რუსული პოეზია




ალექსანდრე პუშკინი

(1799-1837 წწ)

* * *
ის წამი  მარად მახსოვდეს მინდა,
ოდეს გიხილეს ჩემმა თვალებმა,
როგორ მშვენების გენია წმინდა,
როგორც ფრთოსანი მონაზმანება.

როცა მზაფრავდა უსასო სევდა
და ვიყავ ეჭვით განაწვალები,
შენი ხმის სევდა მარად თან მდევდა,
მესიზმრებოდა შენი თვალები.

შფოთვით მიქროდნენ წლები და თითქოს
ქარში ფანტავდნენ ყრმობის ოცნებას,
მე ვივიწყებდი შენი ხმის სითბოს
და ციურ თვალთა გასხივოსნებას.

მშვიდი დღეების ქსელი გაება,
მე უკუნეთში ვიყავ ჩანთქმული,
არსად ცრემლები, არსად ღვთაება,
არც შთაგონება და სიყვარული.

აწ გაღვიძების შეცნობა მინდა,
კვლავაც გიხილეს ჩემმა თვალებმა,
როგორ მშვენების გენია წმინდა,
როგორც ფრთოსანი მონაზმანება.

* * *
მე თქვენ მიყვარდით, იმ სიყვარულს ჩემი სულისთვის
არ ჩაჰქრობია, შესაძლოა, ყველა სანთელი,
მაგრამ ნურასდროს დაგანაღვლებთ ეს, ღვთის გულისთვის,
არ მინდა წყენა მოგაყენოთ ჩემი სათქმელით.

მე თქვენ მიყვარდით უიმედოდ, სიტყვის უთქმელად,
ვიყავ ხან კრძალვით გატანჯული, ხან ეჭვით სავსე;
მე თქვენ მიყვარდით ისე ნაზად, ისე გულწრფელად,
რომ ღმერთმა მოგცეთ – ვინმე სხვასაც უყვარდეთ ასე.

* * *

მორფევსს

მორფევს, ჩემს სულში სიყვარულს მტანჯველს
განთიადამდე არგუნე შვება.
მოდი, ჩაუქრე ალი ჩემს სანთელს
და დამილოცე ღამის ოცნება.
ამოაბნელე ფიქრი დაღლილი,
მიმალე ხსოვნა განშორებისა,
რომ ვიგრძნო სიტკბო მისი მზერისა,
რომ გავიგონო მისი ხმა ტკბილი.
და როს გაქრები წყვდიადთან ერთად,
როს გაფრინდება სიამე რულის,
ახალ ღამემდე შეეძლოს ნეტავ
სულს დავიწყება ამ სიყვარულის.

(ითარგმნა 1975 წლის 28 დეკემბერს)

* * *
(პირველი ვარიანტი)

ღამე ჩამოწვა საქართველოს მთად და ბარად და
ჩემს წინ ხმაურით არაგვი ღელავს;
მსუბუქი სევდით ჩემი სული ისევ განათდა,
სევდაში შენი თვალები ელავს.

შენი თვალები,  მხოლოდ შენი... ის ჟამი დადგა,
როცა გავშორდი ტანჯვას და შფოთვას,
და გული იწვის, ისევ უხმობს სიყვარულს, რადგან
უსიყვარულოდ ვერ შეძლებს ყოფნას.

(მეორე ვარიანტი)

ბინდში ჩაწვა საქართველოს მთა და ველი,
ვუსმენ არაგვს, რომ ხმაურობს ჩემთან ახლოს,
ჩემი სევდა მსუბუქია და ნათელი,
მასში ხსოვნა შენს მშვენიერ სახეს აქსოვს.

შენსას მხოლოდ, დიახ, შენსას... დღეს ჩემს სევდას
სატანჯველი არ სჩვევია, როგორც ადრე....
გული კვლავაც სიყვარულით გზნებას ბედავს,
რადგან მას არ შეუძლია, არ უყვარდე.



თედორე ტიუტჩევი

(1803 - 1873 წწ)



მიყვარს მაისში ქუხილის ხმაზე
საგაზაფხულო რომ კრთება ელვა,
ის თითქოს დახტის ნისლიან ცაზე
და გრუხუნს ერწყმის ლაჟვარდის ღელვა.

ზეცა გუგუნებს... ფარფატებს მტვერი
წვიმის წვეთებში ნალივლივები,
მარგალიტია და ოქროსფერი
ძაფით ნაქარგი თვით მზის სხივები.

მთის ნაკადული რომ მორაკრაკებს
და რომ მხარს უბამს ჩიტების სტვენას,
ცა თითქოს ტყესაც ალაპარაკებს,
და გაზაფხულით სძენს აღმაფრენას.

სიცელქემ ჰებეს კვლავ სძლია თითქოს
და წყურვილს უკლავს დღეს ზევსის არწივს.
ციდან, ვით წესი სიცელქის ითხოვს,
სასმისს  სიცილით გვაღვრის და გვაწვიმს.

--------------------------------------------------------------------------------------------------------


მიხეილ ლერმონტოვი

(1814–1841 წწ)


"მწირი"

1
მას შემდეგ დიდ დროს არ გაუვლია...
სადაც ერთვიან და ხმაურია,
ჩაჰკვრიან ერთურთს ისე, ვით დები,
მტკვრის წყალს და ტალღებს არაგვის წყლები,
ნახავთ მონასტერს. დღესაც იქ გზები
მგზავრს რომ მიიყვანს, თვალს ჰკრავს გალავანს,
შეძლებს კოშკთა და სვეტთა დალანდვას,
დანგრეულ კოშკს და თაღთა დანახვას.
თუმცა აღარ ჩანს, როგორც ღრუბლები,
სურნელოვანი კვამლის ქულები,
არ ისმის ღამით ხმა სიმღერების,
ჩვენთა სულთათვის მლოცველ ბერების...
აწ იქ მოხუცი თმებდათოვლილი,
ნანგრევთ დარაჯი, მთლად დავრდომილი
დავიწყებული ღვთისგან, კაცთაგან,
დარჩა და მტვერს წმენდს საფლავთ ქვათაგან,
რანიც გვამცნობენ წარწერათაგან
წარსულ დიდებას აღმოთქმულს იმით,
რომ დამაშვრალი თვისი გვირგვინით
ეს და ეს მეფე ამ და ამ წელსა
რუსეთს უძღვნიდა საკუთარ ერსა.
* * *
და გადმოვიდა ღვთისგან წყალობა
საქართველოზე! და ის ხარობდა
სხვა ქვეყნის ჩრდილში დაბაღნარობდა,
არ ჰქონდა შიში აწ თვისი მტრების,
იცავდა ძალა ძმური ხიშტების.

* * *
ჩემს სულს დაეხსენ, უცხო ხარ ჩემთვის,
აწ გამკიცხავ თუ ბოდიშს მომიხდი,
აღარ მანაღვლებს და ესღა მეთქმის,
რომ შენს წინაშე ქედს არ მოვიხრი.

თავისუფლების მადლს რომ ვეწიე,
რომ არ ვმორჩილებ სატანურ ძალებს,
შენც ხომ იცოდი?! - მაშ, რად შემწირე
მაგ ცოდვით სავსე ღიმილს და თვალებს?

ასე მეგონა - ღმერთმა შეგვყარა,
რომ ჩემს იმედად იარებოდი,
მე შევიძულე მთელი ქვეყანა,
შენ უფრო მეტად რომ მყვარებოდი.

იმ დღეთა სვლა და იმ წამთა ქროლა,
შენს ფერხთით ფუჭად რაიც ეთრია,
იცოდე, იყო საზარი ბრძოლა,
შთაგონებისთვის რომ წამერთმია.

აწ ჩემი სულის ღვთიურ განსაცდელს
შენ რას შეიცნობ, შენ რას გაიგებ?!
შენზე ფიქრი თუ გზას არ ამაცდენს,
მე უკვდავებას ფეხქვეშ დავიგებ.

რას მპირდებოდი და დღეს რა მიყავ?!
როგორ მიხმობდი და როგორ დამხვდი?!
ო, თავიდანვე რატომ არ იყავ
შენ ის მაცდური, ბოლოს რომ გახდი?!

მე ამაყი ვარ! სხვისკენ გაიქცეს
დე, ვნებიანი შენი ფიქრები...
ეს დედამიწა მთლად რომ დაიქცეს,
არავის მონა მე არ ვიქნები.

აფრა

ქათქათა აფრას ეულად ვხედავ
ლურჯის ზღვის ნისლთა სინარნარეში,
ის იმ შორეთში რას ეძებს ნეტავ,
ან რა დატოვა მშობელ მხარეში?

ქარი ხან ანძის გადახრას შეძლებს,
ხან ტალღებს აკრავს თამაშით გარსად...
არა! ის ბედის ღიმილს არ ეძებს
და არც გაურბის თავის ბედს არსად.

ზემოდან ოქროს სხივები ათბობს,
ქვემოთ ლაჟვარდის ჭავლები ახლავს...
ის კი ჯიუტად გრიგალებს ნატრობს,
თითქოს გრიგალში სიმშვიდეს ნახავს.

-----------------------------------------------------------------------------------------

ათანასე ფეტი

(1820 - 1892 წწ)



შემოდგომით

როდესაც დროის გაცრეცილ ქსელში
თითო დღე თითო ძაფივით წყდება
და ზარების ხმა სადღაც სოფელში
სარკმლის არეებს მკაფიოდ სწვდება,

ამას არ ვნაღვლობთ, არც ის გვაღელვებს,
რომ დროა ზამთრის წიაღში შესვლის...
გასულ ზაფხულში დარჩენილ ბგერებს
ვნატრობთ და მათი სულ უკეთ გვესმის.

-------------------------------------------------------------------------------------------------

ივან ბუნინი

(1870-1953)



სულ ტყე და სულ ტყე... დღეს ლურჯი კალთა
მოჰფინა ბინდმა; ველზე ბალახი
თეთრად კრთის როგორც ციმციმი ცვართა...
და ბუც იღვიძებს, ძლივს დასანახი.

ფიჭვების რიგი, ვით მწყობრი ჯარი,
სდევს დასავლეთის კიდეს და ნაპირს...
ასწლოვან ტევრში მზის მღვრიე ფარი
ელვარებს, როგორც ფრინველი ზღაპრის.

* * *

მთვარე მტკვრის დუდუნს უსმენს და თითქოს
გაღმა სხვა ციმციმს ელტვის აქედან,
ტფილისიც მთვარის ჩადრს ისევ ითხოვს,
თითქოს დაღალა პაპანაქებამ.

ტფილისს არ სძინავს, ლაღს და ბედნიერს,
ღამეს ბაღებში მოლხენით ათევს,
შორს კი ქედების ჩრდილოვან იერს,
ალმასის სხივი ოდნავღა ანთებს.

და როს შორეთში ჩრდილოურ ველებს
ყინვა-თოვლს-შუა ჰკვეთენ სხივები,
მათ თითქოს თან სდევს და არ ასვენებს

სევდა - ნისლებში ნალივლივები.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

სერგეი ესენინი

(1895-1925 წწ)





წერილი დედას


ცოცხალი ხარ, დედა, ჩემო  თმაჭაღარა?
გესალმები!... მეც რა მიჭირს?! – ვცოცხლობ ასე...
გაზაფხულმა შენს ქოხს, ალბათ, დააღვარა
კვლავ სინათლე, შეუცნობი გრძნობით სავსე.

მწერენ მე, რომ ვერ იკავებ ცრემლებს თვალზე
და მალულად ჩემზედ ნაღვლობ დღით თუ ღამით,
რომ ხშირ–ხშირად გამოდიხარ სოფლის გზაზე
ძველმოდური გაცრეცილი მოსასხამით.

ნუთუ სწუხარ საღამოთა უკუნეთში?!
გიზაფრავენ ზმანებანი გულს შენ განა?!
გეჩვენება ვინმემ სადმე ბნელ დუქნებში
გულის პირზე რომ ფინური დამცა დანა?!

არა უშავს, საყვარელო! იყავ მშვიდად,
შენს ფიქრებში ყოველივე მოჩანს შავად,
მე ლოთობას არ ავყვები ისე დიდად,
რომ ჩავიდე საფლავში შენს უნახავად.

მე კვლავ ის ვარ, მიცნობ ისევ ნაზ არსებას
და ვოცნებობ მხოლოდ მასზე ყოველ დილით,
რომ განვშორდე ვნებათღელვის გაშმაგებას
და შენ ქოხში დაგიბრუნდე კვლავ ღიმილით.

დავბრუნდები მე, როდესაც გაშლის კვირტებს
ჩვენი ბაღი გაზაფხულის შესაცინად,
ოღონდ, დედა, ახლა ნუღარ გამაღვიძებ
ალიონზე, რომ გჩვეოდა რვა წლის წინათ.

ოცნებათა გაღვიძება კვლავ თუ სცადე,
დამიჯერე, გვიჯობს რომ მათ ვანდოთ რული, –
ცხოვრებაში ძალზე ადრე განვიცადე
გადაღლა და დანაკარგის სინანული.

და ლოცვასაც ნუ მასწავლი... აღარ მინდა!
აღარა მსურს გარდასულის გახსენება.
მხოლოდ შენ ხარ ჩემთვის სხივი წმინდათწმინდა,
შენ ხარ ჩემი ნუგეში და ჩემი შვება

მაშ, დამშვიდდი, შეიკავე ცრემლი თვალზე,
ნუ ინაღვლებ ასე ძლიერ დღით თუ ღამით,
ნუ გამოხვალ ასე ხშირად სოფლის გზაზე
ძველმოდური გაცრეცილი მოსასხამით.

* * *
შენი ქვითინი იმ საღამოს კვალში რომ მდევდა,
მიწას ცრემლები რომ აფრქვიე სიმწრით ნაფერი,
დუმილმა მამცნო საბოლოოდ ის მძიმე სევდა,
რომ ერთმანეთის არ გვესმოდა აღარაფერი.

და ახლა, როცა შენ სხვა მხარის საფიქრალს ისევ,
მე ვგრძნობ ოცნების უღიმღამოდ ჩამოღამებას,
როგორც ყოველთვის, მარტო დავრჩი... ისევ და ისევ
უალერსობით შევეგუე სულის წამებას.

საღამოობით კვლავ დავდივარ იქ დანანებით,
ჩვენი შეხვედრა სადაც ბედმა ბერჯერ ინება...
და ახლა ვხედავ მე შენს სახეს მხოლოდ ზმანებით
და მესმის შენი უეცარი აქვითინება.

* * *

მახსოვს, ჩემო საყვარელო, მახსოვს, მახსოვს ისევ,
შენს თმებში რომ შეიპარა სინარნარე ფერთა,
როცა შენთან განშორება მე მომიხდა ისე,
რომ მძიმე და უამური შემრჩა გულის ფეთქვა.

მახსოვს მე იმ შემოდგომის ღამეები სავსე
არყის ხეთა აჩრდილების ჩურჩულით და ჩქამით...
დიახ, მაშინ ის დღეები, მოკლე იყო ძალზე,
მაგრამ მთვარე ციმციმებდა დიდხანს ჩვენთვის ღამით.

მახსოვს, ერთხელ რომ მითხარი ასე: "ჩემო კარგო,
გაფრინდება ამ ცისფერი წლების ყველა გრძნობა,
და ისურვებ, ჩემი ხსოვნა სადღაც გადაკარგო,
როცა სხვისთვის დაიწყება სიყვარულით თრობა".

მაგრამ დღეს რომ კვლავ სიცოცხლით დაიპენტა ცაცხვი,
თითქოს ჩასწვდა გაზაფხული ჩემი ხსოვნის წიაღს,
თითქოს კვლავაც უნაზესად ალერსით და ვარცხნით,
ყვავილებით მოუქარგავს შენი თმები ნიავს

და ისევ ვგრძნობ, მზად რომ არ ვარ დავთმო ძველი სითბო,
სევდით მოდის, სხვის სიყვარულს მოაქვს ჩემთან რაიც...
შენ რომ შეთხზი, ის ზღაპარი დღეს ასრულდა თითქოს -
სხვასთან ვარ და შენ მახსოვხარ.... შენ მახსოვხარ მაინც.

-------------------------------------------------------------------------------------------






ოსიპ მანდელშტამი

(1891-1938)

სიზმრად ვხედავ მთაგორიან თბილისს,
საზანდარი სადღაც ჰანგებს წელავს,
ეს ქალაქი ჭრელ ფარდაგს ჰგავს თითქმის...
მაღლა ხალხი ხიდებს ფეხით თელავს,
დაბლა მტკვარი დუდუნებს და ღელავს.

ვხედავ მტკვარზე გადმოკიდულ დუქნებს,
იქ ღვინოა და საამო ფლავი,
იქ მედუქნე ყველას სუფრას უქებს,
ჭიქებს უვსებს, ხელს მზადყოფნით უქნევს,
რომ სტუმარმა ლაღად იგრძნოს თავი.

ბადაგივით კახურ ღვინის სმა და
დროსტარება გეამება დაღლილს,
სიგრილეში გაგეხსნება მადა,
სიწყნარეში სადღეგრძელოს თქმა და
სმა ორთან სჯობს... მარტო თრობა არ ღირს!

სულ პატარა დუქანში რომ ჩახვალ
მატყუარას ჰპოვებ ვინმეს, - მზაკვარს,
იქ “თელიანს“ თუ მოითხოვ, ნახავ,
რომ თბილისურ ნისლში განიზრახავ
ბოთლებს შუა დაეძებდე გზაკვალს.

კაცს იცნობდე შეიძლება ხნიერს,
ბატკანი კი ნორჩი გვინდა, ოდეს
მთვარიანი ღამის დასალიერს
ღვინით თრობას მოვისურვებთ ძლიერს,
ირგვლივ მწვადის სურნელი რომ ქროდეს.

---------------------------------------------------------------------




მარინა ცვეტაევა

(1892 - 1941 წწ)
*  * *
ო, როგორ მომწონს, ჩემზე ფიქრით, რომ არ ხართ ავად, 
მომწონს, რომ თქვენგან საფიქრალი მეც არ მეცვლება,
რომ დედამიწა არასოდეს იქცევა ნავად
და ფეხქვეშ არსად და არასდროს გამოგვეცლება.
მომწონს, რომ გიხმობთ თამამად და ვიცინი ლაღად,
რომ არ ვკეკლუცობ და არ ვცდილობ კვლავაც შეხვედრას,
რომ არც ალმური გადაგვირბენს სახეზე ტალღად,
სახელოებით თუ შევიგრძნობთ ოდნავ შეხებას.

მე ისიც მომწონს, რომ მიმზერთ და არც კი მთვლით ქალად,
სხვის საალერსოდ რომ გწადიათ მალე მომცილდეთ...
რომ არ მექცევა ჯოჯოხეთურ ცეცხლად და ალად,
რომ, მე კი არა, სადღაც სხვას რომ ვნებით კოცნიდეთ.
ჩემს ლამაზ სახელს რომ არასდროს, ჩემო ლამაზო,
არც დღე გაგონებთ და არც ღამე.... არსად მოგელით
მდუმარე ტაძრის თაღებქვეშ რომ შემომთავაზოთ
"ალელუია" – ღვთაებრივი საგალობელით.

მადლობას გიძღვნით მთელი გულით, მთელი არსებით,
რადგან თუნდ ასე გყვარებივართ, რომ ვერ გრძნობთ თავად,
ღამის სიმშვიდე მომანიჭეთ რადგან სავსებით,
რადგან არასდროს გამოვრბივარ თქვენს სანახავად,
რადგან მთვარის შუქს ჩვენი ჩრდილი არასდროს ერთვის,
რადგან მზის სხივებს არ სურთ ჩვენთვის კამარა შეკრან...
რადგან თქვენ ავად სულაც არ ხართ – ვაი რომ! – ჩემთვის,
რადგან მე ავად სულაც არ ვარ – ვაი რომ! – თქვენგან!


* * *

წადით!... არაფრის თქმა აღარ მმართებს
და ამაოა სიტყვა ყოველი...
ვიცი, ჩემს დუმილს არვინ ამართლებს, -
ამას თავადაც აღარ მოველი.

ამ ბრძოლით მე რომ არ ვპოვებ სასრულს,
თქვენ ეს არ გესმით, მხდალს და ნებიერს,
ჭაბუკო, არვის ფლობა მე არ მსურს,
არც ბატონობა გამხდის ბედნიერს.

არც თქვენთან კამათს მივეძალები,
არც ლექსი მითხრათ, ყალბი და ამო...
თქვენ შეგიძლიათ, რომ სხვების გამო,
აღარ იხილოთ ჩემი თვალები.

თქვენი სიბრმავეც ფუჭად ემონა
ჩემთა გრძნობათა ძალს და მისნობას...
ჩვენ მიგვატოვა - ო, რა დემონმა!  -
და შეეხიზნა მარადისობას.

თუმც გწამდეთ ცოდვას  განკითხვაც მოსდევს
და, ვით ისარი, ცოდვილს ესობა,
აბრიალდება მის თავზე ოდეს
ცეცხლოვან ფრთების უწყვილესობა.

* * *

ბელა ახმადულინა

სიზმრები საქართველოზე

სიზმრად ვხედავ საქართველოს! - შვება და
ნეტარება სულმა ასე ინება
და ბაგეებს ყურძნის სიტკბოებათა
მადლი თითქოს კვლავაც დაედინება.
განვიშორე სინანული ყოველი,
არ მსურს გული ნატვრით დავიავადო -
ოქროსფრად რომ მოჩანს სვეტიცხოველი,
იქ სანთელი ობლად მინდა ავანთო.
მინდა მცხეთის უმცირესი კენჭების
ხოტბაც ვთქვა და ჩემი ლოცვაც ეს არის:
ღმერთო, თხოვნით ცაში შემოგეჭრები,
რომ სულ იყოს ასე ის, რაც დღეს არის.
რომ სიახლედ ვთვლიდე ყველა სანახავს,
მწამდეს, რომ ეს სასწაულად მწვევია,
რა სიმკაცრეც ჩემს სამშობლოს თან ახლავს,
რა სინაზეც სხვის სამშობლოს სჩვევია.

ევგენი ევტუშენკო

ვინც თბილისიდან წასვლის გზას ეძებს
იცის, რომ ამას ვერასდროს შეძლებს,
თბილისი შენგან არ მიდის არსად,
თუნდ გაცილებდეს სტუმართა მსგავსად.
თუ უცებ ხსოვნა გეტყვის არღარას,
გულს ქაშუეთის ლანდი დაღარავს,
უკვდავი ირმის ნახტომის დარად,
მწამს, რომ თბილისიც იქნება მარად.
* * *
რა პატარა ხარ, მიწავ ქართულო! -
არ გაქვს ათასი სიდიდის ველი...
არწივებით და ხალხით განთქმულო,
შენ უსაშველოდ ხარ მიმზიდველი.

თუნდ სიყალბეში მძლევდეს ვერავინ,
ან პატივაყრილს მცნობდნენ პატივით,
ჯაგლაგს ვგავდე ან მგავდეს მერანი, 
მაინც მიზიდავ ანდამატივით.

მიწავ ქართულო, იმ სტიქიონით,
შენს წიაღ რომ ჩქეფს უცხო ძალებით,
სარკმელთან მდგარი გალაკტიონიც
შენ მიიზიდე გარდაცვალებით. 

* * *
რა პატარა ხარ, მიწავ ქართულო! -
არ გაქვს ათასი სიდიდის ველი...
არწივებით და ხალხით განთქმულო,
შენ უსაშველოდ ხარ მიმზიდველი.

თუნდ სიყალბეში მძლევდეს ვერავინ,
ან პატივაყრილს მცნობდნენ პატივით,
ჯაგლაგს ვგავდე ან მგავდეს მერანი, 
მაინც მიზიდავ ანდამატივით.

მიწავ ქართულო, იმ სტიქიონით,
შენს წიაღ რომ ჩქეფს უცხო ძალებით,
სარკმელთან მდგარი გალაკტიონიც

შენ მიიზიდე გარდაცვალებით.