ჯალალ ედ–დინ რუმი

1207 - 1273 წწ


مولانا جلال الدین محمد رومی



















მთარგმნელის ბიბლიოთეკა #5

ჯალალ ედ-დინ რუმი

ყაზალები, რობაიები და
იგავები “ღრმააზროვანი პოემიდან”
სპარსულ-ქართული ლექსიკონით


წიგნი მოამზადა, სპარსული ტექსტები თარგმნა და ლექსიკონი შეადგინა
ალექსანდრე ელერდაშვილმა

თბილისი, 2014 წელი


ვინც შეიცნობს საკუთარ თავს, იგი შეიცნობს ღმერთს!

ეს წიგნი წარმოადგენს “მთარგმნელის ბიბლიოთეკის” რიგით მეხუთე გამოშვებას და ეძღვნება დიდი სპარსელი (...და თურქი) პოეტის ჯალალ ედ-დინ რუმის, იგივე მევლანას (ან მევლევის) შემოქმედებას. კრებულში შევიტანეთ 50 ყაზალი, რომელთაგან მხოლოდ ათიოდეა ადრეულ პერიოდში თარგმნილი, 50 რობაი და ათიოდე იგავი (ყველა თარგმანი შესრულდა 2014 წელს). 

გენიალური პოეტის ცხოვრების და ფილოსოფიური ნააზრევის შესახებ მრავალი სამეცნიერო თუ პუბლიცისტური პოლიგრაფიულ-ელექტრონული გამოცემა არსებობს, მისი პოეზია ძალიან პოპულარულია ინგლისურენოვან სამყაროში და განსაკუთრებით აშშ-ში, ასევე ევროპაშიც და რუსეთშიც. ქართველებმა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან გაიცნეს მის შემოქმედება (იგულისხმება ქართული თარგმანები), თუმცა ის, რაც თარგმნილი და გამოცემულია, ძალიან ცოტაა იმასთან შედარებით, რაც ორიგინალის ენაზე არსებობს...
ჩვენც შევეცადეთ მცირეოდენი წვლილი შეგვეტანა, ასე ვთქვათ, “ქართულ რუმოლოგიაში (...ან ჯალალოლოგიაში)” და ამ მიზნით ვთარგმნეთ ყაზალები, რობაიები, იგავები და აფორიზმები, კომენტარები და ლექსიკონი დავურთეთ აღმოსავლელი ბრძენის ნააზრევს...

მეექვსე წიგნად “მთარგმნელის ბიბლიოთეკის” სერიაში განზრახულია იტალიელი პოეტის, ფრანჩესკო პეტრარკას, სონეტების ქართული თარგმანების გამოცემა.


წიგნი ააწყო და დააკაბადონა - ალექსანდრე ელერდაშვილმა

ნახატები და ილუსტრაციები ამოღებულია ბოლოსწინა გვერდზე ჩამოთვლილი გამოცემებიდან და ინტერნეტში არსებული სხვადასხვა საიტებიდან.

გარეკანის პირველ და ბოლო გვერდებზე - ჯალალ ედ-დინ რუმის ძეგლი და მავზოლეუმი თურქეთის ქალაქ კონიაში.

მთარგმნელის წინასიტყვაობა

ჯალალ ედ-დინ რუმი კაცობრიობის ისტორიის ერთი ისეთი გამოჩენილი ადამიანია, რომელიც თავის მსგავსებთან ერთად საკუთარი ნააზრევით სულიერად თუ მატერიალურად ასაზრდოებენ მომდევნო თაობებს... თუმცა ყველა თაობა ცდილობს თავის იდეოლოგიურ ჩარჩოებში მოაქციოს მავანი გენიოსის სულისკვეთება და ამა თუ იმ ეპოქის მოძღვრებათა სამსახურშიც კი ჩააყენოს...

ჯალალ ედ-დინ რუმი დაიბადა 1207 წლის, 30 სექტემბერს და გარდაიცვალა 1273 წლის 7 (ან 17) დეკემბერს... მის ბიოგრაფიას და ცხოვრებასთან დაკავშირებულ გეოგრაფიულ რეგიონებს, რა თქმა უნდა, ცალკე მიმოვიხილავთ, ჯერ კი ამ პიროვნების სახელი დავაზუსტოთ და შევარჩიოთ ჩვენთვის მისაღები ვარიანტი.

სახელი

უცნაური ბედი ხვდა წილად ადამიანს, რომელმაც ისე განვლო მთელი ცხოვრება, რომ დაეჭვებული იყო საკუთარი არსების, არსის თუ გარსის თუ მათთან დაკავშირებული ყველა საკითხის რაობასა და ჭეშმარიტებაში... თავადვე ხომ აცხადებდა, რომ არ იცოდა - ვინ იყო და სად არსებობდა... მისმა შთამომავლებმა და თუ მისი საქმიანობით დაინტერესებულმა ადამიანებმაც “წარმატებით მიბაძეს” მას და სახელიც კი ისეთი გაურკვევლობებით აღჭურვეს, რომ პოეტი ამ “ბუნდოვანებას”, მისი ხასიათიდან გამომდინარე, ალბათ, მოიწონებდა კიდეც.
სხვადასხვა ქვეყანაში სახელის თავისებური ვარიანტი არსებობს.
ირანში, როგორც წესი, მას “მევლევიდ” მოიხსენიებენ, რაც ნიშნავს “ჩემს მოძღვარს, ბატონს...”, თუმცა არის მეორე ვარიანტიც - “მევლანა” (მოულანა), რაც თავის მხრივ “ჩვენს მოძღვარს, ბატონს...” ნიშნავს და ამ უკანასკნელს უფრო თურქულენოვანი ხალხი იყენებს...
დაბადებისას მომავალი პოეტისთვის ასეთი სახელი უწოდებიათ: მოჰამად იბნ მოჰამად იბნ ჰოსეინ ჰოსეინი ხათიბი ბაქრი ბალხი.... ყველა დანარჩენი ატრიბუტი ვინაობის მოხსენიებისა მან მოგვიანებით შეიძინა, როგორიცაა: “ჯალალ ედ-დინ” (დიდება სარწმუნოებისა), მევლევი და მევლანა, რუმი (რუმელი... ანუ “რუმ”-ში მცხოვრები) და ა.შ. ირანთან დაკავშირებით შეგვიძლია ყველაფერი ასე შევაჯამოთ: ჯალალ ედ-დინ მოჰამად ბალხი (ბალხელი), ანუ “ბალხს” ანიჭებენ უპირატესობას და არა “რუმს”. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე ცნობილია ფსევდონიმებად მიჩნეული სპარსული სიტყვები, რასაც უფრო ნაკლებად ვხვდებით სამეცნიერო ლიტერატურაში, როგორც თახალოსს, მაგრამ მათი არსებობა მაინც დადასტურებულია, ესენია: “ხოდავანდგარ” (მეუფე, მბრძანებელი) და “ხამუშ” (მდუმარე)... ეს უკანასკნელი ხსენებულ თახალოსადაც აქვს გამოყენებული პოეტს და მის შესახებ ყაზალებთან დაკავშირებულ მცირე წერილში ვისაუბრებთ.  
თურქები “თავისი პოეტის” (როგორც ისინი მიიჩნევენ) სახელს ასეთი სახესხვაობით წერენ: Celâleddin Muhammed Belhi, Celâleddin Muhammed Rûmi.
ტაჯიკები, რომლებიც ასევე “თავის პოეტად” თვლიან ჩვენი საუბრის ადრესატს (ზოგი ვერსიით იგი თანამედროვე ტაჯიკეთის ტერიტორიაზე დაიბადა), რუსული შრიფტით ასე წერდნენ მის სახელს (ასე აწერია ძეგლს დუშანბეში) - Мавлоно Чалолиддин Руми.
ორი ვარიანტი გვხვდება პოეტის ინგლისურენოვან მოხსენიებაში: Jalaluddin და Jalal al-Din; აქ საინტერესო და უცნაურია ფორმა “უდ-დინ”, რასაც სხვა ენებში “ედ-დინ” ან “იედ-დინ” ან “იდ-დინ” შეესაბამება.
რუსული ენაც რამდენიმე სახეობას გვაძლევს: Джалал ад-Дин, Джалаледдин, Джалалиддин, Джелаль ед-дин; ამ უკანასკნელში ერთობ უცნაურად გამოიყურება ე.წ. “მიაგკი ზნაკი” (ь)... რა პრინციპით გაჩნდა ეს “ზნაკი”, გაუგებარია... ასევე ეცნაურია ед-дин (იედ-დინ), რუსები, როგორც წესი, სხვა სახელებში წერენ ასე: Саад-эд-дин,  Халед Мохи эд-Динდა ა.შ
* * *
როგორც ხედავთ, ერთიანი დაკანონებული ფორმა არ არსებობს და ამ მხრივ არც ქართული ენა ჩამორჩება უკვე ხსენებულ ენებს.
ქართულში გვაქვს სამი ვარიანტი: ჯელალ ედ-დინი, ჯალალ ედ-დინი და ჯალალედინი.
ჩვენ ვარჩიეთ ფორმა “ჯალალ ედ-დინ”, რადგან სიტყვა “ჯალალ” (جلال- დიდება) ლექსიკონებში სწორედ “ა” ასოთია გახოვანებული (მეორე “ა” არის გრძელი და მას ვერაფერი შეცვლიდა), თუმცა არც “ჯელალ” არის დიდი უბედურება, რადგამ მოკლე “ა” ქართულში ბევრ სიტყვაში “ე”-ს სახით არის შემოსული. “ედ-დინ” ფორმა, დეფისით დაწერილი, ალბათ, გრამატიკულად არ არის სწორი (დეფისი რაღაც გამოტოვებული სიტყვის სანაცვლოდ იწერება), მაგრამ ქართულ თუ უცხოურ სამეცნიერო ლიტერატურაში ტრადიციულად ასე წერია და ჩვენც იმიტომ შევინარჩუნეთ ის. გარდა ამისა, ასეთი ფორმით - “ჯალალ ედ-დინ” - ამ სახელს განასხვავებს სხვა ისტორიული პირის - ჯალალედინ ხვარაზმელის - სახელისგან და ესეც, ალბათ, ყურადსაღები ფაქტია. არის კიდევ ერთი მომენტი - ქართული ლიტერატურის ტრადიცია ამ “დინ”-ს (სარწმუნოებას), როგორც წესი, მის წინამდებარე სახელთან ამთლიანებს; მაგალითად, გავიხსენოთ “ვეფხისტყაოსნის” პერსონაჟები: ნურადინი (ფრიდონი), შერმადინი, ფარსადანი, სარიდანი და.... ავთანდილიც (როგორც ჩანს, ეს არის “ოუთან ედ-დინ”); ამ ტრადიციით, პოეტ ჯალალ ედ-დინ რუმის სახელი ასე უნდა დაგვეწერა - ჯალალადინი ან ჯალადინი (გაიხსენეთ თუნდაც ჯვაროსნების წინააღმდეგ მებრძოლი სულთანი სალადინი, რომლის სახელი სრულად ასე იწერება სალაჰ ად-დინ იუსუფ იბნ აიუბი); ალბათ, დღეს “ჯალადინს” დავწერდით კიდეც, მისი სახელი შუა საუკუნეებში ლიტერატურული საქმიანობით დაკავებულ ქართველთათვის ცნობილი რომ ყოფილიყო, მაგრამ... ქართველებისთვის კი არა, მას თავად სპარსელები არ სცნობდნენ დიდხანს, როგორც პოეტს (ლიტერატორს) და მას უფრო რელიგიის ფილოსოფოსად და თეოლოგად აღიქვამდნენ, თუმცა ახლაც ასე უფრო აღიქვამენ ირანშიც და სხვაგანაც, რადგან რატომღაც ჯალალ-ედ დინ რუმის შემოქმედება და ზოგადად ნააზრევი მავანთათვის უფრო თავისი მისტიკით და “იდეურობითაა” საინტერესო, ვიდრე იმ უბადლო და უსაზღვრო პოეტური უნარით, რაც მას განგებამ უბოძა...
ასეა თუ ისე, მთელი მსოფლიო ამ გენიალურ ადამიანს მოკლედ ასე მოიხსენიებს და ეს გახლავთ - “რუმი”, რაც არსებითად “რომაელს” ნიშნავს და ამას ის მიზეზი აქვს, რომ სპარსულენოვანი ხალხი აღმოსავლეთ რომის იმპერიას და შემდგომ ბიზანტიას სწორედ ასე უწოდებდა - “რუმ”, ეს არის დაახლოებით დღევანდელი თურქეთის ტერიტორიის აზიური ნაწილი, სადაც მდებარეობს ქალაქი კონია, სწორედ ამ ქალაქში გაატარა ცხოვრების დიდი ნაწილი პოეტმა, ეს ქალაქი რუმის სასულთნოს ცენტრი იყო და სელჯუკთა დიდი იმპერიის უკიდურეს დასავლეთ რეგიონს წარმოადგენდა. 

უნდა აღვნიშნოთ, რომ “რუმ-ი” (ფუძისეული “ი”-თი) ნიშნავს რუმელს/რომაელს... აქედან გამომდინარე, მართლწერის დასაზუსტებლად, გვსურს აქვე დავაზუსტოთ, რომ სწორი ფორმა იქნება: ჯალალ ედ-დინ რუმიმ (...და არა რუმ-მა); ამის დაზუსტება ზედმეტად არ მიგვაჩნია, რადგან ბევრჯერ გვსმენია რუდაქის, ფირდოუსის, ნიზამის, რუმის, საადის თუ ჯამის არასწორი მოხსენიება მოთხრობით ბრუნვაში (მაგ,. ფირდოუს-მა)... სწორი ფორმებია: რუდაქიმ, ფირდოუსიმ, საადიმ, ჯამიმ და ა.შ.

დაბადების ადგილი
მშობლები, მშობლიური ენა
ცხოვრების ადრეული წლები

ჯალალ ედ-დინ რუმის დაბადების თარიღი ზუსტადაა ცნობილი - 1207 წლის 30 სექტემბერი (მთვარის კალენდრის თანახმად, ეს იყო 604 წელი), თუმცა ერთი თურქი მკვლევარი მიიჩნევს, რომ იგი 1184 წელს დაიბადა, მაგრამ ეს ნაკლებად სარწმუნოა... რაც შეეხება დაბადების ადგილს, ასეთ პატივს ორი ქალაქი ეცილება ერთმანეთს: ერთი გახლავთ ახლანდელი ავღანეთის ქალაქი ბალხი, მეორე კი დღევანდელი ტაჯიკეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დასახლებული პუნქტი ვახში. ასეა თუ ისე, ეს ორივე ქალაქი ოდესღაც ისტორიული ირანის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაწილში - ხორასანში - შედიოდა და ჩვენც ზოგადად ხორასნელად მოვიხსენიოთ მოჰამად იბნ მოჰამად იბნ ჰოსეინი, რომელსაც სარწმუნოების დიდება - ჯალალ ედ-დინი - უწოდეს შემდგომში... მის მშობლიურ ქალაქად კი მკვლევართა უმეტეს ნაწილს მაინც დიდი ისტორიისა და ტრადიციების მქონე “ბალხი” მიაჩია... ეს ქალაქი მეორე ათასწლეულის დასაწყისში, ნიშაბურთან და ტუსთან ერთად, არა მარტო ხორასნის, არამედ მთელი ირანის ერთ-ერთი კულტურული ცენტრი იყო... ის ახლაც მდებარეობს ავღანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ქალაქ მაზარი-შარიფიდან ოციოდე კილომეტრში და პატარა დასახლებულ პუნქტს წარმოადგენს... საყურადღებოა ისიც, რომ მარკო პოლოს აქვს დატოვებული გარკვეული ინფორმაცია ბალხის შესახებ და მას (უკვე მონღოლთა შემოსევის შემდეგ, XIII საუკუნის მიწურულსაც კი) “ღირსეულ და დიად ქალაქად” მოიხსენიებს... მანამდე კი, ამ რეგიონში ისლამის დამკვიდრებამდე, ქალაქი ბალხი ზოროასტრიზმის ერთ-ერთი ცენტრიც კი იყო და ზარათუშტრას დაბადების ადგილადაა მიჩნეული, ხოლო “აბრეშუმის გზის” სრული დატვირთვით მოქმედების დროს აღმოსავლეთ-დასავლეთის და ჩრდილოეთ-სამხრეთის საქარავნე გზების გასაყარზე მდებარეობდა და მისი მოსახლეობა ერთ მილიონსაც კი აღწევდა.... 
არაბები ბალხში 645 წელს გამოჩნდნენ, 715 წლიდან კი, სელჯუკთა და შემდგომ მონღოლთა დაპყრობითი ომების დაწყებამდე, მყარად ახორციელებდნენ ამ რეგიონზე ზეგავლენას და ისლამს და მასთან დაკავშირებულ მთელ სოციალურ-კულტურულ სპექტრს ავრცელებდნენ ხორასნიდან შუა აზიის ქალაქებისკენ (ბუხარა, სამარყანდი, ხივა....)

* * *



ჩვენ მიერ სახელდახელოდ მოხაზულ რუკაზე მონიშნულია ის ქალაქები (მხოლოდ თეირანი არ არსებობდა მაშინ), რომლებიც XII საუკუნის დასაწყისში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ არაბეთის ხალიფატის მთელ აღმოსავლეთ ნაწილში (მცირე აზიის ნაწილი, სირია, ერაყი, ირანი, ავღანეთი, შუა აზია, ინდოეთის ნაწილი). ეს ტერიტორია გარკვეული ხნის განმავლობაში (დაახლოებით X-XVII საუკუნეებში, სეფიანთა იმპერიის დაშლამდე) ერთ მთლიან, თუ შეიძლება ასე ითქვას, პოლიტიკურ-კულტურულ რეგიონს წარმოადგენდა მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყოველ საუკუნეში იცვლებოდა ქვეყნების საზღვრები, მმართველი დინასტიები თუ ესა თუ ის დაწინაურებული ტომობრივი კავშირები... მიუხედავად სახელმწიფოებრივი და ადმინისტრაციული საზღვრების გამუდმებული შექმნა-გადაკეთებისა, ხსენებულ რეგიონს მაინც აერთიანებდა, ასე ვთქვათ, კულტუროლოგიური მენტალიტეტი, თუნდაც ის, რომ აქ მცხოვრებ ხალხს ერთმანეთთან საკომუნიკაციოდ შემუშავებული ჰქონდა ენათა დეფინიციის ურყევი წესი: რელიგიის და მეცნიერებისთვის არაბულ ენას იყენებდნენ, პოლიტიკის და სახელმწიფოებრივი მოწყობისთვის თურქულს, ხოლო ლიტერატურა და პოეზია სპარსულად იქმნებოდა. ყოველი განათლებული და საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად დაკავებული ადამიანი თანაბრად ფლობდა სამივე ენას და, ალბათ, ამიტომაცაა, რომ ამა თუ იმ გამოჩენილი ადამიანის ეროვნული კუთვნილება კამათსა და დაეჭვებას იწვევს: ვთქვათ, დაბადებით ან ცხოვრებით მიეკუთვნებოდნენ ერთ რომელიმე თანემდროვე ეთნიკურ რეგიონს, წერით წერდნენ არაბულად, თუ მეცნიერები იყვნენ, ან სპარსულად, თუ პოეტები იყვნენ, საყოფაცხოვრებო საკითხების თუ ეპისტოლარული თხზულებებისთვის კი თურქულს იყენებდნენ. ასე მაგალითად: აზერბაიჯანელები ნიზამი განჯელს თავის პოეტად მიიჩნევენ იმიტომ, რომ ახლანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობდა, არადა, იგი ყველაფერს სპარსულად წერდა და ამიტომაც ირანელებიც მას “თავის პოეტად” თვლიან... ხოსრო დეჰლევი ინდოელი იყო (ქალაქ დელის მკვიდრი), მაგრამ წერდა სპარსულად, აბუ ალი იბნ სინა სამარყანდში ცხოვრობდა, მეცნიერულ ნაშრომებს არაბულად წერდა, რამოდენიმე რობაი კი მისი ავტორობით სპარსულად შემოგვრჩა... იგივე უნდა ითქვას ჯალალ ედ-დინ რუმის (ბალხის) შესახებაც: დაიბადა ავღანეთ-ტაჯიკეთის სასაზღვრო რეგიონში, განათლება, ცხადია, მიიღო არაბულ ენაზე, შემდეგ თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე მოუწია ცხოვრება და მიტომაც თვლიან თურქები “თავის პოეტად” და თურქული ლიტერატურის მამათავრად... იქვე იმ პერიოდში, XII საუკუნეში, ჯერაც არსებობდა ბიზანტიის იმპერია და ამიტომაც ვერ გაექცა იგი ვერც ბერძნული ენის შესწავლას და მისი სიკეთით სარგებლობას, მაგრამ მთელი ის 140 თუ 150 ათასი სტრიქონი, რაც კაცობრიობას დაუტოვა პოეტური მემკვიდრეობის სახით, დაწერილია (ან შეთხზულია და მერე ჩაწერილია) სპარსულ ენაზე... სპარსული იყო მისი მშობლიური ენა. ჯალალ ედ-დინ რუმის შემოქმედების შემსწავლელნი ასახელებენ, აგრეთვე, სხვა ენებზე შეთხზულ პოეტურ ქმნილებებს, მაგრამ მათი რაოდენობის გარკვევისას დარწმუნდებით, რომ ეს მხოლოდ გამონაკლისია და არა ლიტერატურული ფაქტი:
დაახლოებით ათასი ბეითია შემორჩენილი არაბულად და ორმოცდაათამდე ბეითი - თურქულად და ბერძნულად, ეს უკანასკნელი კი არაბული დამწერლობითაა შესრულებული და ბერძნულ ტექსტში ბევრი სპარსულ ან არაბული სიტყვაა ჩართული.
* * *
მოულანას მამა იყო სახელად მოჰამად ბენ ჰუსეინი (დაიბადა 1148 წელს), შემდგომ კი იხსენიებდნენ ასე - ბაჰა ედ-დინ ვალადი (ბრწყინვალება სარწმუნოებისა - بها الدین ولد), მოგვიანებით კი “სულთან ალ-ოლამა” ანუ მეცნიერთა (სწავლულთა) სულთანიც კი უწოდეს (سلطام ال علما); ამ კაცს თავისი ეპოქის შესაბამისად, ანუ ისე, როგორც ყურანის კარგად მცოდნეს შეეფერებოდა, ჰქონდა თეოლოგის და იურისტის სტატუსიც, ცნობილია დედის სახელიც - მუმინე-ხათუნი (“მუმინე” - ღვთისნიერი, ერთგული და “ხათუნი” - ქალი, ქალბატონი)
ბაჰა ედ-დინ ვალადი განათლებული და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი კაცი იყო და მას ხშირად უხდებოდა ხორასნის მეორე, ალბათ, უფრო მნიშვნელოვან ქალაქ ნიშაბურში ჩასვლა (ეს ომარ ხაიამის მშობლიური ქალაქია); ნიშაბურში მან ერთხელ თავისი შვილი, ყრმა მოჰამადიც წიაყვანა და იქ შეხვდნენ იმ დროისთვის უკვე სახელმოხვეჭილ სპარსელ პოეტს და სუფზმის ერთ-ერთ გამოჩენილ მოღვაწეს ფარიდ ედ-დინ ათარს (დაიბადა 1141 წელს); როგორც წესი, დიდი ადამიანების შესახებ შთამომავლები ლეგენდებს თხზავენ ხოლმე და ხშირად ამას ამა თუ იმ იდეოლოგიურ-რეგლიგიურ მოძღვრებათა გასამყარებლად იყენებენ. სახელოვანი ფარიდ ედ-დინ ათარის და მომავალი პოეტის, ჯალალ ედ-დინ რუმის შესახებაც ყვებოდნენ სუფიზმის და მის მსგავს მოძღვრებათა მიმდევარნი ნაირგვარ ამბებს (...წიგნიც კი შეკრეს ამ ლეგენდებით ასეთი სათაურით - “სიბრძნის ასი ამბავი ანუ მევლანას - ჯალალ ედ-დინ რუმის _ ცხოვრება); რუმის ბავშვობიდანვე მიაწერეს სასწაულებრივ მოვლენებთან დაპირისპირება, უზენაეს სამყაროთაგან მოვლენილ სულებთან შეხვედრები და ა.შ. სასწაული, ალბათ, იყო ის, რომ სპარსული პოეზიის ეს ორი დიდი წარმომადგენელი მართლაც შეხვდა ერთმანეთს ცხოვრებაში, სხვა დანარჩენის რელურობა კი თავად განსაჯეთ:
სულთამხილავმა ფარიდ ედ-დინ ათარმა მის მეგობრის ბაჰა ედ-დინის ვაჟის არსებაში თავისი მემკვიდრე, მომავალში სრულიად სუფიზმის უპირველისი მოძღვარი განჭვრიტა და მას აჩუქა თავისი მისტიკური პოემა - “ასრარ-ნამე” (იდუმალებათა წიგნი) - და ამ ძღვენს საგანგებო ღვთიური კურთხევაც (ბარაქა) მიაყოლა, რითაც მომავალი პოეტი და მოძღვარი შეძლებდა ადამიანში სულიერი “არხების” გახსნას და უზენაესი სამყაროს შეცნობას. მის მამას კი უთხრა: “შენი შვილი დედამიწაზე აღანთებს ცეცხლს, რითაც ღვთისმსახურებას გამაოგნებელი ელვარება შეემატება”...
* * *
1219 წელს (ზოგი ვერსიით - 1217 წელს) ბაჰა ედ-დინ ვალადი იძულებული შეიქნა ოჯახთან ერთად, გასცლოდა მშობლიურ ქალაქს და მთელ ხორასანს, რადგან მონღოლთა შემოსევები სულ უფრო ხშირი და აუტანელი გახდა და მათი ტირანიის უღელქვეშ ცხოვრება ნამდვილად შეუძლებელი გახდა. ნათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელიაო - და მათ, მონღოლების კვალდაკვალ დევნის გამო, დაიწყეს მოგზაურობა და მოიარეს იმდროინდელი აღმოსავლური სამყაროს ყველა დიდი ქალაქი თუ წმინდა ადგილი და ბოლოს ორიოდე წლით დაფუძნდნენ რუმის სასულთნოს პატარა ქალაქ მალათიაში, შემდეგ აკშეჰირში, ყარამანში და ლარენდაში, სადაც გაატარეს ცხოვრების შვიდი წელი... 1225 წელს გარდაიცვალა დედა, მუმინე-ხათუნი,  ამავე წელს ჯალალ ედ-დინი დაქორწინდა გოუჰარ-ხათუნზე... ერთი წლის შემდეგ მათ შეეძინათ ვაჟი - სულთან-ვალედი, რომელმაც შემდგომში დაწერა პოემა “ვალად-ნამე” - პაპის და მამის ცხოვრების ამსახველი პოეტური ქმნილება, ასევე “ფიჰე მა ფიჰე” (მასშია ის, რაც მასშია) - მევლანას რჩევა-დარიგებანი, სენტენციები და გამონათქვამები. რუმის პირველ მეუღლესთან ჰყავდა კიდევ ერთი ვაჟი - ალა ედ-დინ ჩალაბი, გოუჰარ-ხათუნის გარდაცვალების შემდეგ კი მეორედ იქორწინა და შეეძინა ვაჟი და ასული: ამირ ამილ ჩალაბი და მალაქე-ხათუნი.

ქალაქი კონია
რუმის სასულთნო

ლარენდაში გატარებული მშვიდი და უზრუნველი ცხოვრება დასრულდა იმით, რომ სულთანმა ალა ედ-დინ ქეი-ყობადმა (ზეობის წლები - 1219-1236) პირადად მიიწვია ბაჰა ედ-დინ ვალადი რუმის სასულთნოს მთავარ ქალაქ კონიაში და შესთავაზა სათავეში ჩასდგომოდა ერთ-ერთ ღირსეულ პრესტიჟულ სასულიერო სასწავლებელს... პოეტის მამამ ეს მიწვევა მიიღო და ოჯახი 1928 წელს კონიაში გადასახლდა, 1231 წელს კი ბაჰა ედ-დინ ვალადი გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა 24 წლის ჯალალ ედ-დინმა და მაშინვე შევიდა ადგილობრივ რელიგიურ ავტორიტეტთა ელიტარულ წრეში.
ქალაქი კონია ახლანდელი თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ცენტრალური ანატოლიის ზეგანზე მდებარეობს და არის კონიის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი (მოსახლეობა - თითქმის 1,5 მილიონი); ეს ქალაქი უძველესი დროიდანაა ცნობილი იკონიუმის სახელწოდებით და იხსენიება ძველი ფრიგიის ქალაქებს შორის. ძვ.წ.აღ. I _ ახ.წ.აღ. III საუკუნეებში შედიოდა რომის იმპერიის, ხოლო შემდეგ - ბიზანტიის იმპერიის შემადგენლობაში... შემდეგ ისევე, როგორც მთელი მახლობელი აღმოსავლეთი, შევიდა არაბული ხალიფატის შემადგენლობაში, ხოლო 1077-1307 წლებში იყო რუმის (იგივე კონიის) სასულთნოს ნაწილი, 1096 წლიდან კი მისი პოლიტიკურ-ადმინისტრაციული ცენტრი. XIII საუკუნის პირველ მეოთხედში, როცა ჯალალ ედ-დინ რუმის მამის ხორასნიდან დევნილმა ოჯახმა თავი შეაფარა რუმის სასულთნოს, ეს ფეოდალური სახელმწიფო თავისი აღზევების ზენიტში იყო უკვე ხსენებული სულთნის ალა ედ-დინ ქეი-ყობადის ზეობისას და მისი საზღვრები ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიათა შემოერთების ხარჯზე დარდანელის და ბოსფორის სრუტეებამდეც კი ვრცელდებოდა, თუმცა 1243 წელს რუმის სასულთნოს ჯარმა ქოსე-დაღის ბრძოლაში მონღოლების მორიგ შემოსევას ვერ გაუძლო, დამარცხდა და მათი ვასალი გახდა... 1307 წელს კი საერთოდ შეწყვიტა არსებობა და შემდგომში ოსმალეთის დიდი იმპერიის ნაწილი გახდა...
როგორც ვთქვით, XIII საუკუნის დასაწყისში კონიას და მთლიანად რუმის სასულთნოს შუა აზიიდან, ხორასნიდან და ცენტრალური ირანიდან თავი შეაფარეს მონღოლთაგან დევნილმა რელიგიურ-სამეცნიერო თუ კულტურულ-ლიტერატურული წრეების ცნობილმა წარმომადგენლებმა... 1232 წელს თერმეზიდან კონიაში ჩავიდა ჯალალ ედ-დინის მამის ახლო მეგობარი საიდ ბურხან ედ-დინ და მთელი თავისი მოღვაწეობა მეგობრის შვილის აღზრდა-განათლებას შესწირა, ცხრა წლის განმავლობაში იყო ჯალალ ედ-დინი თერმეზელი სწავლულის მიურიდი (მოსწავლე), რომელთაგან შვიდი წელი მათ ერთად გაატარეს დამასკის და ჰალაბის (ალეპოს) სასულიერო სასწავლებლებში, ხოლო კონიაში დაბრუნების შემდეგ, მათ იქ სხვა სულთანი - ღიას ედ-დინ ქაიხოსრო II მეორე დახვდათ, რომელმაც კვლავ მიიწვია ჯალალ ედ-დინი მედრესეს ხელმძღვანელად და მას უკვე მიეცა უფლება დიდგვაროვანთა შვილების მოძღვარიც ყოფილიყო.

1240-44 წლები

ეს იყო წლები სიმშვიდისა და ზომიერებით გაჯერებული ცხოვრებისა, თითქოს ბედმა მისცა საშუალება ჯალალ ედ-დინ რუმის დიდი მღელვარებით და საოცარი შემოქმედებით აღმასვლის წინ მოეთქვა სული და საკუთარი თავი ოჯახზე ზრუნვისა და მედრესეს საქმიანობისთვის მიეძღვნა... მისი ბიოგრაფები კი კვლავაც ცდილობდნენ ამოეკითხათ მისი სასწაულებრივი უნარი თუნდაც მშვიდ ცხოვრებაში და წერდნენ, რომ მონღოლთა შემოსევებს იგი ლოცვითა და შეუცნობელ სამყაროსთან ურთიერთობით ეწინააღმდეგებოდა და ამით მან რამდენიმე წლით გადაწია ველურ ურდოებთან დამარცხება მისი უკვე მშობლიური რუმის სასულთნოსი... ჩვენთვის კი საინტერესო ის არის, რომ ამ წლებში ჩაისახა იდეა თუ სურვილი იმისა, რომ მას დაეწერა რაღაც კომენტარის მსგავსი ტექსტები ყურანისთვის, ოღონდ სპარსულ ენაზე და ეს იდეა მან მოგვიანებით განახორციელა, როცა შექმნა “მასნავი-იე მა’ნავი”, ყველაზე დიდი ნაწარმოები მისი შემოქმედებისა. დროთა განმავლობაში ეს “მასნავი/მესნევი” იმდენად მნიშვნელოვანი ნაწარმოები გახდა, რომ მას “სპარსულენოვანი ყურანიც” კი უწოდეს.
...მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა...

შამს-ე თაბრიზი ანუ "თავრიზის მზე"

1244 წლის 26 ნოემბერს მოხეტიალე დერვიში შამს ედ-დინ მოჰამად თავრიზელი მოულოდნელად გამოჩნდა ქალაქ კონიაში, სადაც იგი დამასკიდან ჩავიდა... ერთ მშვენიერ დღეს ამ დერვიშმა დაინახა მისკენ მიმავალი კაცი, რომელიც დარბაისელი სახით იარებოდა და გარს ერტყა მოსწავლეთა და თაყვანისმცემელთა ბრბო... აშკარად ჩანდა, რომ ეს კაცი ქალაქის წარჩინებული პირი იყო და მას უკვე ჯალალ ედ-დინი ერქვა... დერვიში წამოდგა და გაეშურა მისკენ და მათ შორის შედგა მოკლე საუბარი რელიგიურ თემაზე, რამაც იმდენად დააინტერესა ორივე, რომ ისინი პრაქტიკულად განუდგნენ მიწიერ ცხოვრებას და 16 თვის განმავლობაში საუბრობდენ მათთვის საინტერესო საკითხებზე და მათ ერთმანეთისთვის შექმნეს ერთგვარი სამყარო, მისტიკური განცდებითა და ვნებებით სავსე... შამს ედ-დინ თავრიზელი იდუმალებით მოცული პიროვნებად დარჩა ყველასთვის და ვარაუდობდნენ კიდეც, რომ ეს წარმოსახვითი, ლეგენდარული პიროვნება იყო ისეთივე, როგორც ბევრი სხვა, ვინც სპარსელი პოეტების ფანტაზიით შეიქმნა, მაგრამ ირკვევა, რომ ეს ნამდვილად არსებული ისტორიული პიროვნება გახლდათ, ვინც რადიკალურიად შეცვალა ჯალალ ედ-დინ რუმის ცხოვრება და შეიძლება ითქვას, რომ გახდა ბიძგისმიმცემი და სულისჩამდგმელი იმ პოეტისთვის, ვინც კაცობრიობის ისტორიაში სუფიზმის უდიდეს წარმომადგენლად ითვლება. სულ მალე ეს იდუმალებით მოცული პიროვნება ისევე უცნაურად გაქრა კონიიდან, როგორც გამოჩნდა...  ვარაუდობდნენ, რომ იგი 1247 წელს მოკლეს, მაგრამ მისი ნეშტი ვერსად იპოვეს და იდუმალება იდუმალებადვე დარჩა... ამ ფაქტმა უდიდესი ტკივილი და ვნებათაღელვა გამოიწვია მისი მეგობრის, მომავალი დიდი პოეტის ცხოვრებაში... აქ ერთგვარი ანალოგია ჩანს იტალიელი პოეტის, ფრანჩესკო პეტრარკას და მისი მუზის, თითქმის წარმოსახვითი სატრფოს ლაურას სახესთან... ისევე როგორც რუმი, პეტრარკაც ერთხელ მოიხიბლა უმშვენიერესი არსების ხილვით და შემდეგ წერდა მხოლოდ მისთვის და მასზე მაშინაც კი, როცა აღარ იყო ცოცხალი მუზა მისი შემოქმედებისა...
ასეა თუ ისე, ჯალალ ედ-დინ რუმის ცხოვრება შეიცვალა და როდესაც იგი დაუბრუნდა მედრესეს და განაგრძო თავისი საქმიანობა, მსმენელებს და მოსწავლეებს იგი უკვე “შამს-ე თაბრიზის”, მისთვის სიცოცხლის მზის სახელით ესაუბრებოდა და ჭეშმარიტების შესაცნობად საკუთარი არსების შეცნობას სთავაზობდა და თან მრავალ იგავს იშველიებდა ან იქვე თხზავდა ექსპრომტად უცნაური სულიერებით და აზრებით განმსჭვალულ ლექსებს (....რასაც იწერდნენ მოსწავლეები და შემდეგ ავრცელებდნენ და ინახავდნენ). იმავე წლებში დაარსდა მავლავის ორდენი ანუ “მოცეკვავე დერვიშთა ძმობა”, რომლის წევრებიც სიცოცხლის იდუმალებასა და სიბრძნეში წვდომას ცდილობდნენ სულიერი ექსტაზის, სიმღერის, ცეკვის და პოეზიის საშუალებით....
“შამსის” გაქრობის შემდეგ ჯალალ ედ-დინ რუმი ერთხანს სასოწარკვეთილებამ მოიცვა, მაგრამ ამას მოჰყვა კიდევ ერთი “სასწაული” მის ცხოვრებაში (...რაც ასე ძალიან უყვართ მისი ბიოგრაფიის მთხზველებს): მედრესეს მასწავლებელმა და მოძღვარმა უცებ იგრძნო, რომ შამსის სული მის სხეულში ჩასახლდა და ერთ ”მიწიერ ჭურჭელში” ორმა სუბსტანციამ განაგრძო ერთად სიცოცხლე. სწორედ ეს იყოო მიზეზი - წერენ ბიოგრაფოსები - რომ ნიაღვარივით წამოვიდა მისი არსებიდან პოეტური ქმნილებები და ამ ყველაფრის ავტორად თვლიდა არა საკუთარ თავს, არამედ მასში მცხოვრებ მეორე “მე”-ს, რომელსაც “შამს-ე თაბრიზის” სახელით წარმოადგენდა ყაზალების ბოლოს (...თითქმის როგორც თახალოსს). სწორედ ამ პერიოდში, 1247-1273 წლებში შეიქმნა მთელი ის ლიტერატურული მემკვიდრეობა, რამაც ჯალალ ედ-დინ რუმის საქვეყნოდ გაუთქვა სახელი, როგორც მის თანამედროვე ეპოქაში (...რაც იშვიათი გამონაკლისია), ასევე მომავალ ეპოქებშიც და იმდენადაც კი, რომ, მაგალითად, 2001 წელს აშშ-ში კოლმან ბარქსის (Colman Barks) მიერ თარგმნილი ყაზალები და რობაიები ჯალალ ედ-დინ რუმისა 500 ათასი ტირაჟით გაიყიდა და რუმი აღიარეს აშშ-ს 21-ე საუკუნის პირველი ათწლედის ყველაზე პოპულარულ პოეტად...
ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მავლავის დერვიშთა საძმო, რომელიც დღემდე არსებობს, მხოლოდ რუმის პოეზიის ნიმუშების თანხლებით მართავს მედიტაციებს და მისტიკურ რიტუალებს. სანამ ჯალალ ედ-დინ რუმის ცხოვრების სხვა საკვანძო ეტაპებსა და მოვლენებს განვიხილავთ, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ზოგადად სუფიზმის შესახებ....

სუფიზმი

სუფიზმის არსის წარმოსაჩენად ჯალალ ედ-დინ რუმის შემოქმედების შესწავლაა საჭირო (...და არა მხოლოდ თარგმნა), ამასთანავე იმ ზღვა მასალასთან გაცნობა, რაც სუფიზმის შესახებაა დაგროვილი მთელი მსოფლიოს სამეცნიერო წრეებში... წიგნის ბოლოს არის ჩამონათვალი ყველაზე საინტერესო გამოკვლევებისა სხვადასხვა ენებზე და მათი მოძიება დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ თუნდაც ინტერნეტის ელექტრონულ ბიბლიოთეკებში, ამჯერად კი გთავაზობთ ფრაგმენტებს ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის წერილიდან, სადაც ყველაფერი გასაგებად და ნათლად წერია (ირანული პოეზია, შესავალი წერილი, გვ. 22-25):
“სუფიზმი ჩაისახა არაბეთში VIII ს დასაწყისში, ე.ი. მისი გენეზისი უშუალოდ მოსდევს ისლამის წარმოშობასა და გავრცელებას. თვით ტერმინს უკავშირებენ არაბულ სიტყვას “სუფ”, რაც ნიშნავს შალის უხეშ ქსოვილს, რომლითაც ამ მოძღვრების მიმდევარნი იმოსებოდნენ. სუფიზმი, როგორც მისტიკური ხასიათის რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, უაღრესად რთულ სისტემას წარმოადგენს, რომელიც ჯერ კიდევ სათანადოდ არ არის შესწავლილი და გამოკვლეული. მასში ნეოპლატონური, ქრისტიანული, ბუდისტურ-ჰინდუისტური თუ ძველ ირანულ რწმენათა იდეები ისეა გადახლართული, რომ საკმაოდ ძნელდება ამ რთული სინთეზური მოძღვრების ჯეროვანი მეცნიერული ანალიზი...
ირანულ სამყაროში სუფიზმი, უმთავრესად, იმ თვალსაზრისით იპყრობს ყურადღებას, რომ იგი იქცა პოეტურ ფილოსოფიად, რომელმაც უაღრესად დიდი ზეგავლენა მოახდინა არა მხოლოდ სპარსულ კლასიკურ მწერლობაზე, არამედ მთელი მახლობელი აღმოსავლეთის (და ნაწილობრივ ინდოეთის) პოეტურ აზროვნებაზეც. ამ მსოფლმხედველობამ შეიმუშავა სპეციალური ტერმინოლოგია, რომელმაც უაღრესად საინტერესო და თავისებური პოეტური სიმბოლიკის სახე მიიღო. მასში, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივსა და ყოველდღიურ ცნებათა მიღმა იმალება მისტიკურ-ფილოსოფიური სემანტიკა, რომლის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ამა თუ იმ ნაწარმოების ჭეშმარიტი არსის წვდომა.
სუფიზმის.... ძირითადი დებულებები მარტივად და სქემატურად შესაძლოა ასე ჩამოყალიბდეს: სამყაროში არსებობს მხოლოდ ერთადერთი რეალობა _ აბსოლუტი, ღმერთი, სიყვარულის შინაგანი პოტენცია მას აიძულებს განესხვისოს საკუთარ ერთარსებას, რათა გაიჩინოს სიყვარულის ობიექტი. ეს განსხვავება (ემანაცია) წარიმართება დამავალ-აღმავალი გეზით: ღმერთი _ კრისტალი _ ფლორა _ ფაუნა _ ადამიანი _ ანგელოსი _ ღმერთი, მაგრამ ეს საფეხურეობრივი იერარქია მოჩვენებითია და ჭეშმარიტ რეალობასთან არავითარი კავშირი არ გააჩნია. ვინაიდან ერთადერთ რეალობას თვით აბსოლუტი წარმოადგენს, ადამიანის ინდივიდუალობა და მთელი მისი გარემომცველი სამყარო, ზნეობრივ-ეთიკური კატეგორიები, სიკეთე და ბოროტება მხოლოდ მოჩვენებაა და სხვა არაფერი. ადამიანი, რომელიც ამ მოჩვენებითი ინდივიდუალობის ტყვეობაში იმყოფება. უნდა ცდილობდეს “მე”-ს საზღვრების გადალახვას და თავისსავე არსებაში ღვთაებრივი საწყისის წვდომას...
ზემოთქმულიდან გამომდინარე, სუფიური მოძღვრება ადამიანისგან მოითხოვს საკუთარი “მე”-ს ჩახშობას და იმის შეგნებას, რომ ჭეშმარიტი “მე” არის ღმერთი “ჩემში” არსებული. ეს უდრის აბსოლუტის წვდომას და მასთან შერწყმას. ამის მისაღწევად არსებობს ერთადერთი გზა _ სულიერი ექსტაზი, რომელიც ადამიანს თავს ავიწყებს და გამოჰყავს იგი მაცთუნებელი, მოჩვენებითი რეალობის ტყვეობიდან. ასეთი თავდავიწყება სუფიზმის უპირველესი მოთხოვნაა.
ამრიგად, ირანელ მისტიკოსთა პოეტურ კონცეფციაში ღმერთი იქცა მშვენიერ “სატრფოდ”, ხოლო ადამიანი მისგან “განშორებულ”, ტანჯულ მეტრფედ, “მიჯნურად”, ამასთანავე მისტიკურმა ექსტაზმა მიიღო მათრობელა “ღვინის” სიმბოლური სახე. ამ სამი პირობით წერტილის შეერთებით იქმნება მარტივი სქემა, სამკუთხედი, რომელიც გამოხატავს ირანელ მისტიკოსთა პოეზიის არსს. სატრფოსაგან (ღმერთისგან) განშორებული პოეტი (ადამიანი) ეძალება ღვინოს (სულიერ ექსტაზს), რათა მასში ჩაახშოს ამ განშორებისგან გამოწვეული სევდა და მიაღწიოს სანეტარო შეერთებას (ღმერთთან); აქედან მომდინარეობს სუფიური პოეზიისთვის დამახასიათებელი განშორების მოტივი (რომელიც, რასაკვირველია, არსებობდა სუფიზმამდელ პოეზიაშიც, მაგრამ მისტიკოსებმა თავისებური სემანტიკით აღჭურვეს იგი) და ამ ტრაგიკული საკითხის ჰედონისტურ პლანში გადაწყვეტა (რაც სუფიზმმა ასევე ისესხა ადრინდელი პოეზიისგან და მასაც მისტიკური გაგება მისცა)....~

ჯალალ ედ-დინ რუმი 
სხვადასხვა ეპოქის იდეოლოგიურ ჩარჩოებში

როგორც წინასიტყვაობის დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ყოველი ეპოქა თავისებურად ცდილობდა რუმის შემოქმედების წარმოჩენას და საკუთარი, კონკრეტულ ეპოქაში გამეფებული შეხედულებებით აშუქებდა გენიალური პოეტის ნააზრევის წარმოჩენას; ასე მაგალითად: საბჭოთა ეპოქაში, როდესაც ზოგადად რელიგია და რელიგიურობა ძალიან დიდ ნაკლად და დანაშაულად იყო მიჩნეული, ვერ გაურბოდნენ რა ჯალალ ედ-დინ რუმის ფენომენს, მის შესახებ სამეცნიერო თუ პუბლიცისტურ ნაწარმოებებს სწორედ ანტირელიგიური ნიშნით ქმნიდნენ:
“...использовав теологическую одежду взглядов поэта, реакционное духовенство принялось истолковывать гуманистический смысл его поэзии в ортодоксально-религиозном духе. Поэт не верил ни в какие чудеса, кроме «чуда человеческого сердца». После его смерти сочинители житий поэта в богоугодном усердии стали изображать его «святым чудотворцем». Всю жизнь поэт сражался с религиозной догматикой и обрядностью, сковывавшими живую мысль и чувство. После смерти поэта его привычки и обыкновения, его пляски и манера одеваться, самые его стихи были канонизированы, превращены в часть религиозного обряда. Все это привело к тому, что бунтарская суть его поэзии, его жизненный подвиг оказались погребенными под семивековым прахом богоугодных истолкований”. (Радий Фиш, Джалалиддин Руми, Москва, 1972, стр. 6)
კიდევ ციტატა;
Несмотря на усиленное сопротивление поборников правоверного ислама, идеи Джалалиддина Руми все больше проникали в гущу народа, находили свое признание и идеологам Ислама ничего не оставалось, как смириться с их возрастающей популярностью... уже с середины 19-го века, благодаря появлению революционно-демократических идей, в мусульманском мире стала возможной оценка творчества Джалалиддина Руми в ином разрезе - в плане противопоставления идейной направленности его творчества канонам мусульманской религии (Нодир Одилов, Мировоззрение Джалалиддина Руми Издательство “Ирфон”, Душанбе, 1974)

ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, აბსურდია, ანუ ჯალალ ედ-დინ რუმის შემოქმედების მიჩნევა ანტირელიგიურ ფენომენად, მაგრამ არც ის არის ჭკუასთან ახლოს, რომ ყველაფერი მისტიურ საბურველში გაეხვიოს და სხვა არაფერი ჩანდეს, სუფიზმის გარდა. მავლანას შემოქმედების მხოლოდ (ისლამის) რელიგიური ფილოსოფიის კუთხით განხილვაც გარკვეულწილად ჩარჩოებში აქცევს მას და შეუმჩნეველი რჩება ბევრი სხვა ზოგადსაკაცობრიო სულისკვეთება...

ჯალალ ედ-დინ რუმი და საქართველო

იყო თუ არა რუმი ნამყოფი საქართველოში? იცოდა თუ არა მან ქართული ენა ან თუნდაც ჰქონდა თუ არა წარმოდგენა ქართულ ლიტერატურაზე? რა იცოდა საქართველოს შესახებ?
ეს კითხვები საფუძვლიანად აწუხებს ბევრ ქართველ მკვლევარს თუ ჯალალ ედ-დინ რუმის ცხოვრებითა და შემოქმედებით დაინტერესებულ ადამიანს და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ პოეტს თავისი ცხოვრების ბოლო პერიოდში ძალზედ მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა რუმის სასულთნოს დედოფალთან გურჯი-ხათუნთან, რომელიც, მოგეხსენებათ, თამარ მეფის ასულის რუსუდანის შვილი იყო და თავადაც თამარი ერქვა... მატიანეთა ცნობით, გურჯი-ხათუნმა ქრისტიანული რწმენა სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა და, როგორც მოსწავლე (მიურიდი) ჯალალ ედ-დინ რუმისა, აუცილებლად მიაწვდიდა ინფორმაციას თავის მოძღვარს საქართველოზე, ჩვენს ენასა და კულტურაზე, იქნებ “ვეფხისტყაოსანზეც”. ეს ვარაუდების სფეროა და არსებობს იმედი, რომ პოეტისა და გურჯი-ხათუნის მიმოწერის შესწავლა ბევრ საინტერესო თემას მოჰფენს ნათელს...
გურჯი-ხათუნის და ჯალალ ედ-დინ რუმის ურთიერთობის შესახებ უკვე ბევრი საინტერესო პოლიგრაფიული, ელექტრონული თუ ვიდეო მასალა არსებობს და ყველას შეუძლია მათი ნახვა ინტერნეტში; სხვათა შორის, ის ერთადერთი პორტრეტი, რომელიც არსებობს პოეტის რეალური გამოსახულებით, ასევე ქართველმა დედოფალმა დაახატვინა რუმის ერთადერთი შემორჩენილი პორტრეტი, ხოლო მავზოლეუმის გუმბათი ქართული არქიტექტურისთვის დამახასიათებელი ფორმით ააშენებინა.
ეს ყველაფერი ცნობილია, მაგრამ უცნობია აკაკი წერეთლის შემოქმედებაში “რუმისეული” მოტივების გამოჩენის მიზეზი... იქნებ აკაკი  პეტერბურგში აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე სწავლისას გაეცნო ან თავად ჯალალ ედ-დინ რუმის ან ვინმე მისი მიმბაძველის შემოქმედებას და მათგან შთაგონებულმა, დაწერა ეს:

ხან უგნური ვარ, ხან ბრძენი,
ხან არც ისა ვარ, არც ისა!
გარემოების საყვირი,
არც მიწისა ვარ, არც ცისა.

ნუ მკიცხავ, მნახო უგნურად,
ნურც გაიკვირვებ ბრძნობასა;
სულ სხვა ჰყავს ხელისუფალი
ამ ჩემს გონება-გრძნობასა.

ეს გული, სარკედ ქცეული,
ბუნების ნათავხედია:
მხოლოდ მის სახეს გიჩვენებთ,
რასაც შიგ ჩაუხედია.

ენაც მას ამბობს, რაც სმენას
სხვისაგან გაუგონია;
ან თვალს უნახავს და ჭკუას
გაუზომ-აუწონია!

თქვენ რომ გგონიათ, ის არ ვარ,
სხვებს რომ ჰგონიათ, არც ისა!
შუაკაცი ვარ უბრალო,
ხან მიწისა ვარ, ხან ცისა.

ცხადია, მტკიცება იმისა, რომ აკაკიმ იცოდა სუფიზმის პრინციპები და მათი გავლენით დაწერა ეს ლექსი, შეუძლებელიცაა და გაუმართლებელიც, მაგრამ მოცემული ლექსი, რომ არ ვიცოდეთ მისი ავტორის ვინაობა, ნამდვილად ჯალალ ედ-დინ რუმის ყაზალის თარგმანად მოგვეჩვენებოდა. რაც შეეხება ზოგადად აკაკი წერეთლის მხრივ სპარსული პოეზიასთან სიახლოვეს და მის ცოდნას, ამაში გვარწმუნებს თუნდაც სათაური ლექსისა “შიქასტა”, რაც სპარსულად დამსხვრეულს ნიშნავს და აღმოსავლური ლირიკის ერთ-ერთ სალექსო ფორმას წარმოადგენდა, ამავეს ამტკიცებს ამ ლექსის აგებულებაც და შინაარსიც, არსებობს კიდევ სხვა მსგავსებანიც ჩვენი მგოსნის შემოქმედებაში, თუნდაც ის, რომ “ბაში-აჩუკი” დაწერა სწორედ აკაკიმ და არა ვინმე სხვამ, მაგრამ ეს უკვე ჯალალ ედ-დინის პოეზიის კრებულის თემატიკას შორდება და აღარ გავაგრძელებთ სიტყვას.
* * *
ქართველი მკითხველი უშულოდ ჯალალ ედ-დინ რუმის შემოქმედებას მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში გაეცნო, როცა მეცნიერებმა და მთარგმნელებმა ხელი მოჰკიდეს რუმის ყაზალების თუ იგავების თარგმნას და ამით ძალიან დიდი საქმე გააკეთეს, რამაც მკითხველთა დიდი ინტერესიც დაიმსახურა. გამოცემულია ბევრი წიგნი, სადაც თავმოყრილია ამბაკო ჭელიძის, მაგალი თოდუას, თამაზ ჩხენკელის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ნომადი ბართაიას, ნოშრევან ჯიშკარიანის, გიორგი ლობჟანიძის შესანიშნავი თარგმანები და დარწმუნებული ვარ, მომავალში კიდევ არაერთი პოეტური კრებული თუ სამეცნიერო ნაშრომი გამოვა.
* * *
ჩემი ნაცნობობა რუმისთან კი სტუდენტობის პირველივე წლიდან შედგა და შემდეგ, როცა უკვე სათანადოდ დავეუფლე სპარსულ ენას ბატონი ჯემალ აჯიაშვილის რჩევითა და დახმარებით შევუდექი თარგმნას და 1987 წელს რამდენიმე ყაზალი ჟურნალ “საუნჯეშიც” დაიბეჭდა. თქვენს ხელთ არსებულ წიგნში მხოლოდ ათიოდეა ისეთი ყაზალი, რომელიც გასული საუკუნის 80-იან წლებში ვთარგმნე, ყველა დანარჩენი მიმდინარე 2014 წელს ითარგმნა.
ქართული თარგმანი, ცხადია, აბსოლუტურ თანხვედრას ვერ დაიკვეხნის, რადგან ის მხატვრულია და ამასთანავე თავისუფალი მიდგომის პრინციპებით არის შესრულებული, რაც პოეტურობის შენარჩუნებას ემსახურება და არა მეცნიერულ სიზუსტეს; მათთვის, ვისაც სურს იცოდეს, თუ რა წერია დედანში შეუცვლელად და შეუბღალავად, ზოგიერთ ყაზალს და ყველა რობაის დავურთეთ ინგლისურ ენაზე შესრულებული სიტყვასიტყვითი თარგმანები.
ე.წ. პოეტური (მხატვრული) თარგმანი, ცხადია, ვერანაირად ვერ იქნება ორიგინალის ზუსტი ასლი და თუ არის ასეთი, მაშინ ის მოკლებულია მხატვრულობის ყველანაირ ღირსებებს... “პოეტური თარგმანი”, გარდა იმისა, რომ ლიტერატურული ნაწარმოებია (წესით უნდა იყოს), მას სხვა მოვალეობაც აკისრია - ის ერთგვარი კომენტარი და ახსნა-განმარტებაა (სხვა ენაზე) დედნისა... ჩემი თარგმანების პოეტურობასა და მხატვრულობაზე, ბუნებრივია, მე თვითონ ვერ ვიმსჯელებ, რაც შეეხება სიზუსტეს (უფრო კარგად თუ ვიტყვით - ორიგინალთან სიახლოვეს), ეს შეგიძლიათ დაადგინოთ ასე: ა) თუ სპარსული იცით, თარგმანზე დართული დედნის საშუალებით გაარკვევთ; ბ) თუ  კარგად არ იცით, ლექსიკონი დაგეხმარებათ ორიგინალის ზუსტად გაგებაში და გ) თუ საერთოდ არ იცით - ინგლისური ან რუსული თარგმანების მიხედვით გაარკვიეთ - რამდენად ვარგა ან არ ვარგა თარგმანი.

წინასიტყვაობის ფინალი

...და როცა ჩაივლის ყველა ის ეპოქა, რომელთა განმავლობაში ადამიანების გონება განთავისუფლდება ყველა მისტიკისა თუ იდეოლოგიისგან, ჯალალ ედ-დინ რუმი თავისი “არაამქვეყნიურობით” კი აღარ მოხიბლავს ყველგან და ყველაფერში სასწაულების და სკანდალების მაძიებელ მკითხველს, არამედ იმ გასაოცარი პოეტური ტექნიკით, მშობლიური ენის უკიდურესად მხატვრული ფლობით და სალექსო “ჟონგლიორობით” (ასე ვთქვათ), რაშიც მას ბადალი არ ჰყავს მსოფლიო პოეზიის იმ წარმომადგენელთა შორის, ვისი შემოქმედებაც ასე თუ ისე წაკითხული მაქვს ორიგინალის ენაზე.... არ გამოვრიცხავ, რომ რუმის კონკურენტები ჰყავს იმ პოეტთა შორის, ვისაც მე არ ვიცნობ, თუმცა ეს სრულიად წარმოუდგენელია - ჯალალ ედ-დინ რუმის პოეტური ტექნიკა, ალბათ, არის მწვერვალი და ზღვარი ადამიანური შესაძლებლობებისა პოეზიაში...

ალექანდრე ელერდაშვილი
11 აგვისტო, 2014 წელი

(ზემოთმოტანილი ტექსტის ციტირების ან მთლიანად გამოყენების შემთხვევაში, გთხოვთ, მიუთითოთ მის ავტორი - ალ.ელერდაშვილი)

 * * *
რამოდენიმე მოსაზრება რუმის "მესნევის" შესახებ


“მესნევი/მასნავი” ქართულად ტრადიციულად ითარგმნება, როგორც “პოემა”, თუმცა სპარსულ პოეზიაში ეს უფრო პოეტურ ფორმასთანაა დაკავშირებული, ვიდრე მის მოცულობასთან და შინაარსთან, ანუ აუცილებელი არ არის “მესნევი” იყოს დიდი ზომის, გარკვეული სიუჟეტის მქონე ნაწარმოები, როგორც ეს “პოემის” შემთხვევაშია.... “მესნევი” საერთო რითმის მქონე მისრებით (ნახევარბეითებით) აგებული პოეტური ქმნილებაა (რითმა აა, ბბ, ცც და ა.შ.) და ზოგადად “დაწყვილებულს, გაორმაგებულს” ნიშნავს. “მესნევის” ფორმას იყენებენ ჰეროიკულ, რომანტიკულ თუ დიდაქტიკური ხასიათის დიდ ნაწარმოებში, თუმცა ზოგჯერ ლირიკაშიც გვხვდება. საერთოდ კი, ამა თუ იმ პოეტის შემოქმედებაში “მესნევი” ჰქვია “დივანისაგან” (ლექსების კრებულისაგან) ცალკე გამოყოფილ ნაწილს და, როგორც ვთქვით, სულაც არ არის აუცილებელი, რომ ის იყოს ჩვენი გაგების “პოემა”.
“მასნავი-ე მა’ნავი”, როგორც ჩანს, ამ ორი სიტყვის აკუსტიკურ-გრაფიკული მსგავსების გამო დაერქვა ამ ქმნილებას, რადგან სხვაობა მხოლოდ ერთ ბგერასა და ასოშია და თუ ავტორის პოეტური შემოქმედების სპეციფიკას გავითვალისწინებთ, აქაც სულაც არ არის მთავარი შინაარსი... მთავარია ფორმა:
مثنوی معنوی

...და თუ უფრო შორს წავალთ და დავაზუსტებთ, რუმის ამ უზარმაზარ პოეტურ ქმნილებას უფრო სრული სახით ასეც მოიხსენიებენ - “მასნავ-იე მა’ნავი-იე მავლავი”, ვხედავთ და გვესმის, რომ ეს სამი სიტყვა ძალიან ჰგავს ერთმანეთს... ჰოდა, თუ პირველი და მესამე თავისთავად არსებული სიტყვა იყო სპარსულ ენაში და პოეტი მას ვერ შექმნიდა, როგორც ჩანს, მან მოისურვა სრული ჰარმონიისთვის მათი მსგავსი მესამე სიტყვაც გამოეყენებინა და, ალბათ, ასე გამოიძებნა სიტყვა “მა’ნავი”, რაც პირველ რიგში გარეგნულ-ხმოვანი მსგავსებით ჩაჯდა სათაურში და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაიმე საგანგებო აზრობრივი დატვირთვა ჰქონდეს.

مثنوی معنوی مولوی 

თუმცა მაინც განვმარტოთ სიტყვა “მა’ნავი”-ს მნიშვნელობა; ლექსიკონებში გვაქვს ასეთი ვარიანტები: 1. სასულიერო; მორალური. 2. ინტელექტუალური; გონებრივი. 3. აზრობრივი. ამიტომაც ბატონი დავით კობიძე პოემის სათაურს ასე თარგმნის ქართულად _ “აზრის შემცველი ორსტრიქონიანი ლექსები” (სპარსული ლიტერატურის ისტორია, გვ. 389). რუსულ სამეცნიერო თუ მხატვრულ ლიტერატურაში გვაქვს ასეთი განმარტება: «Поэма о скрытом смысле». საინტერესოა, საიდან გაჩნდა ეს სიტყვა «скрытый», როცა რუბინჩიკის ლექსიკონში არსადაა ნახსენები, რომ “მა’ნავი” არის “ფარული” (ტომი 2, გვ. 535.); F.Steingass-ის ლექსიკონში არის ასეთი განმარტებები: significant, true, real, intrinsic, essential, absolute, spiritual, flowing from the sense, verbal ანუ არც აქ ჩანს არსად “ფარულობა” და მხოლოდ დეჰხოდას ლექსიკონში, გარდა ყველა ქართულ-რუსულ-ინგლისურად ჩამოთვლილი მნიშვნელობებისა, არის ასეთი დაზუსტებაც “ბათენი, მოყაბელ-ე ზაჰერი” - შინაგანი (დამალული), გარეგნულის საწინააღმდეგო. ასე რომ, ალბათ, შეგვიძლია ქართულად მას ვუწოდოთ “ფარული აზრის პოემა” (სამეცნიერო კუთხით), თუმცა გავიმეორებთ, რომ მთავარი მაინც ის უნდა იყოს, რომ სიტყვა “მა’ნავი”-ს გამოჩენა “მასნავი”-სთან და “მავლავი”-ისთან ერთად უფრო მათი ბგერითი და გარეგნული მსგავსებითაა განპირობებული და არა რაიმე განსაკუთრებული შინაარსობლივი დატვირთვით და მნიშვნელობით. ისიც შეიძლება ვივარაუდოთ, რომ სხვაგვარი ჟღერადობის და მოხაზულობის სიტყვებთან თავად ჯალალ ედ-დინ რუმი (...ან ვინმე სხვა, ვინც ამ თხზულებას “მასნავი-ე მა’ნავი” უწოდა) რაიმე სხვა მესამე სიტყვას გამოიყენებდა.... ასეა თუ ისე, რუმის პოემაში აზრები არის გადმოცემული ცხადადაც და ფარულადაც, გააჩნია, ვინ როგორ აღიქვამს მას, თუმცა “ნეი-ნამეში” გამოთქმული ჩივილი იმის გამო, რომ ადამიანები სალამურის მხოლოდ გარეგნულ (ბგერით) მხარეს აღიქვამენ და ვერ ხვდებიან, თუ რა ტკივილს ატარებს იგი თავისი სხეულის შიგნით, მიგვანიშნებს იმაზე, რომ მთელი პოემა ფარული, იდუმალი, უხილავი აზრებითაა განმსჭვალული და შეიძლება სხვაგვარადაც ვუწოდოთ - “ალეგორიული პოემა”... ასეთი ვარიანტის არსებობაც დასაშვებია....
ერთი სიტყვით, ვარიანტების ნაკლებობა არ იგრძნობა და საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა, ერთი უნდა შეგვერჩია და ვამჯობინეთ, რომ ყოფილიყო რაღაც სხვა, თუნდაც საკამათო, ანუ - “ღრმააზროვანი პოემა”.
ალექსანდრე ელერდაშვილი



მცირეოდენი სტატისტიკური ინფორმაცია 
ჯალალ ედ-დინ რუმის შემოქმედების შესახებ

- სულ ჯალალ ედ-დინ რუმის ლექსთა კრებულის იმ ნაწილში, რომელშიც ყაზალებია გაერთიანებული, 3229 პოეტური ერთეულია განთავსებული და მისი ელექტრონული ვერსიები შეგიძლიათ ნახოთ შემდეგ საიტებზე: http://rumisite.com/ და  http://ganjoor.net/, სადაც,  გარდა ყაზალებისა,  არის რობაიების და მესნევის სრული ტექსტიც.

- მხოლოდ ყაზალების კრებულის (დივანე შამს-ე თაბრიზ - ღაზალიიათ) შესახებ თუ ვისაუბრებთ და მისი მოცულობის დადგენას შევეცდებით, ასეთი სტატისტიკური სურათი შეიქმნება:
თუ ჩავთვლით, რომ ყოველ ყაზალში საშუალოდ 10-11 ბეითია, ესე იგი მთელი კრებული მოიცავს დაახლოებით 35-36 ათას ბეითს, რაც თავის მხრივ 70 ათასი მისრა გამოდის და ეს უკანასკნელი რიცხვი ჩვენ დაგვჭირდება ქართულ სალექსო ფორმებთან შესადარებლად... ერთი მისრა, ანუ ბეითის ნახევარი, ქართულ თარგმანში, როგორც წესი, ერთი სტრიქონის სახით გადმოდის, ანუ 70 ათასი სტრიქონია, დავიმახსოვროთ ეს ოდენობა და რობაიების ნაწილის სტატისტიკურ მხარეს გავეცნოთ... ჯალალ ედ-დინ რუმის დივანის სხვადასხვა გამოცემებში რობაიების რიცხვი მერყეობს 1990-2000 ერთეულის ფარგლებში,  ჩავთვალოთ,  რომ რობაიებში არის ჩვენებური 8 ათასი სტრიქონი
“მასნავ-იე მა’ნავი-იე მავლავი” (ანუ ჩემი ოსტატის ღრმააზროვანი ორსტრიქონედები) ექვსი წიგნის (დავთარის) შემცველი ნაწარმოებია; 1925-40 წლებში ლონდონში გამოცემულ რვატომეულში, გამომცემელთა ინფორმაციით, “მესნევის” 25 632 ბეითია თავმოყრილი... მისი შემადგენელი ნაწილების მოცულობას სხვა წყარო ასე აზუსტებს:
პირველი დავთარი - 4003 ბეითი
მეორე დავთარი - 3810 ბეითი
მესამე დავთარი - 4810 ბეითი
მეოთხე დავთარი - 3855 ბეითი
მეხუთე დავთარი - 4238 ბეითი
მეექვსე დავთარი - 4916 ბეითი

ესე იგი, ქართულად სრული სახით თარგმნის შემთხვევაში, ეს იქნება დაახლოებით 51 ათასი სტრიქონი... ახლა შევაჯამოთ ყაზალებში, რობაიებში და მესნევიში ჩვენი საზომით შესული სტრიქონების რიცხვი და მივიღებთ: 
70 000 + 8 000 + 51 000 = 129 ათასი სტრიქონი.

ალბათ, ესეც საკმარისია იმის წარმოსადგენად, თუ რა მოცულობისაა ჯალალ ედ-დინ რუმის მიერ დატოვებული პოეტური მემკვიდრეობა, თუმცა ცნობილია არაპოეტურიც, ზოგადად - ლიტერატურული (მაგალითად, “ფიჰე მა ფიჰე” - სენტენციების კრებული) თუ ეპისტოლარული, მაგრამ ასეა თუ ისე, დანამდვილებით მისი ხელით დაწერილი და ჩვენამდე შემორჩენილი არის მხოლოდ.... 18 სტრიქონი, ყველა დანარჩენი (სულ 154 ათასი, ანუ პოეტურთან ერთად პროზაულ ქადაგებათა სტრიქონები) არის იმპროვიზაციები, რომლებიც მისი მოსწავლეების მიერაა ჩაწერილი.... (შედარებისთვის - ჰაფეზის დივანში არის მხოლოდ 495 ყაზალი, ესე იგი დაახლოებით 5-6 ათასი ბეითი ანუ ჩვენი 10-12 ათასი სტრიქონი).



თარგმანები 2014 წლის წიგნიდან:

დღეს რა მომდის?! - ვერ გავიგე, რა ხდება...
დღეს ჩემს გულში რაღაც შვება სახლდება..

ჩემს თვალებში, მინდა, სიბრძნე ჩანდეს და
ვინც ჩამხედავს, სიყვარული დახვდება.

ვაგლახ, ჯერაც მიწის ბინადარი ვარ,
მაგრამ ზეცაც ჩემი ბინა გახდება.

ჩემი სული მიწიდან სჭვრეტს სატრფოს და
მალე ცაში ყოფნის ნატვრაც ახდება.

და თუ ტატნობს შეეპარა წყვდიადი,
ჩემი ტრფობის შუქით კვლავ განახლდება.

ჩემი მკერდის კოცონით და ალებით
ქვის მკერდშიაც, ვხედავ, ცეცხლი ჩაღდება.

ჩემი სატრფოს ხიბლითა და სილაღით,
ჩემს ბაგეზეც სიტკბოება ლაღდება.

თავრიზის მზის სულის ასამაღლებლად,
ეს სამყარო თავად ჩემში მაღლდება.

* * *

შენ სულთანო, შენ სულთანო ჩემო და...
   შენ იმედის და ნუგეშის მცემო და...
ჩემში ცოცხლობ, ერთი სულით კი არა,
   ასი სულის მსუნთქავ-გამომცემო და...
მე უშენოდ პური შხამად მერგება,
   წყალი ხარ და ჩემი პურის გემო და....
სიმწარეში სიტკბოების მჩენო და...
   სიავეში ჩემო გადამრჩენო და...
ბაღო ჩემო, ყვავილების ველო და....
   ლერწამო და საროვ, ბაღის მცველო და...
მზევ და მთვარევ, ცის ტატნობზე მსვლელო და...
   საგანძურო ახალო და ძველო და...
სჯობს სიტყვები შეწყდეს უსაშველო და
   იგრძნობ, ჩემი სული როგორ გელოდა.

* * *

ჩვენი გულის შუქს და ნათელს შენთა თვალთა ვნება ახლავს,
ჩვენს ფრენას და აღმაფრენას შენი სულის გზნება ახლავს.

შენს ღიმილში ჯადო რა დევს, წამიერ რომ კურნავს დარდებს?!
ჩვენს ბაღნარში გაშლილ ვარდებს, შენი სურნელება ახლავს.

მთვარეც შენკენ ნატრობს ფრენას, გაფრქვევს სხივებს ფენა-ფენას,
შენი თმების ჩრდილთა ფენას სიმშვიდე და შვება ახლავს.

შენთა ფეხთა გზას და სავალს ჩვენ აღვუვლენთ ლოცვას მრავალს,
ჩვენთვის ხსნას და გამოსავალს მხოლოდ შენი ნება ახლავს.

შენკენ დავალთ, ვივლით სხვა სად? ჩვენთვის სხვა გზა დარჩა არსად...
სხვა არვინ ჩანს ტრფობის არსად... შენს არსს სულ სხვა ცნება ახლავს.

და თუ მაინც გულმა ზრახა სხვა გზა და სხვა სატრფო ნახა,
მის წამიერ ღალატს მუდამ შენთან დაბრუნება ახლავს.

ჩვენ სიცოცხლეს თუ ვგრძნობთ თრობით, ეს არს შენი არსებობით,
შენს წყაროში შესვლას ჩვენთვის უღრმეს ფსკერზე დება ახლავს.

ოქროდ გთვლით და გიჩნევთ ვერცხლად, მით სიცოცხლე გვექცა ცეცხლად,
შენთან ყოფნის მაძიებელს მარტოობის სნება ახლავს.

მარად შენთან დავხრით თავს და შენგან ვიგრძნობთ კარგს და ავს და
შენი სული ჩოგანს ჰგავს და ჩვენსას ბურთად გდება ახლავს.

აწ დუმილი მმართებს ისევ, ისევ ფიქრებს შემოვისევ,
ჩემს ძახილს და შენკენ ლტოლვას ბოლოს დადუმება ახლავს.

* * *
გული ჩემი, გული ჩემი, გული ჩემი შენია,
სახე შენი, სახე შენი ბრწყინვალების მჩენია.

სატრფოვ ჩემო, სატრფოვ ჩემო, თუ მომთხოვე მე სული,
შენ გიბოძებ, შენ გიბოძებ... მე სხვა რა დამრჩენია!

ხელი შენი, ხელი შენი მოწყალებით გაშლილი...
ბაგე შენი, ბაგე შენი სიტკბობების მფენია.

სუნთქვა შენი, სუნთქვა შენი სიცოცხლეა სულისა,
ღვინო შენი, ღვინო შენი ჩვენი გადამრჩენია.

კარი შენი, კარი შენი ჩვენს სამადლოდ იღება...
შენი ვარდის, შენი ვარდის ელვარება ჩვენია...



ის, რაც ქვემოთ წერია, თარგმნილია 1980-85 წლებში....

* * *

ეჰა, შენ სულო, სრულთაგან სრულო,
ხარ სულთა სული და კიდევ რაღაც;
ჰე, სასწაულთა დღესასწაულო,
ხარ სასწაული და კიდევ რაღაც.
ჰე, მწდეთა მწდე და ხარ მზეთა მზე შენ,
მარადის ზეობ ზეთაგან ზე შენ,
უსაზღვროეთში ხარ ზნეთა ზნე შენ,
ხარ ზნესაზღვრული და კიდევ რაღაც.
ეჰა, შენ მართალ გზათა მპყრობელს და
ხილულ სანახთა წარმომშობელს და
საწყისსა შინა თავად მყოფელს და
თვით ხარ სასრული და კიდევ რაღაც.
ეჰა, შენ უფლის სახევ და ხატო,
ცის შარავანდო და ანდამატო,
ყოვლთა შესაქმნელს შენ შეიქმ მარტო,
ხარ ყოვლადსრული და კიდევ რაღაც;
თავადვე ზრახავ ფარულ ზრახვას და
ფარული არსის ძალგიძს ნახვა და
ზრახულის სახეს შენში სახავ და
თვით ხარ ზრახული და კიდევ რაღაც.
შენ აქამანდებ ტრფობის თრიაქებს,
ლეილ-მაჯნუნს რომ აფორიაქებს,
ასეთ განგებას თუ ზოგი აქებს,
ზოგია კრული და კიდევ რაღაც.
ჰე, შენ მფარველობ იღბლით დიადს და
მასაც, ვინც ებრძვის თმენის წყვდიადს და
ღრუბელთა მიღმა გცნობენ ზვიადს და
ხარ ჯერართქმული და კიდევ რაღაც.
ჰე, მოციქულთა სიამაყევ და
ეჰა, ვინც ბრძენთა სულებს არყევ და
შენეულს ცხადი ზრუნვით აჰყევ და
კვლავ ხარ ფარული და კიდევ რაღაც.
ჰე, შეწყალების დასაბამო და
წყალობის ზღვათა ნაპირს ჰბანო და
ხან უსახლო ხარ სახლის ბანო და
ხან სახლში რგული და კიდევ რაღაც.
ჰე, შენი სახის მჭვრეტელი თვალი
თუ არის მხოლოდ მშვენებით მთვრალი,
დაკარგოს იმან ცოდვებში კვალი,
დაკარგოს რჯული და კიდევ რაღაც;
შენში ვეძიე უძიროს ძირი
და მოვიძიე ფუძეთა მძივი,
მაგრამ სევდისგან დავკარგე ძილი,
დავკარგე რული და კიდევ რაღაც.
ნეტავ შენს ბაგეს ველტვი რისთვის აწ?
არღარა შემრჩა მე იმისთვის აწ,
მე უსხეულო სიკვდილისთვისაც
ვარ განწირული და კიდევ რაღაც.

* * *
მოდი, უფალო, მოდი, უფალო,
ოდეს გარს ზრახვებს მოისევ, მოდი!
ნუ განმიზღუდავ, თავისუფალო,
ნუ განმიზღუდავ, მო, ისევ, მოდი.
მო, ნახე ჩვენი დრტვინვა და შფოთი,
აქ მეტრფეს სატრფო არ სწყალობს "ჰოთი",
მწყურვალნი სხედან მებრუ და ლოთი...
მოდი, სიბრუვის მეუფევ, მოდი!
თავად ხარ ფეხი, თავად ხარ ხელი,
ხარ ყოველ არსთა არსობა მთელი,
შენ ბულბული ხარ მთვრალი და ხელი,
მო, მრავალთაგან რჩეულო, მოდი!
თავად ხარ თვალი, თავად ხარ ყური,
შენ ნებიერნი გიმზერენ შურით,
იოსებს მიეც შენ ხელი ძმური,
მო, ერთგულებას ჩვეულო, მოდი;
ვის ძალუძს, მზერას ხუნდი აჰყაროს
და შეემზეროს სულთა სამყაროს?
მო, მოემზევე ამ ბნელს, ამ ხაროს...
მო, უსახოდ და უნიღბოდ მოდი!
დღის სინათლეთა სხივი შენა ხარ,
ჯავრში თმენა ხარ, ჭირში ლხენა ხარ,
არმურში მთვარის შუქთაფენა ხარ,
მო, გამკითხავო ღრუბელო, მოდი
ეჰა, სიბრძნეო სხვა საბრძანისთა,
შენგან ცხოვრება გადახალისდა!
მარად მაუწყე იყავ ახლის და
წა, ხან იქ წადი, მო, ხან აქ მოდი!
ეჰა, გულს შინა ნაჟღენთო სისხლით,
ჩვენზედ ცარგვალი მოიქცა რისხვით,
ყურძენი გვიმწიფს ჩვენ მისხის მისხით...
მო, ჩაგვიწურე თაღარში, მოდი.
ეჰა, გამშორდი, შმაგო არმურო,
გასწით სევდავ და ვნების ალმურო!...
რად გსურს, ო, გონო, რომ მაღამურო!
მოდი, სიფხიზლის სამყაროვ, მოდი!
ეჰა, მო, სულო გზებდაცვეთილო,
მო, გულო ჩემო, მთლად დაფლეთილო
კარს თუ ვერ ჰპოვებ, ჩემო კეთილო,
მო, მომიმსხვრიე კედლები, მოდი!
ეჰა, წყალობა ცოდვიანს მოე,
ეჰა, მო, ფიქრებს მოესათნოე,
მო, მომევლინე ისე, ვით ნოე,
მო, მოავადის კურნებად მოდი.
შაბაშ, შენ, რაიც იენე სულო,
შაბაშ შენც, სიტყვავ, ენიდან თქმულო!
ხამს ეს ღაღადი მივასასრულო...
მო, უჩქამოდ და უსიტყვოდ მოდი!

* * *
მე ისევ მოველ, მე ისევ მოველ,
მე ჩემი სატრფოს სახელად მოველ,
მომაპყარ მზერა, მომაპყარ მზერა,
შენი წყვდიადის ნათელად მოველ.
მე ლხენით მოველ, მე ლხენით მოველ,
გავთავისუფლდი და ფრენით მოველ,
ასჯერ ათასი გავიდა წელი,
სანამ ამ სიტყვის სათქმელად მოველ.
ამ გზებით მოველ, ამ გზებით წავალ,
ვაებით მოველ, ვაებით წავალ,
შემინდო უნდა, შემინდო უნდა,
კეთილ საქმეთა საქმნელად მოველ.
მე ღვთაებრივი ვიყავ ფრინველი,
ახლა ხართ ჩემში კაცის მხილველი,
მიწიერ მახეს ვერ გავექეც და
ჩემივ ტყვეობის კანკელად მოველ.
არა ვარ მიწა, მტვერი და ბუქი,
მე ვარ სიწმინდის გამონაშუქი,
სადაფს გავშორდი და წუთისოფლად
გულის ვნებათა ამშლელად მოველ.
ნუ მაცქერდები გონების თვალით,
ხამს განიმსჭვალო უცხო რამ ძალით
და იქ მიხილო, და იქ შემიცნო...
იქ გონზე მყოფი აქ ხელად მოველ!
მე კაცად ვიშვი და არა მგამა
ის ოთხი დედა და შვიდი მამა,
მე მიღმა სხივად დავფარფატებდი...
და მოღმა თვალთა ამხელად მოველ.
დღეს ჩემი სატრფო იქ იარება,
იქ მიხმობს ფიქრთა გამზიარებლად,
მე კი იქაურ ზრახვებს დავეხსენ
და აქაურთა დამხსნელად მოველ.
ჰე, შ ა მ ს ე  თ ა ბ რ ი ზ, თუნდ მასაპყარო,
შეგთხოვ, შენს მზერას არსად გამყარო!
გულით და სულით დაჭრილი ვარ და
არყოფნის ზღვართა წამშლელად მოველ.

* * *
მზე ხარ, მთვარე ხარ თუ ასპიროზი?
რა სახით ჰგიე? - ვერ გამიგია,
უგონო მიჯნურს რას ემართლები,
რას ჩაეძიე? - ვერ გამიგია...
რა სრაში იყავ, რა გზით განქარდი,
რარიგ გარდაქმენ მადლად ლაქარდი?
რა ტრამალი ხარ და რა სასახლე,
რა ცა ანახლე? - ვერ გამიგია.
ხან სჩანხარ, როგორც ცის იკანკლედი,
ხან მიღმიეთის გზად იკლაკნები,
ხან გარს, ვით თურქებს, ვარსკვლავებს ისევ...
მე რად მთმობ ისევ? - ვერ გამიგია.
ის ზღვა სად არი, რა ღრმეთსა შინა?
ის - ერთადერთი ბინადრის ბინა?
მის სანახავად სად ვინაპირო,
რა დავაპირო? - ვერ გამიგია.
ჩვენ შენმა სახემ ყველგან თან გვდია.
ხან ვარდი იყო, ხან იყო ია,
სულს შროშანებით გვირთავდა დია...
ახლა სადა ხარ? - ვერ გამიგია.

* * *
ამ უსალბუნო სევდის ზღვარი რომელი არის?
ამ უზღუდო გზის მეგობარი რომელი არის?
ეს გონია თუ გაოგნება?! - რა არის, ღმერთო?
ეს სულია თუ სატრფო არის? - რომელი არის?
ეს მარადმნათი ჩირაღდანი სამყაროისა
თუ არც უღვთოა, არც ღვთის გვარის... რომელი არის?
ეს უნაპირო ზღვა სავსეა მარგალიტებით
და ადამის ძის ლალ-გოვარი რომელი არის?
გონებას ვიმღვრევ მე ფიქრებით, მაგრამ არ ვიხი,
ეს გზა სწორია თუა მცდარი.... რომელი არის?
ჩემს სიტყვებს ყიბლა თუ არა აქვს, ის მაინც მითხარ -
დადუმებული საუბარი რომელი არის?

* * *
მოდი, დღეს გავცდი წუთისოფლის ხაფანგს და მახეს,
ჩემს არსებაში არსებობით ვერავინ მამხელს.
თავად მოვკვეთე ჩემს არსებას ჩემი `მე~, მაგრამ
ვარც არსება და ვერც `მე~ ვპოვე...გლახ ის და გლახ ეს!
ვერ შევიცანი ჩემი `მე~ და ჰა ჩემმა სულმა
თავისგან თავად მომკვეთა და თვით ენდო დამხსნელს...
ვერ გამიგია, გულის ცეცხლი რა არსში ელავს,
ენა რით იწვის და ჩემს სათქმელს რა კვამლში ახვევს?!
ჩემს თავს ასობით სხვადასხვაგვარ სახეში ვჭვრეტდი
და ყოველ მათგანს ვუწოდებდი საკუთარ სახეს.
დაფანტული ვარ ას სახედ და ჩემად ვთვლი ყველას
და მაინც ვერ ვცნობ ჩემი არსის სახეს და სახელს.
ეს სახეები მგზავრებივით მოილტვიან და
მზედასიცხულებს წინ ვუხვედრებ მე ჩეროს და ხეს.
* * *

მოდი, მე შენი სიყვარულით ხელად ვიქეცი,
ქალაქი ვიყავ და უდაბურ ველად ვიქეცი.
მე სიყვარულმა მომაშორა სახლსა და ოჯახს
და სიყვარულის მსახურად და მხევლად ვიქეცი.
არ ვიტყვი, რარიგ უღონო და უძლური ვიყავ,
შენ რომ გიხილე, ძალით მთათა მძვრელად ვიქეცი.
შენმა სულმა რომ ჩემს სხეულში შემოაშუქა,
ჩემსას დავეხსენ, შენი სულის მცველად ვიქეცი.
მე დღედაღამე სიყვარულის ზღაპრები მესმის
და მეც ზღაპრად და ამ ზღაპრების მთქმელად ვიქეცი.

 * * *
შუბლი გაიხსენ და მიღმიერ პირს ნუღარ მიხრი,
ვით შვიდსა სფეროს, განგვირიგე ჩვენც ლტოლვის ნიხრი...
ჩვენ შორი გზიდან მოგვიყვანა შენმა ტრფიალმა,
მოდი, გვნახე და განგვაშორე ლოდინის ჭირხლი.
ნეტავი შენ, რომ შენი სულის მფლობელი შენ ხარ
და სამოთხეთა ძიებაში ქედს არსად იხრი...
ბანიდან ქვემოთ ჩამოგვხედე უსასო მიჯნურთ,
თორემ სადაც არს, ჩაგვაზილა საწუთრომ წიხლი.
მწდეო, სუფიებს სხვა სიბრუვის ღვინო სწყურიათ,
ვაზის ნაჟურს და რუმბში ნადგომს რა თავში ვიხლი?!
მწდეო, იმ ღვინით ისე ძლიერ უნდა დამათრო,
რომ საფლავშიაც მემღვრეოდეს, გარდაცვლილს სისხლი.

* * *
ოდეს ჩემს სხეულს გავეყრები სიკვდილის წამით,
არ გეგონოს, რომ დამენანოს საწუთრო რამით;
ნუ დამიტირებ და ნუ მეტყვი - ვაი, ვაი შენ!
"ვაი" მაშინ თქვი, თუ საწუთრომ დამგესლა შხამით.
ჩემს საცხედრეს რომ დაინახავ, არ თქვა "მშვიდობით!",
მე საპაემნოდ წავალ მაშინ უსულო გვამით.
დამფლავ და საფლავს არ უწოდო ყრუ უკუნეთი,
ის აჟღერდება სატრფიალო თავშეყრის ჩქამით.
ჩასვლა თუ ნახე, ზეამოსვლაც უნდა იხილო,
მთვარე რომ ჩადის, განა ზიანს ნახულობს ამით?
ქვე ჩასვლა შენთვის სასრულია, ჩემთვის - საწყისი,
და მხიბლავს მე ეს სულიერი განწმენდის ჟამით.
თესლს რომ თესავენ, სხვა დასაბამს წარმოშობს იგი
და ადამის ძეც განახლდება სხვა დასაბამით.
სიტყვა გაწყვიტე ამიერ, რომ იმერ ზენამ
შენც გისმინოს და მოგეახლოს ტრფიალში დამით.

* * *
ო,სატრფოვ, მოდი, მო, მორჭმული ერთი საათით,
მო, განაახლე ჩემი სული ერთი საათით.
მო, მეჯლისში და გაგვალაღე მომეჯლისენი,
გვიძღვენ ლხინი და სიხარული ერთი საათით.
ხამსცის თავანმა შუაღამის ბინდში იხილოს
მზე სხივსრული და სხივასხმული ერთი საათით.
ხამს მიეწიოს ბუხარას და სამარყანდს ვნება
და მიეცისკროს სიყვარული ერთი საათით.
ჰოი, ეს ღამე გაათენე, ჰოი, ყოველგან
აღკვეთე ძილი, მოსპე რული ერთი საათით.
ხამს გამოსჭრას და გამოჰკვეთოს ეს მკერდი მზემან,
ვით წყალმა - ტინის კლდეში ღრმული, ერთი საათით.
ხამს დარიოსის ქალაქად და ანუშირვანის
სატახტრევანოდ იქცეს გული ერთი საათით.

* * *
ხან საქმით მაქცევს, ხან უსაქმოდ ტრფობის ცარგვალი,
სხეულის ირგვლივ სულს ვაბრუნებ მე, ვით ფარგალი.
მე, ვით მარიხი, რისხვით ვუმზერ ციურ მნათობებს
და ამ რისხვისგან ვეხეტები მე ძილგამკრთალი.
ჰოი სატრფოო, შენ თუ "მე" ხარ, მე "მე" ვით ვიყო?!
ხვაშიადს რად მთხოვ?! ძალგიძს ჩემი სულის თვალთვალი.
ლომი ვიყავ და მსურდა მხოლოდ მიჯნურთა სისხლი,
კაცად ვიშვი და იმ სისხლით ვარ კვლავაც დამთვრალი.
მე - სალმობიერს - შესანდობარს ნურავინ მეტყვის!
რა არს შენდობა?! შებრალებით მიმზერს რა თვალი?
ჰე, შ ა მ ს ე  თ ა ბ რ ი ზ, ანგელოზო მიმტევებელო,
შენს სიბრმავეზე რაიც თქმულა, არ არს მართალი.

* * *
სატრფოო ჩემო, სატრფოო ჩემო,
    დაუნდობელო სატრფოო ჩემო,
ხან განზე მდგომო და შორებელო,
    ხან ახლობელო სატრფოო ჩემო!...
მთვარევ, ვერ დაგძლევს ღამის წყვდიადი,
    მწუხრში ბრწყინდები, ვით გაინთიადი,
ჭირში იმედი შენ ხარ დიადი,
    უწვიმრობისას ღრუბელო ჩემო.
სულის წიაღში მეახელ თავად,
    განკურნე თუ რამ დაგიხვდა ავად,
რწმენის ზღვა ხარ და მიჩნიე ნავად....
    ზღვაო, ჯავართა მშობელო ჩემო.
შენ გემონები, როგორც სულთანს და
    ჩემს სულს ვამოყვრებ მე შენს სულთან და
სულ შენთვის ვიწვი, დაგდევ სულ თან და
    ვერსად გცნობ მაინც, მცნობელო ჩემო.
ღამის ბინდში ხარ შენ ის მაშხალა,
    გონის სინათლის რამაც გვახარა,
ყიბლა ხარ ჩემი, გზა ხარ და შარა,
    სახლო ჩემო და სოფელო ჩემო.
შენ მოყვასიც ხარ და დუშმანიც ხარ,
    მზეც ხარ, მთვარეც ხარ და მუშთარიც ხარ,
საფიქრალიც ხარ და გუმანიც ხარ,
    ო, საუნჯეთა მფლობელო ჩემო.
ო. მშვენიერო ჩემო იოსებ,
    გეძებ და თვალებს ცრემლით ვიოსებ,
მე ჩემს მისრეთში გულს ვერ ვიოხებ....
    მოდი, დამიპყარ, მპყრობელო ჩემო.
მეტყვი - "განმარტე რა არსა შინ ვარ?!"
   გეტყვი - "რა გითხრა?! მე შენთვის ვინ ვარ?!"
მეტყვი - "შენ გამკობ, მე ხომ შენს წინ ვარ!....."
    შემამკე, შემამკობელო ჩემო.
ვთქვი - "შენ უცხო ხარ, უცხოდ შობილი",
    თქვი - "ყველასათვის არ ვარ ცნობილი,
შენი სული კი მაქვს მოხმობილი"....
    ვთქვი - შემიბრალე, მხმობელო ჩემო.
განძს ეძებ? - ოფლი მიწას აწვიმე
    და თუ სიყვარულს - სული გაწირე
და ჩემი ხვედრი გაინაწილე!
   შენ გელი, თანამდგომელი ჩემო.

* * *
შენზე ფიქრებმა გამაწამეს მე დღე და ღამე,
შენს ფერხთით ვარ და გასმენ "ვამეს" მე დღე და ღამე.

"ვამეს" ძახილით დღეს და ღამეს სახე ვუცვალე
და ვეღარ ვარჩევ დღეს და ღამეს მე დღე და ღამე.

სულსაც და გულსაც ტრფიალისთვის გავწირავ მე და
აღარ ვინატრებ ქვეყნად რამეს მე დღე და ღამე.

ჩემი გონების შეგონების არშესასმენად
არყოფნად ვაქცევ ყოფნის წამებს მე დღე და ღამე.

მუტრიბი არ ჩანს და ტრფიალის ჩანგზე სიმივით
თვით გამაბეს და გამაბამეს მე დღე და ღამე

ჰოი, იმღერეთ სიყვარულზე და ჩემს გოდებას
კვლავაც მივაწვდენ ცის სამანებს მე დღე და ღამე.

და ტრფობის გვალვა თუ გამიხმობს სულის ანეულს,
თვალთა ღრუბელი ცრემლს დამადენს მე დღე და ღამე.
          


რ ო ბ ა ი ე ბ ი

0001
იმ გულში, სადაც დაიბუდებს უფლის ნათელი,
იდუმალებას გამოავლენს უფლის სათქმელი;
თუმცა ხრიოკი სივრცეების ზღვარზე დავდივარ,
ჩემი სხეული იწვის, როგორც უფლის სანთელი.
0005
ჩემს ერთ არსებად რომ იქცევა სივრცე მრავალი,
ჩემი სიკეთე მზე გახდება ამომავალი;
სიყვარულის გზას სანთელივით მიტომ ვანათებ,
რომ ერთ დროდ იქცეს ნამყო, აწმყო და მომავალი.
0011
თავს დაგვაღამდა... ზეცის ჭიშკარს წყვდიადი აღებს,
ჩვენ შუა ზღვიდან ვხედავთ მხოლოდ ზეციურ თაღებს;
გემით და ზღვით და მარტოობით ვებრძვით საწუთროს
და ღვთის წყალობის იმედითღა მივაპობთ ტალღებს.
0016
ცრემლად რომ მოქრის შენსკენ, იქნებ ცრემლი ვერც არის...
რას უზამს შენს ბაღს და გაზაფხულს?! _ განა მზეც არის...
მხოლოდ ღამეებს ნუ იხსენებ, აქ ხომ დღეც არის...
ნუ ნაღვლობ, სატრფო თუ შეგერქვა შენ უმეცარის.D
0076
სხვის ბაძვით ვცადე, მეცნო ერთხანს ჩემი არსება,
ვერ ვნახე, თუმცა მცემდა მე ხმას ჩემი არსება;
ჩემს შიგნით ყოფნით ვერ გავიგე - ვინ ვარ და რა ვარ,
ჩემს გარეთ მყოფმა ვიცნო, მე ხამს, ჩემი არსება.
0079
შენს შემხედვარეს, ზეცას მადლი გადაჰფენია,
რომ არ მიყვარდე, აბა, მე სხვა რა დამრჩენია?!
სანამ ვარსებობ, შენი მონა უნდა ვიყო და
შენ გინდ მიხმე და გინდ ნუ მიხმობ, ნება შენია.
0085
დარდს და სევდას იქ ვერ ნახავ, სადაც ლხინის ჯალაბია,
სადაც ბევრი ღვინოა და რუბაბი და ქაბაბია;
სჯობს, ილხენდეს მგოსანია თუ სწავლული არაბია,
ვარდის ბაგეს ვერ აკოცოს, ვისაც თავი არ აბია.
0115
ნეტავი იმას, ვინც არ ჩივის ქონა-არქონას,
არც ღატაკია, არც მიწაში ოქროს არ ქოლავს,
საკუთარ თავთან არის, მაგრამ არ არის მასთან,
ქვეყნის დარდიდან და ქვეყნიდან ნატრობს გაქრობას.
0163
აქ ვიღაც როკავს... მოცეკვავის ხელის ჩრდილებმა
დაჩრდილეს ყველა სრულყოფილის სრულყოფილება;
შენ თუ ვერ ხედავ _ მოცეკვავე რაა ქმნილება,
გულში შეიძელ სხივმოსილი მთვარის მხილება.
0166
ამაღამ ისევ მესტუმრება სატრფოს ზმანება,
ვინც ჩემს გულს ეძებს და თვის სამყოფს თავი ანება;
გულს რომ მოძებნის იგი უმალ ხანჯალს იშიშვლებს
და ისე დამკრავს, წამითაც არ დაენანება.
0170
ამაღამ კვლავაც მსურს სამყოფი მოვძებნო ვისი?!
ჩემი სატრფოსი, მხოლოდ მისი და არა სხვისი;
დილამდე ვივლი და თუ შესმა ისურვა ღვინის,
ჩემი სხეული, დაე, გახდეს სასმისი მისი.
0173
საფიქრალმა თავისი ქნა, რაღაც სევდა ჰპოვა კიდევ,
სხვა სივრცეთა სატრფოსაკენ გზა მეპოვა, მთხოვა კიდევ;
ვაჰ, რომ ტრფობაც, არსიც მისი, არ ყოფილა საკმარისი _
შემოდგომის შემდეგ ჩვენთვის გაზაფხული მოვა კიდევ.
0176
შენს ღაწვზე რომ ცრემლი გორავს, უკვდავების წყარო ჰქვია,
შენთა ღაწვთა სინატიფე ცას ჩამოჰხვეწ-ჩამოჰქნია...
ღამით მავალს თუკი გზად მე მელანდება მთვარე სადმე,
ისიც შენი სახეა და ღამე ზილფად ჩამოჰყრია.
0235
ვკითხე სალამურს: „ნუთუ ვინმემ აგავსო წყენით _
არც რამე გტკივა და სულ კვნესი უენო ენით?!“
მითხრა: “მე სატრფოს ტკბილ ბაგეებს მომაშორეს და
რომ არ ვიკვნესო, დავმუნჯდები ამდენი თმენით“.
0402
ჩვენ ამ ენით თქმულის გარდა, სხვა სათქმელიც გვავალია,
სამოთხის და ჯოჯოხეთის მსურველი თუ მრავალია,
ჩვენი ლტოლვა სხვაგვარია, სხვა თავგადასავალია,
სხვა წიაღთა ბილიკები ჩვენი გზა-და-სავალია.
0543
შენ შეგიძლია ჩემს გასაჭირს ეწვიო შველად,
ჩემს ირგვლივ ყველა მოავლინო შემწედ და ქველად...
ვარდს თრობა უნდა, ეკალს ტანჯავს ნაბახუსევი...
დაგვისხი ღვინო, რომ ერთგვარად გეტრფოდეთ ყველა.
0685
დერვიში ჰქვია, ვინც საწუთროს გული აჩუქა
და უანგაროდ თვით სიცოცხლე სრული აჩუქა;
დერვიში პურის სათხოვნელად ხელს არ გაიწვდენს,
დერვიში ის არს, ვინც სამყაროს სული აჩუქა.
0772
სევდა რა არის? ხალხის წუხილს რაისგან აგებს?!
რას უზამს კაცთა მოდგმას წყლით და თიხით ანაგებს?!
ადამიანის გულში ღმერთი ისე, ვით ზღვაა,
რომლის ტალღები ცის თაღების ბრუნვას განაგებს.
1020
გულს ვუთხარ - სევდის თაიგული და გალა ნუ ხარ,
წადი, მალამოდ ექმენ ტკივილს, სამსალა ნუ ხარ,
თუ ერიდები სხვების თვალში ავის დანახვას,
შენ ავზნიანი, ავსიტყვა და ავთვალა ნუ ხარ.
1081
დღეს რომ ვარსებობთ ხალხით სავსე ცხოვრების ზღვაში,
სიკეთე არ ჩანს არც ნდობაში და არც რამ სხვაში;
სჯობს დავემალოთ კაცთა მოდგმის თვალსა და მზერას
ისე, ვით სითხე რკინაში და ვით ცეცხლი ქვაში.
1145
დღეს ღვინოს დავლევ, მინდა ისევ მთვრალმა ვიარო,
ჯამის ცეცხლიდან დანთებულმა ალმა ვიარო...
ჭკვიან კაცს ვეძებ ამ ქალაქში, რომ დავათრო და
ისიც გაგიჟდეს... განა ასე ცალმა ვიარო...
1266
მთელი ცხოვრება ერთურთს ვუმზერთ ნათელი თვალით,
თუმცა ჩავაქრეთ დღეს ჩვენ მზერის სანთელი თვალით;
რომ არ გაეგო ჩვენი გულის წადილი რაყიფს,
წარბით ვთქვით სიტყვა და გავიგეთ სათქმელი თვალით.
1275
გთხოვ, მაპატიო, თუკი ზეცა ავიკელ კვნესით,
მინდორი ცრემლით თუ დავნამე მე უწმინდესით,
შენ, ჩემო სულო, მაპატიე, კვალში რომ მოგდევ,
თუმც ჩემს სხეულში უნდა იყო განგების წესით.
1324
ხან ფარულნი ვართ, ხან ვცხადდებით ჩვენ თვალთა წინა,
გვამსგავსეთ ქრისტეს, თუნდ მუჰამედს, იუდას გინა....
დავეხეტებით ჩვენ ყოველდღე სხვადასხვა სახით,
რათა ჩვენ შორის ყველა გულმა დაიდოს ბინა.
1426
ჩემი ცხოვრების მეგობარო, უჩემოდ სად ხარ?
მწუხრის ავდარში მზევ და დარო, უჩემოდ სად ხარ?!
ვით შემოდგომას, გამიყვითლდა უშენოდ სახე,
შენ, გაზაფხულის შესადარო, უჩემოდ სად ხარ?
1457
გულს ნუ მოიკლავ სიხარბის და სიძუნწის შხამით,
შველა რამ ნახე, სხვა საზრუნავს მიენდა რამით;
რასაც დამალავ, მისგან ზიანს მიიღებ მხოლოდ
და რასაც გასცემ, შენ სარგებელს მიიღებ ამით.
1492
მომეცი ნიჭი _ მოყვასს ვყავდე მოყვრად და ძმად მე...
მომეცი ჭკუა, რომ გავექცე სიყვარულს  სადმე,
მომეცი ხელი, ბედისწერას რომ ვდიო ბრმად მე,
მომეცი ფეხი, გასაქცევად რომ ვიყო მზად მე.
1499
შენსკენ სავალი გზები ბრძოლით თუ გადავლახე,
ჩემს ბედს ჩივილით ერთხელ მაინც თუ არ გავძახე,
გნახავ და ჩემი ტკივილებით წუთისოფლიდან
ღიმილით წავალ, თუნდ ერთხელ ხომ მოველ და გნახე.
1546
გულო, ჩემს სევდას თუ ვერ უძლებ, აქედან წადი!
მარტო დამტოვე სიყვარულთან აქ მე და წადი!
შენ მოდი, სულო, თუ არ შეკრთი ტრფიალით და თუ
შენც შეკრთი, ჩემთან არ გქონია საქმე და წადი!
1554
მე ღრუბელივით ცრემლიანი ვჩანვარ უშენოდ,
განშორებისგან თან მარტო ვარ, თან ვარ უშენოდ,
საკუთარ თავთან ხან არა ვარ, ხან ვარ უშენოდ,
ან მკვდარი ვარ და ან ცოცხალი, ან ვარ უშენოდ.
1577
თუ ყველა წავა, შენ, მზისდარო, არსად წახვიდე,
ჩემო ერთგულო მეგობარო, არსად წახვიდე;
ჯამი შემივსე, ბაგეტკბილი ღიმილით დამხვდი,
მწდეო, უმწდესი მწდე რომ ხარო... არსად წახვიდე.
1688
თავში თუკი მაქვს გონება ანდა გონი, ეს შენა ხარ,
რაც კარგი ვთქვი ანდა ცუდად გასაგონი, ეს შენა ხარ;
ჩემს თავ რადგან ვერსად ვხედავ, მის ძებნასაც ვეღარ ვბედავ,
რაც კი რამ ვარ, მე არ ვარ და შენ ხარ, მგონი... ეს შენა ხარ.
1781
მოდი, ლხინად მოქცეული სივაგლახე კვლავ რომ ვნახო,
ეს უძილო ღამეები შენც რომ ნახე, კვლავ რომ ვნახო;
ვიცი, ვიცი სივრცის მიერ ვტყუვდები და შორს ხარ ძლიერ...
ეს სიცოცხლე არ მაღირსებს შენი სახე კვლავ რომ ვნახო.
1788
ჩემს ფიქრში ღამის გათევა გსურს და მოხველ ისევ
ღიმილით ვნების გათელვა გსურს და მოხველ ისევ;
იმ დღეს ხომ გული წარიტაცე ჩემი მკერდიდან,
დღეს, ალბათ, სულის წართმევა გსურს და მოხველ ისევ.
1793
მჟავედ მეჩვენა, რომ ვიხილე სატრფოს სახე და
მაინც ვთქვი _ მასზე ტკბილი ქვეყნად ვერვინ ვნახე და
თავად შაქარმა მისი მჟავე სახე რომ ნახა
თავისი სიტკბო მოჰბეზრდა და სიმწრით გახევდა.
1796
სიავეს იქმ და გსურს სიკეთე ისე ნაცვალი,
ავის საზღაურს რომ არ გთხოვდნენ, გქონდეს არც ვალი;
უფალი არის კეთილი და მოწყალე, მაგრამ
ხორბალს ნუ ელი, თუ დათესე ქერის მარცვალი.
1843
არ ვიტყვი შენში მე მთვარის მსგავსს რომ მივაგენი
ან საროსი გაქვს მიმოხვრანი დასადაგენი;
სადა აქვს საროს შენი მსგავსი ჰაეროვნება?
ანდა შენსავით სად აქვს მთვარეს ლალის ბაგენი?
1872
სატრფო ღიღინებს და ზღაპრული იფრქვევა ჰანგი,
გონებას გვიმღვრევს ეს ხმატკბილი და პირით მანგი;
ო, სანატრელო! ნეტავ ასეთ ღიღინს რა ჰქვია,
რომ ქვის გულსაც კი მოეძალა მისაგან ბანგი.
1878
გუშინ რომ წახველ, ნუთუ ძილი ნახა მაგ თვალმა?!
ვეღარც დღეს მპოვა სიტყვამ შენმა შემონათვალმა;
მე როცა გითხარ,  რომ ჩემი ხარ განკითხვის დღემდე...
რა მიპასუხე,  აღარ გახსოვს,  ტრფიალით მთვრალმა?!
1880
გუშინ ის იყო, რომ სიამე სულში გვერია,
დღეს კი ამქვეყნად თითქოს ყველა ბედნიერია,
აფსუს, რომ უფლის განჩინებით ამ ჩვენს დავთარში
“გუშინ” სხვა გვერდზე, “დღეს” კი სულ სხვა გვერდზე წერია.
1884
მიველ სატრფოსთან, მოვიხელთე იგი ძლივს შინ და
მითხრა - მთვრალი ხარ! აღარ დამხვდე ასეთი წინ და
ვუთხარ - არა ვარ მთვრალი! მე ვინ და მთვრალი ვინ და...
მითხრა - წადიო! გამშორდი და იყავ, ვინც გინდა.
1900
ერთმანეთს რომ გადაებას ფიქრის ასი დღე და ღამე,
უშენობით ვერსად ვპოვო მე საშველი მაინც რამე...
შენ ბრძენივით იღიმები, შენი ყოფნის რა ვთქვა სხვა მე?!
შენ შმაგ მიჯნურს რას გაუგებ, თუკი ტრფობით არ ეწამე.
1912
ჩვენს საიდუმლოს თუ ინახავ, განა რა მაშინ?! _
რაღაც გართობას უნდა სჭვრეტდე ვითომ ამაში?!
ერქვას გართობა, თუმცა ნამდვილი ცეცხლი ღვივის და
ბევრ შეყვარებულს უღებს ბოლოს თამაშ-თამაშით.
1922
რომ არ მიყვარდე, რომ არ მძლევდნენ შენზე ფიქრები,
შენს კარწინ მდგომი დღე-და-ღამე განა ვიქნები?!
შენ მითხარ: “ვეღარ იქნებიო აქ!... წადი!... წადი!...”
თუ ვერ ვიქნები, მე ხომ გვამად გარდავიქმნები.
1924
რომ შემეძლოს მე შეცნობა ჩემი თავის, არსის და მის
შეცნობით თუ ვიქნებოდი შემძლე კიდევ ერთი რამის,
რომ გავცლოდი დროს და სხეულს, ვით ზმანება დღის თუ ღამის,
დავიპყრობდი წამიერად შვიდს თუ რვას თუ ცხრა ცას ლამის.
1956
მე შენგან მქონდეს გზნება ცეცხლის ალთა, როდემდე?
სულ შორს იწევდეს ჩემგან შენი კალთა როდემდე?!
ჩემს მტრებს როდემდე ვახარებდე უნდა ამ ყოფით?!
სულ შენთვის კრთოდეს ნატვრა ჩემთა თვალთა როდემდე?!
1957
მე ქარი ვარ, შენ - ფოთოლი, რომ არ თრთოდე, სხვას რას იზამ?!
ჩემი ფრთებით აქეთ-იქით, რომ არ ქროდე, სხვას რას იზამ?!
დოქი თუ ხარ გასატეხი,  თავს დაგატყდე, როგორც მეხი...
ას ზღვასა და ას მარგალიტს რომ არ სჯობდე, სხვას რას იზამ?!
1975
არც მე ვარ მე და არც შენ ხარ შენ, არცა ხარ შენ მე,
თან მე ვარ მე და თან შენ ხარ შენ, თანაც ხარ შენ მე,
ისე ვარ შენთან, უტურფესო ხატაელთაგან,
არ მესმის უკვე - მე ვარ შენ თუ კვლავაც ხარ შენ მე?!
1992
მე ერთი კოცნა შეგთხოვე და შენ ექვსით დამხვდი,
შეგირდი გერქვა, დღეს კი თურმე ოსტატი გახდი;
ყველა სიკეთე-სიქველეში გვერდით რომ გვახლდი,
შენი სილაღით ათასობით გულში ჩასახლდი.