ჰაფეზი

შამს ედ–დინ მოჰამად ჰაფეზი შირაზელი

خواجه شمس الدین محمد حافظ شیرازی


1325 - 1389/90

ყაზალი #001

ღვინო დამისხი - მერიქიფევ! - სიცოცხლის შვება...
ჩემს ლაღ სიყვარულს დღეს მსახვრალი ეწვია ნება.  

თუ ცისკრის ნიავს ჩემთან სატრფოს სურნელი მოაქვს,
ალბათ, ეს არის გულში სისხლად მჩქეფარე ვნება.

სატრფოსთან ყოფნით ვეღარ ვხარობ... ზანზალაკების
ჟღარუნი მამცნობს, განშორების ჟამი რომ დგება.

“ლოცვის ნოხს ღვინო აპკუროსო გზად მიმავალმა” -
ბრძანა მოძღვარმა, ვისი სიტყვაც სარწმუნო ხდება. 

ბობოქარ ზღვაში ბნელმა ღამემ რაც ჩვენ დაგვმართა,
ამას ნაპირზე მშვიდად მყოფი ვერასდროს ხვდება.

დიდთა პატივთა ძიებამ რომ სირცხვილს შემყარა,
როგორ დავმალო?! ამას ყველა მეჭორე ყვება.

ჰ ა ფ ე ზ, სატრფოსთან ყოფნა თუ გსურს, ეახელ მას და
გადაივიწყე წუთისოფლის დარდი და სნება.

ყაზალი #002

ჩემი საშველი საით დარჩა და 
   მე უსაშველოდ სადა ვარ ნეტავ?!
რომელი გზიდან საით მოველ და 
   მავალი რომელ გზადა ვარ ნეტავ?!
დავთმე დერვიშის ძონძი სამოსი 
   და ლოცვა დღისა და საღამოსი,
მაგრამ ვერც სარდაფს, ვერ ღვინოს ვხედავ... 
   თავად მეც აღარსადა ვარ ნეტავ?!
განა მოკვდავი მისთვის იშობა, 
   სასჯელად ექცეს ღვთისმოშიშობა?!
ქადაგს ვუსმინო თუ რუბაბის ხმას?! 
   სიტყვად შემქმნეს თუ ხმადა ვარ ნეტავ?!
ის, რაც ანათებს მეგობრის სახეს,
   მტრებმა ვერსად და ვერასდროს ნახეს...
ვით ჩამქრალ სანთელს, სიბნელე მელის
   თუ მზის ძიებით ცად ავალ ნეტავ?!
ჩემი ყოველი ზნე და იერი
   შენ დაიმონე, ვით მიწიერი...
საით წავიდე?! _ ის მაინც ბრძანე,
   აქ თავად ვარ თუ სხვადა ვარ ნეტავ?!
ღაწვთა ტრფობაში გადაკარგულო,
   ფრთხილად! _ შენს გზა-კვალს არ უერთგულო...
საით მიდიხარ?! სად ჩქარობ, გულო?! 
   აღსასრულისთვის მზადა ვარ ნეტავ?!
წავიდა სატრფო და იქცა ხსოვნად, 
   ამ წუთისოფლის ლამაზ სახსოვრად,
რომელ ზღვარს გასცდა ის ლამაზმანი?! 
   მე იმ ზღვარს სადმე გადავალ ნეტავ?!
ძილს და სიმშვიდეს მიიჩნევს არად,
   ვინც ქვეყნად ცხოვრობს ჰ ა ფ ე ზ ი ს დარად....
რომელ ძილსა და სიმშვიდეს ითხოვთ?! _ 
   ცოცხალი რომ ვარ, რადა ვარ ნეტავ?!

ყაზალი #003

ჩემს გულს ტრფობა თუ ეწვია შირაზელი თურქი ქალის,
   ბუხარა და სამარყანდი იყოს ძღვენი მისი ხალის.
მასვით ღვინო, აქ ვილხინო... სამოთხეში ვერ ვიხილო
   მე მუსალის1 ბაღნარი და რუქნაბადში2 ჩქეფა წყალის.
ლამაზმანთა სიკეკლუცემ გულს წარსტაცა თმენა უცებ,
   და ვარ მსგავსი ამ ქალაქის, ნაძარცვის და ნათურქალის.
ჩემი ტრფობის სივაგლახემ რით შეამკოს სატრფოს სახე?!
   რა ფერი და რა ხაზია ღირსი მისი წამწამ-თვალის?!
ახლა ვხვდები, იოსების სილამაზემ რად ჩამოხსნა
   ზოლეიხას უბიწობას ფარდა ქალის ცოდვა-ბრალის. 
რაგინდ რისხვით გამაოცო, მინდა შენი რისხვაც ვლოცო...
   მწარე სიტყვაც ტკბილად მესმის, თუ მას ამბობს ბაგე ლალის.
სათქმელს გეტყვი, სულო ჩემო! - შენც გაუგე რჩევას გემო:
   ის ყრმა ხარობს, ვისაც სჯერა მოხუცების სიბრძნის ძალის.
ღვინის ბანგით, ჩანგის ჰანგით ფლანგე ეს დრო გასაფლანგი,
   ჭკუით ვერვინ ჰპოვოს აზრი ამ ცხოვრების გზის და კვალის.
ყაზალს ამბობ ტკბილი ენით... ზეცა გამკობს ვარსკვლავთცვენით...
   ჰ ა ფ ე ზ, კვლავაც თქვი ამბავი წუთისოფლის ცოდვა-ბრალის.

ყაზალი #004

დილის ნიავო, გთხოვ - შენ უამბო
   მას, უტურფესი რომ აქვს იერი,
რომ მოვიარე უდაბნოს გზათა
   დასაბამი და დასალიერი,
რომ ვერსად ვპოვე... რომ ბაგე ტკბილი,
   უკვდავებისთვის რომ არის ქმნილი,
აღარ მიხმობს და არ ვახსენდები -
   ვინ ვარ, ვისი ვარ და ვისმიერი.
ვარდო, სიტურფით ამაყობ, მგონი,
  იქნებ წაგერთვა შენ მისგან გონი,
რომ არ იკითხავ ბულბულის ამბავს -
   ის ბედკრულია თუ ბედნიერი?
უგონოდ მზირალს ისე, ვით მახე,
   ატყვევებს, თუა ლამაზი სახე,
მაგრამ ეს მახე ვერაფერს ავნებს,
   ვინც ჭკვიანია და გონიერი.
ასე ტანადი, ასე თვალადი,
   მე ვის ტრფობასაც გულში ვმალავდი,
რად არის ასე უკარება და
   ხან ციერი და ხან მიწიერი?!
როს გულისსწორთან ღვინოს სვამ ლხენით,
  მეც გამიხსენე, რომ ვცოცხლობ შენით,
რომ ქარებს შევთხოვ - კვალდაკვალ მდიონ
   და გამინელონ გრძნობა ძლიერი.
ჩემი ერთგული, ვიცი, არ ხარ და
   სხვა ნაკლს ვერ ვხედავ, მე ამის გარდა,
რომ ერთგულება არა სჩვევია
   მას, ვინც ტურფაა და მშვენიერი.
ჰ ა ფ ე ზ ს რაც ლექსად დაუკვნესია,
   ზუჰრას ამღერებს, ხოლო მესია
როკავს ცაში და ამ წუთისოფელს
   ეფრქვევა მადლი უფლისმიერი.

ყაზალი #005

კეთილო ხალხო, ღმერთია მოწმე,
   გული ხელიდან მეცლება ლამის,
ჩემს გულისტკივილს დიდხანს ვმალავდი,
   ახლა აშკარად მომინდა თქმა მის.
ჩვენს გემს ჩაძირვას უქადის ყველა,
   თუმცა ზურგის ქარს შევთხოვეთ შველა,
რომ გაგვაქანოს, სადაც კვლავ მოჩანს
   ოცნება ჩვენი დღისა და ღამის.
ეს ათი დღეა, გაგვეხსნა ბედი,
   მოწყალედ გვიმზერს ჩვენ შემოქმედი,
მაშ, მოვიძიოთ, ჩვენც გზა და კვალი
   სიკეთის აზრის და დასაბამის.
გუშინ რომ ვპოვეთ ღვინო და ბანგი,
   იქვე გაისმა ბულბულის ჰანგი:
“მწდეო, სიცოცხლე გვაგრძნობინეო, _
   გვაღირსე ღვინით ავსება ჯამის”.
მოწყალების და მადლის მეუფევ,
   ჩემს ფიქრს და ხსოვნას რომ დაეუფლე,
შენს ერთგულ დერვიშს რად არ იკითხავ?!
   არ გესმის სევდა მისი ნათქვამის?!
მას, რაც ორივე ქვეყნის წესია,
   შენც რომ მისდიო, უკეთესია:
მოყვასს სიკეთით და მტერს პატივით
   დახვდი... ზნე გქონდეს ამ ორი რამის.
ვისაც სახელი აქვს კარგი კაცის,
   ჩვენ მათთან მისვლას არავინ გვაცლის,
მაშ, ბედისწერას, თუ გსურს, გაექცე,
   იგრძენ დადგომა გაქცევის წამის.
“მწარე ღვინოო - ამბობს მავანი -
   არის სიავის ავან-ჩავანი...”
ჩვენ კი კოცნაზე ტკბილად ვიგრძენით
   ხმა მისი ჯამში ჩქეფის და ჩქამის.
უნუგეშოდ და უსასოდ წანწალს
   ვივიწყებთ, ღვინით დავთვრებით რაწამს,
გლახაკს ყარუნი4 ჰგონია თავი,
   თუ იხმო ღვინის ჩამოსხმის ხმამ ის.
შენ რომ ამაყობ შენი ღირსებით,
   შენს მიჯნურს სტანჯავ გასაძლისებით,
ქვას სანთელივით გრეხს იგი, მაგრამ
   სანთელს ამსგავსა ტრფიალით წვამ ის.
ისკანდერს სარკე რომ ჰქონდა, მისი
   მსგავსია ჩვენი ღვინის სასმისი,
მის ფსკერზე მეფე დარიოსს6 ვხედავთ,
   როს გვაქვს სილაღე სიბრუვის ჟამის.
ტკბილი სპარსულით თავს მისცეს ნება
   ენის ამოდგმის ლამაზმანებმა,
მწდეო, უთხარი რინდებს ეს კარგი
   ამბავი.... იყავ მთხრობელი ამის.
ჰ ა ფ ე ზ ი ცოდვას თავად არ შეიქმს,
   ეს ჩვენს ღირსეულს აცნობეთ შეიხს,
ღვინით გაჟღენთილ ძონძების სურნელს
   სდია და ცოდვას მიჰგვარა გზამ ის.


ყაზალი #006

ჩემმა ვედრებამ სულთნისკენ თუ  ჰპოვა გზა-კვალი,
   შევთხოვ, გლახაკებს მოწყალედ რომ შეავლოს თვალი.
ავსულ რაყიფებს განვშორდი, რომ საშველის ძებნით
   უფლის სინათლემ გააბრწყინოს ჩემი სავალი.
შენ, ლამაზმანო, თუ გსურს ჩემი სისხლის ცრემლები,
   წარბთა ქამანდით მე ცდუნება მტყორცნე მრავალი.
ყველას რომ გულზე ცეცხლს უკიდებ, რას  გარგებს შენ ეს?!
   ან ის განაღვლებს მე აღმიგზნო გულში რამ ალი?!
განთიადამდე იმ იმედით ვფხიზლობ, რომ იქნებ
   სატრფოს სურნელით მომეფეროს სიო ფრთამალი.
ჩემს სულს და სხეულს გწირავ, სატრფოვ, რომ ერთხელ ვნახო
   ეგ სახე ჩვენთვის საუკუნოდ გადასამალი.
ჰ ა ფ ე ზ, განთიადს სევდიანი რომ ელი მუდამ,
   ილოცე... იქნებ ლოცვა არის სევდის წამალი!
* * *
ყაზალი #007
სუფი! ჯამი მომაწოდე, ლაპლაპით რომ მოჰგავს სარკეს
და შიგ ღვინო ასხია თუ ლალი, ამას ვერვინ არკვევს.

იდუმალს რას ფარავს ფარდა, ამას, მთვრალი რინდის გარდა,
ვერვინ გეტყვის... ვინმე ბერი იდუმალზე ფიქრობს ნაკლებს.

ფასკუნჯს მახე ვინც დაუგო, მან საქმე ქმნა სააუგო,
იმ მახეში მხოლოდ ქარი გაივლის და გაივაკებს.

ლხენა ერთი-ორი ჯამით იკმარე და მორჩი ამით...
არ ემსგავსო სიხარბით და ხანგრძლივ ყოფნით სოფლის ამკლებს.

გულო, დაგრჩა ერთი დარდი, ვერ მოწყვიტე ჯერ ის ვარდი,
რასაც შენი ღირსება და საგანძური გუნდრუკს აკმევს.

იქ იყავ და იქ გალაღდი, თუა სადმე ლხინი ნაღდი,
სადაც წყალიც ნისიაა, იქ სამოთხე სულშიც ჩაკლეს.

ო, ბატონო, ჩვენ შენს კართან ვდგავართ, ვით თავშესაფართან,
სიბრალულით გადმოგვხედე!.... ვუმზერთ ჩვენ შენს კარს და სარკმელს.

ჰ ა ფ ე ზ, შენს თავს ღვინის მონად, რომ თვლი, ყველას გასაგონად
უთხრას სიომ ჩვენს მეუფეს და სიმთვრალის გზათა გამკვლევს.


ყაზალი #010

მეჩეთიდან რომ მეიხანისკენ
   წავიდა გუშინ მოძღვარი ჩვენი,
აწ ჩვენ სრულყოფის რა გზას დავადგეთ,
   სად არის სივრცე და ზღვარი ჩვენი?! 
ჩვენ, მურიდები, ყიბლას ვეძებთ და
   ნეტავ მის პოვნას ვინ სად შევძლებთ და
თრობის სახლისკენ მიდის და მივდევთ,
   სადაც წაგვიყვანს მოძღვარი ჩვენი.
იქნებ გზა მისთვის ჩანს და ახლდება,
   მოგვთა მახლობლად ვინც დასახლდება...
იქნებ ეს არის ბედისწერისგან
   განჩინებული სახლ-კარი ჩვენი?
გულის სიამეს რომ სცნობდეს გონი,
   ზილფთა ტყვეობას ისურვებს, მგონი,
ჩვენსავით ბორკილს დაიდებს ბრძენიც,
   უგნურად ღამის მთევარი ჩვენი.
თუ რამ სიკეთე და მადლი ვნახეთ,
   ვისახეთ შენი მშვენების სახედ,
მას შემდეგ გვავსებს ყველა დღე მადლით,
   ყველა ლამაზი დღე არის ჩვენი.
შენს უკარება გულს და გონებას
   ნუთუ არსაით გაეგონება
ჩვენი კვნესა და განთიადამდე
   გულისთქმა დაუდეგარი ჩვენი?!
ზეცის შეუცნობ ბრუნვას რომ ისარს
   ვტყორცნით ჩვენ ოხვრით, მით ვხვდებით სისხამს,
ჰ ა ფ ე ზ, დადუმდი, რომ შენც არ მოგწვდეს
   ისარი ბედის მდევარი ჩვენი.

* * *
ყაზალი #013
თენდება!... ზეცას ეფინება ღრუბლების ფარდა,
ფიალის გარდა, ნურას ნატრობთ, ფიალის გარდა!

ტიტებს ცვარ-ნამი ავსებს დილით... შენც ჯამი ღვინით, 
აგვივსე, მწდეო, სანამ ჯერაც ჩვენ გვერდით ხარ და 

სანამ ყოველ წამს მოაქვს თრობის სურვილი.... სანამ
სამოთხის სურნელს ბაღნარებში ვგრძნობთ ქარდაქარ და

სანამ წალკოტში ზურმუხტოვან ტახტზე ზის ვარდი,
სანამ ლალისფერ ღვინოს ვეძებთ ჩვენც კარდაკარ და

ვედრებით ვუმზერთ მეიხანის დაგმანულ ჭიშკარს
და არ გაიღო ჩვენთვის არსად, არა და არ და... 4.

სად გაგონილა, რომ ასეთ დროს ჩარაზონ კარი?!
ნუთუ ვინმესთვის დრო შეყოვნდა ანდა აჩქარდა?!

ჰ ა ფ ე ზ, დროის სვლას ვერაფერი გადაგავიწყებს,

ფერიის მსგავსი მერიქიფის და ღვინის გარდა.
* * *
ყაზალი #014

ვუთხარ - “სულთანი ხარ ლამაზმანთა
   და შენგან ველი შვებას, ყარიბი!...”
მითხრა - “დაკარგავს გზას და სიმშვიდეს,
   თუ მისდევს გულის ვნებას ყარიბი”.
ვთხოვე _ “იქნებ შენც ჩვენთან იარო!”
   მითხრა - “თხოვნა ვით გავიზიარო?! _
მე, სასახლეში ნებივრად გაზრდილს,  
   რად მთხოვს ტყე-ღრეში ხლებას ყარიბი?!”
ვინც მიეჩვია მეფურ  ფარდაგებს,
   მას სხვისი ბედი აღარ ადარდებს,
არ ნაღვლობს - რატომ არის ჩვეული
   ლოდებზე თავის დებას ყარიბი. 
შენთა დალალთა ტყვეა მრავალი
   შენკენ ტრფიალის გზებით  მავალი...
ჩემსავით ყარიბ ხალს შენს სახეზე
   მოვალ და ვუძღვნი ქებას, ყარიბი.
ვით არღავანის ფოთოლთა შორის
   ჩანს უცხოობა სხვა ფოთლის ქროლის,
ღვინის კამკამშიც ასე ანაზდად
   შენ, სახემთვარეს, გხედავს ყარიბი.
ნეტავ სხვაობა ხაზთა და ფერთა
   ერთ სილამაზედ რამ შეაერთა?!
შენს მშვენებაში ვხედავ ჩემსავით
   უცხო რამ არსს და ცნებას, ყარიბი. 
ვუთხარ - “ყარიბთა წყვდიადი ღამის
   მფარველი რომ ხარ, შიში მაქვს ამის,
რომ ვერ გაიგებ _ რად ელის კვნესით
   ცისკრით მოვლენილ გზნებას ყარიბი”.
მითხრა - “ვინც მოდის ჩემთან ყოველი,
   მისგან სიმშვიდეს არსად მოველი...”
ჰ ა ფ ე ზ, არც შენ ხარ შორს იმ ყოფისგან.
   რომ ვერსად ჰპოვებ შვებას ყარიბი.

* * *
ო, მომეც ძალა, მეწვიე ისევ,                      
     ჩემს უძლურებას ვერ ვძლიე ისევ,
გვამადქცეული ჩემი სხეულის                  
     სულის საკმევლად მეწვიე ისევ.
მეწვიე, თორემ შენმა სიშორემ                  
     ამომიღამა თვალში ნათელი,
მეწვიე, რომ მე მქონდეს სათქმელი,        
     რომ სინათლეში მეც ვგიე ისევ.
ჩემმა ნაღველმა, ყოვლადდამღლელმა,  
     გული ამივსო ბილწი მორევით,
შენ კი ვერ გპოვე _ მისი მომრევი _
     და სიწმინდესაც ვერ მწიე ისევ.
მე გულის სარკე სად არ დავკარგე,
    ვის არ ვანდე და ვინ არ ჩახედა...
ჩანდა კი მხოლოდ შენი სახე და
    სხვა ვეღარავინ ვეძიე ისევ.
ღამის საშოშო იძრა ნაყოფი
    და შენთან შეყრას ისევ მოველი,
ცაში ვარსკვლავი მოჩანს ყოველი,
    მე კი ვერაფერს ვეწიე ისევ.
ნეტავ   ჰ ა ფ ე ზ ი კვლავაც გენახა,
    კვლავ მომეხიბლე ტკბილი გალობით
და ვარდის რტოზე ნიავქარობით
    შენი ბულბული გერწიე ისევ.


* * *
როცა სატრფო მოდის ჩემთან დოქითა და ჯამით,
მთელ ქალაქში ყველას შურს და შემომნატრის ამით;

და მეც სატრფოს თვალთა ეშხი სულ თან დამდევს, სულ თან...
ისე, როგორც მუჰთასიბი ლოთებს დასდევს  ღამით.

სიყვარულის ზღვაში ვცურავ, ვით უენო თევზი
და სულ სატრფოს სახელს ვამბობ ჩურჩულით და ჩქამით.

ვისაც სატრფო ენატრება, სატრფოს ჰპოვებს იგი
მხოლოდ თმენით, მხოლოდ ცრემლით... მხოლოდ ორი რამით.

შაბაშ, ვისაც სატრფო სწყალობს და  ჰ ა ფ ე ზ ი ს  მსგავსად
ღვინოზე და ჯამზე ფიქრი არ შორდება წამით.

* * *
ნეტავი იმ დღეს, ნეტავი იმ დღეს,
    როცა მალულად მომაპყარ თვალი
და როცა მივხვდი - მალული მზერა
    მალული ტრფობის რომ იყო ბრალი.
ნეტავი იმ დღეს, უფლის წინაშე
    ვალმოხდილებს რომ მოგვინდა ლხენა
და რომ მარტონი დავრჩით მე და შენ
    და არ გვახსოვდა ლოცვა და ვალი.
ნეტავი იმ დღეს, როცა მეჯლისში
    სანთელზე ნაზად შენ ციმციმებდი
და მე, უმწეო ფარვანის მსგავსად,
    მწვავდა ხან ტრფობის, ხან ცეცხლის ალი.
ნეტავი იმ დღეს, როცა ჩვენს შორის
    გაერეოდა ფხიზელი კაცი
და შენ ღიმილით ისე ხიბლავდი,
    გეგონებოდა უგონოდ მთვრალი.
ნეტავი იმ დღეს, ნეტავ ის ბაღი,
    შენთან შექცევით რომ ვიყავ ლაღი
და ერთმანეთთან რომ ვაჩურჩულეთ
    იქ ჩემი ბაგე და შენი ლალი.
ნეტავი იმ დღეს, სირაჯხანაში
    წყაროს წყალივით ღვინო რომ ჩქეფდა....
მე ამ მეჩეთში რისთვის მოვედი?! _
    აქ საძებარი გამიხდა წყალი.
ნეტავი იმ დღეს,  ჰ ა ფ ე ზ ი ს   ლექსი
    მარგალიტივით რომ გოგმანობდა
და სიყვარულის სავედრებელსაც
    მასში ხედავდა კაცი და ქალი.

* * *
სიზმრად ვიხილე - ღვინოს მაწვდიდნენ
    და რომ შევახე ფიალას ხელი,
ზმანება გაქრა და სიცხადისგან
    აწ, სევდის გარდა, არაფერს ველი.
ორმოც წელიწადს გამტანჯა ფიქრმა
    ორმოც წელიწადს შვება ვეძიე
და ბოლოს მივხვდი, - ორი წლის ღვინო
    რომ მიძებნია ორმოცი წელი.
აღარ ვემდური უკეთურ იღბალს
    რადგან ამქვეყნად მადლიც შევიცან,
რადგან შევიცან სატრფოს ზილფების
    ნაზი შრიალი და რხევა ნელი.
რიჟრაჟზე, ჯერ რომ ჯანშია ღვინო,
    ჯერ რომ შორს არის დარდი და ჯავრი,
მხოლოდ მაშინ აქვს სიცოცხლეს აზრი,
    მხოლოდ მაშინ გვაქვს გულისთქმა წრფელი.
მეიხანაშივ სევდა მახრჩობს და
    ღვინით კი არა, ბოღმით ვბრუვდები....
ნუთუ ეს არის განგებისაგან
    გამეტებული წყალობა მთელი?!
ვინც სიყვარული არ დათესა და
    იჩემებს ვარდის ბატონის სახელს,
ღირსია, იყოს ქარიშხალთაგან
    ფურცელდაყრილი ყაყაჩოს მცველი.
მე ყოველ დილით მივალ ვარდებთან,
    მე ყოველ დილით დავყნოსავ ვარდებს,
რომ ამამღეროს მეც ამ სურნელმა,
    როგორც ბულბული, მთვრალი და ხელი.
ჰ ა ფ ე ზ ი ს  ლექსში თუ რამ აზრია,
    თავისი სატრფოს ფიანდაზია
და ეს ბეითიც ისე ნაზია,
    როგორც აპრილში შირაზის ველი.

* * *
მწდეო, ჰე მწდეო, დამისხი ღვინო,
    ბაღნარში უკვე აყვავდა ვარდი!
არ დამიტოვო უღვინოდ ჯამი,
    ვარდობისთვეში მაშორე დარდი.
განა არ იცი, ჩემი გონება
    ღმერთის მარწუხებს რომ ემონება,
თუნდაც შარბათი დამალევინე
    და გულში მაინც გამიხსენ ხლართი.
ის მუჰთასიბი, შემთვრალ მიჯნურებს
    რომ კიცხავდა და ჭკვას არიგებდა,
დღეს მთვრალი ვნახე, ხმას არ იღებდა
    და ბარბაცებდა ისე, ვით ლანდი.
სანამ დრო არის, მოიკალ ვნება,
    დღეს თუ ხვალ ვარდი აღარ იქნება,
თუ მიჯნური ხარ, გვერდით მოისვი
    ეგ შენი სატრფო და გულისვარდი.
ჰე, მეგობრებო, რად სხედხართ უქმად,
    ან გულისძგერა რად დაგიდუმდათ?!
ვარდი ჩამოჭკნა..... დასცხეთ დაფდაფებს
    და აიკელით ეს ქუჩა-ბანდი.
განთიადისას გამართულ ლხინში
    მე საღერღელი მაშინ მეშლება,
ფიალაში რომ ჩრდილად ეშვება
    ლამაზი ქალის წარბთა ქაამანდი.
მუტრიბი როცა ჩანგს ააკვნესებს
    და იღიღინებს  ჰ ა ფ ე ზ ი ს  ლექსებს,
თვით უფლისწულიც მოითხიოვს ღვინოს
    და გალაღდება ვით დარდიმანდი.

* * *
ახლა რომ მოქრის ნიავი ნელი
    და გაზაფხულის მოაქვს სურნელი,
კვლავ ვარ ჰურიის მსგავსი სატრფოს და
    მაცოცხლებელი ღვინის მსურველი.
დღეს გლახაკს თავი მეფე ჰგონია,
    ნუ სძრახავთ, ეს რომ მოუგონია,
მდელოზო სუფრა გაუშლია და
    თავს დასდგომია კარვად ღრუბელი.
საოცარ ზღაპრებს ყვება აპრილი,
    ჩუმად ღიღინებს მდელო და ველი....
არ მიატოვო ნაღდი ადგილი,
    ნისიას ეძებს მხოლოდ სულელი.
ღვინით აღივსე თასი გულისა,
    სანამ საწუთრო მთლად გაგულისდა
და გადაზილა მტრების გულისად
    ჩვენი მტვრისაგან თიხის ჭურჭელი.
ფეხის გადადგმა ნუ გენანება,
    ჰ ა ფ ე ზ ი ს  კუბოს მიჰყევ ბოლომდე....
ის სამოთხისკენ მიექანება,
    თუმცა ცოდვის ზღვა იყო ულევი.

* * *
არ იმსახურებს სიყვარულს ყველა,
    ვინც ტურფაა და პირმშვენიერი,
ვერც ისქანდერის სწორი იქნება
     ყველა ჭკვიანი და გონიერი.
პატივისცემის ღირსი არ არის
    ყველა, ვინც ლამაზ სამოსს ჩაიცვამს
და დასჩემდება დარბაისლური
    მიხრა-მოხრა და სახის იერი.
უფალს თუ ჰმონებ, ნუ შესთხოვ უფალს
    მორჩილების წილ კუთვნილ საზღაურს,
მათხოვარივით ხელს ნუ გაიშვერ,
    რომ შეგივრდომონ სალმობიერი.
სულის სიწმინდე და სიდიადე
    რინდის უბადრუკ ყოფაში ვპოვე,
და ვპოვე რაიც, არ კმარა მაინც,
    რომ ვიყო ქვეყნად სვე-ბედნიერი.
ალალს ალალი ჰგონია ყველა,
    მართალი კაცი ყველას ამართლებს,
და მანკიერსაც მიტომ ჰგონია
    ყველა თვალთმაქცი და მანკიერი.
გულის სიშმაგით ვებრძვი ცხოვრებას,
    სულ ვმარცხდები და სულ ვფიქრობ ამას _
ჩემთა მოძმეთა ყოფა რად არის
    აღუშფოთველი და თვინიერი.
და ვფიქრობ დღისით და ვფიქრობ ღამით
    და ვისევ თმაზე მეტ ფიქრებს ამით, _
ვინც დერვიშივით თმა-წვერს გაიზრდის,
    განა ყველას აქვს რწმენა ძლიერი?
ჰ ა ფ ე ზ ი ს  ლამაზ ლექსს ის გაიგებს,
    სპარსულ ენაში გზას ვინც გაიგნებს
და ვინც ბუნებით გულმოწყალეა,
    გულთბილია და გულისხმიერი.

  * * *
შენი სახის ელვარება ნეტავ მზეს და  მთვარეს ჰქონდეთ,
ვარდს სურნელი ჰქონდეს შენი.... ფერი მთადაბარებს ჰქონდეთ.

შენ ხარ გულთა მპყრობელიც და მფლობელიც და მგრძნობელიც და...
რა ძალითაც გულებს იპყრობ, ნეტავ სულთნის ჯარებს ჰქონდეთ.

გულქვაობა ვინც დაგწამა ნაცნობმა თუ ვინმე სხვამა...
ნეტავ შენი გულქვაობა მათს ჯილაგს და გვარებს ჰქონდეთ.

რაც შენს კართან ნება–ნება სათაყვანოდ ხალხი დგება
და შენს ღიმილს ელოდება, შაჰის კარს და კარებს ჰქონდეთ.

შენს ზილფსა და ნაწნავს შუა ჩემთა მსგავსთა მახე თუა,
შეგვიპყარ და შეგვიფარე.... ჯავრი შესაფარებს ჰქონდეთ.

ნარგისებმა თითო–თითომ შენთან ჯიბრი სცადეს ვითომ?!
შენი ეშხი ერთს კი არა, ნეტავ ყვავილნარებს ჰქონდეთ.

მეც რაღა ვქნა?! – ვნატრობ ღვინოს, იქნებ დარდი მათქმევინოს...
იქნებ მცირე სიხარული ჩემს მსგავსებს და დარებს ჰქონდეთ?!

იქნებ შენს გზას ვეძებ გზებით, სისხლის ცრემლებს ვაფრქვევ გზნებით,
იქნებ გზათა შესაყარი შენთან შესაყარებს ჰქონდეთ?!

* * *
ყაზალი # 115
درخت دوستی بنشان که کام دل به بار آرد 
نهال دشمنی برکن که رنج بی‌شمار آرد
چو مهمان خراباتی به عزت باش با رندان
که درد سر کشی جانا گرت مستی خمار آرد

(პირველი ვარიანტი)

მეგობრობის ხე თუ დარგე, სიყვარულით მოგცემს ნაყოფს
და თუ მტრობაც ამოძირკვე, გულს გულისგან რაღა გაყოფს?!

შენ რინდებთან მოხველ; სტუმრად, განა ღმერთის სტუმარი ხარ,
რინდის ტკივილს შენც გაიგებ, ღვინოს თუ სვამ თრობის სამყოფს.

მეგობრებთან დროსტარებით ილხინე და იდღეგრძელე,
ეს სიცოცხლე მალე წავა, არ გეგონოს დიდხანს დაჰყოფს.

სანამ დროა, მოიხმარე შენ სიცოცხლის გაზაფხული,
განა ხვალაც მოგიხდება შენ ეგ ვარდი, დღეს რომ გამკობს.

ღმერთო, შენთვის მადლი მითქვამს, კვლავ რომ სწყალობ მოხუც ჰ ა ფ ე ზ ს,
კვლავ რომ ბაღში ამყოფებ და საროს გვერდით კვლავაც ლაღობს.

(მეორე ვარიანტი)

მეგობრობის ხე ვინც დარგო, ის საწადელ ნაყოფს ნახავს
და დუშმანსაც სიყვარულთან ქედმოდრეკით ნამყოფს ნახავს.

ვინც რინდებთან სტუმრად დადის, ის ღირსეულს ნახავს ადგილს,
და სიმთვრალის ძიებაში სიფხიზლესაც სამყოფს ნახავს.

ვისაუბროთ ტკბილად ღამით, თუნდაც სიკვდილს შევხვდეთ ამით,
დროს საწუთრო უჩვენოდაც დღედ და ღამედ დამყოფს ნახავს.

ღმერთო, ჰ ა ფ ე ზ ს  მიეც ძალი, რომ ეჭიროს იქით თვალი,
სადაც ბაღში, წყაროს პირას სიბერეშიც სატრფოს ნახავს.

* * *
არას გარგებს, ღვინოს სვამდე შენ მალულად... მარტო თუნდა!
მოსახდენი დროსტარება სულ რინდებთან მოხდეს უნდა!

გახსენ გულის ყველა ხლართი... გინდ ბრძენი და გინდ წარმართი
ცისქვეშეთის აუხსნელი საფიქრალით დაძაბუნდა.

წუთისოფლის მზაკვრულ ნებას ნუ შესწირავ გულს და შვებას,
ბედის ჩარხი რადგან ათას წლად და ზღაპრად გადაბრუნდა.

სჯობს, ფიალას ვცლიდეთ რიდით... მტვრადქცეული ის ჯემშიდით
ან ყობადით არის ეგებ მოზელილი თიხის გუნდა?!

არვინ იცის შაჰს თუ სულთანს დრო რა სასჯელს გამოუტანს
და არყოფნის ბილიკებზე ვინ სად გადასაუკუნდა.

თვით ფარჰადიც შთანთქა სევდამ, რაც შირინის ბაგით სდევდა...
მის სისხლიან თითო ცრემლზე თითო ტიტა ხარობს მუნ და

თავად ტიტაც, თვალს რომ ნაბავს, ჭვრეტს წარმავალ დღეთა ამბავს
და ღვთით ბოძებული ჯამი ძირს რომ დადგას, აღარ უნდა.

მოდი ჩემთან ღვინის ჯამით, ღვინოში რომ ვპოვოთ წამით
ის სინათლე, რაც ცხოვრებით სადღაც გადაიბინდბუნდა.

მე აქედან წავალ განა ქრის მუსალის სიო სანამ,
სანამ რუქნაბადის მდელო მთლად გახმა და გადახუნდა?!

ჰ ა ფ ე ზ, შენთვის თრობის ბანგი ჩანს იქ, სადაც კვნესის ჩანგი,
გულში შვება მხოლოდ ლხინით მოფრინდა და მოსალბუნდა.




რობაიები
* * *

დღეს ნოვრუზის სიოს შევთხოვ – გზა და კვალი ჩემსკენ ავლოს,
ჩემი სატრფოს სურნელით რომ კაეშანი მომიმრავლოს;
ტრფობის ცეცხლი იმის გულში არ ჩაქრეს და არ ინავლოს,
ვინც ბულბულთან მიდის ბაღში, რომ ყაზალის თქმა ისწავლოს.