Wednesday, March 2, 2016

თავრიზელი ქურდის ამბავი

საადი, "ბუსთანი"

მეოთხე კარი, იგავი 18

გამიგონია, თავრიზში ერთი ამბავი ხდებოდა _
ღვთისმოსავს მავანს დღედაღამ ძილი არ ეკარებოდა...

ერთხელ ნახა მან, სიბნელე რომ აწვა ქალაქს ღამისა,
ქურდმა ქამანდი შესტყორცნა ერთ სახლს... მნახველი ამისა

აყვირდა ის ღვთისმოსავი - ქურდი, ქურდიო... არიქა!
ხალხიც მოცვივდა ჯოხებით, ხან აქ ეცნენ და ხან იქა. (390)

ამდენი ხალხის გამძლები ქურდი ნამდვილად არ იყო,
წყვდიადსღა თვლიდა მშველელად, ირგვლივ რომ ჩამომდგარიყო.

ძლიერ შეშინდა, წაუხდა მას საქციელი და ქცევა,
მიხვდა, რომ მისი საშველი იყო დროული გაქცევა.

ის ღვთისმოსავიც ხვდებოდა - კარგი რამ იქ არ ხდებოდა,
გული მოულბა, ის ქურდი ძალიან ებრალებოდა,

სიბნელეს იგიც გაუყვა, დევნილის გზები ეძია,
ისე მისდია კვალში, რომ სულ მალე ქურდს მიეწია.

შესძახა: `შესდექ, ძმობილო! მე შენთვის ახლობელი ვერ!
ვფიცავარ ამ ჩემს კაცობას, რომ მე სიმართლის მთქმელი ვარ. (395)

შენ გადარჩენილს რომ გხედავ, დრო დგება ჩვენი გაცნობის...
ორ საქციელში ვლინდება უნარი კაიკაცობის:

პირველი - როცა თავდასხმას სხვა რამ განზრახვა არცა სჯობს,
მეორე - როცა დარჩენა არ ღირს და ამას გაცლა სჯობს.

სახლზე თავდასხმაც ვნახე და შენი გაქცევაც მე ახლა...
ბარემ სახელიც მითხარი, გაცნობის ჟამი გვეახლა.

შენ ერთ ადგილზე წაგიყვან და იმ საქმის დრო დადგება,
რის გაკეთების ცოდნა შენ ძალიან გამოგადგება.

ერთი სახლია აქ ახლოს, მივალთ იქამდე მარტონი,
იმასაც გეტყვი - ვიცი, რომ დღეს შინ არ არის პატრონი. (400)

ქვას ქვა დავადოთ კედელთან, იმ ქვებზე შენ დადგები და
მე გადავძვრები იმ სახლის კედელზე შენი მხრებიდან.

გამოვიტან და შენ მოგცემ, რაც არის მოსაპარავი,
ხელცარიელი არ წახვალ, არც გამოგტაცებს არავინ".

ტკბილი საუბრით მიმართეს სახე ერთურთის სახისკენ
და წაიყვანა ღვთისკაცმა ქურდი თავისი სახლისკენ.

ჰოდა, ბნელ საქმეს ჩვეულმა ქურდმა დახარა თავი და
მისი მხრებიდან ის კაცი კედელზე მყის გადავიდა.

ხელი დასტაცა ყველაფერს, რაც ედო ნახმარ-უხმარად
და ქურდს თავისი ქონება კედლიდან გადაუყარა. (405)

მერე დაიწყო ყვირილი - `ქურდიო, ბიჭო, ქურდიო!
რად გამითენა განგებამ ეს დღე, ასეთი ცუდიო!"

და ქურდმაც უმალ მოკურცხლა, არსად მოფინა ჩრდილები,
ხელში ეჭირა ღვთისნიერ კაცისგან გადმოყრილები.

დამშვიდდა მაშინ ის კაცი, ღვთის მსახური და მხლებელი,
რომ გზააბნეულ ქურდს მისცა მან სარჩო-საბადებელი.

ავის სიავით დამსჯელმა, ვეჭვ, ჰპოვოს თვისი დიდება,
სიკეთე, კეთილს კი არა, ავს და უკეთურს სჭირდება.

ბრძენისგან დიდსულოვნება არ არის გასაკვირველი,
ავისმზრახველიც კი არის მისი წყალობის მხილველი. (410)

სხვის ბედზე ზრუნვა კეთილი კაცის ცხოვრების ხვედრია,
ბოროტს რომ სხვაზე ეზრუნოს, ასეთი არ შემხვედრია.