Saturday, September 24, 2016

საადი შირაზელი, ყაზალი

შენ ცისკარს რომ ეგებები მიბნედილი თვალებით,
ათას მიჯნურს ცეცხლს უკიდებ სიყვარულის ალებით;

კაცს კი არა, ტყის ბინადარ არსებასაც მოხიბლავ,
როცა მზერას მიმოაბნევ ვნების შემოძალებით.

ლამაზმანთა სახის მზერა თითქოს ვალად გვადევს და
ასე მიტომ ვიარებით დახუნძლული ვალებით.

მონა რომ ვარ მაგ მშვენების, შენთან თავის დახრა და
მორჩილება მე სიამით ვიგრძენ, განა წვალებით.

შენი ფასი შენ არ იცი... ჰკითხე ეს იმ მიჯნურებს,
რომ გიმზერენ ცრემლებს შუა მოციმციმე ლალებით2.

მე გონებაც არსად შემრჩა და სიცოცხლის სურვილზე
მიბმული ვარ მხოლოდ შენი ზილფით და დალალებით.

მიჯნურს ნუ სთხოვთ მოკრძალებულ და თვინიერ ცხოვრებას,
ტრფობა სხვაა, კრძალვა სხვაა... ყველა ბრძნული სწავლებით.

ჰე, ს ა ა დ ი, განგებას წინ ვერ აღუდგა ვერავინ
და ვერც შენ სძლევ ვერარა და ვერავითარ ძალებით.

Saturday, September 3, 2016

„ბუსთანიდან“

საადი შირაზელის შეგონებანი


განგება სადაც ისურვებს, ნავს იქ წაიღებს ნიავით,
მენავე თუგინდ სამოსელს იგლეჯდეს ტანზე სიავით.

საადი, ხსნა და საშველი ქვეყნად არ სთხოვო არავის,
მხოლოდ უფალს აქვს სახელი მფარველისა და მფარავის.

დაგმანულ კარსაც გაგიღებს უფლის რწმენა და თაყვანი,
იგია ჭეშმარიტ გზაზე შენი შემწე და წამყვანი.

მან თუ ისურვა, იბრწყინებ, ვით საგვირგვინე სპეკალი,
და თუ შემოგწყრა, გზად გელის მხოლოდ ნარი და ეკალი.

* * *

ის ლოცვა მართლაც მადლია, თუ გულწრფელ გრძნობებს ინახავს,
თუ - არა, მაშ, ჩათვალე, რომ ფუჭი კაკალი გინახავს.

წელზე ზონარით* დადის, თუ დალყით* მოსილი კაცია,
ეს სულერთია, თუ ხალხის მოსაჩვენებლად აცვია.

რად გინდა კაიკაცობით შენ ყურადღების მიქცევა?! _
ბევრი მცდელობით კაცობა ქალაჩუნობად იქცევა.

ზომიერება გმართებს და ყოველთვის იყავ, რაცა ხარ,
სააშკარაოდ კი არა, კაცი იქ იყავ, საცა ხარ.

ნათხოვარ სამოსს ჩამოგგლეჯს ერთხელაც ვინმე მყისიერ
და გამოჩნდება შენს ძონძებს რომ ფარავ ნათხოვრის მიერ. (150)

დაბალი თუ ხარ, ოჩოფეხს ფეხზე რად ირგებ... რას შვები?
მოტყუვდებიან ამგვარი სიმაღლით მხოლოდ ბავშვები.

ვერცხლი რომ ყვითლად დაფერო და თქვა - ოქროა ნამდვილი,
უვიცის შეცდენა არის ამით ძალიან ადვილი.

მოოქროვილი გროშებით არ გაბრიყვდება ზარაფი,
უმალ მიხვდება, რომ ამას ფასი არა აქვს არაფრის.

სპილენძს თუ მოსაჩვენებლად აცხია ოქროს ფენები,
ცეცხლში ჩაგდებით გაქრება, რაც ჰქონდა მოსაჩვენები.

* * *

შენს გულწრფელობას მიენდე, სხვა შველა არ დაგრჩენია,
ბრბოსგან ხომ წრფელი ზრახვანი არვის არასდროს სმენია.

ბრბო მოწონებით თუ გხვდება, ნუ ფიქრობ - მართლა კარგი ხარ,
ისინი მხოლოდ მას სჭვრეტენ, რომ გარეგნულად ვარგიხარ.

ქცევით და ტურფა იერით თუ ხარ ფერიის სადარი,
ბრბო არ იკითხავს შენს სულში ამდენი ჭუჭყი რად არი.

შენი ფლიდობით სამოთხის კართან მისვლას თუ გაცლიან,
ნიღაბს მახინჯი სახიდან იქ უმალ ჩამოგაცლიან.

Saturday, July 30, 2016

საადი შირაზელი



„ბუსთანი“



მეხუთე კარი

მე-2 იგავი







ერთ არდებილელს ვიცნობდი, მას სახელს ძალა რამ სძენდა -
სპილოს შვილს ხელს თუ დაჰკრავდა, დედის ხორთუმში აძვრენდა.
მასთან ჭიდილი ისურვა ჭაბუკმა, ნაბდით მოსილმა
და ნათელი დღე უეცრად თითქოს-და ღამემ მონისლა.

ბარამ-გურს ჰგავდა, თუმც იყო ერთობ მსურველი ავისა,
ხელში ეჭირა მარტოდენ ქამანდი კანჯრის ტყავისა.

არდებილელმაც გაიგო მიზეზი მისი მოსვლის და
უმალ მშვილდს დასწვდა და სიმი ლამის ყურამდე მოზიდა.

ორმოცდაათი ისარი სტყორცნა და განა რა ეცვა,
რომ ისრებისგან ნაბადმა შეძლო ჭაბუკი დაეცვა?!

როცა ნაბდოსანს მიეცა დრო შებრძოლების მომცველი,
თვისი ქამანდით გაკოჭა უიღბლო ისრის მტყორცნელი.

იმ არდებილელს მოეპყრო, როგორც ქურდსა და მპარავსა, -
იქ მიათრია, საითაც ხედავდა იმის კარავსა....

და მოისარი სირცხვილმა დატანჯა, არ დააძინა,
დილით მსახურმა რომ ნახა, თითქოს ამ სიტყვით დასცინა:

„შენი ნატყორცნი ისრით რომ რკინას ხვრეტდი და ღარავდი,
მის ნაბადს ვერრა დააკელ?! ანდა ტყვედ როგორ ჩავარდი?!“

არდებილელმა პასუხი გასცა მას, ცრემლით ცხებული:
„დღე სიკვდილისა ყველასთვის სადღაც არს ჩასაფრებული!

შენ იცი ჩემი ამბები ბრძოლებში გამოხდომისა, -
როსტომს შეეძლო ესწავლა ჩემგან წესები ომისა;

როდესაც განგების თვალი მე მოწყალებით მიმზერდა,
ნაბადს კი არა, რკინასაც ვირჩევდი დასამიზნებლად,

ახლა კი ბედმა მიმუხთლა... უიღბლოდ დამცა დაბლა და
ჩემგან ნატყორცნი ისრები მოიგერია ნაბადმა“.

* * *
შუბი ჯავშანს ხვრეტს, მეომარს სიკვდილი თუ უწერია,
იღბლიანთან კი ის შუბი პერანგსაც ვერ მოერია.

სიკვდილი ხმალს რომ აღმართავს, ვეღარაფერი გიშველის,
გინდა აბჯარი გეცვას და გინდა მთლად იყო შიშველი,

იღბლიანთან ხომ კარგახანს სიკვდილს არ დაედგომება,
მის შორიახლოს მრავალჯერ თუნდა იქუხონ ომებმა...

ბრძენი იღბალს ვერ შეიქმნის, ფიქრებით ცაც რომ გაკვეთოს,

ბრიყვს თუ ბედი აქვს, სულ ხარობს, თუნდ არაფერი აკეთოს.

Tuesday, July 19, 2016

თურქული პოეზია

ვმუშაობ თურქული პოეზიის კრებულზე; ვეძებ წიგნებში, პრესაში, ინტერნეტში თარგმანებს, მიგზავნიან პწკარედებს და მხატვრულ სახეს ვაძლევ მათ, ან მე თვითონ ვეძებ ინტერნეტში ამა თუ იმ პოეტის შემოქმედების ინგლისურ ან რუსულ ანალიზს და მერე „ვაკეთებ“ ლექსს... ეს პოეტი დღეს გავიცანი და მისი ლექსიც გავაქართულე... იმედია, თურქოლოგები არ დამძრახავენ.

ქაიგუსუზ აბდალი (XIV-XV სს)

ამ პოეტის შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნობებია შემორჩენილი. ცნობილია მხოლო ის, რომ დაიბადა ალაიას (ახლანდელი ალანიას) სიახლოვეს. მისი ნამდცილი სახელია ალაათთინ ღაიბი (სხვა ვერსიით - ღარიბი/ყარიბი); დაიბადა მდიდარი ბეის ოჯახში, მაგრამ ახალგაზრდობაშივე, ეზიარა რა სუფიზმის საფუძვლებს, მიატოვა ოჯახი და დერვიშთა სავანეს შეეხიზნა, რომლის შეიხი აბდ-ალ მუსა იყო. თავდაპირველად სასულიერო ლექსებს წერდა, შემდეგ იუნუს ემრეს ზეგავლენით სუფისტურ-სატრფიალო ლირიკაზე გადაერთო, თუმცა მისთვის არც ხალისიანი, სასიმღერო ლექსების შეთხზვა იყო მიუღებელი. ხსენებულ სავანეში მან თავის ფსევდონიმად შეარჩია სახელი „ქაუგუსუზ (უდარდელი) აბდალი“ და ამ სახელით მოიარა მახლობელი აღმოსავლეთის და ბალკანეთის ბევრი ქვეყანა, ასევე მოილოცა ისლამის წმინდა ქალაქი მექა, თუმცა საბოლოოდ ეგვიპტეში დამკვიდრდა, მიიღო შეიხის ტიტული და სასულიერო მოღვაწეობას უძღვნა მთელი დარჩენილი სიცოცხლე; გარდაიცვალა იქვე ეგვიპტეში და დაკრძალეს ქალაქ კაიროს მახლობლად აბდალ ალ-მაღარას გამოქვაბულში, ამიტომაც ამ პოეტს ხსენებული საძვალის არაბული სახელითაც იცნობენ.
გარდა ლექსების კრებულისა (დივანისა), შექმნილი აქვს, აგრეთვე, პოემები - „დოლაფ-ნამე“ (დოლაბის წიგნი), „იაშ-ნამე“ (ასაკის წიგნი) და პროზაული სუფიური ტრაქტატები.

მე შენს გარდა, სხვა რამ ქვეყნად
სალოცავი ვიცი განა?!
შენ რომ არა, ვის ვეყმო და
ვანდო თავი, ვიცი განა?!

მითხრეს: „გახდნენ ავსულები,
ტრფობის ზღვართან გასულები...“
წუთისოფლად ვინ კარგია
და ვინ - ავი, ვიცი განა?!

ფარისეველს ვხედავ მრავალს...
მათგან ხსნას და გამოსავალს
ვერსად ვაგნებ... მტრად ვექცე თუ
მქონდეს ზავი, ვიცი განა?!

ქაიგუსუზ ყ ა რ ი ბ  ვარ და
სულ ძონძებით დავდივარ და
შენი სილამაზის გარდა,
სანახავი ვიცი განა?!

Thursday, June 16, 2016

მე-12 სონეტის ვარიაციები

დაიბეჭდა მცირე ტირაჟით, არაკომერციული მიზნით.


Saturday, May 28, 2016

საადი, „ბუსთანი“

მესამე კარის ბოლოსწინა იგავი

იგავი 18 (3)

ჭაბუკმა ერთმა შესწავლა სტვირზე დაკვრისა იწყო და
ის რომ უკრავდა, მრავალი გული სულ ცეცხლით იწვოდა. (300)

თუმც მამამისი ამისა გამო სულ ასე ტუქსავდა:
„დავწვავო მაგ სტვირს“ - ეძახდა, ვაჟი სტვირზე რომ უკრავდა.

ერთ ღამეს შვილის საკრავს რომ ჩუმად უსმინა მამამა,
ჰანგთა სიტკბომან მოხუცის გულსაც ძალიან აამა.

და თქვა: „მრცხვენია, უნდა ვთქვა მე სინანულით აწ, ვა-ო...
დაწვას ვუქადდი მას, რამაც დღეს ჩემი გული დაწვაო“.

არ იცით, ხელებს რად შლიან როკვისას გალაღებულნი
და ციბრუტივით მბრუნავი მებანგენი და მებრუნი?

გაშლილი ხელით უღებენ გულის კარს ცას და სამყაროს
და სურთ, რომ მათგან სხვა ყველა ხელთა ტრიალმა გაყაროს. (305)

როკვის სიბრუვით ვინც ცდილობს სატრფოს ხილვას და ხსენებას,
სხეულს, ვით სამოსს, იხდის და მაშინ გრძნობს ბედნიერებას.

ზღვაში თუ ცურვა გწადია, უნდა ცურავდე შიშველი,
სამოსით ცურვა დაგახრჩობს და ვეღარავინ გიშველის.

შემოიძარცვე სულიდან საწუთროს ყველა ცდუნება,
თუ გსურს, რომ არ დაძაბუნდეს ეგ შენი ზნე და ბუნება.

სულმოკლეობა თუ გბორკავს, ქრებიან დიდი მიზნები,
ბორკილებს როცა დაამსხვრევ, შენს მიზანს მაშინ მისწვდები.

Wednesday, May 18, 2016

ფირდოუსი

(ფრაგმენტი "შაჰნამედან“)
ვაგლახ, თურმე ასე ბრუნავს წუთისოფლის თავზე ჩარხი:
ზოგს იმედი თვალში უკრთის, ზოგს გულში აქვს დასამარხი.
ზოგი ლაღობს, აქვს სიამე სკივრში ოქროს რადგან დებით,
თუმც სიკვდილი მოიტაცებს ბოლოს მასაც ქამანდებით.
ვინც ბრძენია, წუთისოფელს სიყვარულით გულს არ ანდობს,
სულ ამაოდ ნაღვლობს ზოგი, ზოგიც ფუჭად დარდიმანდობს.
ზოგს სიმდიდრე ჰგვრის შვებას და ზოგი შვებით უმზერს შვილებს,
მაგრამ ყველას მიწა ელის - ხელმოკლეს თუ ხელგაშლილებს.
ბედის ჩარხიც მხოლოდ ბრუნავს, იქნებ ფიქრის არც აქვს ნება,
არც არავის იცოდებს და არც არავინ ენანება.
ჩვენ არ ვიცით მისი არსი, მას არ ესმის კითხვა ჩვენი,
თუ რატომ და რა მიზნით ვართ წუთისოფლად გასაჩენი.
არც არავინ იცის ქვეყნად - ვინ როდის და რატომ კვდება,
ბოლოს ყველა სად წავალთ და იქ მისულებს რა დაგვხვდება?!

Monday, April 11, 2016

სიყვარულისა და სიშმაგის შესახებ

საადი შირაზელი, "ბუსთანი"
მესამე კარი, მეათე იგავი


ერთ კაცს ვიხსენებ, ხელზე რომ რკინის თათმანი ეკეთა,
ლომისკენ რომ წავიდა და მას დასაჯაბნად ეკვეთა;

ლომმაც აძგერა ლომურად მეტოქეს თვისი ტორები
და კაცი ძირს გააგორა, რუმბივით გასაგორები.

შესძახეს იმ კაცს: "რას გორავ, ქალი ხომ არ ხარ ნაზიო,
რკინის თათმანი აძგერე მაგ ლომს, რომ ახრჩობს ბრაზიო"

მაშინ ლომის წინ მგორავმა იმ რკინის თათმანიანმა,
იყვირა: "ლომთან არ უნდა იბრძოლოს ადამიანმა!"

ტრფობა, ვით სულთამხუთავი, თუ ბრძენკაცს თავს დასდგომია,
ბრძენი ჰგავს იმ თათმანიანს, ხოლო ტრფიალი ლომია.

ტრფობამ თუ ერთხელ დაგაბა და მერე ასჯერ კვლავ ები,
ვერას გააწყობ, ვით ლომთან, თუნდ გქონდეს რკინის მკლავები.

თუ სიყვარული მოვიდა, დაემშვიდობე გონებას, --
ბურთივით იგრძნობ სულ ჩოგნის ცემით აქა-იქ გორებას.

Wednesday, March 2, 2016

თავრიზელი ქურდის ამბავი

საადი, "ბუსთანი"

მეოთხე კარი, იგავი 18

გამიგონია, თავრიზში ერთი ამბავი ხდებოდა _
ღვთისმოსავს მავანს დღედაღამ ძილი არ ეკარებოდა...

ერთხელ ნახა მან, სიბნელე რომ აწვა ქალაქს ღამისა,
ქურდმა ქამანდი შესტყორცნა ერთ სახლს... მნახველი ამისა

აყვირდა ის ღვთისმოსავი - ქურდი, ქურდიო... არიქა!
ხალხიც მოცვივდა ჯოხებით, ხან აქ ეცნენ და ხან იქა. (390)

ამდენი ხალხის გამძლები ქურდი ნამდვილად არ იყო,
წყვდიადსღა თვლიდა მშველელად, ირგვლივ რომ ჩამომდგარიყო.

ძლიერ შეშინდა, წაუხდა მას საქციელი და ქცევა,
მიხვდა, რომ მისი საშველი იყო დროული გაქცევა.

ის ღვთისმოსავიც ხვდებოდა - კარგი რამ იქ არ ხდებოდა,
გული მოულბა, ის ქურდი ძალიან ებრალებოდა,

სიბნელეს იგიც გაუყვა, დევნილის გზები ეძია,
ისე მისდია კვალში, რომ სულ მალე ქურდს მიეწია.

შესძახა: `შესდექ, ძმობილო! მე შენთვის ახლობელი ვერ!
ვფიცავარ ამ ჩემს კაცობას, რომ მე სიმართლის მთქმელი ვარ. (395)

შენ გადარჩენილს რომ გხედავ, დრო დგება ჩვენი გაცნობის...
ორ საქციელში ვლინდება უნარი კაიკაცობის:

პირველი - როცა თავდასხმას სხვა რამ განზრახვა არცა სჯობს,
მეორე - როცა დარჩენა არ ღირს და ამას გაცლა სჯობს.

სახლზე თავდასხმაც ვნახე და შენი გაქცევაც მე ახლა...
ბარემ სახელიც მითხარი, გაცნობის ჟამი გვეახლა.

შენ ერთ ადგილზე წაგიყვან და იმ საქმის დრო დადგება,
რის გაკეთების ცოდნა შენ ძალიან გამოგადგება.

ერთი სახლია აქ ახლოს, მივალთ იქამდე მარტონი,
იმასაც გეტყვი - ვიცი, რომ დღეს შინ არ არის პატრონი. (400)

ქვას ქვა დავადოთ კედელთან, იმ ქვებზე შენ დადგები და
მე გადავძვრები იმ სახლის კედელზე შენი მხრებიდან.

გამოვიტან და შენ მოგცემ, რაც არის მოსაპარავი,
ხელცარიელი არ წახვალ, არც გამოგტაცებს არავინ".

ტკბილი საუბრით მიმართეს სახე ერთურთის სახისკენ
და წაიყვანა ღვთისკაცმა ქურდი თავისი სახლისკენ.

ჰოდა, ბნელ საქმეს ჩვეულმა ქურდმა დახარა თავი და
მისი მხრებიდან ის კაცი კედელზე მყის გადავიდა.

ხელი დასტაცა ყველაფერს, რაც ედო ნახმარ-უხმარად
და ქურდს თავისი ქონება კედლიდან გადაუყარა. (405)

მერე დაიწყო ყვირილი - `ქურდიო, ბიჭო, ქურდიო!
რად გამითენა განგებამ ეს დღე, ასეთი ცუდიო!"

და ქურდმაც უმალ მოკურცხლა, არსად მოფინა ჩრდილები,
ხელში ეჭირა ღვთისნიერ კაცისგან გადმოყრილები.

დამშვიდდა მაშინ ის კაცი, ღვთის მსახური და მხლებელი,
რომ გზააბნეულ ქურდს მისცა მან სარჩო-საბადებელი.

ავის სიავით დამსჯელმა, ვეჭვ, ჰპოვოს თვისი დიდება,
სიკეთე, კეთილს კი არა, ავს და უკეთურს სჭირდება.

ბრძენისგან დიდსულოვნება არ არის გასაკვირველი,
ავისმზრახველიც კი არის მისი წყალობის მხილველი. (410)

სხვის ბედზე ზრუნვა კეთილი კაცის ცხოვრების ხვედრია,
ბოროტს რომ სხვაზე ეზრუნოს, ასეთი არ შემხვედრია.

Tuesday, January 26, 2016

საადი შირაზელი

კარი მეოთხე - თავმდაბლობისათვის

იგავი

ერთხელ ერთ მეუდაბნოეს ძაღლი სიავით ეცა და
ისე უკბინა, ფეხიდან სისხლი შხამივით წვეთავდა.

ნაკბენმა მას რომ მოჰგვარა შფოთვა და კვნესა ღამისა,
მისი გოგონაც შეწუხდა - პატარა შვილი მამისა -

და მოკრძალებით წარმოთქვა, როგორც ამბობენ შვილები:
„რად არ უკბინე შენც იმ ძაღლს, განა არა გაქვს კბილები?!“

თითქოს დაუცხრა ტკივილი, შვილს მოეფერა მამილო,
ღიმილით უთხრა: "შენ, ჩემო გულისვარდო და ყვავილო!

ძალა მეც მაქვს და ვუკბენდი, არ შევარჩენდი კბენასა,
მაგრამ სირცხვილით ვეღარსად შევძლებდი გამოჩენასა...

მიჯობს ხმლით თავი მომკვეთონ, თუ მდევენ ავი ფიქრები -
ძაღლს რომ ვუკბინო, მეც მისი მსგავსი ცხოველი ვიქნები“.

არაკაცს არაკაცობით სჯობს მიაყენო ზიანი,
ძაღლთან კი მუდამ იყავი კაცი და ადამიანი.

Friday, December 18, 2015

საადი

"ბუსთანი"
კარი მეშვიდე - მადლიერებისთვის


მეფის ძე ერთი ცხენიდან ძირს ჩამოვარდა უცებ და
კისერი მთლად დაეგრიხა, ტკივილებს ვეღარ უძლებდა.

კისერი, მხრებში ჩარგული, მართლაც რომ სპილოს უგავდა
და თავის მოსაბრუნებლად მთელი სხეულით ბრუნავდა.

ამაოდ დაშვრა მკურნალი, მეფეს ვინც ჰყავდა ყველა და
ბოლოს  საშველად მოიხმეს ბერძენთა მხარე -  ელადა.

ერთმა ბერძენმა მეფის ძე არცთუ ტანჯვით და წვალებით
განკურნა და გაუსწორა კისერი მისი მალებით.

გავიდა დრო და მკურნალმა თვით სთხოვა შველა შაჰის ძეს,
მაგრამ მას ზედ არ შეხედეს, არათუ შველა აღირსეს.

შერცხვა ბრძენ მკურნალს, ასეთი უმადურობა ნახა რა,
ორიოდ სიტყვა ჩუმად თქვა და თავი დაბლა დახარა:

„ეჰ, ჩემგან რომ არ მიეღო შვება მას, კისერდაგრეხილს,
ჩემს დანახვაზე გულგრილად ვერ მიიგრეხდა სახეს ის“.

ჰოდა, შაჰს ძღვნად შეუგზავნა, ვით აბი, რაღაც მარცვალი
და შეუთვალა - „დაწვითო, მიიღეთ მისგან ნაცარი“...

დაწვეს და კვამლმა იქ ყველას „აფცი-აფცი“ რომ დამართა,
კვლავ მოეგრიხა კისერი შაჰის ძეს... ვეღარ გამართა.

კვლავ უხმეს ბერძენს - გვინდაო, მკურნალო, შენი შველა” - და
ვეღარსად ნახეს... ამაოდ ააწრიალეს ელადა.  

* * *
მადლიერებას სიკეთედ ვინც მიიჩნევს და ჰგონია,

ის სიკვდილის წინ ხვდება, რომ ცხოვრებას აზრი ჰქონია.

Friday, July 17, 2015

Attıla ilhan

KİMİ SEVSEM SENSİN 

kimi sevsem sensin / hayret
sevgi hepsini nasıl değiştiriyor
gözleri maviyken yaprak yeşili
senin sesinle konuşuyor elbet
yarım bakışları o kadar tehlikeli
senin sigaranı senin gibi içiyor
kimi sevsem sensin / hayret
senden nedense vazgeçilemiyor

her şeyi terk ettim / ne aşk ne şehvet
sarışın başladığım esmer bitiyor
anlaşılmaz yüzü koyu gölgeli
dudakları keskin kırmızı jilet
bir belaya çattık / nasıl bitirmeli
gitar kımıldadı mı zaman deliniyor
kimi sevsem sensin / hayret
kapıların kapalı girilemiyor

kimi sevsem sensin / senden ibaret
hepsini senin adınla çağırıyorum
arkamdan şımarık gülüşüyorlar
getirdikleri yağmur / sende unuttuğum
hani o sımsıcak iri çekirdekli
senin gibi vahşi öpüşüyorlar
kimi sevsem sensin / hayret
in misin cin misin anlamıyorum

ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!...
ვინც არ უნდა შეიცვალოს, თუნდაც ბილწი გახდეს წმინდა,
თუნდაც ლურჯი თვალი ექცეს მწვანედ ჩემთა თვალთა წინ და
თუნდ გემსგავსოს შენ ხმით ისე, თითქოს ლექსად გადმოდინდა,
სიგარეტიც შენებურად მოიმარჯვოს.... არავინ და
არვინ მინდა მე შენს მეტი.... დავალ გარეთ, ვზივარ შინ და
ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!...

დავივიწყე ყველაფერი: სიყვარული, ტრფობა, ვნება...
ქერათმიანს შავგრემანი (ან პირიქით) ენაცვლება,
გაურკვეველ სახეს სახე მისდევს როგორც გზნებას გზნება,
ზოგის ბაგეს სისხლი წვავს და ზოგზე თითქოს თოვლი დნება...
ღმერთო, ამდენ ზმანებებში ძალას ვკარგავ ნება-ნება...
ჩემს გიტარას ვუსმენ ისევ და წარსული მენანება,
ვინც არ უნდა შევიყვარო - ასეთია ღმერთის ნება! -
არვინ მინდა მე შენს მეტი.... შენთან ყოფნა მენატრება.

ვინც არ უნდა შევიყვარო.... რაგინდ მწვავდეს ცეცხლის ალი,
მაინც შენსკენ მომიძღვება წუთისოფლის გზა და კალი,
ეგებ ენა აელესათ დასაცინად, როგორც ხმალი,
ჩემს სიყვარულს მიაწერეს ეგებ ქვეყნის ცოდვა-ბრალი,
ეგებ წვიმს და მე ვეღარ ვგრძნობ, დამიბრმავდა ეგებ თვალი...
ეგებ შენთან დამრჩა გული, მე კი სხვაგან დავრჩი მწყრალი...
ეგებ სიოც მოქრის შენგან ვნებითა და კოცნით მთვრალი,
ეგებ რაღაც ჯადო ხარ და სულაც არ ხარ მხოლოდ ქალი...

ვერ გავიგე, ეს სიცოცხლე რა სიზმარში გამიფრინდა....
ვინც არ უნდა შევიყვარო, მაინც შენი ტრფობა მინდა!...

Saturday, July 11, 2015

ოსიპ მანდელშტამი

Мне Тифлис горбатый снится.....

სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს,
საზანდარი სადღაც ჰანგებს წელავს,
ეს ქალაქი ჭრელ ფარდაგს ჰგავს თითქმის...
მაღლა ხალხი ხიდებს ფეხით თელავს,
დაბლა მტკვარი დუდუნებს და ღელავს.

ვხედავ მტკვარზე გადმოკიდულ დუქნებს,
იქ ღვინოა და საამო ფლავი,
იქ მედუქნე ყველას სუფრას უქებს,
ჭიქებს უვსებს, ხელს მზადყოფნით უქნევს,
რომ სტუმარმა ლაღად იგრძნოს თავი.

ბადაგივით კახურ ღვინის სმა და
დროსტარება გეამება დაღლილს,
სიგრილეში გაგეხსნება მადა,
სიწყნარეში სადღეგრძელოს თქმა და
სმა ორთან სჯობს... მარტო თრობა არ ღირს!

სულ პატარა დუქანში რომ ჩახვალ
მატყუარას ჰპოვებ ვინმეს, - მზაკვარს,
იქ “თელიანს“ თუ მოითხოვ, ნახავ,
რომ თბილისურ ნისლში განიზრახავ
ბოთლებს შუა დაეძებდე გზაკვალს.

კაცს იცნობდე შეიძლება ხნიერს,
ბატკანი კი ნორჩი გვინდა, ოდეს
მთვარიანი ღამის დასალიერს
ღვინით თრობას მოვისურვებთ ძლიერს,
ირგვლივ მწვადის სურნელი რომ ქროდეს.

Sunday, March 22, 2015

ჯორჯ გორდონ ბაირონი

...so, we'll go no more a-roving

მორჩა... ვერასდროს ვეღარ შევძლებთ ერთად ხეტიალს,
ჩვენს ნაფეხურებს ღამის სიო ვეღარ მიაგნებს,
მაგრამ გულები ძველებურად ერთურთს ეტრფიან
და მთვარის დისკოც ძველებურად ცაზე ციაგებს.

მორჩა... ცხოვრებას რაც რამ უნდა, ის დააპიროს,
ჩემს სულს მკერდიდან ამოსვლა სურს დღეს გააფთრებით,
დღეს გულმაც უნდა სავანეში გაინაპიროს,
დღეს სიყვარულმაც ძირს დაუშვას უნდა აფრები.

მოტრფიალენი ერთურთს კვლავაც ღამით ეტრფიან,
განთიადამდე კვლავ ეძებენ შვებას ალერსში,
ჩვენ კი ვერასდროს ვეღარ შევძლებთ ერთად ხეტიალს,
მთვარის სხივთაგან გადმოფრქვეულ სიმხურვალეში.

* * *

ვუმზერ შენს თვალებს, ვაკვირდები შენს მიხრა-მოხრას
და, მდუმარენი, ცრემლით ნაბან ბილიკს მივყვებით;
ო, ისე გინდა ჩემთან ყოფნა, ო, ისე ოხრავ,
რომ მეტს, უფრო მეტს ამბობ ამით, ვიდრე სიტყვებით.

ვიცი, რომ დავრჩით ჩვენ ცრემლების გაღმა-გამოღმით,
ტრფობას და იმედს განგვაშორა მომავლის განსჯამ…
ჩემო გოგონა, საზარელი სევდით და ბოღმით
მეც ვიტანჯები! – ნუ გგონია, მხოლოდ შენ გტანჯავ.

მეც მინდა გითხრა, მინდა განდო სათქმელი, მაგრამ,
შენს ტკბილ ბაგეებს ვერ შორდება ჩემი ბაგენი
და შენ არ გჯერა, მეც რომ ვტირი... არ გჯერა, რადგან
ცრემლების ზღვაში შენ ჩემს ცრემლებს ვერ მიაგენი.

ო, გევედრები, ასე უღვთოდ ნუ გამაწამე
განუწყვეტელი ქვითინით და ცრემლთა შეტევით
და მითხარ რამე... სანუგეშო მითხარი რამე,
მხოლოდ ჩემს სახელს ნუ წარმოთქვამ თავგამეტებით.

ჩემო გოგონა, სჯობს მომავალ ხვედრზე გვეზრუნა,
რადგან ამაო გლოვისათვის არ გვშობს განგება;
და თუ დღეის დღის ხსოვნა შეგვრჩა ხვალის მეგზურად,
ჩვენი სიცოცხლე შემზარავად გაითანგება.

მშვიდობით, ჩემო საყვარელო, იყავ მშვიდობით!...
დათმე წარსული – მშვენიერი გრძნობით ნაფერი;
ერთადერთ იმედს, სჯობს, მივენდოთ ჩვენ სულდიდობით
და დავივიწყოთ... დავივიწყოთ ეს ყველაფერი!


Saturday, March 7, 2015

(ისევ) ედგარ პო

ელდორადო


ის რაინდი გამბედავი,
ხან რომ მზის სხივს ანდო თავი,
ხან გაჰკვეთა ღამე შავი, დადიოდა ნეტავ რადო?!
გზას სიმღერით მიიკვლევდა,
განიშორა ყველა სევდა
და სურვილი ერთი სდევდა - მოეძებნა ელდორადო.

მაგრამ როცა მას სიბერე
მოეძალა, რა ქნა მერე?
დაიფინა გულზე მწუხრი? და თუ - არა, ნეტავ რადო?
ღამით რა ქნა? იყო დღე სად?
ვერაფერი ნახა ვერსად,
სულ ოდნავ რომ იქნებოდა მისი მსგავსი ელდორადო.

და ძალა რომ აღარ ჰქონდა,
ფეხი ძლივს რომ მიმოჰქონდა,
აჩრდილი თუ რაღაც ლანდი გზად შემოხვდა ნეტავ რადო?!
ჰკითხა: "ვინ ხარ, შენ აჩრდილო?!
იქნებ უნდა გამიმხილო,
თუ არსებობს, საით არის ის ზღაპრული ელდორადო?“

ლანდმა უთხრა: "ჰპოვე მხარე,
მთებს დაჰნათის სადაც მთვარე
და აჩრდილთა ხეივანში არ თქვა - ამ გზას ვენდო რადო?!
წესად დარგე შენ ეს წესი,
გზა არჩიე უშორესი
და იქროლე იქით მარად, თუ გსურს ნახო ელდორადო".

Friday, February 13, 2015

ეზოპე

(გალექსილი ვარიანტი)

ერთხელ ერთ ჭიანჭველასა, შრომა მას უქეს რომელსა,
ვინც აფასებდა ამქვეყნად მარტოდენ მისებრ მშრომელსა,
სხვისი რომ არრა ემართა - არც სესხი ჰქონდა, არც ვალი,
გამოეტანა მზის გულზე ზამთრის საკვები მარცვალი...
აშრობდა და დასცქეროდა სიამით თავის მარაგსა
და ჩვენც აქედან დავიწყებთ ამ ჩვენს პატარა არაკსა.
მას ერთი მწერი მიადგა უცებ - სად იყო სად არა,
ვერ გაიგებდით რა იყო, ვერცერთ მწერს ვერვინ ადარა,
რადგან შიმშილის ვაებით იყო იმგვარად ძლეული,
რომ სახე დაჰკარგვოდა და იარებოდა ეული.
დასჩლუნგებოდა სისუსტით ენა, ყური თუ თვალია -
ზოგს ხოჭო ეგონებოდა, ზოგს ჭრიჭინა თუ კალია...
და სთხოვა იმ ჭიანჭველას - “ძმობილო, ძლიერ მშიაო...
ერთი მარცვალი მაჭამე, მზეზე რომ გაგიშლიაო“.
"შენ რატომ უნდა გაჭამო?! - შესძახა ჭიანჭველამა, -
მე თავად შევჭამ ჩემს ნაშრომს, უნდა იცოდეს ყველამა. -
მე რომ ზაფხულში ვშრომობდი... სად იყავ, შენ რას ელოდი?!"
მშიერმა უთხრა: "მე მაშინ შენ სიმღერებით გშველოდი!
არ გახსოვს - შრომის საზრუნავს თქვენ რომ ფიქრებში ისევდით,
მე გიმღეროდით მშრომელებს, იმედით გახალისებდით!"
"მღეროდი ჩვენთვის და ამით გვქონდა იმედი ხვალისა?! -
თქვა ჭიანჭველამ და სიტყვა სიცილით გაიხალისა:
"წადი ახლა და იცეკვე... სიმღერას ცეკვაც ამშვენებს!
ჭამა კი იმას სჭირდება, ვინც შრომით სოფელს აშენებს!"
* * *
ისევ მშიერი გაუყვა გზას ის ხოჭო თუ კალია...
უმადურობა ამქვეყნად, ვაჰმე, რა დიდი ბრალია!

Friday, January 30, 2015

ფედერიკო გარსია ლორკა

მწარე სიყვარულის სონეტი 




შიშით ვუმზერ შენს თვალებში დაბუდებულ ჯადოს
და მგონია დასაკარგად არის მარად მზად ის,
ვშიშობ, რომ აწ მხოლოდ ჩემთვის აღარ დანავარდობს 
შენს ღაწვებზე ღამის სუნთქვა, ვით სურნელი ვარდის. 
ამ ნაპირზე, მე კი არა, თვით სიცოცხლეც დარდობს
და ხეს ვგავარ უტოტებოს და ვერ ვპოვებ ადგილს, 
სადაც შვებას შევიგრძნობ და მივცემ რამე საზრდოს
ტკივილს, რაიც ჩემს სხეულში დამშეული დადის. 
თუ ხარ ჯვარი საფიცარი, თუ ხარ გულის ურვა,
თუ განძი ხარ, რაც მამხნევებს ან რაც აღმაშფოთებს,
თუ, ვით ძაღლი, ბატონობამ შენმა დამიურვა, 
არ წამართვა, რაც მწადია, რომ ჩემს სულში თრთოდეს
და აღირსე შენთა წყალთა მდინარეში ცურვა
ჩემი მწირი შემოდგომის გაყვითლებულ ფოთლებს.

Monday, December 15, 2014

ედგარ ალან პო

"ყორანი
(The Raven) 



01
ერთხელ ღამით ფიქრთა შუა დაღლილობამ შემიტყუა
და ვთქვი - ალბათ, სევდა თუა, ამ ძველ წიგნებს ვფურცლავ ოდეს...
ძილს ვებრძოდი მთელი ღამე, კაკუნი რომ მომესმა მე,
თითქოს ვიღაც ანდა რამე კართან შინ მე მომდგომოდეს,
"სტუმარია?! - ვეჭვობ, რომ სხვა კართან ვინმე მომდგომოდეს
და სათქმელი რამე ჰქონდეს".
02
თითქოს მახსოვს, ვგრძნობდი რასაც - დეკემბერსაც და მის ქარსაც,
თითქოს სურდა ბუხრის ალსაც - იატაკზე ჩრდილად ხტოდეს...
გულს კი სურდა ძლიერ დილა და თვით წიგნმაც გააწბილა,
რომ იქ შვება ვერ იხილა, რომ ის მარად ხსოვნით კრთოდეს
და შორეულ ქალწულ ლენორს, ვით ანგელოზს, შეჰხაროდეს,
თუმც იმედი არც რამ ჰქონდეს.
03
მარჯნისფერი აბრეშუმის ფარდის - მისი შარიშურის -
ხმაც მზარავდა და ღარავდა გულს შიშით, რაც დღემდე მომდევს,
ჯერ უცნობი რაღაც ელდით მეც და გულიც მთლად გავხელდით:
"სტუმარია - კვლავ ვთქვი - ვეჭვობ, შემოშვებას სხვა რომ მთხოვდეს,
სტუმარია ვიღაც... ვეჭვობ, ამის ნებას სხვა  რომ მთხოვდეს,
ან განზრახვა სხვა რამ ჰქონდეს.
04
მოვიკრიბე მალე ძალი, კარს შევავლე უმალ თვალი,
ვკითხე: "კაცი ხარ თუ ქალი?! - მაპატიე მე, არმცოდნეს,
არ ველოდი კაკუნს ღამე, მთვლემარს მესმა ოდეს ხმა მე,
ვერც გავიგე სიტყვა რამე - კარზე ვინმე მომძახოდეს"...
გავხსენ კარი და ვიფიქრე, იქ წყვდიადი დამხვდა ოდეს,
ვეჭვ, სამზერი სხვა რამ მქონდეს.
05
მივაშტერდი წყვდიადს ასე, შიშითა და გზნებით სავსე,
მე იმ ნატრულს დავემსგავსე, ვისაც სურს, რომ შუქი კრთოდეს,
თუმც არ ჰკვეთდა სხივი წყვდიადს და არც ბგერა - დუმილს, ფრიადს,
მხოლოდ სურვილს ვგრძნობდი დიადს, ექოსავით რომ მოჰქონდეს
სივრცეს სიტყვა - "ლენორ... ლენორ..." და ჩემს ირგვლივ მიმოჰქონდეს...
სხვა სურვილი არც რამ მქონდეს.
06
მოვბრუნდი და ვიგრძენ სრული მგზნებარებით თრთოდა სული
და ვშიშობდი, აწ სარკმელზე ის კაკუნი განმეორდეს,
მართლაც მესმა მძლავრად ისევ და ვთქვი - "ეჭვებს რატომ ვისევ?!
გამოვაღებ სარკმელს ისე, სული ძლიერ რომ არ თრთოდეს,
ვნახავ, იქნებ ქარს სწადია - რაღაც უცნაურად ქროდეს
და ხმაც უცნაური ჰქონდეს".
07
გავაღე და ზევით-ქვევით მოფართხალე ფრთების ქნევით
იქ ყორანი დამხვდა წინ და შემოფრინდა შიგნით ოდეს,
მედიდურად მე გამშორდა და ვით ლედიმ ანდა ლორდმა,
ჩამიარა შორი-შორ და კართან ახტა, თითქოს მოსდევს
ძველი ჯავრი პალადასი, რომ მის ბიუსტს დასჯდომოდეს, -
თითქოს ჯავრი ახლაც ჰქონდეს.
08
შევხედე და სევდის ნაცვლად გავხალისდი - ისე მკაცრად
იჯდა თითქოს მთვლიდა არც რად... ჰგავდა ბრძენს და ყოვლისმცოდნეს.
ვუთხარ: "ვატყობ, არ ხარ მხდალი, თუმც მზერა გაქვს ერთობ მწყრალი,
მედიდურად გიჭრის თვალი... სჭვრეტ ღამეულ ბრალს და ცოდვებს..
მაშ, სახელიც მითხარ... იქნებ ჯოჯოხეთურს მეტყვი  ბოდვებს...“
და თქვა სიტყვა - "არასოდეს!"
09
ყორნის სიტყვას ყური როცა მოვკარ, ფრიად გამაოცა,
საშველი კი არც მან მომცა, სული სევდით რომ არ ძრწოდეს...
ან უნახავს ნეტავ ვინმეს, შესწრებია მხეცს ან ფრინველს,
რომ ოთახში შეძლებს იმდენს, შეეღწიოს შიგნით ოდეს,
უმალ კართან შემოდებულ ბიუსტს თავზე დასჯდომოდეს
და თან ეთქვას "არასოდეს"?!
10
ეს თქვა მხოლოდ შემზარავად და ბიუსტზე კვლავ უძრავად
იჯდა... თითქოს ერთ სიტყვაში მთელ ძალას და სულს აქსოვდეს...
ფრთის შექნევაც კი არ სცადა, არაფერი მითხრა სხვა და
მე ვთქვი - "წავა ესეც ხვალ და მოისურვებს, რომ გამშორდეს,
როგორც ყველა მეგობარი და იმედიც აღარ მქონდეს...“
მან დამჩხავლა - "არასოდეს".
11
დავუბრუნდი შიშით დუმილს, ჩხავილი რომ შეწყდა სტუმრის,
"მგონი, ერთი სიტყვა იცის - ვთქვი - ვეჭვობ, რომ სხვას ამბობდეს...
ალბათ, ვინმე ბედკრულს ჰყავდა მიჩვეული, ის კი თხზავდა
სევდით ლექსებს კვლავ-და-კვლავ და სურდა, ასე დასძახოდეს
ყორანის ხმაც... უიმედო სევდით სავსე დასძახოდეს:
"არა, არა.... არასოდეს...“
12
ჩემს სევდიან სულს თუმც მალე კვლავ ღიმილით მივეძალე,
სავარძელი დავდგი ახლოს ყორანთან და კართან ოდეს,
რბილ ხავერდზე მჯდომმა თავი მივეც ფიქრებს, ის კი - შავი,
მწუხარე და შემზარავი ხმით ცდილობდა კვლავ ჩხაოდეს,
ვით ბნელეთის მოციქული ერთი სიტყვით დამჩხაოდეს
და ამბობდეს - "არასოდეს".
13
ასე ვიჯექ სავსე ეჭვით, ღრმა დუმილში ხანგრძლივ შეჭრით,
ფრინველი კი თვალთა ცეცხლით თითქოს გულში შემომჭროდეს,
მე იდუმალ ფიქრთა შორის ხავერდებზე წამოწოლილს,
შუქს მაფენდა ლამპიონის სხივი ისე, თითქოს კრთოდეს
იისფერად სატრფოს ხსოვნა... მსურდა, კარს ის მოსდგომოდეს,
თუმც არ მოვა არასოდეს.
14
მერე ვიგრძენ რაღაც შვება, მოფარფატე ნება-ნება,
თითქოს ჩემთან  სურნელება სერაფიმთა იფრქვეოდეს,
"ო, საბრალოვ! - თავს შევძახე - აწ ღვთიური შვება ნახე,
მოჩანს ანგელოზთა სახე, რომ შენს ხსოვნას შვება ჰქონდეს...
რომ ლენორი დაივიწყო... რომ ლენორი არ გახსოვდეს...
და მომესმა - "არასოდეს!"
15
ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ  ფრინველს,
რომელ მაცდურ ქარს ეწადა, შენთან ერთად აქეთ ქროდეს?!
რად მეწვიე უდაბურ და ბნელ მხარეში... ან რა გსურდა?!
უშიშრობა შენი მშურს და გთხოვ - მართალი მითხარ!... გთხოვ დღეს!
გალაადის ნაპირს ჩემთვის თუ აქვს შვება? - მითხარ!.. გთხოვ დღეს!"
და მომესმა - "არასოდეს!"
16.
ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ  ფრინველს?!
ღმერთს გაფიცებ, ვისგან მადლიც გვსურს, ორივეს მოგვფენოდეს,
მითხარ, ჩემს სულს ეღირსება, თუნდ ედემში ჰქონდეს შვება,
თუ ექნება იმის ნება, წმინდა ქალწულს შეჰხაროდეს,
ლენორს ხელის შესახებად უხმობდეს და შესძახოდეს?!"
და მომესმა - "არასოდეს!"
17
“მაშ, ამ სიტყვით გამეცალე, გადი გარეთ ქარში მალე,
ფრინველი ხარ თუ ეშმაკი?! - სჯობს, გზა ჯოჯოხეთში გქონდეს!...
სჯობს, კარისკენ გაემართო, სულს ცრუ გზნება არ დამართო,
მე დამტოვე ისევ მარტო... მოშორდები ბიუსტს ოდეს,
სჯობს ჩემს გულსაც შენი კლანჭი აღარასდროს დასტყობოდეს!...“
და მომესმა - "არასოდეს!"
18
მივაშტერდი ყორანს მყის და - ის უძრავად ზის და ზის და -
თითქოს ბიუსტს პალადისას საუკუნოდ დასჯდომოდეს,
მზერაც თითქოს გაუქვავდა, მეოცნებე დემონს ჰგავდა,
და მის ჩრდილქვეშ ვიგრძენ კვლავ და მივხვდი, სული უნდა ძრწოდეს,
ყორნის ჩრდილში ჩაფერფლილ სული, მარად უნდა ძრწოდეს,
და არ აღდგეს არასოდეს!

ვთარგმნე 2014 წლის ნოემბერ-დეკემბერში