალის.

ყაზალს ამბობ ტკბილი ენით... ზეცა გამკობს ვარსკვლავთცვენით...
ჰ ა ფ ე ზ, კვლავაც თქვი ამბავი წუთისოფლის ცოდვა-ბრალის.   

Wednesday, June 25, 2014

თურქული პოეზიიდან

ათილლა ილჰანი

"მარტოობის ლექსი"


ცის დიდებულ სიბნელეთა მზერამ ხალხი გადარია, -
ვარსკვლავები მტევან-მტევან  ჩამოკრიფონ, მზად არიან...
მეც მარტო ვარ... მთის მწვერვალნიც სულ მარტონი რად არიან?!
რად არიან?! რად არიან?!

ღამის თითებს მოსწყდა თითქოს ერთი ია... ერთი ვარდი...
მე ბავშვობის სიმღერებში ბაგის თრთოლვით გადავვარდი...
შენ დაგეძებ სიბნელეში – მიწაზედ ხარ?! გზად ხარ?! ცად ხარ?!
მზერით გეძებ, შენ კი მზერით უკარება ნეტავ რად ხარ?

სად ხარ? სად ხარ?


"შემოდგომის შემოფეთება"

ეს რა ხდება?! 
ან მე თავად რა მომდის?!
კვირტი კვირტთან 
ტყემლის ტოტზე ფეთქდება,
სხივი სხივთან დილიდან საღამომდის
ჩემს სიცოცხლეს ნება-ნება ეფრქვევა...
მე კი ვზივარ... 
ფოთოლ-ფოთოლ ჩამოცლილს 
ვხედავ ხეებს, რადგან... 
რადგან რა ხდება?

შემოდგომის ვიგრძენ შემოფეთება.

(გალექსილია მაყვალა ხარებავას მიერ თურქული ენიდან შესრულებული პწკარედიდან)

Monday, June 23, 2014

Павел Гребенюк

Сонет

Два облака не делают погоды,
И две слезы не делают дождя.
Надменный взгляд еще не знак породы,
И шляпа — часто шляпка у гвоздя.

Стремление не означает цели,
А два рубля — еще не капитал.
Два выстрела не делают дуэли,
Две доблести — еще не идеал.

Две рюмки не смертельны для гуляки,
Два клоуна — еще не балаган,
Два выпада не означают драки,
Два поцелуя — даже не роман.

Как часто мы тревожимся напрасно
И видим бурю там, где небо ясно…

პაველ გრებენიუკი, სონეტი

ორ ცრემლს წვიმა არ მოჰყვება, რაგინდ ღაწვზე ეგოროს,
ორი ღრუბლით რაც შექმნილა, განა ის ამინდია?!.
მედიდური გამოხედვა ჯიში არვის ეგონოს,
ხოლო შლაპა უფრო ხშირად ხომ ლურსმანზე კიდია.

მიზანსწრაფვას თვით მიზნისა განა რამე უწყოდა...
ორ მანეთად კაპიტალის შექმნას ფუჭად ნუ ელი...
ორ ღირსებას იდეალი ჯერ არავინ უწოდა...
ორ გასროლას არასოდეს დარქმევია დუელი....

ორი სირჩით როდის იყო, რომ თვრებოდნენ ლოთები...
ორ მასხარას ცირკს ნუ არქმევ, ბალაგანი რომ არის...
ორი დარტყმა სულ არ არის ჩხუბში შესაშფოთები...
ორი კოცნა ნუ გგონია დასაწყისი რომანის....

ო, რა ხშირად მღელვარებით ვქმნით ამაო იგავებს
და მოწმენდილ ცაზე ვხედავთ ქარიშხალს და გრიგალებს.

Saturday, May 31, 2014

თარგმანი მეგრულიდან

ზაალ ჯალაღონია

ჩე ჯა ვეგემშქირიტა,
ცას მიარეს-მიორე.
.ალნარქია ჩხილიტა
დიხას დოურსიოლე.
ამარ მერეს მიწორე,
ჩე თუთა რე კანთია.
ცაშა დღას ვეწორე,
სო, მის მეუღჷ სქან თია.
რინა იჭყანს ციზაფის,
თირი გიმოცირანსჷ.
მა ეკვობუქ ჩე ძაფის,
ვარ ღორონთიშ ცირასჷ...

არ ჩამიქრო მე ხე ალვის,
როს აჟღერებს ქარი ზარებს,
არ დაინდობს ქარი არვის,
ქარი ტატნობს აზანზარებს...
ცის კიდეზე მთვარე დადის,
ციურ სხივთა შემოქმედი,
ცა საწყისი არის მადლის,
ცას მიანდე შენი ბედი?
ცას სიცოცხლის სუნთქვა ფარავს,
თოვლი ფანტავს ფიფქთა წნულებს...
ვუმზერ თეთრად ნაქარგ კარავს
და ვცნობ ღვთიურ სიქალწულეს.

-----------------------------------------------

გიორგი ხულორდავა

დორთაშ სონეტი

ჰა, ჩქით დიბრთითჷ, ეკონია ჸუდე დობგორით,
მარა თე დღაშახ ორინჯექჷ გვალო გუმათუ,
დიო თიშქვი რდჷ, თირბორიაქ უკულ გუმათუ,
ქჷგმოკირესჷ თე წანეფქჷ უჩა ბოდორი.

ასე სვანჯი რე, ვეგიწკურა ამდღა თოლეფი,
მოჟერჟერელი დჷმართუნა კინე ართ ხანა,
ფსუალეფიშე ეკოთანას ქჷგმოფართხანა,
დიდაქირსეში ხვარჩალია მაჭირხოლეფი.

ბორჯიშ მონძე რექ - დამიჸანი გურიშ დარანა,
დობერა-ქუცონჲ, ირფელ ართო კვარჩხშე ირთუაფ,
ბდინჷთ, უმინჯეთ ღურუშ აკანც ქიმკმოჭარანა,

დორთა ნწალე რე, ვამორთენი გვალო სანწალე,
თქუანა: ფარანქ თინეფჲ ხოლო ეკართინუა,
ვარ-დო, თეშჲ რინას თე ქიანას მითა გაცალენს.


დაბრუნების სონეტი

ჰა, ჩვენც დავბრუნდით, უკანასკნელს ვეწვიეთ სახლ-კარს,
თუმცა საწუთრომ დაგვაქცია, ჰოი, რაოდენ...
ქარმა და თოვლმა მოისურვეს, რომ არ ჰყვაოდნენ
ჩვენი ფიქრები...  და შავ ღობედ აწ წლები გვაკრავს.

თუმც გავირინდეთ, ვინც დანებდეს, ის უნდა შერცხვეს...
გაბრწყინებულნი ვეღირსებით კვლავაც ალიონს,
ფრთების ფათქუნით ლაჟვარდებში გაიხვალიოს
ყველამ, ვინც ელის ღვთისმშობლისგან მოვლენილ მერცხლებს.

ჩვენ, დროის მძევლებს, სულ კვალში გვდევს დროის სახმილი,
რადგან უკუღმა ბრუნავს დროის კენტი თუ ლუწი...
რადგან შორს... სადღაც ჩვენც სიკვდილის გველის მახვილი.

და მაინც ითხოვს... დაბრუნებას სიცოცხლე ითხოვს...
დროს რომ ვებრძოდით, ის სიმწარე ვიკმარეთ უწინ...
დრო რომ არ იყოს, ვინ გვაღირსებს ამქვეყნად იმ დროს?!

Saturday, May 10, 2014

ჯალალ-ედ-დინ რუმი

(დავუბრუნდი... დამიბრუნდა)

2523

შენ, გულო, ცეცხლის თაყვანის მცემო,
   ცეცხლი რომ გექცა სახლად და კარად,
მოუხმე მწდეს, რომ ღვინით ფიალას
   მივსებდეს ისევ მარად და მარად.
მოდი, მოგელი, მწდეო ფიალით,
   ბაგე ისევ თრთის ვნების რიალით,
ვაზის ნაჟურის სულში წრიალით
   ცეცხლი შევიგრძნოთ საამო ქარად.
შენ, ლერწამივით ბაღნარში რხეულს,
   განდობ მე სურვილს, უცხოს და რჩეულს,
მსურს, მექცეს ეს გზა, უგნურს და ეულს,
   ჩემი სატრფოსკენ მიმავალ შარად.
ეს მთელი ჩემი ჭკუა-გონება,
   მავან პირმთვარეს რომ ემონება,
ვით გაფლანგული, ქრება ქონება,
   როცა, ვით ცრემლი, ღვინოც ჩქეფს ღვარად.
ორი ჯამი მაქვს: ერთია ცეცხლის,
   მეორე _ განძის და ოქრო-ვერცხლის,
ოქროსაც მალე ის ცეცხლი შეცვლის,
   რადგან ცეცხლია სულ მთად და ბარად.
მწდეო, ცეცხლმა რომ კვალში მდია მე...
   მისგან შევიცან ყველა სიამე,
შენ რას გაიგებ - რა ბედს მწია მე...
   შენ დროის დენაც გიცვნია არად.
აღვდგეთ ცეცხლიდან ლხინით და ლხენით,
   შ ა მ ს - ე  თ ა ბ რ ი ზ ი ს   სულით და რწმენით,
ოქროდ რომ გვექცეს ცხოვრება დენით,
  მაინც ჩაქრება ის ცეცხლის დარად.

Friday, April 25, 2014

ხაიამის დღე

2014 წლის 21 მაისს, საღამოს 6 საათზე ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ხაიამის დაბადების 966-ე წლისადმი მიძღვნილი საღამო, წარმოდგენილი იქნება ალ.ელერდაშვილის მიერ მომზადებული ახალი წიგნი, სადაც შევიდა მისი თარგმანები, აგრეთვე ორიგინალური ტექსტი სპარსულ ენაზე და თარგმანები რუსულ და ინგლისურ ენებზე.

Friday, November 22, 2013

იტალიური საბავშვო პოეზია

* * *
ფურცელ–ფურცელ კალენდარი შრიალებს,
დრო ახალ წელს სანამ მოაბრიალებს,

ჩაიქროლებს დღე–ღამეთა ზღაპარი,
აინთება საახალწლო ლამპარი,

ახალი დრო თან სიკეთეს იახლებს
და მოიტანს აურაცხელ სიახლეს.

სასიკეთო ნატვრითა და ოცნებით,
სხვებს დავკოცნით და ჩვენც დავიკოცნებით,

დაპირებებს დავარიგებთ იაფებს,
ტაძრებს სანთლის შუქი ააკიაფებს,

რომ ატყდება საჩუქრების ტრიალი,
ცას შესწვდება ჩვენი გულისფრიალი,

ჩვენს უსაზღვრო სიხარულს რომ ნახავო,
მოდი მაშინ... მოდი, წელო ახალო!

* * *
ორშაბათი ამბობს: "ჩქარა! ამოძრავდით ყველაო!"...
სამშაბათი უარზეა: "ჩქარა არა – ნელაო!"
ოთხშაბათი გაჩხერილა არხეინად შუაში...
ხუთშაბათსაც სულ არ მოსდის ფაციფუცი ჭკუაში...
პარასკევი ვინმეს ეძებს მეგობრობის იმედით,
შაბათი კი აღმა–დაღმა დაქრის ველოსიპედით...
ნეტავ კვირა რაღას ფიქრობს, რას წუხს და რას განიცდის?
გათენდება კვირადღე და თავის საქმე მან იცის.

* * *
დაიწყება მალე თოვა,
თეთრი ფანტელები მოვა...

როგორც აურაცხელ  ფიქრებს,
ცა დაგვაყრის ზღაპრულ ფიფქებს,

და ჩვენც ციურ ვარდის კონებს
მათი ხილვა მოგვაგონებს...

მდუმარედ და ნება-ნება
თოვლი მიწას ეფარება,

რომ აღავსოს ყველას გული
სიმშვიდით და სიყვარულით.

* * *
დაბალი ხმით ვისაუბროთ, ბავშვებს ლექსი ვუამბოთ:
ნეტავ ღამით ვინ სად დადის - აზრით ანდა უაზროდ?

იქნებ ვინმე პრინცია და ღამის ორომტრიალი
არ ასვენებს, რადგან ესმის მას ფოთოლთა შრიალი?!

იქნებ ვინმე ჯუჯაა და თავისნაირ ძმაბიჭებს
ლოტოს კოჭებს ურიგებს და ფეხებს ფრთხილად აბიჯებს?!

იქნებ ვინმე ბატონია, კბილი სტკივა საბრალოს
და არ იცის ეს ტკივილი სხვას ვის გადააბრალოს?!

იქნებ ვინმე დარაჯია, ან სამხედრო გუშაგი,
ბნელი ღამით სულ რომ ფხიზლობს ვით ერთგული მუშაკი?!

ქალაქიდან გაქცეულა დღეს ქურდი და ხიზანი...
დაიძინეთ პატარებო, ნახეთ ტკბილი სიზმარი!

Tuesday, November 5, 2013

ჯანი როდარი

იმედი

მინდა მქონდეს მაღაზია პაწია...
კარს გავხსნიდი, ყველას გავუღიმებდი...
იცით, რად მსურს მე ეს გაწამაწია?
გასაყიდი რა მაქვს? რა და – იმედი!

გავძახებდი: "ხელმისაწვდომ ფასადაც
ვყიდი იმედს, ბითუმად კი – იმედებს",
ერთის ნაცვლად ექვსს მივცემდი და სადაც
ფულს იმედში ყველა გამოიმეტებს.

მერე ვუხმობ ღატაკებს და ღარიბებს,
ვინც ცხოვრებამ იმედს გადააჩვია,
და უფულოდ მათთვის ჩამოვარიგებ
მთელ იმედებს, რაც კი რამ გამაჩნია.


საახალწლო სურვილები

საახალწლო სურვილები, მინდა, გაგიზიაროთ
და ჩვენ მათი ასრულებით მუდამ ერთად ვიაროთ:

მინდა, იყოს იანვარი აპრილივით მზიანი,
გრილ ივლისად გარდაიქმნას მარტი თავაზიანი,

მე დღე მინდა ისეთი, რომ ღამე აღარ მახსოვდეს,
რომ არ ქროდეს ქარიშხალი ზღვაზე აღარასოდეს,

თბილი პურის სუნი მცემდეს, სადმე გზად რომ ჩავივლი,
კვიპაროსმა გამოისხას ერთხელ ატმის ყვავილი,

ძაღლი იყოს კატისათვის მეგობარი რჩეული,
რძე მენახოს შადრევნიდან დილით ამოფრქვეული...

თუ ზედმეტი რამ ვინატრე, შემიცვალეთ ის იმით,
რომ ვიარო მთელი წელი ბედნიერი ღიმილით.


სამახსოვრო

ზოგი საქმე დღისით უნდა აკეთო,
ან ისწავლო, ან თამაშის ადგილი
გამოძებნო ხტუნვით იქით-აქეთო,
დაიბანო და მიირთვა სადილი.

ზოგი საქმე ღამისაა... გჭირდება
ძილისათვის რომ ლოგინი დაიგო,
იქ თავისთვის ბალიშიც რომ იდება,
სჯობს, რომ ყურით არაფერი გაიგო.

ზოგი საქმე არც დღისით და არც ღამით
არ ხდებოდეს, ყველა ამის მდომია,
არც ზღვაზე და არც ხმელეთზე - არსაით!
და ასეთი, მაგალითად, ომია.

Monday, September 16, 2013

საადი - "ბუსთანი"

...ვთარგმნი საფუძვლიანად - თავიდან ბოლომდე:

უფლის სადიდებელი

დიდება უფალს, რომელმან სულით აღავსო სხეული,
რომელმან ენა გვიბოძა, სიტყვის სათქმელად რხეული,

ვადიდოთ ღმერთი მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი,
ჭირში თუ ლხინში მოკვდავთა განმკითხავი და მხლებელი.

ნეტარ არს, ვინც მას ერთგულებს და მის კართან დგას მარადის,
ვინც განუდგება, ღირსებას აღარსად ჰპოვებს არად ის.

დიადი მეფე ცხოვრებამ თუნდ ალაღოს და ახაროს,
უფლის წინაშე ის უჯობს თავი მიწამდე დახაროს.

(შესავალი თავი მთლიანად და ზოგი სხვა ფრაგმენტი იხილეთ აქვე, საადის გვერდზე)

Tuesday, July 9, 2013

ფირდოუსი

ზურაბის თავგადასავალი


(როგორც იქნა, გავტეხე ნავსი და ორი წლის შემდეგ კვლავ ვაგრძელებ... 700-მდე ბეითი თარგმნილია, 400 დარჩა)

და ზურაბს რომ მოჰკრა თვალი... შეემსჭვალა გული ეჭვით -
რადა ჰგავსო ჩემს წინაპრებს ნეტავ მკლავით ან მხარ-ბეჭით?! (675)

თუმცა სიტყვით ეს შესძახა: “გამომყევი, ჰე, ყმაწვილო!
გავცდეთ ამ ველს... შენი ცხენი სჯობს ჩემს ცხენთან დააწყვილო”.

მას ზურაბი დასთანხმდა და თითქოს დაჰკრა ხელი ხელზე,
აედევნა იგი როსტომს ფართოდ გაშლილ ბრძოლის ველზე.

პირს ღიმილი გადაეკრა და მეტოქეს უთხრა ასე:
შერკინება რომ გსურს ჩემთან, ეს სურვილი დავაფასე

და მოგყვები, აბა, ვნახოთ, ჩემთან ბრძოლის თუ ხარ  ღირსი...
სხვას ნურავის გავიყოლებთ, ჩვენ ორნი ვართ საკმარისი.

მაგრამ მაინც უნდა გითხრა, სახით რომ ასე კუშტი,
იქნებ შენ ის გეყოფა, რომ დაგკრა თავზე ერთი მუშტი (680).

არ გეგონოს, შევუშინდე შენს სიმაღლეს, ტანს და მკლავებს,
შენი წლების სიმრავლე ხომ მე სულაც არ დამაკავებს”

მას როსტომი უსმენდა და კვლავ ებრძოდა გულში ეჭვებს,
თვლას ვერ სწყვეტდა ის ზურაბის ფართო მხრებს და გაშლილ ბეჭებს,

ბოლოს უთხრა: “დადექ, ვაჟო! მკვახე სიტყვა მითხარ რბილად,
მოესწრები ცივ მიწაში ჩასვლას... ერთხანს იყავ თბილად.

ჩემს სიბერეს რომ იწუნებ, ეგ სიბრიყვე არის სრული;
ამ ასაკში არაერთი ლაშქარი მყავს შემუსრული.

მოვკალ, თუკი სადმე დამხვდა მე ავსული, გინდა დევი,
არ მინახავს მე ჯერ ჩემი დამჩაგრავი და მომრევი. (685)

Thursday, June 27, 2013

რუდაქი

ეს მათთვის, ვინც "იწვის":

* * *
ეს სიყვარული რა არის? - ტკივილის დიდი ზღვა არის...
ჭკუა არ შემრჩა, ჩემს თავში - არ ვიცი - რაღაც სხვა არის...
მე გულში, დარდი კი არა, მთა მაქვს და მისი წვა არის,
შენ კი, გული რომ გგონია, გული კი არ გაქვს - ქვა არის.
* * *
შენს ნახვას მე ვერ ვეღირსე თუნდაც სადმე გზაზე წამით,
შენს მშვენებას ვერ შევასწარ თვალი დღისით ანდა ღამით.
ბოლოს ბედისწერამ მამცნო ციდან ნება თვისი ამით:
განშორების რუმბთან დაგსვამ და იქ ღვინო სვიო ჯამით.