რუდაქი

რუდაქი    ابو عبدالله رودکی

დიდი სპარსელი პოეტი (860 - 941 წწ)





(ახალი წიგნის გარეკანი)




"სიბერის ელეგია"

مرا بسود و فرو ریخت هر چه دندان بود


მე დამცვდა და ჩამომცვივდა ყველა, რაც კი კბილი მქონდა,
განა კბილი? - მოციმციმე სანთლად ჩამოქნილი მქონდა.

მარჯანი და მარგალიტი თეთრად მოვერცხლილი მქონდა,
წვიმის წვეთს და ვარსკვლავს ჰგავდა... სხივით მოფენილი მქონდა.

ახლა აღარცერთი დამრჩა, სულ დამცვივდა და სულ დამცვდა,
ბედი ნუთუ განგებისგან ასე დაწყევლილი მქონდა?!

მაგრამ არა!... არც განგება, არც სიცოცხლის ხანგრძლივ გზნება...
ეს თვით უფლის იყო ნება! - ბედიც მისგან ქმნილი მქონდა.

წუთისოფლად სულ ეს ხდება, სულ ბრუნავს და სულ იცვლება,
მეც იღბალი მბრუნავ თარგზე მოჭრილ-მოზომილი მქონდა.

ტკბილ წამალსაც ვხედავ ამად, მას საწუთრო აქცევს შხამად,
მეც სიმწარედ გადამექცა, რაც კი რამე ტკბილი მქონდა.

ძველიც, ალბათ, განახლდება, ბრუნვით სხვა რამ განა ხდება?!
იქნებ სხვისთვის ახალია, რაც მე გაცვეთილი მქონდა?!

უდაბნო და იალაღი ხვალ ეგება გახდეს ბაღი
და ხრიოკად იქცეს, რაც მე ბაღნარი და მტილი მქონდა.

შენ, პირმთვარევ, რა გეგონა?! ვინ და რა ვარ შენი მონა?!
შენს ნახვამდე სხვა ცხოვრებაც ბევრი გამოცდილი მქონდა.

ჩამოშლილი შენ გაქვს თქმა და მეც ალერსით მინდა თქმა და
გახსენება დროის, როცა თმა მეც ჩამოშლილი მქონდა.

ის დრო გაქრა, თმა და წვერი როცა მქონდა კუპრის ფერი,
როცა სახე დიბასავით ნატიფი და რბილი მქონდა

ყველგან ღია ჰქონდათ კარი, ვიყავ კარგი მე სტუმარი...
დღეს ვის ახსოვს სიკეთეში მეც რომ ჩემი წვლილი მქონდა?!

ყველგან ბევრი იყო ქალი, რომ შემავლეს ჩუმად თვალი,
მეც თვალი და გული მათთვის მუდამ გადახსნილი მქონდა.

ის დრო გაქრა ახლა, როცა ვინც მე მნახა, გაიოცა
რა სიხარულს ვფლობდი, ოდეს დარდი განდევნილი მქონდა.

რომ ვფანტავდი დირჰემს მრავალს და ვპოვებდი გზას და სავალს
თურქის ქალთან, ვისაც მკერდი ოდნავ აკოკრილი მქონდა.

ბევრი იყო, განა ერთი, რომ გვინდოდა ერთმანეთი,
მალულად რომ ღამით მათთან სიფხიზლე და ძილი მქონდა.

ხოლო დღისით მქონდა რიდი,  ვნებათაგან ვიყავ მშვიდი,
რადგან ხოჯას მრისხანების შიშით ჭკუა ფრთხილი მქონდა.

ღვინის ციალს, ჯამის ტრიალს, ლამაზების თვალთა ბრიალს
სხვა ძვირობდა, მე კი მუდამ იაფი და ხსნილი მქონდა,

განძით სავსე მქონდა გული, სიყვარულით დაღდასმული
ლექსის ყველა გამოცანა ტრფობით ამოხსნილი მქონდა.

მე სიამით წვა ვიცოდი, დარდით არსად არ ვიწვოდი,
გული ლხენის ასპარეზად ფართოდ გამოშლილი მქონდა.

ქვით რომ ჰქონდა გული სავსე, მე ის ფარჩას დავამსგავსე,
თითქოს გრძნეულების გზები ლექსით გამოვლილი მქონდა.

სადაც იყო ტურფა ქალი, მას ეძებდა ჩემი თვალი,
ყველა ბრძნული საუბარი ყურით გაგონილი მქონდა.

არც ოჯახი და არც შვილი ცოლისაგან გაჩენილი
არ მყოლია და ცხოვრება ლაღად აყოლილი მქონდა.

შენ, მთვარეს რომ გიგავს სახე და რუდაქი დღეს რომ ნახე,
ის გენახა, სახე ვნებით მეც რომ ალეწილი მქონდა.

ის გენახა, გზაზე მავალს რომ მიძღვნიდნენ ხოტბას მრავალს,
და ბულბულის მსგავსად ენა ჰანგით დასერილი მქონდა.

ის დრო გაქრა, დიდკაცებს რომ ვედრებოდი სიტყვის თქმაში
და ემირის ამალაში გზები გათელილი მქონდა.

ვძრახავ ლექსის სიიეფეს, მე ვაქე და  ვაქებ მეფეს,
მეფის საქებარი ხოტბა მუდამ გალექსილი მქონდა.

გაქრა ახლა ძველი დრო და ჟამი, ყველამ რომ იცოდა
მე, ხორასნის პირველ მგოსანს, რაც კი დაწერილი მქონდა.

მე ვიცნობდი ყველა მხცოვანს,  დეჰყანსა თუ დიდგვაროვანს...
მათთან სახლში მისვლა-მოსვლით ჩემი რამ ადგილი მქონდა.

ყალბი არის ის დიდება, რაც კი ფულზე იყიდება,
მე კი სამანიანთაგან ნაღდი და ნამდვილი მქონდა.

ორმოც ათას დირჰემს ლამის მე ემირი ხორასანის
მიგზავნიდა... მაქანისგან რვა ათასის წილი მქონდა.

იყო კიდევ რვა ათასი, მაგრამ მაშინ ამის ფასი
არ ვიცოდი... მე დრო მხოლოდ ლხინით გამოთვლილი მქონდა,

ჩემი ლექსით ნება-ნება რადგან ემირს ჰქონდა შვება,
მისგან მოწყალებით ხელი ბევრჯერ გამოწვდილი მქონდა.

მორჩა! ახლა სხვა დრო დადგა...მომეც ჯოხი.. მომეც აბგა...
გზას გავყვები, მე ნუგეშად სადაც მხოლოდ ჩრდილი მქონდა.

* * *
მულიანის წყაროდან რომ სურნელება მოდის ამოდ,
ჩემი სატრფოს მონატრებით გულში ვნება მოდის ამოდ...

ნაპირები რიყე–რიყე აბრეშუმად გამოვრიყე
და წარსულის მთელი ხსოვნა ნება–ნება მოდის ამოდ.

ლხენით მისდევს ტალღას ტალღა, ცხენს ფაფარი აღემაღლა
სიხარულის მოდევნებით მოსვენება მოდის ამოდ.

ჰე, ბუხარა, იდექ მარად! გყავს ემირი მწედ და ფარად!
ის რომ შენსკენ მობრძანდება, გულში გზნება მოდის ამოდ.

თუ ბუხარა არის ბაღი, ემირია სარო ლაღი...
სხვა ბაღნარში სარომ ყოფნა არ ინება.... მოდის ამოდ.

თუ ბუხარა ზეცას მოჰგავს, მისთვის მთვარე ემირს მოჰყავს,
სხვა ზეცაში მთვარის ყოფნა არ იქნება, მოდის ამოდ.

საგანძურში თუა სნება, სიტყვით სნება იქაც ქრება,
ხოტბითა და განდიდებით განკურნება მოდის ამოდ.

* * *
შაჰიდ ბალხელის დატირებაدر رثای شهید بلخی )

ეჰ, შაჰიდის ქარავანიც გზას დაადგა მოუსავალს,
ეს დღე ელის ადამის ძეს - ყველას, ახლა ქვეყნად მავალს.

ბრძენი კაცი როცა კვდება, ერთი ტანი თვალს აკლდება,
გონება კი ამ სიკვდლით იკლებს საზრდოს ბევრს და მრავალს.

რაც სიცოცხლის დრო გაქვს სრული, უნდა კვებო შენი სული,
სანამ მოვა სიკვდილი და შეგიმოკლებს გზას და სავალს.

შენი სიტყვა, შენი გვარი... საქმე შრომით მონაგარი
არ გაფანტო... დაუტოვე შენ ღირსეულს მხოლოდ მავანს.

მოყვასს შენ მტრად ნახავ ერთგან, თუ სარგებელს ელის შენგან,
უმადურს თუ ცოტას მისცემ, მოსპობ მტრობის ძირს და თავანს.

ცხვარი რაგინდ იყოს ავი, სჯობს დახაროს მგელთან თავი,
ბეღურები ვერ გასწევენ შევარდნობის ავან-ჩავანს?!

* * *
რუდაქის ჩანგმა კვლავ გაიგნო ჰანგებში კვალი...
ღვინო დამისხით! - უკეთესად ვიმღერებ მთვრალი.

ის ლალისფერი ღვინო მინდა, რომელიც ყველას,
ღვინო კი არა, ეგონება გამდნარი ლალი.

ორივეს არსი ერთმანეთის მსგავსია, მაგრამ
ღვინო სითხეა, ლალი არის მყარი და მშრალი.

სანამ ხელს ვახლებ, ფერი დაჰკრავს ჩემს ხელს ლალისა
და სანამ დავლევ, სიმთვრალისგან მემღვრევა თვალი.

* * *
მუდამ, როცა ბუხარიდან იწყებს ჩემსკენ ქარი ფრენას,
ვგრძნობ ვარდის და მუშკ-ამბარის სურნელების ირგვლივ ფენას.

გინდ კაცი და გინდა ქალი ისე არის მისგან მთვრალი,
თითქოს სიო ჩინეთიდან გზავნის სურნელს ფენა-ფენას.

მაგრამ არა! ამ სურნელით განა ჩინურს რამეს ველით?!
ეს ხომ ჩემი სატრფოს სუნთქვა მოსწვდა ყნოსვას, თვალს და სმენას.

შენ დაგეძებ ცაზე ღამით, ვარსკვლავთმრიცხველს ვგავარ ამით...
შენ არ ჩანხარ და კვლავ  ველი სუჰეილის გამოჩენას.

თუმც ვუმალავ მე შენს სახელს ბრბოს, სიავით თვალს რომ ახელს,
თუმცა ქვენა გრძნობის მონა ვერ შეიცნობს მადლს და ზენას,

მაინც სადაც მითქვამს სიტყვა, გინდ-არგინდა შენზე ითქვა...
სულ პირველად მე შენს სახელს მოვწყვეტ ხოლმე პირს და ენას.

* * *
მეგობარმა მიმატოვა... მარტოობა ეს არის
ყოფნა ვარდის ნატრულის და ბულბულივით მკვნესარის.

ეს რა ბედი მიწილადა ცამ და არსთა გამრიგემ?!
ჩემი გულის ცეცხლიც ცამდე - ლამის მისწვდეს მზეს - არის.

მე სატრფოსთვის ფარვანა ვარ ერთი მრავალ ათასში...
ვიყო ერთი... სულ არყოფნა ჩემთვის უარეს არის.

ერთხელ მაინც ჩემს საფლავთან მოვიდეს და ჩამოჯდეს...
მკვდრისთვის ხსოვნა სიცოცხლეზე იქნებ უამეს არის?!

ჩვენ რომ წავალთ, წუთისოფელს არაფერი შეცვლის და
ის მარადის იარსებებს ისე, როგორც დღეს არის.

მისი წესი ასეთია - მისცემს მავანს მეფობას,
დააჯერებს მერე მას, რომ სხვებზე უმრწემეს არის,

მაგრამ მოკლავს, როგორც მონას, მიაბარებს სამარეს,
რადგან, ვინც კი მიწაზეა, მიწად გასამწეს არის.

შენს სულს ვფიცავ, გთხოვ, დაბრუნდი! სისხლის ცრემლებს ვაფრქვევ და
სანამ სიკვდილს ჩავბარდები, ჩემი თხოვნა ეს არის.

* * *
ამ წარმავალ წუთისოფელს ვინც დღეს სტუმრობს, ვინც ხვალ მოვა,
გულს ნუ  ანდობს... მისი ნდობა აქ ვერავინ მოიპოვა;

თავს მიწაში ქვაზე დადებს, ვისაც დედა შობს და ბადებს,
მიწის ზემოთ ბალიშები რაგინდ ჰქონდეს გროვა-გროვა.

ან მოყვასი რაგინდ ჰყავდეს, ანდა სატრფო გულს უწვავდეს,
სამარეში მარტო ჩავა, თუ სიცოცხლემ მიატოვა.

გონზე მოდი... განზე გადი... ყველასათვის არის ცხადი,
ჩვენ მიწის ქვეშ “სამეგობროდ” ჭია-ღუის გველის ხროვა...

ვინც კეკლუცად ხლართავს კავებს, სიკვდილს მაინც ვერ აკავებს,
ვერც ის,  დირჰემ-დინარები დიდი შრომით რომ იშოვა...

საიქიო აფჩენს ხახას, ვისაც სათავისოს ნახავს
დაუნდობლად მიჰყავს იქით, საიდანაც აღარ მოვა.

* * *
დღეს ბუხარა ბაღდადია! ასეთია ჩვენი ნება!
აქ ემირმა ხორასნისა მოიტანა გამარჯვება!

მწდეო, ღვინო ჩამომისხი, შენ, მუტრიბო, დაჰკარ სიმებს,
ყველამ უნდა მოვილხინოთ, დღეს ეწვია ყველას შვება!

ღვინოც არის, ოქროც არის, ლამაზმანიც ბევრი არის
და თუ სადმე ჯავრი დარჩა, მტრის გულს შიშით ეპარება.

* * *
ეს საწუთრო მშვენიერი სიზმარი და ძილი არის,
მას შეიცნობს მხოლოდ ის, ვინც ფხიზელი და ფრთხილი არის.

შენ სიკეთეს რომ იქმ თავად, ის ყველაფერს შეცვლის ავად,
ყველა ლხინი საბოლოოდ სევდად გარდაქმნილი არის.

ფიქრობ დღით და ფიქრობ ღამით, რაღაც მარადს ეძებ ამით,
მაგრამ ქვეყნად ყველაფერი წარმავლობის წილი არის.

რაც კარგად ჩანს თავის გარსით, ის ცუდია ზნით და არსით,
სილამაზის შემოქმედი სიმახინჯის შვილი არის.

* * *
ეს სიცოცხლე ასეთია – მოკლეა თუ გრძელია,
სიკვდილამდე მიდის ის, რაც ერთხელ გასავლელია.

თოკი, რაგინდ დიდხანს წელო, სადღაც მაინც გაწყდება,
უსასრულო კი არ არის, ზღვრამდე გასაწელია.

გინდ იცხოვრე სადღაც მარტო, უპატრონო, ოხერი,
გინდ გეხვიოს ირგვლივ, ვინც კი დარაჯი და მცველია,

გინდ იყავი კმაყოფილი მეტით ანდა ნაკლებით,
გინდ ქვეყანა დაიპყარი,  მცირეა თუ ვრცელია,

ამ ყველაფერს ქარს გაატან და ზმანებად იქცევი...
ზმანებაა თვით ცხოვრებაც, ახალი თუ ძველია.

ყველაფერი დასრულდება ერთ დღეს და ვერ გაიგებ
თვით სიკვდილი რის შემქმნელი ან რის გარდამქმნელია...

ქალს - სინაზე, ვაჟს - სილაღე... მოკვდავს მართებს სიკვდილი...
ეს წესი აქვს ამ სამყაროს ათასობით წელია.

* * *
ერთხელ ცხოვრებამ გადამიშალა გული და მითხრა: “ისმინე რჩევა!
ცხოვრებას კარგად დაუკვირდი და სიბრძნის შეცნობის გექნება ჩვევა.

შენ ბედში მყოფებს შურით ნუ უმზერ, ბოღმას არ ანდო ღამეთა თევა,
ბევრს ნახავ ისეთს, ვინც შენ შეგნატრის და შენს იღბალში შენს ნაცვლად შევა”.

ბოლოს ეს მითხრა: “სიტყვებს უფრთხილდი! იცოდე, მათი სადაც ღირს ფრქვევა...
ვინც თავის ენას ბორკილს არ ადებს, მას ფეხით უწევს ბორკილთა თრევა".

* * *
ღვინის სმა და სიმღერა და ტურფა ქალი ხალიანი,
ანგელოზსაც კი აცდუნებს.... ივლის ცოდვა-ბრალიანი.

რადგან ვერ ვწყვეტ სატრფოს თვალებს, ჩემს სამარეს ააყვავებს
მხოლოდ ნარგიზების დასტა, ათას-ფერად-თვალიანი.

სჯობს მოყვასთან ღვინოს სვამდე თუნდაც ჭკუის დაკარგვამდე
და ცხოვრება მოიძიო სულ თავგადასავლიანი.

შორს ჩვენგან, ვინც თავის თვალში მორს ვერ ხედავს, ხოლო სხვაში
ბეწვსაც კარგად ნახავს, რადგან არის ყველგან შარიანი.

* * *
ლხინში ეძიე სიყვარული შავთვალა ქალის,
რადგან ცხოვრება ზღაპარი და ქროლაა ქარის...

გულს ნუ მოიკლავ წარსულ დროთა ხსოვნით და დარდით,
შეუხმატკბილე მომავლის ფიქრს ჰანგები ქნარის.

მე იქ ვარ მუდამ, სადაც ვიგრძნობ ზილფების სურნელს,
სადაც ფერია არის მსგავსი პირბადრი მთვარის.

უბედურია, ვინც არც გასცა, არც თავად ჭამა,
ბედნიერს მუდამ სურს გაღება ყველასთვის კარის.

ვაჰ, რომ საწუთრო ქარია და ღრუბელი მხოლოდ...
ღვინო დამისხი!... ასე იყოს... რაც არის, არის!

რობაიები

საწუთროვ! შენი შვილები - მამრები ვართ თუ მდედრები -
გთხოვთ გვითხრა - ჩვენთვის დედა ხარ თუ დედინაცვალს ედრები?!
ჩვენ შენთვის ნუთუ არც კარად, არც კედლად და არც ფანჯარად
არ ვივარგეთ და მიტომ გვაქვს სიცოცხლე დასაყვედრები?!
* * *
შენს სახელს რომ გავიგონებ, გულს სიცოცხლე უბრუნდება,
შენს სიკეთეს როცა ვისმენ, ჩემს ყოფნაში აზრი ჩნდება;
მეკარგება მაშინ სმენა, შენ თუ არვინ არ გახსენა,
და გონება ათასობით მძიმე ფიქრად მეფანტება.
* * *
სატრფო, რომლის სილამაზე გვამცნეს ამბად გადმოცემით,
ვეძებეთ და ვერსად ვპოვეთ ბრძოლით, ფიქრით, სევდით, ცრემლით;
აღარ შეგვრჩა ტანზე ხელი, ფეხს წაერთვა ძალა მთელი,
ხელის თავზე დაშენით და ფეხის ქვებზე ცემა-ცემით.
* * *
უშენობით ჩემი გული როგორც ნაღვლობს, არ ითქმება,
სჯობს უაზროდ მოლხენილ გულს ის, რაც დარდში ჩაინთქმება;
შენზე ფიქრში მთელი ღამე, სატრფოვ, ტრფობით დავიამე...
შორს ყოფნით თუ ასე მათრობ, მაშ, შეხვედრა რა იქნება?!
* * *
შენ გაზაფხულის ვარდი ხარ, ჩემი ლხენა და დარდი ხარ,
ღვინო გაქვს და არ დადიხარ ჩემთან... მაშ, რაღად მარგიხარ?!
მინდა კამკამა ღვინო და მდელოზე მოვილხინო და
თან ლექსი ვიღიღინო და ვთქვა - ჩემთან რომ ხარ, კარგი ხარ!
* * *
ხან ღიმილის ელვად ჩანს და ხან ქუხილად რისხვის, ბრაზის,
როგორც დედა ცამეტი წლის პატარძლისა, სუსტის, ნაზის...
ის ხან ხეა სიძველის და ხან  სიახლე-სილამაზის...
მე კი ვხედავ წუთისოფელს - თითქოს ცვარი ყვავილს აზის.
* * *
ეჰ, ამ ქალაქში რამდენ ლხინში რა ღვინო მისვამს!...
რამდენჯერ მითქვამს: “მე დიდება ფეხქვეშ მიგია!..."
დღეს იმავ სახლში და ქალაქში მე ისევ ის ვარ,
ლხინი კი დარდმა რად შეცვალა, ვერ გამიგია.
* * *
ეს სიყვარული რა არის? - ტკივილის დიდი ზღვა არის...
ჭკუა არ შემრჩა, ჩემს თავში - არ ვიცი - რაღაც სხვა არის...
მე გულში, დარდი კი არა, მთა მაქვს და მისი წვა არის,
შენ კი, გული რომ გგონია, გული კი არ გაქვს - ქვა არის.
* * *
შენს ნახვას მე ვერ ვეღირსე თუნდაც სადმე გზაზე წამით,
შენს მშვენებას ვერ შევასწარ თვალი დღისით ანდა ღამით.
ბოლოს ბედისწერამ მამცნო ციდან ნება თვისი ამით:
განშორების რუმბთან დაგსვამ და იქ ღვინო სვიო ჯამით.
* * *
ჩემთან მოვიდა! ვინ? სატრფო! როდის? დილით შევასწარ თვალი!
ვის გამოექცა? მამას! რად? მისი რისხვისგან იყო მფრთხალი!
ორჯერ ვაკოცე! რაზე? ბაგეზე!... ბაგე როგორი? ლალი!
გემოსაც მეტყვი? როგორც შაქარი... ტკბილზე უტკბესი ქალი!

ყითები, ლექსის ფრაგმენტები

შენისთანა ნაძირალა არ შობილა ჯერაც ვინმე
ცისქვეშეთში წუთისოფლის შექმნისა და ყოფნის დღიდან...
განკითხვის ჟამს თუ განგებით შენ შემხვდები ისევ წინ მე,
სირცხვილისგან წამითაც კი თავს არ ავწევ სამარიდან.
* * *
ეს ის ღვინოა, მისმა ერთმა წვეთმა ნილოსში
ნიანგები რომ ასი წელი მთვრალი ატარა...
ტრიალ მინდორზე გასულ დიდ ლომს უჯობს დამალვა,
ამ ღვინით მთვრალი ქურციკი თუ შეხვდა პატარა.