სპარსული პოეზია

აბუ საიდი   ابوسعید ابوالخیر

(967 - 1049 წწ)

სიყვარულო, ამ ყოფაში რად ჩამაგდე?!... რადა?! რადა?!
სატრფო შორით დამანახე... განა მყავდა საყვარლადა...
რომ მეგონა, სამართალი პურს შეჭამდა ჰა და... ჰა და...
უსატრფოოდ სიკვდილისთვის ბედმა მაშინ გამამზადა.


აბუ ალი იბნ სინა  

ابوعلی حسین بن عبدالله بن سینا


(980 - 1037 წწ)


რობაიები


01.
თუმცა დავქანცე ჩემი გული სხეულში ძგერით,
თუმცა შევძელ და თმა გავხლიჩე თმისავე ღერით,
თუმცა შევიცან მზის მიმოსვლის იდუმალება,
ღმერთს ვერ მივაგენ ვერცა სმენით და ვერცა ენით.
02.
ღვინო თუ ბრძენის მოყვარეა, ბრიყვის მტერია,
ზოგს წამლად ერგო, ზოგისათვის შხამი ერია;
ბევრის დალევას თუ მცირედი ზიანი მოაქვს,
ცოტას რომ დალევ, სარგებელი ძალზედ ბევრია.
03.
შენი მოყვარე დღეს თუ მტერთან დაიარება,
აღარ ღირს მასთან განდობა და გაზიარება;
უფრთხილდი იმას, თუ სამოყვროდ გეწვია კვლავაც,
ის იყო, გველის კუდს რომ ება, სხვა კი არ ება.
04.
ღმერთს განვუდექ და ვერ ვირწმუნე ზეცა და ზენა,
მხოლოდ ის მწამდა, რასაც მისწვდა თვალი და სმენა;
წუთისოფელმა მე გამანდო საიდუმლო და
მეც რომ ურწმუნოდ მიმიჩნიეს, ვიღას აქვს რწმენა?!
05.
თუ მოხუცდი და დაგეწრიტა ჭაბუკის ვნება,
ამ სიბერეში ცოდვათაქმნის აღარ გაქვს ნება;
ღამის წყვდიდში რაც შესცოდე, ალალი იყოს,
დღეს ხომ გათენდა, გონს მოდი და ეძიე შვება.
06.
სანამ საწუთროს მზე დაგნათის ოქროცურვილი,
გიჯობს მოიკლა სიყვარულით გულის წყურვილი;
თუ რამ ძალა გაქვს, შენს სურვილებს დღეს მოახმარე,
თორემ სულ მალე წაგერთმევა ყველა სურვილი.
07.
შენ სამი რამით დამავიწყე მე სამი რამე:
ღაწვებით – ვარდი, ბაგით – ღვინო და ზილფით – ღამე;
მე კი სამი რამ ამ სამ რამეს შევწირე მსხვერპლად:
ოცნებას – ძილი, ეჭვს – გული და ჭმუნვას – სიამე.
08.
ქვესკნელ-ზესკნელში ვნახე ყველა დაღ და აღმართი,
ყველა სიძნელე გადავლახე - მრუდე და მართი,
ყველა ცდუნების და მზაკვრობის განვხლართე ნართი....
არ განიხლართა მხოლოდ ერთი - სიკვდილის ხლართი.


ბაბა თაჰერი 


بابا  طاهر


1000 - 1055 წწ 



დუბეითები








(01)
შენს ძიებაში, ღმერთო, თვალი ამოვიღამე,
მარტოსულისთვის მსურდა მეთქვა მარტოსულს რამე;
ხალხი დამძახის - ბაბა თაჰერს სატრფო არა ჰყავს....
ღმერთო, შენა ხარ ჩემი სატრფო! - არ მინდა სხვა მე.
(02)
წყვდიად ღამეში გულთან მოვა შენი ხსენება,
შენი ხალი და თმის ნაწნავი მომეჩვენება;
დახშულ წამწამებს მოვცელავ და ჩავხედავ თვალებს,
რომ დავინახო მათს სიღრმეში შენი მშვენება.
(03)
მე რომ ვიცოდე, ბედისწერა ახლა სად არის,
გამოვკითხავდი - ასე რად და ისე რად არის;
ზოგი წყალობით აავსო და დარდს განაშორა,
ზოგი კი ტანჯვის დასახვედრად მუდამ მზად არის.
(04)
ო, ჩემო გული, რა სხეულში ხარ გადარგული,
სისხლის ზღვაში თუ მდინარეში ხარ ჩაკარგული?!
ვერცხლისღაწვება ლეილივით ჩაყვითლებულხარ
და უიმედო მაჯნუნივით ხარ გათანგული.
(05)
გული სატრფოსთან განშორების ბოღმით და შხამით
ისე ივსება, ვით სამყარო - დღითა და ღამით;
ამ ჩემს საფიქრალს მაინც ვლოცავ, თან რომ დამდევს და
არ მაგრძნობინებს მარტოობას არცერთი წამით.
(06)
გულო, ნაპირზე გაირიყა ყველა იმედი,
შენს უდაბნოებს არას არგებს თვალთა წვიმები;
ხალხი დამძახის - ბაბა თაჰერ, ჩანგი დაუკარ! -
ბაბა თაჰერს კი დასწყვეტია ჩანგზე სიმები.
(07)
ჩემმა ნაღველმა დაგუბებას დენა არჩია
და ჰა - ჭმუნვაში გზის სასრული ვერ გაარჩია;
ჩემი სიტყვისა თუ არ გჯერათ, მოდით და ნახეთ
ის სატკივარი, წამალი რომ არ გააჩნია.
(08)
ჩემი ფიქრები კვლავ სიგიჟის გზებით დადიან,
ამ სიგიჟეში ტკბილი სიტყვაც დიდი მადლია;
დღესაც არ ვიცი, ჩემი გული სად დაიკარგა,
და ვიცი, გულის ადგილას რომ შენზე დარდია.
(09)
მოდი და ნახე, რა ნაღველის ზღვაში ჩავეშვი,
რა ცეცხლი ელავს ჩემთა თვალთა საბუდარებში;
ლამაზი ვარდი შენ თუ თმებში ჩაგიბნევია,
მე სიჭაბუკის ლამაზ ვარდებს ვაბნევ ქარებში.
(10)
რაც ჩემმა გულმა სიყვარულის წყალი დალია,
დღედაღამ შფოთავს, სიმშვიდისთვის არა სცალია;
ნუ მეკითხები, წელში ორად რად მოვიხარე,
ჩემი მოგრეხა, მაგ კუულულთა გრეხვის ბრალია.
(11)
მე რომ საფლავში ჩამკეტავენ, იმ დღეს დიდება!
ჩემს სასთუმალთან მაშინ ქვა და ლოდი იდება....
შენ, ჩემო სულო, უდაბნოში გაინავარდებ,
ხოლო სხეული ჭია-ღუას შეეჭიდება.
(12)
რაღად დავთვერი უსაშველოდ წუხელის ღამით,
თუ სატრფოს ვერსად ვიხილავდი ორიოდ წამით?!
მე ხომ არ მათბობს ცეცხლი შენი სიყვარულისა,
მაშ, რად დავბრმავდი ჭირისა და ვაების კვამლით?!
(13)
თუ სატრფოს გული უნდა ერქვას, სატრფო სად არის?!
ანდა გულს სატრფოს რად არქმევენ, - ასე რად არის?!
გული და სატრფო ერთმანეთში ვერ განვასხვავე....
არ ვიცი, გული სად არის და სატრფო სად არის.
(14)
როცა იყიდეს სიყვარული ჩემმა თვალებმა,
მთელი ქალაქი სიყვარულის ქსელში გაება;
გულს შემოვავლე მე ისეთი ციხე-სიმაგრე,
რომ სიყვარული აქვს ფუძედ და კედლად - ვაება.
(15)
მუდამ ეჭვებით დაისრულო, ო, ჩემო გულო,
ტანჯვა სად უნდა გაისრულო, ო, ჩემო გულო?!
სადმე ნანგრევში ჩამოჯექ და ღმერთი ადიდე,
ეგების ნატვრა აისრულო, ო, ჩემო გულო!
(16)
ის ცეცხლოვანი ფრინველი ვარ, რაიც წამიერ,
თუ ფრთა გაშალა, ყველას დაწვავს იმერ-ამიერ;
ჩემი სურათი თუ დახატა ვინმემ კედელზე,
ავაელვარებ მთელ სამყაროს მრავალ ჟამიერ.
(17)
თუ მოხვალ ჩემთან, მე ამქვეყნად ახლად ვიშვები,
და თუ არ მოხვალ, ძველ კლდესავით ჩამოვიშლები;
მოდი, რაც დარდი გაგაჩნია, გამიზიარე -
ან ავშენდები, ან მოვკვდები, ან შევიშლები.
(18)
ნეტავ მათ, ვისაც არ სცოდნიათ დარდი არარის,
ცეცხლში იწვიან და არ ესმით, წყალი რა არის;
მათთვის მეჩეთიც, სინაგოგაც და ეკლესიაც
ის კედლებია, სადაც სატრფოს სახე არ არის.
(19)
მე ის მთვრალი ვარ, მხრებზე ნაღველს ქურქად რომ ისხამს
და სატრფოს ხილვას რომ ავედრებს წყვდიადს თუ სისხამს;
ღვინოს, რომელშიც შემეძლება შვების ძიება,
მე საიქიოს მერიქიფე თუ ჩამომისხამს.
(20)
გულო, ამ სევდას ვერც გაურბი, ვერც ემალები,
ჩემო სხეულო, სევდისგან ხარ განაწვალები;
მყუდრო სავანეს და სამართალს დავეძებ ქვეყნად,
მიტომ მოედო ჩემს არსებას ცეცხლის ალები.
(21)
მთელ ქვეყანაზე ერთი ქუჩაც არ მეგულება,
რომ არ აავსონ ჩემთა ცრემლთა ნაკადულებმა;
შენს შესახვედრად ყვავილნარში უსასოდ დავალ
და ვარდის ნაცვლად ეკალ-ბარდი მესალბუნება.
(22)
ნეტავი გული ნაღველისთვის რად გაიწირა?!
ან ეს თვალები ცრემლის ზღვაში რად ჩაიძირა?!
ჩემი ცხოვრების ყველა წუთი კვნესით ივსება,
შენ კი ლაღობ და ჩემს შესახებ არა იცი რა.
(23)
მე უშენობით რომ ვილხენდე, წამი არ არის,
გიხილავ შენ და აღარა მაქვს დარდი არარის;
მე ჩემი გულის ნაღველი რომ ხალხს ვუწილადო,
აღარ შერჩება უდარდელი გული არავის.
(24)
ჩემს ნაღვლიან გულს ქვეყანაზე არვინ იცოდებს,
მიწას ლეიბი დავარქვი და ბალიში - ლოდებს,
შენ მე მიყვარხარ და სასჯელიც მხოლოდ მე მერგო,
სხვას რომ უყვარხარ, განა ყველა ჩემსავით გოდებს.
(25)
ო, ჩემო გულო, მოგდებია ცეცხლის ალები,
არ გასვენებნ ცოდვით სავსე ჩემი თვალები;
ჰოი, თვალებო! სახილველი რომ არ გეხილათ,
გულს ვინ ამცნობდა, სად არიან ლამაზმანები?!
(26)
ჩანგზე გავაბი სიმებივით შენი კავები, -
ნეტავ ვიცოდე, შენს მეხოტბეს რად მედავები?!
შენ თუ ჩემდამი სიყვარული არ გაგაჩნია,
რაღად მოდიან ჩემს სიზმრებში შენი თვალები?!
(27)
ჩემსავით დაწვა ფარვანასაც არა სწადია,
ჩემებრ შეშლილი მიჯნურები არსად დადიან;
ჭიას თუ ღუას მშვიდად სძინავს თავის სოროში,
მე კი სახლ-კარის ნაანგრევებიც არ გამაჩნია.
(28)
ო, ჩემო სულო, თუ ნაღველთა ქარში ირხევი,
უფლის წინაშე კვნესით მიხვალ. განა სიმხნევით;
ყმაწვილკაცებო, ერთმანეთის ყადრი იცოდეთ, -
სიკვდილი ქვაა და ჩვენ მინის მსგავსად ვირხევით.
(29)
რა ხარ - ვეფხვი ხარ თუ ხარ ლომი, ო, ჩემო გულო?!
რად გაგიმართავს ჩემთან ომი, ო, ჩემო გულო?!
ნეტავ შემეძლოს, გაგაპო და თავად ვიხილო,
რის პატრონი ხარ და რის მდომი, ო, ჩემო გულო?!
(30)
გული სატრფოსთან დავტოვე და იქ მემალება
და აღარ ვიცი, რას ნაღვლობს და რას ეწვალება;
ღმერთო, სიკვდილი ერთხანს კიდევ დამიგვიანე,
გულის გზა-კვალს რომ გზა მოუჭრან ჩემმა თვალებმა.
(31)
ჩვენ ხან შეხვედრის მოლოდინში გვაცხრება ვნება,
ხან განშორებით გვეკიდება ცეცხლი და გზნება;
ჰე, თუ მე და შენ არ გაგვშორდა ჩვენი ~მე~ და ~შენ~,
მე და შენ დავთმოთ ~მე~ და ~შენ~ და შევიცნოთ შვება.
(32)
ჰე, სულიერო, სჯობს საწუთრო იჩნიო არად
და არ იცხოვრო შეძრწუნებით მოკვდავთა დარად;
უსიყვარულოდ თუ იცოცხლებ, მკვდარი გერქმევა,
და სიყვარულით თუ მოკვდები, იცოცხლებ მარად.
(33)
მე შენთან თეთრად დაპენტილი ატმის ხე ვიყავ,
შენი თვალების მზეობისას მეც ხომ მზე ვიყავ;
მარად გლოცავდი - ავი თვალი მოგშორდეს-მეთქი....
ო, ჩემო კარგო! - ავი თვალი ნუთუ მე ვიყავ?!
(34)
ტრფობის ჰანგისთვის გულის ჩანგი ოდეს ავიწყე,
გულს ტრფობის გარდა ყველაფერი გადავავიწყე;
გონი წამერთვა, მოვატოვე სწავლა და წიგნი,
და ჰა - ყაზალის და რობაის წერა დავიწყე.
(35)
ოდეს უსაზღვრო ზღვასთან მივალ კენტად და ობლად,
ჩემი მცირედ სილამაზეც თავს იჩენს სოფლად;
დავიწვა უნდა, ვით სანთელი, ამ საიყვარულში,
რომ წუთიერი ვნება მექცეს მთელ წუთისოფლად.
(36)
ნეტავი იმას, შენი ხილვით ვინც მოიხიბლა
და დარდი გამცნო სიყვარულით ცნობამიხდილმა;
გადამეწურა მე იმედი შენი ხილვისა,
მაშ იმას ვნახავ, შენი სახე ვინაც იხილა.
(37)
ნაღველის ზღვაში ჩამეძირა გონება საღი,
გულზედ მაჩნია განშორების წყეული დაღი;
თვალთაგან რომ მდის სისხლიანი ცრემლის წვეთები,
კაცსე გონება - აყვავდაო ვარდების ბაღი.
(38)
მთვლემარ ბუნებას გაზაფხულმა ჩაუდგა სული,
გაზაფხულს ჰგავდა სიჭაბუკეც, ჩვენგან წასული;
ყველა ჭაბუკუს სამარეზე ვარდი ახარეთ,
რომ იმ ვარდნარში ნებივრობდეს ტურფა ასული.
(39)
არარა შერჩა სევდის გარდა სულის სანახებს,
ვაების გარდა, ეს გონება არას მანახებს;
თუმცაღა გულის უკაცრიელ უდაბნოებში
უიმედობაც ვერასოდეს ვერ იბალახებს.
(40)
ო, ჩემო ფულო, ბულბული თუ იადონი ხარ,
სატრფოს ხსენებას დილიდანვე რომ მოჰყოლიხარ?!
ყოველ ცისმარე ბულბულიც ხომ ამას ჩიოდა:
"ო, რა ორგული, რა ორგული ვარდი მყოლიხარ!"
(41)
ერთი ავარა დასტიროდა თავის დღესა და
სისხლის ცრემლებით უდაბნოში ვარდებს თესავდა;
ცრემლებს აფრქვევდა და ამბობდა - აფსუს, ვარდები! -
მათი თესვა და მივიწყება რად გვაქვს წესადა?!
(42)
აწ უშენობით ეს ცხოვრება გლოვის ზარია
და დილეგია, განა ტურფა ყვავილნარია;
უშენოდ ყოფნაც და უშენო წუთისოფელიც
ჩაბნელებული ზმანებაა და სიზმარია.
(43)
ბევრჯერ მითვლია ღამღამობით ვარსკვლავთ გუნდები,
მსურდა გამოთვლა იმ დღის, როცა დამიბრუნდები;
შენ არსად ჩანხარ და ეს ღამეც ისე გათენდა,
რომ გარიჟრაჟზე მე ცრემლების თვლასღა ვუნდები.
(44)
გული სიყვარულს ვნებით თუ არ ჩაუკოცნია,
სახელად გულსაც ნუ დაარქმევ, - მხოლოდ ხორცია;
ბულბული ვარდებს უმღეროდა განთიადისას:
~ვისაც არავინ ჰყვარებია, არც უცოცხლია~.
(45)
ამ წუთისოფლის სტუმარია ყველა მკვნესარი,
ვარდიც ხომ ჭკნება, გადაშლილი მხოლოდ დღეს არი....
ორმოს მითხრიან და არქმევენ სამარეს იმას....
მერე მეტყვიან - შენი სახლი ახლა ეს არი.
(46)
ღმერთო, წამართვი გული თორემ მისი დარდებით
მეც და გონებაც გაუსაძლის ჭირში ვვარდებით;
შენს მწვეკ ბაგეებს თუმცა ბევრი ცრემლი ვაფრქვიე,
ერთმანეთს მაინც ვნებით ვერსად შევეზარდენით.
(47)
ნეტავ ცხოვრება ისპაჰანში რისთვის დამჩემდა,
თუ მეგობარი აქ ღალატს და მტრობას არჩევდა?!
შირაზში წავალ, იქ ხომ ჩემი მკვნესარი გული
უცნობებშიაც ერთგულების ღიმილს ამჩნევდა.
(48)
ეს ჩემი გული ქვეყნის დარდით შეიქნა ავად
და გაოცებით მოდის ყველა მის სანახავად;
ყველა ტკივილი საბოლოოდ იპოვის წამალს,
ამ ჩემი გულის წამალი კი დარდია თავად.
(49)
გული უშენოდ უსაშველო დარდით ივსება,
მხიარულება აღარ არის მისი თვისება;
შენმა სიშორემ ნანგრევებად მიქცია გული
და არასოდეს აშენება არ ეღირსება.
(50)
უსახლკარობა ოდითგანვე ბედად მარგუნეს
და არ ვინაღლებ, ჩემს გარშემო ზღვაც რომ დაგუბდეს;
მე ნაშუადღევს შენს ქუჩაზე ვიწანწალებ და
ნაშუაღამევს ამოვიდებ თავქვეშ აგურებს.
(51)
სატრფოვ, იცოდე, მე ნაღველთ გული აღვავსე,
წითელი ცრემლი მწვანე ეჭვით ავახასხასე;
მე ჩემი გული განშორების და თმენის დარდით
ჯერ გამოვზარდე, მერე ჩავკალ და ჩავახავსე.
(52)
ნეტავი იმას, ვინც ჟამთასვლა იჩნია არად,
იმედის მქონეს არ სდიოდა ცრემლები ღვარად,
ვისაც ხელთ ეპყრა მოთმინების სადავეები
და სატრფოს სახის ზმანებაში ცხოვრობდა მარად.
(53)
კვლავ მომენატრა შენი ბაღის ვარდი და ია,
რაც შენ წახვედი, გულის კარი შემომრჩა ღია;
მინდორში გავალ და ყაყაჩოს მაინც ვეწვევი,
თორემ იმასაც დახრავს მალე ჟამთასვლის ჭია.
(54)
სანთელი ვარ და მდის სახეზე ცეცხლის ცრემლები,
ყველა გულდამწვარს გზას ვუნათებ და თავს ვევლები;
შენს გამო ვიწვი დღედაღამე, შენს გამო ვტირი....
შენგან შემომრჩა ამ ცეცხლოვან ცრემლთა მძევლები.
(55)
ერთხელ ჩემ ბაღშიც ჩაიმუხლე, ო, ლმობიერო,
რომ შენ ნახვით ყვავილებიც ვაბედნიერო;
მოდი და ჩემთან გაატარე მრავალი წელი,'
რათა ყოველწამს მოგაცქერდე, პირმშვენიერო!
(56)
სიტყვა მომესმა ბედისწერის სინანულისა,
მითხრა - `წამალი დავკარგეო შენი გულისა, -
თან დააყოლა - ლალები და მარგალიტები
არვის უნდაო არც გონების და არც სულისა~.
(57)
შენ გეშველა, მეც მასწავლე საშველი რამე,
თუ ვისთან ერთად გავათიო წყვდიადი ღამე;
მე ხან სიამედ მეჩვენება ნატელი დილა,
ხან შხამად მოჩანს ნათელი დღის ყველა სიამე.
(58)
გულო, გაწვალდი... გულო, წვალობ.... გულო, - წვალება....
ყველა კედელი დაგინგრიეს ქარიშხალებმა;
რას ემართლებით თქვენ ჩემ სირცხვილს?! - ხომ სულერთია
შერცხვენილის თუ უსირცხვილოს გარდაცვალება.
(59)
გული მაქვს შმაგი, უგნურების ზღვარზე გასული,
არ ვიცი, საით მელოდება გზათა სასრული;
ჩემი სიშმაგით მარად ვებრძვი სატრფოს ზმანებას,
მაგრამ არსად ჩანს არც სიმშვიდე, არც აღსასრული.
(60)
შენმა მშვენებამ გულს ისარი დამასო, ვარდო,
მე შენ მიყვარხარ! - სულ დაგძახი ამასო, ვარდო;
მე მოსვენება დამიკარგა ამ სიყვარულმა,
შენ ლეილი ხარ, მე -   მაჯნუნი.... ლამაზო, ვარდო!
(61)
მე არც საწყისი გამაჩნია და არც სასრული,
ისიც არ ვიცი, საითა მაქვს გზა განსაზღვრული;
გზააბნეულებს შავი მიწა აუვსიათ და
ჩემი სხეული მათი მიწით არის ასხმული.
(62)
რომ დაღამდება, ნუ გექნება ნურავის შიში,
ჩემთან მოდი და დაივიწყე ვაი და ვიში;
ო, რომ მაღირსო ერთი კოცნა შენი ბაგისა,
ვიტყვი – ღმერთის გზას დავადექი მწირი დერვიში.
(63)
მაგ ორგულობას, ო, სადმე რომ წერტილი ესვას,
შენც გაიგებდი ჩემი გულის ნაღვლიან კვნესას;
მოდი, შენ უნდა მოგაბარო დამწვარი გული,
შენ გულის ამბავს მამცნობ ხოლმე და გული – შენსას.
(64)
მე დღე და ღამე შენზე ფიქრის ანაბარა ვარ,
ნაღველისა და მწუხარების ანაბანა ვარ;
შენ სახლი გაქვს და ფეხმორთხმული დაჯდები ტახტზე,
მე კი ან ვინ ვარ უსახლკარო, ან, აბა, რა ვარ?!
(65)
წავიბორძიკე მე სიმთვრალით თვალახვეულმა,
ჯამს ხელი ვუშვი, მაგრამ ქვაზე არ დამსხვრეულა,;
ალბათ, მფარველმა დაიფარა, იგი რომ არა,
ძირს დაუცემლად ასი ჯამი გადამსხვრეულა.
(66)
შენს სიყვარულში ლერწამი ვარ კენტად დარგული,
დავეხეტები უგზოუკვლოდ ბედდაკარგალი;
ასე მითხარი - მოიტმინე, მოითმინეო....
მაგრამ ამ თმენამ მე ერთ წამში მომიკლა გული.
(67)
შენი სახლია ჩემთა თვალთა საბუდარები,
შიგ შესაღწევად ჩემს წარბებზე დაიარები;
ოღონდაც შეგთხოვ, უზრუნველად ნუ მოაბიჯებ,
თორემ ეკლებად შეგესობა ეს წამწამები.
(68)
შენ აღარ მკითხო, არ გამიხსნა ძველი წყლულები,
თუ სად დავკარგე ჩემი გულის გაზაფხულები;
დღეს გაგახსენდი, მაგრამ ხსოვნას აღარ აქვს ფასი _
მე ხომ არ ვიცი, ვისთან იყავ ნაერთგულები.
(69)
მონა ვიყო და ბედი მერგოს გაუცინარი,
ან იოსები, შავი ორმოს ფსკერზე მძინარი,
ასმა მებაღემ ჩემი მტრობა რომ განიზრახოს,
მე შენს ბაღნარში მაინც მოვალ სახემღიმარი.
(70)
თვალებში სატრფოს მზის სხივები ჩაუქარგია,
ათას ჩემნაირს მისთვის ჭკუა დაუკარგია;
იმ ბადრი მთვარის მიჯნურებში ვინც გაერია,
ჩემი ლექსივით ზოგი ცუდი, ზოგი კარგია.



მასუდ საად სალმანი 

 مسعود سعد سلمان

(1046 - 1121 წწ)

ყაზალები

* * *

მთვარის მსგავსო, თურქის ქალო, სად ხარ ნეტავ, სად ხარ ახლა?
ჩემი სახლი რომ დატოვე, ნეტავ სხვამ თუ დაგასახლა?!

მე შენს გვერდით კარგი ვიყავ, შენ ჩემს გვერდით - კარგზე კარგი,
ვაჰ, თუ ვინმე ხეპრე არის ის, ვინც ახლა გვერდით გახლავს?!

ჩემი გული მონა იყო,  სხვა ხელობა სწამდა განა?
აწ სულ კენტს და აწ სულ მარტოს სხვა ხელმწიფის სურსღა ნახვა?!

შენი მიხრა-მოხრა ვცან და ვცან, რომ წახვალ ჩემგან მალე...
მაშ, ჩემს სულში რაღამ გინდო, რამ გიხმო და მოგაახლა?!

ვაჰ, თუ ვინმე ბილწი ხანის ჰარამხანის ფარდა გფარავს,
ვაჰ, თუ ხანმა ფარდის მიღმა საალერსოდ დაგიძახა...

ნეტავ რისთვის მოგითვალე  ჩემი სულის სიმდიდრე და
ნეტავ რისთვის შევეწირე შენს წინაშე თავის დახრას?!

ვინ გაიგებს ჩემს გულისთქმას, ვის რად უნდა ჩემი დარდი?!
საკუთარ თავს ვეტყვი მხოლოდ - წავიდა და მორჩა... მახლას!

* * *
ეგ რძისფერი ღაწვები და ეგ კუპრივით შავი თმა და
ეგ მშვილდივით წარბები და იადონის მსგავსი ხმა და
ეგ სხეული, ლერწამი რომ გაიხადა მონა-ყმა და
ეგ ტუჩ-კბილი, მარგალიტის კუნწულების ჩამოცმა და
ეგ თვალები, რომ არ უნდა ან მოხატვა, ან სურმა და
ეგ ზილფები, სურნელით რომ მუშკ-ამბარსაც აღემატა,
რატომ უნდა იყოს ჩემთვის უიმედო გულისთქმა და
რატომ უნდა იყოს სხვისი, ის ვინც ჩემთვის დაიბადა?!
* * *
განა რამეს შევადარებ შენს მშვენიერ პირი-სახეს,
ვიტყვი მხოლოდ - მირჩევნია ის აპრილის სიხასხასეს.

შემოპარულ ყვითელ ფერებს შენს სახეზე ვერვინ ამხელს,
რადგან შენი ვარდი კვლავაც სიწითლისგან თვალს ვერ ახელს.

შენ იმ საროს მირჩევნიხარ, ნელინელ რომ სიო არხევს
და იმ ნახატს, ყანდაჰარის მხატვრებმა რომ გამოსახეს.

ეგ სიტურფე, მე კი არა, მთელ ქვეყანას თავბრუს ახვევს
და გიმზერენ, როგორც სულთნის მოფარდაგულ სრა-სასახლეს.

შენ დიდებად მოევლინე წუთისოფელს, მრავლის მნახველს,
დიდება ნუ მოაკლდება შენს სახეს და უფლის სახელს!




ანვარი   
اوحدالدّین محمّدبن محمّد انوری  

(1126 - 1189 წწ)

ყაზალები

* * *
ძლივს მოგიხელთე წუხელის და ამდილით წახველ,
ცეცხლად მომედე სხეულზე და კვამლივით წახველ.

შენ ძალზედ გვიან მომემადლე საწუთროში და
უღმერთო კაცის წამიერი მადლივით წახველ.

ბაღში შეველ და შენი ცნობის დამესვა დაღი
და სანამ გიცან, განშორების ქადილით წახველ.

მე სიყვარულის ნარ-ეკალი გამოვიარე
და სანამ გპოვე, გაუშლელი ვარდივით წახველ.

შენ მომიხმე და გული უმალ აძგერდა, მაგრამ
სანამ მოველ და მოგეხვიე წადილით.... წახველ!

* * *

სული წამართვეს შენმა თვალებმა
    და შენმა ტანმა, ნაზად რხეულმა,
მას შემდეგ ვწუხვარ და ეს წუხილი
    სულად შეიცნო ჩემმა სხეულმა.
სრულად შევიცან ცოდვა და ბრალი
    უცოდველმა და მართალ-ალალმა....
გზა დამიბნია შენმა დალალმა,
    ჩემი სიცოცხლის გზად დახვეულმა.
გულში ტკივილმა რომ არ იმატოს,
    დღე არა, ერთი წამიც არ გავა,
შენმა ღიმილმაც დამიწყო დავა,
    ჩემს ოცნებებთან შემოჩვეულმა.
შენ თვით გრძნეულიც გიმზერს სიკეთით,
    ივიწყებს ავს და გმსახურებს ისე...
ჩემს სიავეში მოგისაკლისე
    შენ, ღვთით რჩეული, მე, ღვთით წყეულმა.
 კენტს და ქედუხრელს უცებ დამატყდა
    უიმედობის დელგმა და ზვავი
და დაგიხარე მოთმენით თავი
    მე, მოუთმენელ ყოფას ჩვეულმა.
გარს მეხვევიან შენზე ფიქრები:
    ზოგი - მდორე და ზოგი - ფრთამალი
და მათში ვპოვე ჩემი წამალი
    ამ ავბედითი სნებით სნეულმა.

* * *
მიკვირს, ო, მიკვირს, რომ გაგახსენდი,
    რომ გაგახსენდი, ნეტავ რა მოხდა?
მოდი, მაშ, მოდი, ხომ გაგახსენდი,
    მოდი და ნახე – სული ამომხდა.
ნუ გამაწვალებ, ნუ გამაწვალებ,
    სულ არ მოხვიდე, თუ გამაწამებ....
განა არ იცი, უშენოდ ყოფნით
    გულს რაოდენი ოხვრა აღმოხდა?!
ნეტავ რასა იქმ, რას საქმიანობ,
    ან ვის მოუხმობ, ან რას ხმიანობ?
რაც შენ დადუმდი, რა დრო გავიდა....
    ჰოი, რამდენი ხანი გამოხდა.
ფრთები დაკეცეთ, დაბლა დაეშვით,
    გარს ნუ მეხვევით მწველი კაეშნით,
ჩემო ფიქრებო, წადით, გამშორდით,
    თორემ ეჭვებით გული აოხრდა.
ჯერ იყო - მრავალს რასმეს დამპირდა,
    მერე ერთბაშად გამინაპირდა,
ჯერ სიყვარულის ვალი დამდო და
     აღარ მაცალა მერე ვალმოხდა.
გამინაპირდა, მარტო დამტოვა,
    ნეტავ ვინ ჰპოვა, ნეტავ რა ჰპოვა,
ჩვენი ტრფობა რომ გადაივიწყა
    და სიყვარულის ხე რომ ჩამოხმა?!
სატრფოვ, ო, სატრფოვ, გაფიცებ უფალს -
    ამგვარი ლექსი შენთვის ვის უთქვამს?
შენს სიამაყეს დაუდე ზღვარი!....
    მოდი! კვლავ მინდა ლექსის აღმოთქმა.


რობაიები

ერთხელ, მთვარემ რომ შენი ცქერით დაღალა თვალი
და ცრემლი ღვარა, თითქოს წყარომ ღვარაო წყალი,
შენც დაგეწვეთა იმ ცრემლების ერთი წვეთი და,
ალბათ, შენს ღაწვზე მაშინ გაჩნდა ლამაზი ხალი.
* * *
წუხელის სატრფომ ღვინით ჯამი ამივსო და მე
დილამდე თრობის ძიებაში გავლიე ღამე;
ისევ დაბინდდა და ამაღამ იმასღა ვჩივი –
ისეთი ღამე დამიდგება ნეტავი სხვა მე?
* * *
ნეტავ იმ ღამეს, როცა ფიქრით გულს ვიღარავდი,
მაშინ ვიცოდი – შენს ბაგეებს დილით ვნახავდი.
ახლა შორს ხარ და დღედაღამ გავძახი შორეთს:
"სატრფოსთან შეყრის განთიადო, მალე დაღამდი!"
* * *
მთელი სიცოცხლე შენთან თუა, ტრფობა ის არი,
სული ის არი, რასაც მსჭვალავს ეჭვის ისარი;
შრომა ის არი, ნაყოფი თუ სიკეთის არი,
განთიადს რაიც დაგავიწყებს, ღამეც ის არი.



ნიზამი განჯელი  

نظامی گنجوی
(1141 - 1209 წწ)

ყაზალი

* * *
ო, რა საოცრად გადაიფურჩქნა
შავი ყვავილი წუხელის ღამით!
ო, რა მადლი და ო, რა წყაალობა
ვცან წუთისოფლად წუხელის ამით!
მეახლა ისევ პირბადრი მთვარე,
აღავსო მთვარემ არე და მარე,
და ჩამოიხსნა ისევ პირბადე
ჩემთვის და ჩემთან, წუხელის, წამით.
მის ორ მარგალიტს რომ მისწვდა მზერა,
ბედისწერა რომ წერა და მწერა,
წამწამთა წიაღ დამილტო თვალი
წუხელის ცრემლით, წუხელის ნამით...
"ახლა წავალო - მითხრა - წავალო,
წუხილი აღარ გაიმრავალო!...."
ო, ნეტავ კოცნა მაინც მეცადა,
ნატავ დამეთრო წუხელის რამით.
მე შირვან-შაჰის სახელს რომ ვფიცავ,
ნიზამის მართალ სიტყვას რომ ვიცავ,
ვამბობ, რომ სატრფო.... რომ ჩემი სატრფო
სიზმრად ვიხილე წუხელის ღამით.


ამირ ხოსრო დეჰლევი



امیرخسرو دهلوی

ნდური წარმოშობის (ქალაქ დელიდან) 
სპარსელი პოეტი

(1253-1325 წწ

ყაზალები

* * *
ო, რა იქნება, სატრფომ მომიხმოს,
ო, ნეტავ სახლის კარი გამიღოს,
გამიზაფხულოს ეს შემოდგომა
და მერე ბაღის კარი გამიღოს.
ჭაბუკი ვიყავ, სატრფოს ვენდე და
მოხუცი კვლავაც მას ვემონები,
ოღონდ ერთხელაც გავახსენდე და
მე, თმენით დაღლილს, კარი გამიღოს.
ჩემო თვალებო, ცრემლები ღვარეთ,
ცრემლით დაბრმავდით, ჩემო თვალებო,
გამოიხედოს მან ეგებ გარეთ
და თვალებდათხრილს კარი გამიღოს.
ამდენი ეჭვით გული დაოსდა,
მაინც არ ვიცი, რა ბედი მელის,
ან იმედის ბჭე დამიგმანოს და
ან სივაგლახის კარი გამიღოს.
მაგრამ ვაგლახ, თუ ტრფიალს არ იხდენს
და ასე მარტომ უნდა იაროს,
სამარის კართან უნდა დამიხვდეს
და მე, ვაგლახ, ის კარი გამიღოს?!
ამაო ფიქრთა ზღვარს გადავედი,
რისთვის ვიმრავლებ ნეტავ კაეშანს?
ხ ო ს რ ო, ვინ მომცა მე იმის ბედი,
სატრფომ რომ სახლის კარი გამიღოს.

* * *
ღამის ნიღაბი რომ შორდება დღის ნათელ სახეს
და დედამიწა ალიონზე თვალებს რომ ახელს,

ცისკრის ნიავი დაქრის მაშინ ცის ტატნობზე და
აღმოსავლეთის ლამაზმანის სიტურფეს ამხელს.

მე მშურს იმ კაცის, სატრფოსთან რომ ხვდება განთიადს
და ვნებით მთვრალი რომ ივიწყებს გამჩენის სახელს.

ჰე, მერიქიფევ, რად არ მნახავ მუდამ სევდიანს?
რატომ არ მისხამ ჯამში ღვინოს, სევდისგან დამხსნელს?

დღეს, ვით ყაყაჩო, ცარიელი ჯამით ვდგავარ და
ღვინოზე ფიქრი ჭკუას მიმღვრევს და თავბრუს მახვევს.

ამ განთიადზე ხელით დააქვს გული ხ ო ს რ ო ს და
მწარედ დასტირის მარტოობის ვაების მნახველს.

* * *
დოქი დაიცალა, ღვინო დაილია
და მაინც არა ვარ მთვრალი მე,
მაშ, გულო, შემასვი მე შენი სისხლი და
დამითვრე ხორცი და ძვალი მე.

მაჯნუნის კვნესა და შეშლილი ძახილი
არვის რომ არ სურდა ესმინა,
დღეს ყველა მიჯნურის სიმღერად იქცა და
გამიგნო ლექსებში კვალი მე.

ღმერთო, სიყვარულის სასჯელიც მეყოფა,
შენ აღარ დამსაჯო ფიქრებით,
იქ, სადაც უგონო სიბრმავე მეუფებს,
რას მარგებს გონების თვალი მე?

მე სატრფოს ვერ ვხედავ და სატრფო კი არა,
დღეს მასზედ ოცნება მაცოცხლებს,
ჩემი მზე ჩაქრა და სანთელიც არა მაქვს
და მათბობს ოცნების ალი მე.

ხ ო ს რ ო, რად გეგონა, სიზმრად რომ ჰპოვებდი
შენ ცხადად დაკარგულ გულისსწორს?
შენ ძილიც დაკარგე და სიზმარს სად ნახავ?!
ვაიმე, სიზმრებო, ვაიმე!



ქამალ ხოჯენდი

(1321 - 1391/1400)



کمال‌الدین مسعود خُجندی

ყაზალები

* * *
ო, სატრფოვ ჩემო, როგორ მომბეზრდა
    კენტად თარეში უცხო მხარეში,
შენ ხომ არ იცი, რა მწუხარების
    ზღვაში ჩავეშვი უცხო მხარეში.
ჩემს სამშობლოს და ჩემს ტკბილ მეგობრებს
    ვნატრობ და ვტირი ყოველ ცისმარე
და ვეღარ ვუძლებ შემზარავ ნაღველს
    ჩემზედ დაგეშილს უცხო მხარეში.
ჩემს უსასოო და ვაგლახ ყოფას
    მარტო ისეთი კაცი გაიგებს,
ვისაც ჩემსავით უწანწალია
    ღვინით გალეშილს უცხო მხარეში.
ო, სატრფოვ ჩემო, სიცოცხლევ ჩემო,
    რად არ გამხადე მე იმის ღირსი,
რომ ერთხელ მაინც გეკითხა - რა მჭირს,
    სად ვარ, რა დღეში.... უცხო მხარეში.
მე ამ ქალაქში არავინ მიცნობს,
    არავის უნდა ჩემი ლექსები...
რა იქნებოდა - შენთვის მემღერა
    და არ გაგეშვი უცხო მხარეში?!
გაუსაძლისდა საბრალო  ქ ა მ ა ლ ს
    მარტო ყოფნა და თავის გატანა,
და უცხოდ დადის უცხო მხარეში....
    უცხო მხარეში... უცხო მხარეში...

* * *
ეს რა ღვინოა?! ეს სად მოვედი?!
    ჩემი სამოთხე, მგონი, აქ არის!
ლამაზი ქალი ღვინოს მასმევს და
    ჩემი ფიქრი და გონი აქ არის.
ბედნიერება ფხიზელს გაურბის,
    მთვრალს მონასავით ემსახურება
და ჰა, ამქვეყნის ყველა სიკეთე
    მთელი ძალით და ღონით აქ არის.
შენც რომ მეწვიო ამ სალხინეთში,
    ბაღად მექცევა გულის საკანი
და დოსტი მეტყვის: "ისევ ერთად ხართ,
    მეუფე თავის მონით აქ არის".
ცისა და მიწის ზღვარი ვეძიე
    და მივადექი ღვინის მდინარეს....
ამ მდინარეში როცა შემოხვალთ,
    ჩემსკენ წამოდით, ფონი აქ არის.
მაშ, ნუღარ მკითხავთ: "ქ ა მ ა ლ, სადა ხარ?
    სავანის ძებნით კვლავ გზას ადგახარ?"
სავანის პოვნა არ მეგონა და
    მგონი ვიპოვე, მგონი, აქ არის.

* * *
ვუთხარ - თაფლი გაქვს, ბაგე კი არა
    და ასე მითხრა - განა შენია?!
ვუთხარ ეგ სახე მან შემაყვარა...
    და ასე მითხრა - განა შენია?!
ვუთხარ - მაგ ტუჩებს როცა მაჩვენებ,
    მე შეგაქებ და ნუ შემაჩვენებ,
ხალიც მაჩვენე კოხტა.... პატარა....
    და ასე მითხრა - განა შენია?!
ვუთხარ - ეგ ღაწვი თითქოს ვარდია
    და ვარდი გულში მე ჩამვარდნია,
მას მოვწყვეტ, სევდა თუ არ მაკმარა....
    და ასე მითხრა - განა შენია?!
ვუთხარ - მენიშნა ტყორცნა ქამანდის
    და თუ მწუხარე ვიყავ აქამდის,
შენმა დალალმა დღეს გამახარა...
    და ასე მითხრა - განა შენია?!
ვუთხარ - ქ ა მ ა ლ მ ა   შეგასწრო თვალი
    და მაგ მშვენებით შეიქნა მთვრალი,
მან კი ღიმილით თავი დახარა
    და ასე მითხრა - განა შენია?!

* * *
გული მომიკლა ერთმა დარდმა, სული - მეორემ,
ერთმა იარა დამაჩნია, წყლული - მეორემ.

მე თვალებიდან ხან ცრემლი მდის, ხან ცრემლის წვიმა,
ზმანება ერთმა წამართვა და რული – მეორემ.

ო, რა ღიმილი, ო, რარიგი ბაგე გქონია?! -
ერთმა გამტანჯა და შემირყვნა რჯული მეორემ.

თუნდაც შემრისხო, მაინც გეტყვი – მადლობელი ვარ!
ერთხელაც მითხარ, რომ გამითბოს გული მეორემ.

"ნურვის ეტრფიო" - მე მირჩია ბევრმა უგნურმა,
შემომაძლია ერთმა ოქრო, ფული - მეორემ.

ჩვენ კი, მიჯნურნი, სულ ერთთავად ტრფობას ვეძებთ და
ერთმა ადვილი შეარქვა და რთული - მეორემ.

მრავალს უყვარდა შენი სატრფო, იცოდე ქ ა მ ა ლ!
ერთმა ორგული შეარქვა და მტრული - მეორემ.

* * *
ვუთხარ - ვის ვკითხო შენი სახელი?
    მითხრა - გაბადრულ მთვარეს ჰკითხეო!
ვუთხარ - ეგ ბაგე სინათლეს აფრქვევს?
    მითხრა -  შენ სულის ნათელს ჰკითხეო!
ვუთხარ - რა არის და ვისმიერი
    შენი სახე და შენი იერი?
მან ეშმაკურად ჩაიღიმა და
    მითხრა - მომღიმარ ვარდებს ჰკითხეო!
ვუთხარ - ნეტავ რად მომტაცე გული?
    ან რად დამიფრთხე ძილი და რული?
ყელი გადიგდო, ხალი მაჩვენა...
    მითხრა - ამ ხალს და ამ ყელს ჰკითხეო!
ვუთხარ - ბურთივით რად გორავს ნეტავ
    შენს ფერხთით ჩემი ორივე თვალი?
მითხრა - არ არის ეგ ჩემი ბრალი....
    ჩემს ჩოგანივით კავებს ჰკითხეო!
ვუთხარ - ქ ა მ ა ლ მ ა  რა მხარეს გპოვოს,
    საით არჩიოს სავალ გზები?
მითხრა - ვით სიომ შეისხი ფრთები
    და ჰინდუსტანის ქარებს ჰკითხეო.

* * *
მაგ სანთლისფერმა სახემ დამწვა და
    ფერფლად მიქცია გული ამაღამ
და ნარგიზივით მთვრალმა თვალებმაც
    გამინადგურეს სული ამაღამ.
ბნელი ღამეა თუ დღე ნათელი,
    შენს წინ ვანთივარ, როგორც სანთელი,
ცრემლი ცვილივით მეღვენთება და
    მიკრთება თვალზე რული ამაღამ.
თვალს დავხუჭავ და გიხილავ, რადგან
    სხვა რამ მზერაც მაქვს, მე თვალის გარდა,
თვალს რომ ავახელ, ეშვება ფარდა
    და სიბნელეა სრული ამაღამ.
ჰე, მერიქიფევ, მე, ვით სანთელი,
    შუქად დამღვარე მეჯლისში სადმე!
დე, სხვამ ილხინოს, მე ცრემლად დავდნე,
    დაწყევლილი და კრული ამაღამ.
მთვარე ბილიკზე სხივს რომ არ მიფენს,
    ალბათ, ტყვედა ჰყავთ ღამისფერ ზილფებს;
დაეხსენ მთვარეს და ხოტბა მითხარ
    მის შესამკობად თქმული ამაღამ.
შენი თვალები რას მემართლება?!
    მათი მხილველი ვინ არ დათვრება?!
შენ დამათვრე და შენვე გამკიცხე,
    შენვე შემირყვენ რჯული ამაღამ.
ქ ა მ ა ლ ი ს  სახლი მეგობრებს ელის!
    ძმებო, ჩვენს ყოფას სიმთვრალე შველის...
დალიეთ ღვინო და დაივიწყეთ,
    თუ რამ ზრახვა გაქვთ მტრული ამაღამ.

* * *
ის, ვინც დაყნოსავს ჩემ საფლავზე ამოსულ ვარდებს,
ინატრებს იმას, რომ დღემუდამ ვინმე უყვარდეს.

ვარდივით ქალსაც ინატრებს და ვარდის ეკალსაც
და სულ იდარდებს.... ვეღარ ნახავთ იმას უდარდელს

ნაღდი მიჯნური სახეს ცრემლით უნდა იბანდეს
და ნაღდი გულიც იმ მჭვირვალე ცრემლებს უგავდეს.

მან სატრფოს კვალში მიადევნოს უნდა მზერა და
თვალი ვარდივით გადეშალოს და აუყვავდეს.

სატრფოვ, დე, სხვები ვარდისწყალით იბანდნენ სახეს,
შენგან ნაბანი წყალი ვარდებს სახეს უბანდეს.

სატრფოვ, სადა ხარ, სად გიპოვოს შენმა მძებნელმა?!
მიჯნურს სად უნდა გაუთენდეს, სად დაუღამდეს?!

ქ ა მ ა ლ ი ს   ენა მუდამ ლამაზ ყაზალებს გეტყვის,
შენდამი ტრფობა რაგინდ სწვავდეს და გულს უკლავდეს.


ხალხური პოეზია
დუბეითები      دوبیت ها

("დუბეითი" – ორი ბეითისპარსული ლექსის სახეობაა და ძირითადად ხალხურ პოეზიაში გამოიყენება, თუმცა ცნობილია ამა თუ იმ პოეტის მიერ შექმნილი დუბეითებიც)
001
რა იქნება? რა იქნება? რა იქნება? რაო?
მე ვიყო და შენ იყო და ღვინის ფიალაო!
შენმა ბაგემ დამიბანგოს გულის იარაო...
დავთვრე შენი სიყვარულით, ღვინით კი არა.
002
დილის ნიავს მივძახოდი - მოდი, ქარო!... მოდი,  ქარო!...
ჩემი სატრფოს ამბავი თუ იცი - იქნებ მომახარო?!
მაგრამ,  ქარო, შენც დამტოვე... სად ხარ? - გეძებ - სადა ხარო?!
უფალს შევთხოვ, შენც ჩემსავით გაწანწალოს კარდაკარო.
003
ცას ვარსკვლავი მოვწყვიტე და გავიჩინე გულში დარდი,
ტურფა ქალად მომეჩვენა.... შემიყვარდა - შევუყვარდი;
მთელი ღამე სურნელებას მფენდა, როგორც ცისკრის ვარდი,
ბოლოს ვუთხარ - ცაში ადი! - კვლავ ვარსკვლავად გადაგვარდი.
004
განა ვინ ხარ, უშენოდ რომ თავი ვიგრძენ ასე ავად?!
შენზე ფიქრით არც ძილი მაქვს, არც სიზმარი სანახავად;
განა ვინ ხარ, ღიმილით რომ, როგორც ტალღად, როგორც ზვავად,
თავს მესხმი და მის ზვირთებში მოცურავეს მაქცევ ნავად.
005
ჩემს გულს შენი სიყვარული გამუდმებით რადგან ავსებს,
გული მასში სიცოცხლეს და სუნთქვას შენთვის მოათავსებს;
ჩემს სამარეს ბალახი თუ მოკაზმავს და მოახავსებს,
ტრფობა იმის ყოველ ღეროს შენზედ მლოცველს დაამსგავსებს.
006
ვიცი, ჩემს თავს წუთისოფლად კარგი არაფერი ხდება,
სიკეთე და სიყვარული ჩემთვის არვის ემეტება;
აღარც მეგობარი შემრჩა, ჩემს გვერდითაც არვინ ჯდება,
რომ ვუამბო - სიბერის ჟამს გულს რა დარდი ეძალება.
007
ღვინოს ვსვამ და გულს ვაყოლებ... დარდმა ამას დამაჩვია...
ხვალ იქნება დარდმა მომკლას... თუმცა დარდსაც გააჩნია...
წუთისოფლის მთა–და–ბარებს ათასობით გზა აჩნია,
მე კი შენთან მოსასვლელი ერთიც აღარ გამაჩნია.
008
იცი, ქვეყნის შემოქმედმა რატომ მოგცა ორი ხელი?
მე ამაში საიდუმლო ვნახე - შენთვის გასამხელი:
ერთი ხელი შენთვის გქონდეს, მისგან შველას თავად ელი,
მეორე კი მოყვასისკენ გაქვს საშველად გასაწვდელი.
009
დავრჩი მარტო... სევდიანი სიცოცხლეღა დამრჩენია,
გულს ეს სევდა ძიძასავით შერჩა, მისი სარჩენია;
მარტოობის საფიქრალი, ო, რამდენი გამჩენია!...
გული გული აღარ არის, სიყვარულის ნარჩენია.