ფრანჩესკო პეტრარკა

დაიბადა 1304 წლის 20 ივლისს
იტალიის ქალაქ არეცოში
(ფლორენციის მახლობლად)


გარდაიცვალა 1374 წლის 19 ივლისს
იტალიის ქალაქ არკუა-პეტრარკაში
(პადუას სიახლოვეს)






სონეტები





  • პეტრარკას სონეტების გარეკანი ასეთი იქნება




  • 001
თქვენ, ვისაც გესმით ჩემს ლექსებში მიმობნეული
გრძნობები, როცა სიყვარულმა მომგვარა სევდა,
როცა კვალდაკვალ  სიჭაბუკის სიშმაგე მდევდა
და თითქოს სხვა სულს ატარებდა ჩემი სხეული,

თქვენ მიმიხვდებით, რატომ ვიყავ ტრფობით სნეული,
დამაიმედებთ, რომ ამაო სატკივარს ვძლევ და
გაიგებთ, გულის მაგივრობას დარდი რომ სწევდა,
თქვენ, ვინც ყოფილხართ სიყვარულით გზაარეული.

და ახლა, დიდხანს სიცოცხლე რომ არ დამრჩენია,
დღეს როცა ჩემგან დარჩა მხოლოდ ზღაპარი ძველი,
ვიხსენებ წარსულს და რატომღაც ძლიერ მრცხვენია

და ამ სირცხვილის დავიწყებას ამაოდ ველი...
ეჰ, სიყვარულის სინანული მძიმე სენია,
თვით სიცოცხლე კი სიზმარია, ტაატით მსვლელი.


  • 003
ეს მოხდა იმ დღეს, მზის სხივების მწველი ალები
როდესაც დაცხრა წუთისოფლის მბრძანებლის ნებით,
როდესაც, თავზარდაცემულებს უცნობი ვნებით,
ჩემს თვალებს შეხვდნენ, ქალბატონო, თქვენი თვალები.

მე არვის კვალში სიყვარულით ნაწანწალები
არ ვიყავ მაშინ, არც გრძნობათა თავდასხმას გზნებით
ველოდი, მაგრამ უცაბედად მოგვრილი სნებით
ახლა შევიქენ გატანჯული და ნაწვალები.

მე დამატყვევა, უღონო და უიარაღო,
სიყვარულმა და მოიძია მან გზად და ხიდად 
ჩემი თვალები და ჩემს გულშიც კარი გააღო...

ჩემი ტკივილით ნუთუ იგი გალაღდა დიდად?!
მე მისგან გული თუ მაქვს სევდის საიალაღოდ,
თქვენ ის არ გავნებთ, ქალბატონო... იყავით მშვიდად!


  • 007
უნიათობის, სიხარბის და ამაოების
შემოძალებით მიჭირს ყოფნა ქვეყნად ამიერ,
ზნე თუ ადათი, ჩვენი მხსნელი მრავალჟამიერ,
აწ მძევალია უსაშველოდ ბილწი დროების.

აწ მოიქუფრა ცა სიკეთის და სათნოების,
აწ შევიცვალეთ უზნეობის გამო და მიერ,
და აღარსად ჩანს თუნდაც ზოგჯერ ჟამით ჟამიერ
აწ ზნეკეთილი ძე იმედის და სასოების.

ყოველი ბრიყვი საგვირგვინედ დაეძებს დაფნას,
ყველას შეუჩნდა უბადრუკი ფილოსოფია, 
რომ ამოუვსოს შავი ხახა ქონებით საფლავს...

შენზე კი ეჭვით არასოდეს მიორჭოფია,
შენს ტკბილ სულს, ჩემო მეგობარო, ვნება ვერ ზაფრავს,
შენ არავინ გგავს, წუთისოფლად ვინც ნამყოფია.


  • 012
ჩემი ცხოვრების სევდიანი გზა და სავალი
თუ წამიერად წუთისოფლის ზღვართან დაება
და თუ უეცრად კვლავ გიხილე, ჩემო ღვთაება,
და დავინახე, რომ დაგეტყო წელი მრავალი

და მზეც რომ ჩაქრა შენს სახეზე ამომავალი
და ოქროს ნაცვლად თმაში ვერცხლის ქსელი გაება
და თუ დავძლიე მეც სიმხდალის ყველა ვაება
და აღარ დამრჩა არც აწმყო და არც მომავალი,

გულისნადები გაგიმხილო მაშინ ეგება
და გაგახსენო დრო და ჟამი... ის წუთი, ოდეს
ამქვეყნად შენი სიყვარული შემომეგება,

და რომ ეს გრძნობა მე სიცოცხლის ბოლომდე მომდევს
და რადგან ფეხქვეშ გზა–სავალი აღარ მეგება,
გაგანდობ გრძნობას, რომ ტკივილი აღარსად კრთოდეს.


  • 017
მწარე ცრემლებით დამეღარა დღეს ისევ სახე,
მკერდიდან ისევ შემომესმა ხმა ქარიშხალთა...
და გამახსენდა, ოდეს მზერა მოგაპყარ თვალთა
და, მარტოობის გარდა, შვება ვეღარსად ვნახე.

ნაზი ღიმილით ოდეს ჩემთვის გააბი მახე,
გადამაფარე ოდეს ვნება ისე, ვით კალთა,
საშველად მექცა მგზნებარება ტრფიალის ალთა
და მაშინ მზერით უკვდავების გზა გადავლახე.

მაგრამ უმალვე შემეხუთა ტკივილით სული,
ოდეს უეცარ განშორებას გავუგე გემო,
ოდეს შევიცან ბედისწერის სასჯელი სრული

და მივხვდი, მიჯობს, რომ სხეული უსულოდ ვგვემო,
რომ თითქოს დადგა წუთისოფლის დღეს აღსასრული,
რომ სული ჩემი შენ გამოგყვა, სიცოცხლევ ჩემო.


  • 019
ცოცხალ ქმნილებას მრავალს ნახავთ, მთელი არსებით
მზისკენ რომ ილტვის და მის სხივებს უმზერს თამამად,
ბევრი კი ნათელს გაურბის და მრუმე წკვარამად
ქცეული ყოფნით კმაყოფილი არის სავსებით.

ისეთსაც ნახავთ - ვნებათაგან სულის ავსებით
ცეცხლში დაწვა რომ უჩნს სიამედ, განა ვარამად,
და მეც მძებნელი მგზნებარების ახლა ვარ ამად,
რომ ვიამაყო უგნურებთან ჩემი მსგავსებით.

თუმც ჩემს ქალბატონს ვერ ვუსწორებ თამამად მზერას,
სულაც არ ვგავარ მალულად და სიშორით მზვერავს,
განდეგილობა ჩემს სულს დაღად აღარ აჩნია...

არ ვიცი, ახლა რა დროა და წელიწადია,
ის ვიცი მხოლოდ, მისი ხილვა კვლავ რომ მწადია,
რომ დაწვას ვნებამ ეს სიცოცხლე, რაც გამაჩნია.


  • 032
აღსასრულის დრო მოდის ჩემთან რაც უფრო ახლოს,
რაც უფრო ცხადად ჩანს სიკვდილის ავი ზმანება,
დრო თითქოს მეტი გაშმაგებით მიექანება
და ჩემს იმედებს ტატნობიდან ქვესკნელში ამხობს.

და ვფიქრობ: ნუთუ სიყვარული აღარსად სახლობს,
ჩემთან სტუმრობას ნუთუ უკვე თავი ანება,
ან დადნა ნუთუ, როგორც თოვლი, რადგან სხვა ნება
ვერღარა ჰპოვა, რათა სულმა სიმშვიდე ნახოს?!

ვფიქრობ და ვუმზერ წარმავლობას სასოწარკვეთით,
ხან რისხვას ვაფრქვევ, ხან აღვავლენ ტკივილს ლოცვებად,
რადგან სიცოცხლე ქრება წლებით ნაგვემ-ნაკვეთი...

ოდეს ამქვეყნად სულ ამაო  ყოფნით მოცდება,
ხედავს მოკვდავი - საარყოფნო ზღვართა გამკვეთი,
რომ სინამდვილის ნაცვლად იყო მხოლოდ ოცნება. 


  • 061
კურთხეულ იყოს მარად ის დღე, ის თვე და წელი,
ის დრო და ჟამი, ის საათი და წამი ერთი,
ის კურთხეული მიწა-წყალი, ჩვენ ერთმანეთი
სადაც ვიხილეთ და შევიცან ტრფიალი მწველი.

კურთხეულ იყოს ის პირველი შეგრძნება წრფელი,
ის განცდა ტრფობის, ის ტკივილი ცხადი და მკვეთრი,
როგორც მახვილი ალესილი, ყველაფრის მკვეთი,
გულს რომ ეძგერა და რომ შეძრა არსება მთელი.

კურთხეულ იყოს ჩემს ლექსებში მიმობნეული
შენი სახელი - ერთადერთო ჩემო ღვთაება -
და ყველა ცრემლი ამ ლექსებზე გადმოფრქვეული...

კურთხეულ იყოს დღე, რომელმაც მოსპო ვაება,
აწ დიდებისკენ სავალ გზაზე ვდგავარ ეული
და ფიქრის ბადე თან მდევს, რაიც შენთვის გაება.


  • 087
რაწამს გატყორცნის გამოცდილი მტყორცნელი ისარს,
მან თითქოს იცის, უმალ რაღაც გუმანით ხვდება -
არ გაუმართლა და ისარი სამიზნეს სცდება
თუ უზუსტესად დაესობა ნატყორცნი მიზანს.

ეს შენც იცოდი, ჩემს უშფოთველ ცხადსა და სიზმარს
მზერა რომ სტყორცნე, რომ აღსრულდა განგების ნება
და რომ წარმტაცა - ო, მადონნა! - ტრფიალმა შვება
და უიმედოდ ვუმზერ ახლა წყვდიადს თუ სისხამს. 

მე კი ის ვიცი - ნეტარებამ აღგივსო სული
და თქვი: “სიყვარულს მოჰყოლია სიამე როდის?!
მის საწყისშივე უწერია შვებას სასრული!...”

და ახლა, ოდეს გავხდი მსხვერპლი ვნების და ცოდვის, 
ოდეს სიცოცხლე წამებაა ზღვარგადასული,
მე ვუხმობ სიკვდილს და მის ნაცვლად ტკივილი მოდის.


  • 107
საშველი არ ჩანს, ბედისწერა კვალში მდევს ავი...
ტურფა თვალები მე მებრძვიან, ო, რა ხანია!
ჩემი წამება მათთვის, მგონი, გასახარია,
და ჩემთან ომში არ იციან, რა არის ზავი.

მსურს, განვარიდო იმ სხივმოსილ მზერას მე თავი,
რაიც თხუთმეტი წლის წინ ვნახე, _ არ ახალია
და რაც ყოველთვის საოცარი სანახავია,
ერთხელ ნახვით რომ გავაღმერთე და უკვდავყავი. 

საითაც წავალ, სხივთაფენა ყველგან მათია,
ჩემს ირგვლივ მარად ის თვალები მოჩანან ანდა
ანარეკლია იმ თვალთა და ათინათია...

დაფნის გვირგვინი გაუვალ ტყედ იქცევა ხან და
მძაფრი სინათლე, ვით სიბრმავე, ყველგან ანთია
და მომდევს მტრულად, რაც ოდესღაც მოყვარედ ჩანდა.

  • 145
თუნდ იქ მამყოფონ, სადაც მზისგან იწვის ბუნება,
ან იქ, სივრცეებს სადაც თოვლი ფარავს ფანტელით,
ან იქ, მზის ეტლი თვისთა სხივთა კორიანტელით
რომ ამოდის და სადაც უწევს კვლავ დაბრუნება...

ან ვიყო ურჩი, ვისი სულიც არ ითრგუნება,
ანდა მორჩილი, დაჩაგრული დღით დღევანდელით,
მერქვას ბრიყვი, ან ბრძენს მოვგავდე ჭკუით ნათელით, 
უბიწო ვიყო, ანდა მძლევდეს ცოდვის ცდუნება...

ქვესკნელში ვეგდო, ან ზესკნელში გავაპო ცა და
მთა მქონდეს ბინად ანდა სადმე ხრიოკი ველი,
ან ვიყო ლაღი, ან ბორკილით მავალი გზადა,

მდაბიო ვიყო, ან დიდება მომდევდეს ძველი...
ვინატრებ, მქონდეს კვლავ ის ბედი და არა სხვა და
კვლავ მაღელვებდეს სიყვარულის თხუთმეტი წელი.


  • 165
ჩემი ღვთაება მობიბინე მოლზე რომ დადის,
ჰაეროვანი ნაბიჯებით გზად რომ ჩაივლის,
თითქოს მის თითო ნაფეხურზე თითო ყვავილის
ამოსვლას ვხედავ... თითქოს გრძნეულ კვალს ტოვებს გზად ის.

ნეტავ სიყვარულს რა ძალა აქვს?! რად არის მზად ის -
მოსპოს ხსენება სხვა გრძნობათა ყველა გზავნილის,
რომ ნაკვალევი მხოლოდ სევდის, ცრემლად დაღვრილის,
დარჩეს ჩემთვის, ვით ნეტარება ტრფიალის მადლის.

დუმილიც მისი, ბაგეთაგან ნათქვამი ბგერაც,
იდუმალებით შემოსილი თვალთაგან მზერაც
და სათნოებაც, რის წყალობაც მრავლად სცხებია,

არის ის ოთხი ნაპერწკალი, ცეცხლივით გზნებას
რომ შეიქმს ჩემთვის და მავიწყებს სხვა ყველა ვნებას,
ვით ღამის ფრინველს, მზის სხივი რომ შეჰყვარებია. 


  • 272
სიცოცხლე მიქრის... და მას კვალში, როგორც მსტოვარი,
მოსდევს სიკვდილი... არ ჩერდება არსად წამითაც,
და აწმყო ქრება ნამყოთიც და დასაბამითაც,
რომ აღარ შერჩეს მყოფადს მისი დანატოვარი.

დრომ მიიტაცა ხსოვნის ყველა მონაპოვარი
და კლავს იმედებს გულში დღისით, ზაფრავს ღამითაც
და მზარავს იმით, რაც მომელის, მაკრთობს ამითაც,
რომ არც სურვილი შემარჩინა, არც სათხოვარი.

რაც რამ მიყვარდა, გულს გააჩნდა რაც სიტკბოება,
უკვალოდ გაქრა... დროს სიკვდილი კუდში მოება...
აფრადალეწილ ხომალდს ჩემსას, როგორც გრიგალი,

დაეძგერა და სადაცაა შთანთქავს და ჩაკლავს,
რომ აღარ სდიოს განგებისგან მოვლენილ ვარსკვლავს,
რასაც ვუმზერდი ბედთან მუდამ შეურიგალი.


  • 299
სად არის სახე, გული ჩემი რომ ააძგერა,
რომ გაიმეტა ჩემთვის ერთხელ მზერა პატივით...
სად არის ორი ის ვარსკვლავი, ანდამატივით
რომ გამომტაცეს მე სიცოცხლე და ბედისწერა...

სად არის სიტყვა, ნაზად თქმული... ნარნარი ბგერა...
ჰაეროვნება და სიმშვიდე წმინდა ხატივით...
სად არის მისი სილამაზე, რამაც ხვატივით
დამწვა უმალ და არ მაღირსა ხანგრძლივი მზერა...

სად არის მისი არსებობის ღვთიური ნება,
რამაც მე სულში ჩამიღვარა ნანატრი შვება
და ფიქრმა ჩემმა მის კვალდაკვალ კრძალვით იარა...

სად არის იგი, უმისობა რომ მტანჯავს ასე,
ვინც მენატრება და მის ნაცვლად წყვდიადით სავსე
მოჩანს სამყარო, ცრემლიან გზას რომ მაზიარა.