ფანტასტიკა

ხორხე ლუის ბორხესი 

Jorge Luis Borges

არგენტინელი პროზაიკოსი, პოეტი და პუბლიცისტი.

დაიბადა 1899 წლის 24 აგვისტოს ბუენოს-აირესში, არგენტინა.

უპირველესად ცნობილია, როგორც ლაკონური პროზაული ფანტაზიებით, რაშიც შენიღბულია განსჯა ფილოსოფიის ფუნდამენტური პრობლემების შესახებ, ასევე სათავგადასავლო და დეტექტიური ამბებით.

გარდაიცვალა 1986 წლის 14 ივნისს ჟენევაში, შვეიცარია.

პარაცელსუსის ვარდი

სარდაფის ორ ოთახში განლაგებულ ლაბორატორიაში პარაცელსუსი თავის ღმერთს - ანუ სულერთია, რომელ ღმერთს - ევედრებოდა, რომ მისთვის მოსწავლე გამოეგზავნა. ბინდდებოდა. ბუხრის ცეცხლის მკრთალი სინათლე ირგვლივ ჩრდილებს აფენდა. მავედრებელს ძალა არ შესწევდა, რომ ამდგარიყო და რკინის შანდალზე სანთელი აენთო. მალე პარაცელსუსს დაღლილობა ისე დაეუფლა, რომ თავისი ვედრებაც გადაავიწყდა. ღამეს უკვე მთლად წაშლილი ჰქონდა კოლბებისა და სინჯარების მოხაზულობა, როცა კარებზე კაკუნი გაისმა. ძილშეპარული მასპინძელი ადგა, მაღალ, ხვეულ კიბეს აუყვა და კარი გააღო. სახლში უცხო კაცი შემოვიდა. ისიც ძალზედ დაღლილად გამოიყურებოდა. პარაცელსუსმა მას სკამისკენ მიუთითა, სტუმარი დაჯდა და ლოდინი დაიწყო. ერთხანს ისინი ხმას არ იღებდნენ.

პირველად მასწავლებელმა დაძრა სიტყვა.

- მე ვიცნობ, როგორც აღმოსავლურ, ასევე დასავლურ წყობას სახისას, - სიამაყე არ დაჰკლებია ამ ფრაზას - მაგრამ შენი სახის შეცნობა მიჭირს. ვინ ხარ და რას ელი ჩემგან?

- 'ჩემი სახელი თქვენთვის არაფერს ნიშნავს, - უპასუხა მოსულმა - მე სამი დღე და ღამე გზას ვადექი... მინდა, შენი მოსწავლე ვიყო; აი, თან წამოვიღე, რაც კი რამ მებადა.

მან აბგა მოიხსნა და მაგიდაზე გადმოცალა, მონეტები ოქროსი იყო და თანაც - ბევრი. მან ეს ქმედება მარჯვენა ხელით მოიმოქმედა. პარაცელსუსი განზე გადგა, რათა სანთელი აენთო, მაგიდასთან მობრუნებულმა კი დაინახა, რომ სტუმარს მარცხენა ხელში ვარდი ეჭირა. ამ ვარდმა მეცნიერი ააღელვა.

იგი მოხერხებულად დაჯდა, ხელის თითები გადააჯვარედინა და თქვა:

- 'შენ იმედოვნებ, რომ მე შემიძლია შევქმნა ქვა, რომელსაც შეეძლება ოქროდ აქციოს ყველა ბუნებრივი ელემენტი და საამისოდ მთავაზობ ოქროს... მაგრამ მე ოქროს არ ვეძებ და თუ შენ ოქრო გაინტერესებს, ვერასოდეს გახდები ჩემი მოსწავლე!

- 'მე ოქრო არ მაინტერესებს, - უპასუხა მოსწავლემ - ეს მონეტები მხოლოდ და მხოლოდ დასტურია იმისა, რომ მზად ვარ სამუშაოდ. მე მინდა, რომ შენ მეცნიერება შემასწავლო. მე მინდა, შენთან ერთად გავიარო ქვისკენ მიმავალი გზა.

პარაცელსუსმა ნელინელ ჩაილაპარაკა:

- 'გზა თავად არის ქვა. ადგილი, საიდანაც მოდიხარ... ესეც ქვაა. შენ თუ არ გესმის ამ სიტყვების აზრი, ესე იგი ჯერ არაფერი გაგეგება. ყოველი გადადგმული ნაბიჯი არის მიზანი.

სტუმარი მეცნიერს ერთგვარი უნდობლობითი უმზერდა. მან გარკვევით თქვა:

- 'ასე რომ... მიზანი მაინც არსებობს.

პარაცელსუსს გაეცინა.

- 'ჩემი მაიგინებელნი, რომელთა სიმრავლეს აშკარად ვგრძნობ, ამტკიცებენ, რომ მიზანი არ არსებობს და მატყუარას მიწოდებენ. მე ამის თაობაზე ჩემი მოსაზრებანი მაქვს, თუმცა არც იმას გამოვრიცხავ, რომ თავს ილუზიებით ვიტყუებ. ჩემთვის მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ არსებობს გზა.

ერთხანს სიჩუმე გამეფდა. ბოლოს ისევ სტუმარმა თქვა:

- 'მე მზად ვარ, ეს გზა შენთან ერთად გავიარო და თუ საჭირო გახდა, ამას წლებიც შევწირო. ნება მომეცი, უდაბნო გადავლახო. ნება მომეცი, თუნდაც შორიდან დავინახო აღთქმული მიწა და დაე, არ მეღირსოს მასზედ ფეხის დადგმა. მაგრამ სანამ იქითკენ გავეშურებით, ერთი რამით მაინც დამარწმუნე შენს ოსტატობაში.

- 'როდის? - აფორიაქდა პარაცელსუსი.

- 'დაუყოვნებლივ! - მოულოდნელი გაბედულებით მოითხოვა მოსწავლემ.

დასაწყისში ისინი ლათინურ ენაზე საუბრობდნენ, ახლა კი - გერმანულად.

ჭაბუკმა ვარდი მაღლა შემართა.

- 'ამბობენ, რომ შენ, შენი მეცნიერების შემწეობით, შეგიძლია დაწვა ვარდი და შემდეგ ის ფერფლიდან აღადგინო. ნება მომეცი, ამ საოცრების მოწმე გავხდე... აი, ეს არის ჩემი თხოვნა და ამისთვის მთელ სიცოცხლეს შემოგწირავ.

- 'შენ ზედმეტად მომენდე. - თქვა მასწავლებელმა - მე ნდობას არ ვსაჭიროებ, ჩემთვის რწმენაა მთავარი.

მოსული თავისას არ იშლიდა.

- 'არა, მე სულაც არ გენდობით და ამიტომაც მსურს, თავად ვიხილო ვარდის გაუჩინარება და შემდეგ კვლავ მობრუნება სიცოცხლისკენ.

პარაცელსუსმა ვარდი გამოართვა და ხელში აათამაშა:

- 'შენ გჯერა ჩემი და ამბობ, რომ მე ვარდის განადგურება შემიძლია.

- 'მისი განადგურება ყველას შეუძლია. - გამოეპასუხა მოსწავლე.

- 'შენ ვერ გაიგე... ნუთუ გგონია, რომ შესაძლებელია არყოფნაში დაბრუნება?! ნუთუ გგონია, რომ ადამს სამოთხეში თუნდაც ერთი ყვავილის, თუნდაც ბალახის ერთი ღეროს განადგურება შეეძლო?!

- 'ჩვენ სამოთხეში არ ვართ. - დაჟინებით იმეორებდა ჭაბუკი - აქ, მთვარისქვეშეთში, ყველაფერი მოკვდავია.

პარაცელსუსი ადგა.

- 'მაშ, სად ვართ ახლა, თუ არა სამოთხეში?! ნუთუ შენ გგონია, რომ უზენაესს შეეძლო შეექმნა რაიმე, გარდა სამოთხისა?! გესმის, თუ არა, შენ ის, რომ ცოდვიანობა სწორედ იმის ვერშეცნობაა, რომ ჩვენ სამოთხეში ვიმყოფებით?!

- 'ვარდი შეიძლება დაიწვას. - ჟინიანობდა მოსწავლე.

- '....ბუხარში კი ცეცხლი დარჩება - ჩაილაპარაკა პარაცელსუსმა.

- 'სცადე, შეაგდე ეს ვარდი ბუხარში და თავად დარწმუნდები, რომ მას ცეცხლი შთანთქავს და დარჩენილი ფერფლი ნამდვილი იქნება.

- 'მე ვიმეორებ, რომ ვარდი უკვდავია და მხოლოდ მისი იერი იცვლება. ერთი ჩემი სიტყვა იქნება საკმარისი საიმისოდ, რომ შენ კვლავაც იხილო ვარდი.

- 'ერთი სიტყვა?! - დაეჭვდა მოსწავლე - შენი კოლბები და სინჯარები მტვრითაა დაფარული... როგორ შეძლებ, ვარდს სიცოცხლე დაუბრუნო?!

პარაცელსუსმა მას სიბრალულით შეხედა.

- 'კოლბები და სინჯარები მტვრითააო დაფარული... მე ჩემს ხანგრძლივ ცხოვრებაში ბევრი საშუალება მიცდია, ახლა კი მათ გარეშეც ვაღწევ მიზანს.

- 'მაშ, რა ხელსაწყოებს ხმარობ ახლა? - უეცარი მორჩილებით იკითხა სტუმარმა.

- 'იმას, რასაც უზენაესი იყენებდა, როცა ქმნიდა ცას, მიწას და ამ უჩინარ სამოთხეს, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც იმ პირველი ცოდვისგანაა ჩვენი მზერისთვის გაუჩინარებული... მე ვგულისხმობ სიტყვას.

მოსწავლე სრული გულგრილობით შეხვდა ამ განცხადებას: 

- 'მე შენ გთხოვ, ვარდის გაუჩინარება და მკვდრეთით აღდგომა მაჩვენო და სულერთია, რას გამოიყენებ საამისოდ - სინჯარას თუ სიტყვას.

პარაცელსუსი ჩაფიქრდა, მცირა ხანში კი ეს წარმოთქვა:

- 'მე რომ ეს საქციელი ჩავიდინო, შენ იტყვი, რომ ნანახი მხოლოდ და მხოლოდ მხედველობის მოტყუებაა. საოცრება ვერ მიგიყვანს შენ საძიებელ ჭეშმარიტებასთან, ამიტომ დავეხსნათ ამ ვარდს.

ჭაბუკი კვლავაც უნდობლობით უმზერდა, ამიტომ მასწავლებელმა ხმამაღლა უთხრა:

- 'მაინც ვინ მოგცა შენ უფლება, რომ შეხვიდე მასწავლებლის სახლში და საოცრება მოითხოვო? რით დაიმსახურე შენ ამგვარი წყალობა?"

სტუმარს მღელვარება დაეუფლა, ბოლოს ძლივს ამოღერღა:

- 'მე ვგრძნობ ჩემს ახლანდელ არარაობას... და მაინც.... მომავალში ჩემი მრავალწლოვანი მორჩილების თავდებით გთხოვ, მაჩვენო ფერფლი და შემდეგ მისგან აღმდგარი ვარდი. მე სხვა არაფერი მინდა... საკუთარი თვალით ნანახი საოცრება შენი ოსტატობის დასტური იქნება....

ჭაბუკი სწრაფი მოძრაობით სწვდა პარაცელსუსის მიერ პიუპიტრზე დადებულ ვარდს და ბუხარში შეაგდო.

ყვავილი დადნა და დარჩა ფერფლის პატარა გროვა.

ჭაბუკი ერთხანს სიტყვას და საოცრებას ელოდა.

პარაცელსუსი წარბშეუხრელად იდგა და ბოლოს მოულოდნელი პირდაპირობით თქვა:

- 'ბაზელის ყველა ექიმი და აფთიაქარი მე შარლატანს მიწოდებს. როგორც ჩანს, ისინი არ ტყუიან. აი, ფერფლი, რომელიც იყო ვარდი და აღარასოდეს დაიბრუნებს პირვანდელ სახეს.

ჭაბუკს შერცხვა. პარაცელსუსი ან მატყუარა იყო, ან უბრალოდ - ფანტაზიორი, იგი კი შემოიჭრა მასთან და მოითხოვა, რომ მას მთელი თავისი ჯადოქრული მეცნიერების უძლურება ეღიარებინა.

ჭაბუკმა მუხლი მოიდრიკა და თქვა:

- 'მე დანაშაული ჩავიდინე, საკმარისი რწმენა არ აღმომაჩნდა, რის გარეშეც უფლის სიდიადეს ვერ შეიცნობ. დაე, ჩემმა თვალებმა ახლა ფერფლს უმზირონ, მე კი დავბრუნდები მაშინ, როცა სულიერ სიძლიერეს ვპოვებ... მაშინ გავხდები შენი მოსწავლე და გზის ბოლოს ვიხილავ ვარდს.

მის ხმაში გრძნობათა არანაირი სიყალბე არ შეიმჩნეოდა და უფრო თანაგრძნობა ალაპარაკებდა მოხუცი მასწავლებლისადმი... ასე ღირსეულისადმი, ასე ტანჯულისადმი, ასე უჩვეულოსადმი და ამიტომაც ასე არარაობისადმი. როგორ ბედავს იგი, იოჰან გრიზებახი, თავისი უღირსი ხელით ჩამოჰხადოს პარაცელსუსს ის ნიღაბი, რომელიც ფარავს სიცარიელეს?!

დატოვებული ოქროს მონეტები მათხოვრისადმი გაღებული წყალობა იქნებოდა, ამიტომ წასვლისას სტუმარმა წაიღო ისინი, პარაცელსუსმა იგი კიბეებამდე მიაცილა და უთხრა, რომ მის სახლში იგი მუდამ სასურველი სტუმარი იქნებოდა. ორივე შესანიშნავად გრძნობდა იმას, რომ ერთმანეთის ნახვა აღარ ეწერათ.

პარაცელსუსი მარტო დარჩა. 

სანამ სანთელს ჩააქრობდა და სავარძელში მოხერხებულად ჩაეშვებოდა, მან მიმობნეული ფერფლი ერთად შეაგროვა, წარმოთქვა სიტყვა...

...და ვარდი აღდგა!

----------------------------------------

პარაცელსუსი (Paracelsus) - ნამდვილი სახელი ფილიპ აურეოლ თეოფრასტ ბომბასტ ფონ ჰოგენგემი (1493-1541).

აღორძინების ეპოქის შვეიცარიელი ექიმი, ნატურფილოსოფოსი, და ალქიმიკოსი. მან პირველმა სცადა ქიმიური პრეპარატების დანერგვა მედიცინაში. 

პირველად გამოქვეყნდა გაზეთ "ფანტაზიის" 140-ე ნომერში, 1999 წელს


არტურ ჩარლზ კლარკი 



Arthure Charles Clark


ინგლისელი მწერალი და პროფესიონალი ასტრონომი.
დაიბადა 1917 წლის 16 დეკემბერს, დიდი ბრიტანეთის ქალაქ მაინჰედში. 
იგი თანამედროვე მსოფლიო ფანტასტიკის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მისი სამეცნიერო-პოპულარული და ფანტასტიური ჟანრის ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს მრავალ ენაზე. 
ქართველი მკითხველი იცნობს არტურ კლარკის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულ რომანს - "2001 წლის კოსმოსური ოდისეა". მას ეკუთვნის ასევე ცნობილი ნაწარმოებები: "პაემანი რამასთან", "სამოთხის შადრევნები" და მრავალ სხვა მოთხრობა.
1956 წლიდან ცხოვრობდა შრი-ლანკაში და სათავეში უდგას მორატუვის უნივერსიტეტს, თანამედროვე ტექნოლოგიის ცენტრს.
გარდაიცვალა 2008 წლის 19 მარტს, შრი-ლანკაში.

ღმერთის 9 მილიარდი სახელი

- უჩვეულო შეკვეთაა. - დოქტორი ვაგნერი ცდილობდა ელაპარკა მაქსიმალური სიდარბაისლით. - რამდენადაც ვხვდები, ჩვენ პირველი საწარმო ვართ, რომელსაც ტიბეტის მონასტრიდან მოუვიდა თხოვნა, რომ იქ ავტომატური გამომთვლელი მანქანა დაგვემონტაჟებინა. მეტისმეტ ცნობისმოყვარეობაში ნუ ჩამითვლით, მაგრამ ძალზედ ძნელი წარმოსადგენია, თუ რად უნდა თქვენს... ე.... ე.... დაწესებულებას ასეთი მანქანა. არ შეგიძლიათ განგვიმარტოთ, თუ რის გაკეთება გსურთ მისი მეშვეობით?
- სიამოვნებით, - უპასუხა ლამამ, რომელიც აბრეშუმის მოსასხამის ნაკეცებს ისწორებდა და თან ჯიბეში ლოგარითმულ სახაზავს იდებდა, რის საშუალებითაც ფინანსურ გამოთვლებს აწარმოებდა. - თქვენი ელექტრონული მანქანა, "მოდელი ხუთი", ასრულებს ნებისმიერ მათემატიკურ ოპერაციას, ათნიშნა რიცხვებითაც კი. ჩვენი ამოცანის გადასაწყვეტად კი საჭიროა არა რიცხვები, არამედ ასოები... ასე რომ გადააკეთეთ გამომავალი რგოლები, როგორც ჩვენ გთხოვთ, და მანქანა დაბეჭდავს სიტყვებს და არა ასოებს.  
- მაინც ვერ გავიგე...
- საქმე ეხება პრობლემას, რომლის გადასაჭრელად ჩვენ ვშრომობთ, აგერ, უკვე სამი საუკუნეა, ანუ ჩვენი მონასტრის დაარსების დღიდან. თქვენი აზროვნების სტილის მქონე ადამიანისათვის ამის გაგება ძნელია, მაგრამ ვიმედოვნებ, რომ მიუკერძოებლად მიუდგებით ჩვენს საკითხს და ბოლომდე მომისმენთ.
- რა თქმა უნდა.
- არსებითად ეს უბრალო საკითხია. ჩვენ ვადგენთ სიას, რომელშიც ეწერება ღერთის ყველა შესაძლებელი სახელი.
- მაპატიეთ...
- ჩვენ გაგვაჩნია იმის საფუძველი ვფიქრობდეთ, რომ... - განაგრძო ლამამ აუღელვებლად, - რომ ყველა ეს სახელი შეიძლება ჩაიწეროს მხოლოდ იმ ცხრა ასოს გამოყენებით, რომლებიც ჩვენს მიერ გამოგონილ ანბანშია თავმოყრილი.
- ...და სამასია წელია, ამით ხართ დაკავებულნი?
- დიახ. ჩვენი გამოთვლების თანახმად, ამ საკითხის გადასაჭრელად დაახლოებით თხუთმეტი ათასი წელია საჭირო.
- ოჰო! - დოქტორი ვაგნერი აშკარად გაოცდა. - ახლა მესმის, თუ რისთვის გჭირდებათ გამომთვლელი მანქანა. მაგრამ თავად არსი რა არის ამ თქვენი წამოწყებისა?!
ლამა წამიერად აიმღვრა. "შეურაცხოყაფა ხომ არ მივაყენე?" - საკუთარ თავს ჰკითხა ვაგნერმა. ასეა თუ ისე, სტუმარი კვლავ რომ ალაპარაკდა, მის ხმაში რაიმე უკმაყოფილებას ვერავინ შენიშნავდა.
- გნებავთ, რიტუალი უწოდეთ ამას, მაგრამ საქმე ეხება ჩვენი აღმსარებლობის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს. ჩვენს მიერ ხმარებული სახელები უზენაესი არსებისა – იაჰვე, ალაჰი და ასე შემდეგ - მხოლოდამხოლოდ ადამიანის მიერ შეთხზული იარლიყებია, რაც საკმაოდ რთულ ფილოსოფიურ პრობლემას წარმოშობს... არ ღირს ახლა ამ პრობლემის შესახებ მსჯელობა, მაგრამ ასოთა ყველა შესაძლებელ კომბინაციას შორის, ასე ვთქვათ, არის ნამდვილი სახელები ღმერთისა... აი, სწორედ მათი პოვნა გვსურს ასოთა სისტემატური გადანაცვლების საშუალებით. 
- მესმის. თქვენი ასეთი კომბინაციით დაიწყეთ - ააააააა... და შეადგენთ კომბინაციებს მანამ, სანამ არ ჩახვალთ ჰჰჰჰჰჰჰ-მდე.
- ზუსტად ასეა. ოღონდ განსხვავება იმაშია, რომ ჩვენ ვსარგებლობთ ანბანით, რომელიც თავად შევქმენით. საწერ მოწყობილობაში ლიტერების შეცვლა, რა თქმა უნდა, ადვილი საქმეა. ბევრად უფრო რთულია იმ სქემის შექმნა, რომელსაც შეეძლება ძირშივე უაზრო კომბინაციების გამორიცხვა. ასე მაგალითად, არცერთი ასო არ უნდა მეორდებოდეს ერთმანეთის გვერდით სამჯერ. 
- სამჯერ? თქვენ, ალბათ, უნდა გეთქვათ ორჯერ.
- არა, ზუსტად სამი. ვშიშობ, განმარტება ყოველივე ამისა დიდ დროს წაიღებს, ჩვენი ენაც რომ იცოდეთ.
- ეჭვი არ მეპარება, - სწრაფად დასთანხმა ვაგნერი. - განაგრძეთ.
- საბედნიეროდ, თქვენი ავტომატური გამომთვლელი მანქანა ადვილად მიესადაგება ჩვენს ამოცანას. საჭიროა მხოლოდ სწორი პროგრამის შექმნა, მანქანა კი თავად შეამოწმებს ყველა ასოთშეთანხმებას და ამობეჭდავს შედეგს, ანუ ას დღეში გაკეთდება საქმე, რასაც ჩვენ თხუთმეტი ათას წელიწადს მოვანდომებთ.
სადღაც შორს და ქვემოთ მანჰეტენის ქუჩები იყო განფენილი, მაგრამ ვაგნერის ყურთასმენას საქალაქო ტრანსპორტის ყრუ გუგუნი აღარ სწვდებოდა. იგი გონებით გადასახლდა სხვა სამყაროში, ნამდვილი მწვერვალების სამყაროში და არა ისეთში, სადაც ადამიანის ხელითაა აჩონჩხილი ცამდე აწვდილი ნაგებობები. იქ, ღრუბლებს ზემოთ გადაშლილ სივრცეში, ეს ბუდისტი ბერები თაობიდან თაობამდე შრომობენ, რათა შექმნან უაზრო ასოთშეთანხმებათა ცხრილები... ნუთუ გააჩნია საზღვარი ადამიანურ უგნურებას?! მაგრამ არ შეიძლება ამ ფიქრების გამომჟღავნება - კლიენტი მუდამ მართალია!
- უეჭველად, - თქვა დოქტორმა, - ჩვენ შეგვიძლია "მეხუთე მოდელის" ისე გადაკეთება, რომ ის თქვენთვის საჭირო ცხრილებს ბეჭდავდეს. მე სხვა რამ მაღელვებს - მანქანის მონტაჟი და მოხმარება. ჩვენს დროში ტიბეტში მოხვედრა არცთუ ისე ადვილია.
- ჩვენი იმედი იქონიეთ. მანქანის ნაწილები არც ისე დიდია, მათი გადატანა თვითმფრინავითაც შეიძლება. თქვენ ეს ყველაფერი ინდოეთამდე ჩამოიტანეთ, დანარჩენს კი ჩვენ მივხედავთ.
- თქვენ ჩვენი ფირმის ორი ინჟინრის დაქირავებაც გინდათ?
- დიახ, სამი თვით, სანამ პროგრამა არ დასრულდება.
- დარწმუნებულნი ბრძანდებოდეთ, რომ ისინი გაუძლებენ ამას. - დოქტორმა ვაგნერმა რაღაც ჩაიწერს ბლოკნოტში. - დაგვრჩა კიდევ ორის საკითხის გარკვევა...
ვიდრე დოქტორი ფრაზას დაასრულებდა, ლამამ ქაღალდის ვიწრო ზოლი გაუწოდა მას.
- აი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ჩემი ანგარიშის ოდენობას აზიის ბანკში.
- გმადლობთ. თითქოს... არა, ყველაფერი რიგზეა. მეორე საკითხი კი იმდენად ელემენტარულია, რომ არც-კი ვიცი, როგორ გითხრათ. მაგრამ თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ხშირად ავიწყდებათ ადამიანებს ყველაზე ელემენტარული საკითხები. მაშ ასე - ელექტროენერგიის როგორი წყარო გაგაჩნიათ?
- ორმოცდაათკილოვატიანი დიზელგენერატორი, ძაბვა - 110 ვოლტი. ის ხუთი წლის წინ დავდგით და საკმაოდ საიმედოდ მუშაობს. მისი წყალობით ჩვენი ცხოვრება მონასტერში ბევრად უფრო საამო გახდა. საერთოდ კი ეს გენერატორი იმისათვის დადგეს, რომ ენერგიით მოამარაგოს ძრავები, რომლებიც სამლოცველოს ბორბლებს ატრიალებენ. 
- რა თქმა უნდა, - დაეთანხმა დოქტორი ვაგნერი - მე ეს კარგად მესმის.
* * *
აივნიდან თვალწარმტაცი ხედი იშლებოდა, მაგრამ ადამიანის თვალი დროთა განმავლობაში ყველაფერს ეჩვევა. შვიდასმეტრიანი უფსკრული, რომლის ფსკერზე ღობეებით შემოფარგლული ნაკვეთები ჭადრაკის უჯრედებივით მოჩანდა, უკვე აღარ იყო შთამბეჭდავი ჯორჯ ჰენლისთვის. გლუვი ქვების პარაპეტზე იდაყვებით დაყრდნობილი ჯორჯი პირქუშად გასცქეროდა შორეულ მთებს, რომელთა სახელების შეტყობა ერთხელაც არ უცდია.
"ამას ჰქვია მახეში გაბმა! - უთხრა საკუთარ თავს ჯორჯმა. - ამაზე დიდი სისულელე არავის მოუგონია!"
რამდენიმე კვირის განმავლობაში "მეხუთე მოდელი" აბდაუბდებით აჭრელებული ქაღალდების ზვინებს ბეჭდავდა. მანქანა დიდი მოთმინებით ახდენდა ასოთა გადასმას, შემდეგ ამოწმებდა ყველა ვარიანტს და ასოთა ერთი ჯგუფის ამოწურვის შემდეგ მეორეზე გადადიოდა. მანქანის მუშაობის პარალელურად ბერებიც თავდაუზოგავად შრომობდნენ და ამობეჭდილ ქაღალდებს დიდ წიგნებად კინძავდნენ.
მადლობა ღმერთს, ერთი კვირაც და ყველაფერი დასრულდება. ჯორჯმა არ იცოდა, თუ რა გამოთვლებმა დაარწმუნეს ბერები, რომ არ არის საჭირო ათი, ოცი, ასასოიანი კომბინაციების ძიება. ამის გარეშეც საშინელი ღამეული ზმანებები აწუხებდნენ მას, თითქოს ბერებმა გეგმაში ცვლილებები შეიტანეს და უმაღლესმა ლამამ განაცხადა, რომ პროგრამა 2060 წლამდე გრძელდება... რატომაც არა! ამ ბერებს სულ ადვილად შეუძლიათ აზრის შეცვლა.
ხის დიდი კარი ხმაურით გაიღო და ჯორჯის გვერდით უმალ აღმოჩნდა ჩაკი. ჩვეულებისამებრ, იგი თავის ერთ-ერთ სიგარას აბოლებდა, რის წყალობითაც მან ბერების კეთილგანწყობა დაიმსახურა. ლამები ნამდვილად არ იყვნენ იმის წინააღმდეგნი, რომ ცხოვრების ყველა, დიდი თუ პატარა სიამე, თავადაც განეცადათ. შესაძლოა, უაზრო იდეებით არიან შეპყრობილნი, მაგრამ პურიტანებს ნამდვილად ვერ უწოდებ. ისინი ხშირ-ხშირად ქვემოთ, სოფელშიც კი დაიარებოდნენ...
- მისმინე, ჯორჯ, - აღელვებული ხმით დაიწყო ჩაკმა. - ცუდი ამბებია.
- რა მოხდა? მანქანა გაჭირვეულდა?
ამაზე ცუდი ამბის წარმოდგენა ჯორჯს არ შეეძლო. მანქანა მწყობრიდან რომ გამოსულიყო, - ჰოი, საშინელებავ! - ეს მათი გამგზავრების დროს უფრო შორს გადასწევდა. ახლა ჯორჯისთვის ტელერეკლამაც კი ციური მანანად ჩანდა, რადგან რაღაც ახლობელი მაინც იყო მასში...
- არა, მანქანა არაფერ შუაშია. - ჩაკი პარაპეტზე ჩამოჯდა და ეს მის მხრივ უცნაური საქციელი გახლდათ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქარაფები შიშის ზარს სცემდა მას.
- მე ახლა გავიგე, თუ რატომ წამოიწყეს მათ ეს საქმე.
- არ მესმის?! ეს ჩვენც ხომ კარგად ვიცით...
- ჩვენ ვიცით, თუ რა ამოცანა დაისახეს ბერებმა, მაგრამ არ ვიცით მისი მიზანი.... ეს რაღაც სიგიჟეა!
- მერე-და ეს ახლა გაიგე?! - ამოიკვნესა ჯორჯმა.
- მცირე ხნის წინ მათმა უხუცესმა ლამამ ჩემთან გულწრფელი საუბრის გამართვა ისურვა. შენ ხომ იცი, როგორ უყვარს მას ყოველ საღამოს იმის ცქერა, თუ რამდენ ქაღალდს ახვავებს მანქანა. ჰოდა, დღეს რომ მოვიდა, აშკარად აღელვებული იყო, თუ საერთოდ შეიძლება მისი აღელვების დანახვა. როცა მე ავუხსენი მას, რომ უკანასკნელი ციკლის მომზადება მიმდინარეობს, მან თავისი დამტვრეული ინგლისურით მკითხა, დავფიქრებულვარ თუ არა მე ოდესმე იმის შესახებ, თუ საერთოდ რა მიზანი აქვთ დასახული მათ და შემდეგ იცი, რა მითხრა?!
- თქვი, მეც გავუძლებ როგორმე.
- მისმინე, ჯორჯ: მათ სჯერათ, რომ როცა ხელთ ექნებათ ღმერთის ყველა სახელი, რომლის რიცხვი, მათი გამოთვლებით, ცხრა მილიარდს უახლოვდება, ასრულდება მათი ღვთიური განჩინება, ანუ ადამიანთა მოდგმა აღასრულებს იმას, რისთვისაც შეიქმნა ის და დასვამს საბოლოო წერტილს. ეს ყველაფერი მე მკრეხელობად მიმაჩნია.
- ჩვენგან რაღას ელიან? ჩვენც ხომ არ უნდა დავასრულოთ სიცოცხლე თვითმკვლელობით?!
- ამის საჭიროება არ იქნება. როგორც კი სია დასრულდება, ღმერთი თავად გამოგვეცხადება და ყველაფერს მოსპობს... მორჩა და გათავდა!
- გავიგე. ესე იგი, როგორც კი ჩვენს საქმეს დავასრულებთ, დადგება ქვეყნის აღსასრული?!
ჩაკმა ნერვიულად ჩაიღიმა.
მათს უხუცესს მეც იგივე ვუთხარი. და იცი, რა მოხდა? მან ისეთი თვალით შემომხედა, თითქოს ყველაზე უგნურ არსებას უმზერსო - "რა სისულეელები გიტრიალებსო თავში".
ჯორჯი ჩაფიქრდა.
- ვერაფერს იტყვი, მოვლენათა საკმაოდ ფართო ხედვაა, - აღმოხდა მას ბოლოსდაბოლოს. - ჩვენ რა შეგვიძლია მოვიმოქმედოთ? შენი აღმოჩენა არაფერს ცვლის. ჩვენ ამის გარეშეც მშვენივრად ვიცოდით, რომ ისინი გადარეულები არიან.
- სწორია, მაგრამ ნუთუ არ გესმის, რით შეიძლება დამთავრდეს ეს ყველაფერი? ჩვენ დავასრულებთ პროგრამას, განკითხვის დღე კი არ დადგება და მათ ისღა დარჩებათ, რომ ჩვენ დაგვადანაშაულონ. მანქანა ხომ ჩვენია! არა, არ მომწონს მე ეს ყველაფერი.
- გავიგე, - წყნარად თქვა ჯორჯმა. - მგონი, შენ მართალი ხარ. მაგრამ არც ეს არის ახალი ამბავი, ასეთი რამ ადრეც მომხდარა. მახსოვს, ბავშვობაში ჩვენთან ლუიზიანაში ერთი ჭკუაშერყეული მქადაგებელი გამოჩნდა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მომავალ კვირას ქვეყნის აღსასრული დადგება. ასობით ადამიანმა დაუჯერა მას, ზოგმა სახლ-კარიც კი გაყიდა, მაგრამ როცა არაფერი მოხდა, აღშფოთება არავის გამოუთქვამს. უბრალოდ თქვეს, რომ ის მქადაგებელი შეცდა თავის გამოთვლებში და კვლავაც თავდაჯერებულ ღვთისმოსავებად დარჩნენ. არ გამიკვირდება, ზოგი მათგან თუ დღემდე ელის ქვეყნის აღსასრულს.
- შეგახსენებ, ჩემო ბატონო, რომ ჩვენ ლუიზიანაში არ ვართ; რომ ჩვენ ორნი ვართ, ეს ლამები კი ასობით. მართალია, მშვიდი ხალხია და ეს მოხუციც მებრალება, რადგან მისი ცხოვრების მთავარი მიზანი არ გამართლდება, მაგრამ მე მაინც ვარჩევდი, რომ მათგან მოშორებით ვიყო.
- ამაზე მეც, დიდი ხანია, ვოცნებობ. მაგრამ ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ, სანამ კონტრაქტი არ დასრულდება და ჩვენს წასაყვანად არ ჩამოფრინდებიან.
- რაღაც რომ გვეეშმაკა.
- რას ამბობ?! - უარესი იქნება.
- ნუ ჩქარობ, მისმინე: დღევანდელი ტემპის მიხედვით, როცა მანქანა დღეღამეში ოც საათს მუშაობს, საქმე ოთხ დღეში დასრულდება. თვითმფრინავი ერთი კვირის შემდეგ ჩამოფრინდება.. ასე რომ, რაღაცის მომიზეზებით მანქანა ოროდე დღით უნდა გავაჩეროთ და დრო გავწელოთ. და თუ ჩვენ ყველაფერს ზუსტად გავთვლით, ჩვენ უკვე აეროდრომზე ვიქნებით მაშინ, როცა მანქან უკანასკნელ გვერდს ამობეჭდავს და ჩვენც ვეღარავინ დაგვეწევა.
- არ მომწონს ეს შენი გეგმა. - უპასუხა ჯორჯმა. - არ ყოფილა შემთხევა, რომ ჩემი საქმე ბოლომდე არ მიმეყვანა. ისიც გაითვალისწინე, რომ ისინი რაღაც ეჭვს აიღებენ. არა, საქმე ბოლომდე უნდა მივიყვანო... რაც მოსახდენი მოხდეს.
* * *
არც ახლა ვამართლებ ჩვენს გაქცევას, - თქვა შვიდი დღის შემდეგ ჯორჯმა, როცა ისინი მთაში ნავალი მუხლმაგარი ცხენებით დაკლაკნილი ბილიკებით ქვემოთ ეშვებოდნენ. - აზრადაც არ გაივლო, რომ შიშის გამო გამოვიქეცი. უბრალოდ მეცოდებიან ეს საბრალო არსებები, არ მინდა ვნახო მათი იმედგაცრუება, როცა დარწმუნდებიან, რომ ამაოდ იცხოვრეს ამქვეყნად. ნეტავი მათი უხუცესი როგორ გადაიტანს ამას?
- რაღაც უცნაურობა შევატყე მას, - შეეხმიანა ჩაკი, - უკანასკნელად რომ ვნახე, მომეჩვენა, რომ ეჭვის თვალით მიმზერდა, თუმცა-კი მანქანა ჯერ მუშაობდა და საქმის დასრულებასაც აღარაფერი აკლდა, რის შემდეგაც... თუმცა "შემდეგ" მის ცნობიერებაში არ უნდა არსებულიყო.
ჯორჯი უნაგირზე შეტრიალდა და მაღლა აიხედა. ამ ადგილიდან უკანასკნელად შეიძლებოდა მონასტრის დანახვა. შენობის კუთხოვანი კედლები და შვერილები ცხადად იკვეთებოდა დაისით შეფერადებული ცის ფონზე, აქა-იქ კი, თითქოს საოკეანო ლაინერის ილუმინატორებიაო, სინათლე გამოკრთოდა. ეს იმ ნათურების შუქი იყო, რომლებსაც ელექტროენერგიით იგივე წყარო ამარაგებდა, რითაც "მეხუთე მოდელს" ამუშავებდა. "მაინც რამდენ ხანს გაგრძელდება ბერების და მანქანის თანაცხოვრება!" - ჰკითხა საკუთარ თავს ჯორჯმა. იმედგაცრუებული ბერები წამიერად დაამსხვრევენ მანქანას, თუ მშვიდი იერით კვლავაც განაგრძობენ თავის გამოთვლებს?"
ჯორჯს ცხადად შეეძლო წარმოედგინა ის, თუ რა ხდებოდა იმ წუთებში მთაზე. უხუცესი ლამა და მისი თანაშემწენი აბრეშუმის მოსასხამებით სხედან, ჩასცქერიან ცხრილებს, რომლებსაც რიგითი ბერები შემდეგ წიგნებად კინძავენ. არავინ არაფერს ამბობს, ხმაურს არღვევს მხოლოდ საბეჭდი მოწყობილობის კაკუნი. თავად "მეხუთე მოდელი" თავის ათასობით გამოთვლას წამიერად ახორციელებს. "სამი თვე!" - გაიფიქრა ჯორჯმა. - "ან ვინ არ გაგიჟ-დებოდა ასეთ ყოფაში?!" 
- აგერ, შეხედე! - დაიძახა ჩაკმა და თითი ქვემოთ, ველისკენ გაიშვირა. - ხომ ლამაზია!"
"ლამაზია", - გონებაში დაეთანხმა ჯორჯი. ძველი, ბევრის მნახველი თვითმფრინავი ვერცხლის ჯვარივით იყო დასვენებული პატარა მდელოზე. ორი საათის შემდეგ ეს თვითმფრინავი თავისუფლებისა და გონიერებისკენ წაიყვანს მათ. ამ აზრს ისევე აგემოვნებდა ჯორჯი, როგორც ძვირფასი ლიქიორით სავსე სირჩას. დიახ, ჯორჯი ტკბებოდა ამ აზრით და უნაგირზე ირწეოდა.
* * *
ჰიმალაის ღამე თითქმის წამოეწია მათ. საბედნიეროდ, გზა ცუდი არ იყო და მაშხალებიც ჰქონდათ მზად. საფრთხე არსად ჩანდა, მხოლოდ სიცივე აწუხებდა მათ. საოცრად მოწმენდილ ცაზე ნაცნობი ვარსკვლავები კიაფობდნენ. "ყოველ შემთხევაში - გაიფიქრა ჯორჯმა - ამინდის გამო არ შევყოვნდებით". 
იგი ამღერდა, მაგრამ მალევე დადუმდა. ბუმბერაზი, თეთრქუდიანი მთები ნამდვილად არ აიყვენენ ხალისიან ემოციათა მიმართ კეთილგანწყობილნი. ჯორჯმა საათს დახედა.
- კიდევ ერთი საათი და აეროდრომზე ვიქნებით, - ამცნო მან ჩაკს და მცირე ხნის შემდეგ დაამატა: - საინტერესოა, რას შვება იქ, ზემოთ, მანქანა - უკვე დაასრულა? დროის მიხედვით ასეც უნდა იყოს.
ჩაკმა არაფერი უპასუხა და ჯორჯი მისკენ შებრუნდა. მან ძლივს დალანდა მეგობრის სახე, რომელიც თეთრი ლაქასავით მისჩერებოდა ცას.
- შეხედე, - ჩაიჩურჩულა მან და ჯორჯმაც მიმართა თავისი მზერა ტატნობისაკენ...
(ოდესმე ყველაფერი უნდა მოხდეს უკანასკნელად)  
 მაღლა, მათს თავზემოთ, ერთი მეორის მიყოლებით უხმაუროდ ქრებოდნენ ვარსკვლავები.

ნიუ იორკი, მაისი, 1952 წელი.

ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ელერდაშვილმა
პირველად გამოქვეყნდა გაზეთ "ფანტაზიის" 302-ე ნომერში, 2004 წელს