ინგლისური პოეზია



რობერტ ბერნსი


ჩემს გულში, როგორც ივნისის თვეში,
აყვავდა ტრფობის წითელი ვარდი,
ტრფიალის ჰანგთა სინარნარეში
სიამედ მექცა ყოველი დარდი.

რაც უფრო მეტი მშვენებით მათრობ,
სიყვარულს გულში მეტად მოველი,
და მეყვარები მარადის, სატრფოვ,
თუნდაც ზღვა დაშრეს ქვეყნად ყოველი.

თუნდაც სულ დაშრეს ზღვის უსაზღვრობა,
მზემ დაწვას, მთების წვა თუ ინება,
არსად დამტოვებს მე ჩემი ტრფობა,
სანამ დრო სადღაც მიედინება.

ჩვენს განშორებას ტკივილით ველი,
დროებით წასვლას ხანგრძლივ ვუნდები...
მაგრამ ჩვენ შორის ათასი ველი
რომ იყოს, მაინც დაგიბრუნდები.




უილიამ უორდსვორთი 

(William Wordsworth)
(1770-1850)


ნარგიზები (Daffodils)

გზას მივყვებოდი მთაგორიანს მარტო... ეული,
როგორც ღრუბელი, ცის ტატნობზე ნალივლივები,
უცებ ვიხილე ბილიკებზე შემოსეული,
ოქროცურვილი ნარგიზების გრძელი მწკრივები.
ტბის ნაპირამდე... ხეთა ჩრდილში... სიოს შრიალში
ვჭვრეტდი ყვავილებს, აცეკვებულ ორომტრიალში.

თითქოს მიწაზე გამოჩნდაო ნახტომი ირმის,
ვიხილე თითქოს იქ ვარსკვლავნი მოციაგენი
და მათი მზერით მომეძალა შეგრძნება იმის,
რომ ირგვლივ ვერსად მე მათს სასრულს ვერ მივაგენი.
მოცეკვავე და მოღაღანე ყვავილთა დასი
იყო ათასი, ანდა იქნებ - ათასჯერ ასი.

ნარგიზებს აჰყვნენ სიხალისით თითქოს ტალღებიც,
გადაურბინეს ტბის ზედაპირს ცეკვა-თამაშით...
პოეტმაც უნდა აღტაცებით და ამაღლებით
მარად ნანატრი შთაგონება ჰპოვოს ამაში
და მეც ვუმზერდი... ვუმზერდი და ვგრძნობდი რაოდენ
მადლს ვეწიე და ნარგიზები სულშიც ყვაოდნენ.

მას შემდეგ ხშირად, ფიქრიანი ან დამაშვრალი
რომ ჩამოვჯდები და ძილიც რომ არ მეკარება,
კვლავ იმ ნარგიზებს შესციცინებს გონების თვალი,
რომ ვიგრძნო კვლავაც მარტოობის მე ნეტარება
და მაშინ ჩემი გულიც ცეკვავს, თითქოს სიამე
კვლავ იმ ნარგიზთა ფურცლებივით მომესია მე.




ჯორჯ გორდონ ბაირონი
George Gordon Byron
(1788 - 1824 წწ)




გამოთხოვება ნიუსტედის სააბატოსთან

1.
შენს ქონგურიან კედლებს, ნიუსტედ,
სტვენით გარს უვლის ქარი მშიერი,
მამა-პაპათა მკვიდრო დარბაზო,
დაგხავსებია ძველი იერი.
ამოუვსია ქაცვსა და ეკალს,
ღიმილით სავსე შენი ბაღები...
ის დრო წავიდა, ჩემო მამულო,
გზას ვარდებში რომ მიილაღებდი.
2.
ამაყ ბარონებს იგონებ ახლაც,
ჩემო ნიუსტედ, გახსოვს ამდრომდე,
პალესტინაში გასაბრძოლებლად
მთელი ევროპის ჯარს რომ ანდობდნენ;
დღეს კი შემოგრჩა იმ ბარონების
საგვარეულო ორიოდ ფარი
და მათს ჟღარუნში იგონებ წარსულს,
მიმწუხრის ჟამს რომ დაჰბერავს ქარი....
3.
აღარ გეწვევა მოხუცი რობერტ,
რომ ახმიანოს ქნარზე ოდები,
მკერდში საბრძოლო ჟინის აღმძვრელად
მას ნუღარადროს დაელოდები;
ახლა ჰორისტონს შობილი ჯონიც
სამარადისოს მიეცა თვლემას
და ასკალონის კოშკის მახლობლად
ვინღა დაიწყებს დაფდაფთა ცემას?!
4.
დაეცა პოლ და დაეცა ჰუპერტ,
ქრესში გაწირა ორივემ თავი,
რათა ინგლისს და მის მეფეს, ედვარდს,
არ მისწეოდა განგება ავი;
ჩემო მამებო, თქვენმა ლაშქარმა
ბევრი ბოროტი ზრახვა ალაგმა,
დაეცით, მაგრამ სამშობლოს ცრემლში
გაიციაგა თქვენმა ამაგმა.
5.
გახსოვთ, მარსტონში მოღალატეებს
წინ რომ აღუდგა ჰუპერტის რისხვა
და ბრძოლის შემდეგ ხრიოკი ველი
ააელვარა ოთხი ძმის სისხლმა!
მათ მონარქის და ძალაუფლების
განმტკიცებისთვის თავი გაწირეს
და ერთგულება სამშობლოსადმი
თვისი სიკვდილით გააასწილეს!
6.
გემშვიდობებით, გმირთა აჩრდილნო!
გშორდებათ თქვენი შთამომავალი....
მას, წინაპართა ბუდიდან წასულს,
ქვეყნად გზა-კვალი ელის მრავალი;
მაგრამ შემმატებს თქვენი დიდება
ძალას შორს მყოფსაც და მყოფსაც ახლოს,
რომ დავუბრუნო თვალი და გული
თქვენს საბუდარს და თქვენს სამოსახლოს.
7.
გემშვიდობები სევდით, ნიუსტედ,
და თვალი ცრემლით თუ მიმკრთალდება,
შიში კი არა, ბუნების ძალა
გამომადგება სევდის თავდებად.
მე შორს მივდივარ და ჩემს იმედებს
აწ იმავ მიზნებს ვადებ სალბუნად,
რამაც ჩემს მამებს და მათს ლაშქრობებს
დაუვიწყართა ხვედრი არგუნა.
8.
თქვენი დიდება თითქოს ტვირთია,
თითქოს ვალია გადასახდელი,
თითქოს ფიცია, რომ არასოდეს
არ შევარცხვინო თქვენი სახელი.
მე მსურს თქვენსავით ვიცხოვრო ქვეყნად,
მსურს შევიძულო თქვენსავით მტერი,
რათა შემეძლოს სიკვდილის შემდეგ
თქვენს მტვერს შევრიო მე ჩემი მტვერი!

* * *
ჩემი სიცოცხლის ოცდამეცამეტე წელს
იანვრის 31, 1821 წელი

მოსაწყენ გზაზე ფეხს მიითრევს სიცოცხლის ჟამი
და ჰა, გავლიე ოცდაათი და კიდევ სამი;
რა დარჩა ჩემთან? სულს ამ წლებით რად ვაწამებდი?!
სხვა არაფერი _ მარტოოდენ "ოცდაცამეტი".

* * *

თომას მურს

რას იქმ, რას წვალობ
    ახლა, თომას მურ?
რას იქმ, რას წვალობ
    ახლა, თომას მურ?
გილხინს თუ მწყრალობ,
    ლექსს თხზავ თუ სწავლობ,
ქალებს თუ სწყალობ
    რას იქმ, თომას მურ?


მალე კარნავალს
    ვნახავთ, თომას მურ!
მალე კარნავალს
    ვნახავთ, თომას მურ!
კარდაკარ მავალს,
    დაფდაფს უთვალავს
და ნიღაბს მრავალს
    ვნახავთ, თომას მურ!

* * *
უძინართა მზე  (Sun of the sleepless)

(თარგმანი - 1)

მზეო უძინართა, მარად ნაღვლიანო,
სხივნი შენნი ცრემლებს ზეცას აღვრიანო,
წყვდიადს ებრძვი რაღაც მელანქოლიურად,
მაგრამ საამოდ და ისე მშობლიურად,
რომ კვლავ მახსენდება დღენი წარსულისა,
სითბოს და სიკეთის ყველა სასრულისა...
თუმცა ნათლად ჩანხარ, სევდამორეული,
ო, რა ცივი ხარ და ო, რა შორეული...


(თარგმანი - 2)

უძინართა მზე,  სიმწუხარე ვარსკვლავიერი!...
ცრემლიან სხივებს აფრქვევს შორეთს შენი იერი,
ვერსაით ფანტავ შემზარავად მომდგარ ყიამეთს,
თუმცა მახსენებ აწ გარდასულ დღეთა სიამეს.
ჩემს წარსულს ჰგავხარ, ისიც მკრთალი შუქით ციაგებს,
ანათებს, მაგრამ სითბოს ვერსად, ვერვის მიაგებს,
ღამეულ სევდას წარმოაჩენს ყოველი სხივი -
მკაფიო, მაგრამ შორეული... და ო, რა ცივი!


22 იანვარი, 2015 წელი

...so, we'll go no more a-roving

მორჩა... ვერასდროს ვეღარ შევძლებთ ერთად ხეტიალს,
ჩვენს ნაფეხურებს ღამის სიო ვეღარ მიაგნებს,
მაგრამ გულები ძველებურად ერთურთს ეტრფიან
და მთვარის დისკოც ძველებურად ცაზე ციაგებს.

მორჩა... ცხოვრებას რაც რამ უნდა, ის დააპიროს,
ჩემს სულს მკერდიდან ამოსვლა სურს დღეს გააფთრებით,
დღეს გულმაც უნდა სავანეში გაინაპიროს,
დღეს სიყვარულმაც ძირს დაუშვას უნდა აფრები.

მოტრფიალენი ერთურთს კვლავაც ღამით ეტრფიან,
განთიადამდე კვლავ ეძებენ შვებას ალერსში,
ჩვენ კი ვერასდროს ვეღარ შევძლებთ ერთად ხეტიალს,
მთვარის სხივთაგან გადმოფრქვეულ სიმხურვალეში.

* * *

ვუმზერ შენს თვალებს, ვაკვირდები შენს მიხრა-მოხრას
და, მდუმარენი, ცრემლით ნაბან ბილიკს მივყვებით;
ო, ისე გინდა ჩემთან ყოფნა, ო, ისე ოხრავ,
რომ მეტს, უფრო მეტს ამბობ ამით, ვიდრე სიტყვებით.

ვიცი, რომ დავრჩით ჩვენ ცრემლების გაღმა-გამოღმით,
ტრფობას და იმედს განგვაშორა მომავლის განსჯამ…
ჩემო გოგონა, საზარელი სევდით და ბოღმით
მეც ვიტანჯები! – ნუ გგონია, მხოლოდ შენ გტანჯავ.

მეც მინდა გითხრა, მინდა განდო სათქმელი, მაგრამ,
შენს ტკბილ ბაგეებს ვერ შორდება ჩემი ბაგენი
და შენ არ გჯერა, მეც რომ ვტირი... არ გჯერა, რადგან
ცრემლების ზღვაში შენ ჩემს ცრემლებს ვერ მიაგენი.

ო, გევედრები, ასე უღვთოდ ნუ გამაწამე
განუწყვეტელი ქვითინით და ცრემლთა შეტევით
და მითხარ რამე... სანუგეშო მითხარი რამე,
მხოლოდ ჩემს სახელს ნუ წარმოთქვამ თავგამეტებით.

ჩემო გოგონა, სჯობს მომავალ ხვედრზე გვეზრუნა,
რადგან ამაო გლოვისათვის არ გვშობს განგება;
და თუ დღეის დღის ხსოვნა შეგვრჩა ხვალის მეგზურად,
ჩვენი სიცოცხლე შემზარავად გაითანგება.

მშვიდობით, ჩემო საყვარელო, იყავ მშვიდობით!...
დათმე წარსული – მშვენიერი გრძნობით ნაფერი;
ერთადერთ იმედს, სჯობს, მივენდოთ ჩვენ სულდიდობით
და დავივიწყოთ... დავივიწყოთ ეს ყველაფერი!

                                                                                    მარტი, 1993 წელი







ჰენრი ლონგფელო 
(1807-1892)

წვიმიანი დღე

დღეს ისევ ცივა, ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა,
დღეს ისევ წვიმს და ქარი დაქრის აღმა და დაღმა...
ჩასჭიდებია სურო-ვაზი დამსხვრეულ ლოდებს,
წვიმა და ქარი ფოთლებს აცლის და ისიც გოდებს...
     და ისევ ცივა, ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა.

ჩემს ცხოვრებაშიც დაქრის ქარი, აღმა და დაღმა,
ისევ მაწვიმს და ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა;
ჩემი ფიქრები ჩაეჭიდნენ დამსხვრეულ წარსულს
და ჩემს უსასო სიჭაბუკეს სიცოცხლე არ სურს...
    და ისევ მცივა, ცა მოქუფრა სიბნელის დაღმა.

აწ კმარა, გულო! ნუ იტკიებ ხსოვნის იარებს,
ღრუბლების მიღმა ცა ელვარებს და მზე ბრდღვიალებს;
და რითაც ბერი გული ნაღვლობს, შენც ნაღვლობ იმას -
უნდა გაუძლოს ზოგჯერ კაცმა ცხოვრების წვიმას...
   და ცა მოქუფროს ზოგჯერ უნდა სიბნელის დაღმა.


ტაშა შოური - Tasha Shore

მე სიყვარულით ზღვის სიღრმეს ვგავარ,
შენ რომ არასდროს არ გაქვს ნანახი;
მე სიყვარულით ვარდი ვარ და ვარ
შენგან სათუთად გადასანახი.

მე სიყვარულით მდინარეს ვგავარ,
რასაც არსაით არ აქვს სასრული;
მე სიყვარულით მტრედი ვარ და ვარ
შენი ბარათით ცაში ასული.

მე სიყვარულით სიმღერას ვგავარ,
დაუსრულებელს  აწ და მარადის,
მე სიყვარულით მონა ვარ და ვარ
შენი ერთგული კუბოს კარამდის.


ედგარ ალან პო

„ყორანი“

01
ერთხელ ღამით ფიქრთა შუა დაღლილობამ შემიტყუა
და ვთქვი - ალბათ, სევდა თუა, ამ ძველ წიგნებს ვფურცლავ ოდეს...
ძილს ვებრძოდი მთელი ღამე, კაკუნი რომ მომესმა მე,
თითქოს ვიღაც ანდა რამე კართან შინ მე მომდგომოდეს,
"სტუმარია?! - ვეჭვობ, რომ სხვა კართან ვინმე მომდგომოდეს
და სათქმელი რამე ჰქონდეს".
02
თითქოს მახსოვს, ვგრძნობდი რასაც - დეკემბერსაც და მის ქარსაც,
თითქოს სურდა ბუხრის ალსაც - იატაკზე ჩრდილად ხტოდეს...
გულს კი სურდა ძლიერ დილა და თვით წიგნმაც გააწბილა,
რომ იქ შვება ვერ იხილა, რომ ის მარად ხსოვნით კრთოდეს
და შორეულ ქალწულ ლენორს, ვით ანგელოზს, შეჰხაროდეს,
თუმც იმედი არც რამ ჰქონდეს.
03
მარჯნისფერი აბრეშუმის ფარდის - მისი შარიშურის _
ხმაც მზარავდა და ღარავდა გულს შიშით, რაც დღემდე მომდევს,
ჯერ უცნობი რაღაც ელდით მეც და გულიც მთლად გავხელდით:
"სტუმარია - კვლავ ვთქვი - ვეჭვობ, შემოშვებას სხვა რომ მთხოვდეს,
სტუმარია ვიღაც... ვეჭვობ, ამის ნებას სხვა  რომ მთხოვდეს,
ან განზრახვა სხვა რამ ჰქონდეს.
04
მოვიკრიბე მალე ძალი, კარს შევავლე უმალ თვალი,
ვკითხე: "კაცი ხარ თუ ქალი?! - მაპატიე მე, არმცოდნეს,
არ ველოდი კაკუნს ღამე, მთვლემარს მესმა ოდეს ხმა მე,
ვერც გავიგე სიტყვა რამე - კარზე ვინმე მომძახოდეს"...
გავხსენ კარი და ვიფიქრე, იქ წყვდიადი დამხვდა ოდეს,
ვეჭვ, სამზერი სხვა რამ მქონდეს.
05
მივაშტერდი წყვდიადს ასე, შიშითა და გზნებით სავსე,
მე იმ ნატრულს დავემსგავსე, ვისაც სურს, რომ შუქი კრთოდეს,
თუმც არ ჰკვეთდა სხივი წყვდიადს და არც ბგერა - დუმილს, ფრიადს,
მხოლოდ სურვილს ვგრძნობდი დიადს, ექოსავით რომ მოჰქონდეს
სივრცეს სიტყვა - "ლენორ... ლენორ..." და ჩემს ირგვლივ მიმოჰქონდეს...
სხვა სურვილი არც რამ მქონდეს.
06
მოვბრუნდი და ვიგრძენ სრული მგზნებარებით თრთოდა სული
და ვშიშობდი, აწ სარკმელზე ის კაკუნი განმეორდეს,
მართლაც მესმა მძლავრად ისევ და ვთქვი - "ეჭვებს რატომ ვისევ?!
გამოვაღებ სარკმელს ისე, სული ძლიერ რომ არ თრთოდეს,
ვნახავ, იქნებ ქარს სწადია - "რაღაც უცნაურად ქროდეს
და ხმაც უცნაური ჰქონდეს".
07
გავაღე და ზევით-ქვევით მოფართხალე ფრთების ქნევით
იქ ყორანი დამხვდა წინ და შემოფრინდა შიგნით ოდეს,
მედიდურად მე გამშორდა და ვით ლედიმ ანდა ლორდმა,
ჩამიარა შორი-შორ და კართან ახტა, თითქოს მოსდევს
ძველი ჯავრი პალადასი, რომ მის ბიუსტს დასჯდომოდეს, -
თითქოს ჯავრი ახლაც ჰქონდეს.
08
შევხედე და სევდის ნაცვლად გავხალისდი - ისე მკაცრად
იჯდა თითქოს მთვლიდა არც რად... ჰგავდა ბრძენს და ყოვლისმცოდნეს.
ვუთხარ: "ვატყობ, არ ხარ მხდალი, თუმც მზერა გაქვს ერთობ მწყრალი,
მედიდურად გიჭრის თვალი... სჭვრეტ ღამეულ ბრალს და ცოდვებს..
მაშ, სახელიც მითხარ... იქნებ ჯოჯოხეთურს მეტყვი  ბოდვებს...“
და თქვა სიტყვა - "არასოდეს!"
09
ყორნის სიტყვას ყური როცა მოვკარ, ფრიად გამაოცა,
საშველი კი არც მან მომცა, სული სევდით რომ არ ძრწოდეს...
ან უნახავს ნეტავ ვინმეს, შესწრებია მხეცს ან ფრინველს,
რომ ოთახში შეძლებს იმდენს, შეეღწიოს შიგნით ოდეს,
უმალ კართან შემოდებულ ბიუსტს თავზე დასჯდომოდეს
და თან ეთქვას "არასოდეს"?!
10
ეს თქვა მხოლოდ შემზარავად და ბიუსტზე კვლავ უძრავად
იჯდა... თითქოს ერთ სიტყვაში მთელ ძალას და სულს აქსოვდეს...
ფრთის შექნევაც კი არ სცადა, არაფერი მითხრა სხვა და
მე ვთქვი - "წავა ესეც ხვალ და მოისურვებს, რომ გამშორდეს,
როგორც ყველა მეგობარი და იმედიც აღარ მქონდეს...“
მან დამჩხავლა - "არასოდეს".
11
დავუბრუნდი შიშით დუმილს, ჩხავილი რომ შეწყდა სტუმრის,
"მგონი, ერთი სიტყვა იცის - ვთქვი - ვეჭვობ, რომ სხვას ამბობდეს...
ალბათ, ვინმე ბედკრულს ჰყავდა მიჩვეული, ის კი თხზავდა
სევდით ლექსებს კვლავ-და-კვლავ და სურდა, ასე დასძახოდეს
ყორანის ხმაც... უიმედო სევდით სავსე დასძახოდეს:
"არა, არა.... არასოდეს...“
12
ჩემს სევდიან სულს თუმც მალე კვლავ ღიმილით მივეძალე,
სავარძელი დავდგი ახლოს ყორანთან და კართან ოდეს,
რბილ ხავერდზე მჯდომმა თავი მივეც ფიქრებს, ის კი - შავი,
მწუხარე და შემზარავი ხმით ცდილობდა კვლავ ჩხაოდეს,
ვით ბნელეთის მოციქული ერთი სიტყვით დამჩხაოდეს
და ამბობდეს _ "არასოდეს".
13
ასე ვიჯექ სავსე ეჭვით, ღრმა დუმილში ხანგრძლივ შეჭრით,
ფრინველი კი თვალთა ცეცხლით თითქოს გულში შემომჭროდეს,
მე იდუმალ ფიქრთა შორის ხავერდებზე წამოწოლილს,
შუქს მაფენდა ლამპიონის სხივი ისე, თითქოს კრთოდეს
იისფერად სატრფოს ხსოვნა... მსურდა, კარს ის მოსდგომოდეს,
ვინც არ მოვა არასოდეს.
14
მერე ვიგრძენ რაღაც შვება, მოფარფატე ნება-ნება,
თითქოს ჩემთან სურნელება სერაფიმთა იფრქვეოდეს,
"ო, საბრალოვ! - თავს შევძახე - აწ ღვთიური შვება ნახე,
მოჩანს ანგელოზთა სახე, რომ შენს ხსოვნას შვება ჰქონდეს...
რომ ლენორი დაივიწყო... რომ ლენორი არ გახსოვდეს...
და მომესმა - "არასოდეს!"
15
ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ  ფრინველს,
რომელ მაცდურ ქარს ეწადა, შენთან ერთად აქეთ ქროდეს?!
რად მეწვიე უდაბურ და ბნელ მხარეში... ან რა გსურდა?!
უშიშრობა შენი მშურს და გთხოვ _ მართალი მითხარ!... გთხოვ დღეს!
გალაადის ნაპირს ჩემთვის თუ აქვს შვება? - მითხარ!.. გთხოვ დღეს!"
და მომესმა - "არასოდეს!"
16
ვკითხე - "გიმზერ ნათელმხილველს თუ ეშმაკთან ჩვეულ  ფრინველს?!
ღმერთს გაფიცებ, ვისგან მადლიც გვსურს, ორივეს მოგვფენოდეს,
მითხარ, ჩემს სულს ეღირსება, თუნდ ედემში ჰქონდეს შვება,
თუ ექნება იმის ნება, წმინდა ქალწულს შეჰხაროდეს,
ლენორს ხელის შესახებად უხმობდეს და შესძახოდეს?!"
და მომესმა - "არასოდეს!"
17
“მაშ, ამ სიტყვით გამეცალე, გადი გარეთ ქარში მალე,
ფრინველი ხარ თუ ეშმაკი?! - სჯობს, გზა ჯოჯოხეთში გქონდეს!...
სჯობს, კარისკენ გაემართო, სულს ცრუ გზნება არ დამართო,
მე დამტოვე ისევ მარტო... მოშორდები ბიუსტს ოდეს,
სჯობს ჩემს გულსაც შენი კლანჭი აღარასდროს დასტყობოდეს!...“
და მომესმა - "არასოდეს!"
18
მივაშტერდი ყორანს მყის და - ის უძრავად ზის და ზის და -
თითქოს ბიუსტს პალადისას საუკუნოდ დასჯდომოდეს,
მზერაც თითქოს გაუქვავდა, მეოცნებე დემონს ჰგავდა,
და მის ჩრდილქვეშ ვიგრძენ კვლავ და მივხვდი, სული უნდა ძრწოდეს,
ყორნის ჩრდილში ჩაფერფლილ სული, მარად უნდა ძრწოდეს,
და არ აღდგეს არასოდეს!