ფირდოუსი

გამოვიდა წიგნი - 14 მაისი, 2014 წელი






ზურაბის თავგადასავალი



წუთისოფლის სამდურავი

თუ ქარიშხალს წესადა აქვს მარად მტრობდეს კაცთა სამყოფს,
რატომ ერჩის ასე ხშირად ჯერ უმწიფარს ნეტავ ნაყოფს?!

ნეტავ ამას რა სახელი ერქვას უნდა ან რა წესი?!
ნეტავ მისმა შემოქმედმა სხვა ვერ შექმნა უკეთესი?!

ან რად არის ეს სიცოცხლე სიკვდილისგან სამართავი,
ან რას მართავს და რას ხლართავს მთელი მისი სამართალი?!

ყველა პასუხს ამაო და იდუმალი ფარავს ფარდა,
და არ რჩება არაფერი, ეჭვისა და ფიქრის გარდა.

ყველა კარი დახშულია და იღება მაშინ მხოლოდ,
სიცოცხლეს რომ დავასრულებთ, თუნდ გაწელილს უთავბოლოდ (005)

და იქ, სადაც დასრულება წუთისოფლის გზას ენება,
ეგებ ჩასწვდეს საიდუმლოს საუკუნო განსვენება?!

და იქ, სადაც ყრმას თუ მოხუცს ერთად უწევთ გადამალვა,
სადაც აღარც ტკივილია, აღარც წვა და აღარც ალვა,

იქ სიკვდილის ერთი წამი თითქოს რაშად, თითქოს ჰუნედ
იქცევა და მოაგელვებს დროს უდროო საუკუნედ.

სულ ეს არის ამ საწუთროს მთელი ზნე და არსი მთელი,
უსამართლოდ მოგექცევა, თუ სამართალს მისგან ელი,

ბებერსა თუ ახალგაზრდას განურჩევლად წარჰკვეთს სასოს,
რაგინდ გული უძგერდეს და სულით თავი გაიხასოს.... (010)

და შენც სხივი ნუგეშისა საამქვეყნოდ უნდა ნახო
მდუმარების ტყვეობაში შენს გონებას უკარნახო,

რომ მიწისქვეშ სანამ ჩახვალ, განერიდო ავს და გრძნეულს
და მისდიო ცისქვეშეთის განჩინებას სიბრძნისეულს:

უფლის ნებით ყოველი დღე გითენდება იმის გამო,
რომ სიკეთე დათესო და სიკეთითვე დაიღამო.

აწ გიამბობთ ზურაბის და მისი მამის ბედკრულ ამბავს,
რაინდული სისხლისღვრის წილ სისხლიანი ცრემლით ნაბანს...


ამბავი როსტომის ნადირობისა 

წინაპრებმა დაგვიტოვეს ბევრი სიტყვა, ზნე თუ წესი,
ბევრი ძველი თქმულებაც და ბევრიც - ძველზე უძველესი. (015)

მათგან ვიცი ეს ამბავიც, რასაც თხრობა ლექსად ვკადრე:
ერთხელ როსტომს გაეღვიძა განთიადზე... დილით ადრე...

წამოდგა და აიყოლა, ალბათ, რაღაც სიზმრის ურვა,
ვერ გაიგო რად წუხდა და ნადირობა მოესურვა;

ის თურანის გზას დაადგა.... გადალახა მთა და ველი,
ნადირობის ჟინს მისდევდა, როგორც ლომი მტაცებელი.

თურანის ზღვარს რომ მიადგა, აუძგერდა გული გზნებით:
არემარე სავსე იყო ირმებით თუ ჯეირნებით.

როსტომს სახე აელეწა, ღაწვი გაუვარდისფერდა,
პირს ღიმილი გადაეკრა, რაშს დეზი ჰკრა.... მშვილდით ჯერ და (020)

მერე გურზით და ქამანდით დაფეთებულ მრავალ ირემს
დაედევნა და მალიმალ ხანჯლით კლავდა ნანადირევს.

ბევრ ჯირითს და ჯომარდობას დაღლაც მოჰყვა კვალდაკვალ და
შეაგროვა იქვე ფიჩხი, კოცონიც რომ აბრიალდა,

მოეძალა როსტომს მადა და იმ სპილოსტანიანმა
ერთი დიდი ხე მოტეხა... და რომ განვლო მცირე ხანმა

გაატყავა ხარ-ირემი, თუმცა დაჭრა არად არგო
და დიდ ტოტზე, ვით შამფურზე, ის მთლიანად წამოაგო.

გულმა დარდი გადიყარა... მოეფონა შვება სხეულს...
და როსტომმა მიაშურა მდელოს, ნაზად გადარხეულს, (025)

დამშვიდდა და განა რამე ეწვეოდა, ძილის გარდა?! -
მისმა რაშმაც გალაღებით მინდვრად გადაინავარდა.

მაგრამ უცებ... შვიდი თურქი იქ გამოჩნდა შარა-შარა,
მერე რვაც რომ დაემატა, თხუტმეტივე თურქმა ჩქარა

მიაშურა იმ დიდ მინდორს, ბალახობდა რაში სადაც,
და მათ ცხენის შესაპყრობად მისვლა ექცათ მიპარვადაც.

მიიყუჟნენ, მიიმალნენ, უსხეულო ვით ლანდები,
მოიმარჯვეს, რაც რამ ჰქონდა საბელი თუ ქამანდები,

ხელთ მოიგდეს ოდეს რაში, მოსართავ და მოსაკაზმი,
ქალაქისკენ გზას დაადგა მოქოთქოთე თურქთა რაზმი. (030)

* * * 
როსტომს მალე გაეღვიძა.... განერიდა ტკბილ სიზმარს და
უმალ რაში მოიკითხა.... სხვას პირველად რას იზამდა?!

გაიხედა მინდვრისაკენ... ის მინდორიც გადალახა...
მაგრამ ცხენი არსად ჩანდა, ნიშანწყალიც ვერსად ნახა.

გულზე დარდი შემოაწვა თავსდამტყდარი რაღაც მეხით....
რაღა დარჩა? - სამანგანის გზას დაადგა თავის ფეხით.

მიდიოდა დარცხვენილი და ჩიოდა: "ეს რა ძილი
მეწვიაო.... ნუთუ ვიყავ ასე ძლიერ გადაღლილი?! 

სად წავიდე, რას იტყვიან, რომ მნახავენ ასე მარტოს?! -
დამცინებენ.... არ მკითხავენ რას-და-როგორს... რად-და-რატომს... (035)

ან საშველი უნდა ვპოვო, ან ამ სირცხვილს რამე ვარგო.,
ან არავის დავენახო, ანდა სადმე დავიკარგო....”

მიდიოდა იმ იმედით, რომ თავის ცხენს კვლავ ნახავდა,
მაგრამ მისთვის ეს სოფელი გაცუდდა და გადაავდა....

შორი გზები მოიარა, გადიარა ტყე თუ ჭალა,
მაგრამ გული დარდისაგან უფრო მეტად შეემსჭვალა,

გზის ბოლოში სამანგანის დახვდა დიდი გალავანი
და აცნობეს უმალ მეფეს - ჩვენს ქალაქში ფალავანი

მოვიდაო ვით ღატაკი, ვით ყარიბი ვიღაც გლახა....
ცხენი სადღაც გაექცა და მისი კვალიც ვერსად ნახა.... (040)

მაგრამ შაჰმა უმალ ბრძანა მისთვის გაშლა გზის და განის...
ღირსეულად დახვდა როსტომს დიდი მეფე სამანგანის.

მეფემ უთხრა - "შენ რომ ფეხქვეშ გეგო მთა და გეგო ბარი,
მტრისთვის მტერი რომ იყავ და მეგობრისთვის - მეგობარი....

მეც მსენია.... გაგონილი მაქვს ამბები ყველა.... სრული.... 
და ვარ შენი მოყვასი და მოყვარე და მოყვარული,

ნებით მოხველ და ჩვენგანაც სასიკეთო მოვა ნება,
ამ ქალაქში არის შენთვის სიხარულის მოვანება!"

და როსტომმაც დაუჯერა სამანგანის დიად მმართველს,
რომ სიკეთეს მის ქალაქში ბოროტება გზას ვერ ართმევს; (045)

უთხრა მეფეს: "ნადირობის შემდეგ ოდეს დასვენება
მოვისურვე, ცხენს ლაგამი მოვხსენი და მივეც ნება 

თავისუფლად ენავარდა, მაგრამ გაქრა და მას თვალი 
ვეღარ მოვკარ.... დავკარგე და მომეჩვენა თითქოს კვალი

ამ ქალაქში მოდიოდა.... ახლა შენ გთხოვ დახმარებას
მოიკითხე, მომიძებნე - იქნებ სადმე აქვე ებას

და მოგაგებ კუთვნილ პატივს.... მაგრამ ვაჰ, თუ ვინმე მალავს, -
გადავლალავ მათ სიკვდილში, როგორც ბევრი გამილალავს".

მეფემ უთხრა: “შენს უკეთესს თვალი ქვეყნად ვერას ხედავს,
ვინ გაკადრებს შენ ურჩობას, წყენას როგორ გაგიბედავს?! (050)

სტუმარი ხარ დღეს ჩემი და განერიდე აუგ ფიქრებს....
სადაც რამე სალხინოა, ჩვენთან არის... თავს აქ იკრებს

სამანგანის ყველა კარგი მომლხენი და მომნუსხავი....
ამ საღამოს ღვინო ვსვათ და გალაღებას მივცეთ თავი,

ხვალ კი ყველას ხმას მივაწვდენ და გამგონსაც გაეგების,
რომ ამგვარი ბედაურის გადამალვა არ ეგების".

ამ სიტყვებით როსტომის გულს გადეყარე ყველა ჯავრი,
დაავიწყდა რომ სტუმარი და მოსული იყო მგზავრი,

ილხინა და მოალხინა ქალი, კაცი, ყმა თუ მეფე,
გადმოიფრქვა სურვილთა და საწადელთა სიიეფე... (055)

მერე მეფე სუფრის თავში ჩამოჯდა და იქვე დასვა
მან სტუმარი სანატრელი... ღვინო სვა და მასაც ასვა,

თავის ქალაქს, თავის ლაშქარს ვინც კი ვინმე გმირი ჰყავდა,
ვისაც სახე გაუბრწყინდა, პირზე ვარდი აუყვავდა,

ყველას უხმო, ყველას მისცა ის მადლი და იმის ნება,
რომ ენახათ თავის თვალით, რომ არ იყო ეს ზმანება,

რომ როსტომი იყო თავად, რომ ილხენდა, ღვინოს სვამდა...
და ამ ლხინში დროც გავიდა.... ჩამობნელდა, ჩამოღამდა...

იმ დარბაზის ბრწყინვალება აელვარდა სანთლის ალზე,
თუმცა როსტომს მოერია სიმთვრალეც და რულიც თვალზე... (060)

წაიყვანეს, მოასვენეს... მოიტანა ძილმა შვება...
მის ოთახში იფრქვეოდა მუშკ-ამბართა სურნელება.

* * *
ოდეს იმ დღის უკუნეთმა, ჯერ სულაც არსახვალიომ,
დაივანა ცის თაღზე და საიდანღაც ცელქმა სიომ

ჩურჩული და შარიშური გააყოლა გზას და ბაღებს,
როსტომს თითქოს შემოესმა, ვიღაც ფრთხილად კარს რომ აღებს

თითქოს შიგნით შემოვიდა სანთლით ხელში ვიღაც მონა,
ვერ გაიგო, ესიზმრა თუ მართლაც ცხადად გაიგონა,

რომ ოთახში ფეხაკრეფით მონას მოჰყვა თითქოს მთვარე,
რომ ის მთვარე მზედ იქცა და აკიაფდა არემარე, (065)

მაგრამ არა - არც მზეა და არც მთვარეა... თითქოს სარომ
ღამით ფეხი აიდგაო... თითქოს სადღაც სხვა სამყარომ

გაიტყუა როსტომი და აიხადა ყველა ფარდა...
კაცი სხვას რას იფიქრებდა, ზმანებასთან შეყრის გარდა?!

ცას ახედა და ახსენა ქვეყნის შემქმნელ-შემოქმედი -
რაღაც ახალ საოცრებას უმზადებდა როსტომს ბედი...

ბოლოს ჰკითხა: "რა გქვია და ვინა ხარო დედით-მამით?
რა სურვილმა მოგიყვანა ჩემს ოთახში შუაღამით?"

"თაჰმინე ვარ - გაიგონა ეს პასუხი, რაც თქვა ქალმა -
დამტანჯაო უცაბედად მოდებულმა ცეცხლის ალმა... (070)

სამანგანის დიდი შაჰის ასული ვარ.... გვარით, ჯიშით
ლომი გვყავდა წინაპრად და შთამომავლად მისგან ვიშვით...

ქვეყნად ვინცი-კი ლამაზია,  მე რომ მგავდეს, ამას ნატრობს,
ჩემი მსგავსი ცოტა უმზერს იისფერად მორთულ ტატნობს.

ფარდის გარეთ ჯერ არავის დაუნახავს ჩემი სახე,
ჯერ არავის წარდგომია თვალწინ, რაც შენ დაინახე.

ბადალი შენც არა გყავს და მე ეს ვიცი, გამიგია...
შენთან სადმე შესახვედრი ბევრი ფიქრი ამიგია,

ვიცი, შიში არაფრის გაქვს, შენს გამო კი თრთიან დია
თუკი სადმე ლომია და ვეფხვია და ნიანგია. (075)

რომ უშიშრად გადმოლახავ თურანის ზღვარს თუნდაც ღამით,
რომ ვერავინ შეგაჩერებს, თუკი სურვილს იგრძნობ რამით,

რომ ვერსაით გაგექცევა, თუკი მისწვდი ნანადირევს...
შენი ხმალი მიწას ცისკენ ნაპერწკლებად აადინებს,

შენი გურზი შიშის ზარს სცემს გარსმოხვეულ კაცს თუ ნადირს,
ომში შესვლა ლხინად გიჩნს და მტერთან თითქოს მართავ ნადიმს

მრისხანედ თუ ააჟღერე ხმა შუბის და ფარ-შიმშერის
სანავარდოდ არწივიც კი აღარსაით გაიშვების.

შენ ქამანდით ქარსაც სწვდები, ოდეს ზეცის თაღებს სერავს,
შენ ღრუბელიც კი გაგირბის, ოდეს აფრებს შავად ფერავს.... (080)

ბევრი შენი გმირობა და ვაჟკაცობა ვიცი კიდევ,
ჩემთა ფიქრთა მპყრობელო და ოცნებათა გადამკიდევ,

შენი ნახვა მინდოდა და გაოგნებას ჰგავდა მეხით,
რადგან ჩემთან მოგიყვანა ბედისწერამ შენი ფეხით.

აჰა, შენთან მოვედი და ის ჰქმენ, რასაც გეტყვის ნება,
მე, შენს გარდა, თავი ჩემი არავისთვის მემეტება.

პირველ ის, რომ შორით დაგვით მოგიძღვენი ტრფობა ჩემი,
რომ გონებას მართმევს ახლა სურვილი და გრძნობა ჩემი.

და მეორე - ნუ დამძრახავ, რადგან ვბედავ სათქმელს ამდენს,
თუ განგებაც მოისურვებს, შენგან მინდა შვილი მყავდეს (085)

და თუ ვაჟი დაიბადა, იყოს შენი მსგავსი მარად,
მთელი შენი ვაჟკაცობის მემკვიდრედ და შესადარად.

და მესამე - ცხენს მოგიყვან, ვიცი როგორ ვძებნო კვალი,
მთელ სამანგანს გადასწვდება ჩემი გული, ყური, თვალი".

დაასრულმა, ქალმა არა, იმ ფერიამ სიტყვა ოდეს,
ბედმა როსტომს უთხრა თითქოს, ვისაც უნდა შენატროდეს.

დაიჯერა ქალის სიტყვა, სწამდა ცხენსაც მონახავდა,
წუთისოფლის დიად შემქმნელს აღუვლინა ქება კვლავ და,

ვით შეჰფერის რაინდს, მაშინ ქალს გაშორდა, სცა თაყვანი
და მონახა დილით კაცი მამამისთან მისაგზავნი. (090)

შაჰს ასულის ხელი სთხოვა.... და ამ ამბავს ქალის მამა
სიხარულით დასთანხმდა და გული მეტად დაიამა.

მოიწონა მან რაინდის სიქველე და ზნე თუ წესი,
განა ვინმე ამას სთხოვდა მას როსტომზე უკეთესი?!

გმირთაგმირთან შეუღლების დართო ნება მამამ ასულს
და მიეცა ის ქალაქი ლხინს და ქეიფს, ზღვარგადასულს.

მოსალხენად დაიხარჯა რა ზნენი და რა ჩვევანი -
ყველამ ერთად დაულოცა შაჰის ასულს არჩევანი

დაარიგეს საბოძვარი, უხვად შემომადლებული,
აღარ დარჩა სამანგანში ოქრო უქმად დადებული. (095)

კვლავ დალოცეს ერთმანთის გვერდით მჯდომი მზე და მთვარე,
ოდეს ლხინი მიილია, როს დაწყნარდა არემარე

ან კოკორი გადაიპო,  განძს ბეჭედი ასწყდა ანდა,
როცა ღამე უსასრულო დროში გადასიგრძეგანდა.

ტატნობი კი მზეს ელოდა, მისთვის ქმნილს და მისთვის შობილს,  
და მნათობმაც სტყორცნა სხივი ცას გახსნილს და გადაპობილს.

გათენდა და განშორებად იქცა მოსვლა იმ დილისა....
როსტომს ერთი სამკლაური თან დაჰქონდა, ვით თილისმა,

მოიხსნა და მიაბარა ის თაჰმინეს - “გქონდეს ესო!
თუ განგება ასულს მოგვცემს შენსავით ნაზს, უნაზესო, (100)

ეს თილისმა ნაწნავებში ჩაუბნიე - ჩემგან ჰქონდეს,
რომ ცხოვრების მდინარეში გზა სიკეთით გაუფონდეს

და თუ ვაჟი დაიბადა, თუ გაგრძელდა ჩემი გვარი,
მას ეს მკლავზე გაუკეთე, ჰქონდეს მამის სახსოვარი....

მომავალში გზა გაეხსნას წინაპართა ჩემთა მოდგმას,
თვით ეძებდეს კაცის სახელს, განა ფლობდეს კარზე მომდგარს,

თვით იმკიდეს მზისქვეშეთში თვისი სივაჟკაცის ნაყოფს,
სადაც იგი დაივანებს, საარწივოდ თვლიდნენ სამყოფს”. 

ოდეს სიყვარულის ღამეს ხსოვნისთვისღა შერჩა კვალი,
ოდეს ერთმანეთში ჩაფლეს გული, სული, გონი, თვალი, (105)

ოდეს თავის საბრძანებელს მზემ სინათლე მისცა სრულად,
ქვეყნად ყველა სიძულვილი თითქოს იქცა სიყვარულად.

მაგრამ ხანგრძლივ განა ვინმეს შერჩენია ქვეყნად შვება?! -
შემზარავი სასჯელივით მოახლოვდა განშორება

ბროლის ცრემლი აკიაფდა წამწამსა და წამწამს შუა,
და სანთელმა - ვით ფარვანა, სევდამ ქალი მიიტყუა..

სამანგანის დიდმა შაჰმაც როსტომი და თვისი შვილი
მოიკითხა, ინახულა ერთად ღამეგამოვლილი

და აცნობმა როსტომს - “რაში, უშენოდ რომ სადღაც ება,
მოვძებნეთ და მოგიყვანეთ და აწ კართან გელოდება”. (110)

შაჰს მადლობა უძღვნა გმირმა... ცხენს ეფერა გულ-და-სულ-და
სამშობლოსკენ გაქუსლა და ეს ამბავიც აქ დასრულდა.


ზურაბის დაბადება

დრო გავიდა... როს თაჰმინემ მიითვალა ცხრა თვე სრული,
სანატრელი შობა ვაჟი, მთვარესავით გაბადრული.

ის მაშინვე ჰგავდა მამას, ჯერ სულ თოთო, ჯერ სულ ჩვილი.
საამქვეყნო ცხოვრებაში დიდებისთვის მოვლენილი

დაელოდა პირველ ღიმილს, ახლადშობილს რომ სწვეოდა,
და თაჰმინემ მოისურვა, ვაჟს ზურაბი დარქმეოდა

ოდეს ერთი თვის შესრულდა, ერთი წლისას ჰგავდა, მგონი,
მასთან, ალბათ, თვით როსტომიც იქნებოდა მონაგონი.

ოდეს სამი წლისა გახდა, მარჯვედ ფლობდა მშვილდს და ჩოგანს,
რომ გენახა, იფიქრებდი - უკვე ნამდვილ ვაჟკაცს მოჰგავს!

ოდეს ათი წლის შეიქნა, ვით სამანგანს წესად არის,
ასპარეზზე გამოსცადეს, მაგრამ მისი შესადარის

პოვნა ვერსად მოახერხეს... და ერთ დღესაც ჰკითხა დედას:
გკითხავ იმას, რაც აქამდე შენთვის მე ვერ გამიბედავს;

რატომა ვარ ასე დიდი, რად გავასწარ მე ჩემს ტოლებს,
სადაცაა ტანი ცამდე ამიყვანს და ამიყოლებს.

მითხარ - ვისი შვილი ვარ და ვისი ჯიშის, ვისი გვარის,
რომ მკითხავენ - სად გყავს მამა, ვისკენ არის, ვისთვის არის - (120)

რა პასუხი უნდა გავცე ან კეთილი და ან ავი
მითხარ, თორემ მე სირცხვილით მომეჭრება სადმე თავი".

დედამ უთხრა: "სრულ სიმართლეს გეტყვი, დროა, რომ მართალი,
შენც იცოდე და ეს იყოს შენთვის ხელის მომმართავი.

შენ როსტომის შვილი ხარ და გყავდა გმირი წინაპრები
გმირობები მათი შერჩა ხალხის ხსოვნას, ვით ზღაპრები.

მიტომაც ხარ ასე დიდი, გაასწარი ტოლებს ტანით,
გეტყვი კიდევ საიდუმლოს სიცხადემდე მისატანით:

რადგან კეთილს თან აახლა ავიც ქვეყნის შემოქმედმა,
რადგან როსტომს სივაჟკაცე დააკისრა მისმა ბედმა, (125)

რადგან იგიც მამა-პაპის გზას აგრძელებს სასახელოს,
შენც ეს ვალი გეკისრება - საომარ და გმირულ ლელოს

დააჩნიო შენი კვალი... აწ გაჩვენებ შენ ერთ წერილს,
ირანიდან თურანისკენ საიდუმლოდ გადმოფრენილს.

ეს თილისმაც შენთვის არის - იაგუნდის სამი თვალი -
რომ თუ შეგხვდა, მამამ გიცნოს.... თუმცა არის დასამალი:

როსტომის მტერს, აფრასიაბს, ღმერთმა ნუ ქნას, ამცნონ ავად,
რომ შვილი ჰყავს როსტომს ჩემგან... რომ ოდესმე სანახავად

აქ ჩამოვა გმირთაგმირი... და მათ ერთად - შვილს და მამას -
გადეშლებათ საომარი ასპარეზი.... აი, ამას (130)

ვმალავ, შვილო... შენ თუ შურის საძიებლად გიხმო მტერმა,
ეს ტკივილი დედის გულში ვერ დააცხროს ვერაფერმა".

ზურაბს სახე გაუნათდა, უთხრა დედას: "არ დავმალავ,
რომ როსტომის შვილი ვარ და ყველას ვეტყვი, სადაც წავალ.

რომ ჩემს მამას აქებს ყველა, ადიდებენ იმის სახელს!
როსტომს იცნობს, საწუთროში საარსებოდ თვალს ვინც ახელს

არას მარგებს ამის მალვა მე, გმირების შთამომავალს,
მათს საკადრისს გავიკვალავ წუთისოფლად გზას და სავალს.

მთელ თურანში შევკრებ ახლა მოლაშქრეს და მებრძოლს იმდენს,
რომ სიმრავლე თურქებისა მივაწვდინო კიდით კიდეს. (135)

რომ მეხივით თავს დაატყდეს ქეი-ქავუსს ჩემი რისხვა
რომ თქვან - მორჩა! აწ ირანში მისი მოდგმა ჩამოიმსხვრა.

ბედისწერა მიხმობს იქით და მამასთან ოდეს მიმგვრის,
ჩავაბარებ მაშინ როსტომს შაჰის ტახტს და შაჰის გვირგვინს,

მერე წავალ თურანში და გადავღებავ სისხლით ტყე-ველს,
ჩვენს ბოროტ მტერს აფრასიაბს, აწ ძლიერს და ყოვლისმძლეველს,

ისე  მოვსპობ, გულს იმედი არ შერჩეს და აღარ ედოს,
რომ მთა-და-ბარს მზემ ზეციდან კვლავ სიკეთით გადმოხედოს.

თუ როსტომი მამაა და თუკი მე ვარ მისი შვილი,
სხვას სამეფო რატომ უნდა ჰქონდეს ფეხქვეშ გადაშლილი?! (140)

თუკი ცაზე მზე ამოდის და თუ მოსდევს იმას მთვარე,
ვარსკვლავს რატომ უნდა ჰქონდეს დაპყრობილი არემარე?!


ზურაბი ირანზე სალაშქროდ ემზადება

და ზურაბმა უხმო ლაშქარს - "ყველას, ვისაც ერჩის გული,
ვინც ომის და ბრძოლებისთვის არს ცხოვრებით განწირული,

მომყევითო" - თქვა და გული აფრასიაბს დაუზაფრა, -
ამცნეს მეფეს, რომ ზურაბმა ზე აღმართა ბრძოლის აფრა.

მეფეს უთხრეს: მისი მსგავსი, ვეჭვობთ, დედას ეშობაო,
თუმცა რძეს ვერ მოუსწრია ჯერ მის პირზე შეშრობაო,

მაგრამ უკვე ბრძოლის ჟინით მტრისკენ იშვერს ხმალს და ხანჯალს
და ქავუსზე გალაშქრების საწადელი მის გულს ტანჯავს. (145) 

გარს ლაშქარი მოიკრიბა ისე დიდი, ისე ბევრი,
რომ ვერ აღწერს რაგინდ იყოს კაცი სიტყვით ენამჭევრი.

ბოლოს უთხრეს - ამით უნდა დავასრულოთ ჩვენი თხრობა,
რომ თაჰმინემ ეს ყმაწვილი შენი ძველი მტრისგან შობა.

აფრასიაბს ეს ამბავი გაუხარდა, რადგან ნახა
იქ თავისთვის სასიკეთო და მზაკვრობა განიზრახა...

ბრძანა მეფემL- ვაჟკაცები შეკრიბეთო თითო-თითო,
ვინც სახელი მოიპოვა გურზითა და მახვილითო 

ათ და ორმეტ ათას მებრძოლს მოუყარა თავი ოდეს,
უთხრა ჰუმანს, რომ ბარმანთან ერთად ლაშქარს წინ უძღოდეს. (150).

და უბრძანა იმ ორ სარდალს, გაუყარა თვალში თვალი:
"ეშმაკურად დაუმალეთ თქვენ მამა-შვილს იდუმალი

ის ამბავი, რომ ზურაბი უკვე ისე ხმარობს მახვილს,
რომ როსტომის წინაშეც კი, თუ ვერ იცნო, თავს არ დახრის

რომ მამობა ვერ შეატყოს, თუ ზურაბი შეხვდა მამას,
რომ თვით მშობლის გუმანიც კი არ ამცნობდეს როსტომს ამას,

და თუ ბედმა გაგვიღიმა, ამ გრძელ ამბავს გახდის მოკლეს, -
ჩემი მტერი ირანელი შვილის ხელით უნდა მოკვდეს

მოკვდება და მამას კვალში მიადევნეთ მერე შვილი...
გაისარჯეთ, რომ სიკვდილად ექცეს ზურაბს ერთხელ ძილი!" (155)

ეს თქვა მეფემ და ფალავნებს სამანგანის გზა აჩვენა,
მათ ელოდათ იქ სიკვდილი ან მზაკვრობით გადარჩენა.

საგანძურით დატვირთული ჯორ-აქლემიც თან აახლა,
თითქოს მტრობა დაივიწყა და მოყვრობა განაახლა.

სასაპალნე ვერ იტევდა საგვირგვინე ლალს და გოვარს
და წერილიც გაატანა მბრძანებელმა ერთგულ მსტოვარს;

ტკბილი სიტყვით იზიდავდა ზურაბს ანდამატივით და:
"მოგიძღვნიო - წერდა მეფე - სალამს დიდი პატივით და 

გთხოვ,  ირანი დაიპყარი!  - იქით გიხმობს შენი ხმალი,
რათა აღდგეს მამა-პაპის საუკუნო სამართალი! (160)

შენს სამეფოს მიუერთე, სადაც ნახო გზა და განი,
ერთად შეჰკარ ირანი და თურანი და სამანგანი!

მეც ჩემს ლაშქარს თან გაახლებ მებრძოლად და მწედ და ფარად,
სამი ქვეყნის სასიკეთოდ დაჯექ ტახტზე აწ და მარად!

თურანიდან შენთან ვგზავნი სარდალ ბარმანს, მასთან - ჰუმანს,
დაიჯერე მათი სიტყვა, მრავალნაცადს ენდე გუმანს,

ერთხანს სტუმრად იყოლიე, გაგიწევენ ნამდვილ ძმობას,
მათგან კარგად შეისწავლი ომის წესს და ჯარის წყობას

ბრძოლის ველზე არ დაშორდე ამ ორ სარდალს, მრავლისმნახველს,
და მოუღებთ ერთად ბოლოს შენს მტერსა და ავისმზრახველს". (165)

როს აფრინეს სამანგანში თურანელი მალემსრბოლი,
მის კვალს ნელა აედევნა ლაშქრის ორი წინამძღოლი.

მალე მისწვდა ზურაბის ყურს ამბავი და მაცნეც ნახა,
რომ ჰუმანმა გზა ბარმანთან ერთად მისკენ გადმოლახა

და შვილიშვილს უთხრა შაჰმა - “წა, გაფრინდი როგორც ქარი
შენგან ელის მასპინძლობას კარსმომდგარი ის ლაშქარი.”

ზურაბს გული გაუნათდა... სტუმრებს დახვდა, როგორც ლომი,
და ჰუმანიც უმალ მიხვდა, რომ ნატვრად აქვს ჭაბუკს ომი... 

მერე ზურაბს მისცა ძღვენი, აფრასიაბს რაც ენება,
და უსურვა საჩუქრებით სიჭაბუკის დამშვენება, (170)

არც წერილი დაუმალა, წაუკითხა ზურაბს ოდეს,
მან შესძახა სიხარულით - "აწ ირანის შაჰი ძრწოდეს!

რაც რამ ბედმა ანებივრა, მოექცევა ახლა ავად,
თუნდ ლომებს და თუნდაც ვეფხვებს ზრდიდნენ იმის დასაცავად."


თეთრი ციხე


ახლა ერთი ციხე ვნახოთ, “თეთრი" ერქვა მას სახელად
ირანელთა იმედად და მათ საზღვართა დასაცველად.

ციხისთავი იქ ჰოჯირი იყო, თავის ქვეყნის შვილი, -
ერთგული და მამაცი და მრავლად ომებგარდახდილი

იმ მხარეში სამშვიდობო იმის შემდეგ იდგა ჟამი,
ოდეს თავის წარგზავნილად შაჰმა დასვა გოჟდაჰამი, (175)

იმ გოჟდაჰამს შვილი ჰყავდა - ვით და მისი ან დობილი
სიავეთა შემოქმედი და ეშმაკთან განდობილი.

და ჰა, ომის ჟამიც დადგა - ლხინს ხომ ხშირად მოსდევს ჭირი....
იქ ზურაბი გამოჩნდა და შეეგება მას ჰოჯირი.

ციხისთავი მტერს ეკვეთა, როგორც ამას ითხოვს წესი,
საბრძოლველად შეარჩია ბედაური უსწრაფესი

და ზურაბმაც დაინახა, როგორ მოქრის მისკენ მტერი,
ფარ-შიმშერი მოიმარჯვა... სისხლად ექცა სახის ფერი... 

გამოვიდა ლაშქრის წინ და მოემზადა, როგორც ლომი,
რომ დაეწყო ღირსეულად მას ირანთან დიდი ომი. (180)

"ჰეი, ვინ ხარ?! - შეუძახა მასთან ახლოს მისულ ჰოჯირს -
მარტო მოხველ?! ნუთუ ჰგავხარ საბრძოლველად ჩემთან მოჭრილს?!

მითხარ მაინც, რა კაცი ხარ... შენი მოდგმა ვისგან მოდის?
მე რომ მოგკლავ, დედაშენი დაგიტირებს სად და როდის?!"

მას ჰოჯირმა უთხრა: "როგორ ბედავ, ხმა რომ აიმაღლო?!
ბევრი თურქი მომიკლავს და დღეს შენც უნდა ჩაგაძაღლო

ამ საზღვართან ვხოცავ ყველას, რაგინდ ძალა გამოიდონ...
ვატყობ, აღარც შენს მხრებს უნდათ ეგ უგნური თავი ზიდონ

მაშ, მოგაჭრი, ირანის შაჰს რომ მივართვა ჩემგან ძღვენი,
თავი - შაჰს და ტანი - მიწას... ეს ყოფილა ბედი შენი!" (185)

ზურაბს მხოლოდ გაეღიმა, ზე აღმართა შუბი უხმოდ,
რადგან სიტყვა აღარ ჰქონდა სათქმელად და საპასუხოდ....

შუბი შუბს რომ შეაძგერეს, ხალხს აღმოხდა - ორნი ამდენს
ვით სძლევენ და ვით ადენენ მიწას ასეთ კორიანტელს?!

ბევრს ეცადა ირანელი, უღერებდა ზურაბს ოროლს,
მაგრამ მისთვის, ქარს კი არა, თითქოს ნიავს ჩაექროლოს,

იცილებდა ისე მარჯვედ, რაც ჰოჯირმა ჰკრა და ჰკვეთა...
და ჰა, უცებ დრო იხელთა, ლომის ძალა მოიკეთა 

სწვდა ირანელს უნაგირზე, ჩამოჰლიჯა უმალ ჰუნეს
და ვაჟკაცი დაამგვანა სამწეოს და სასალბუნეს, (190)

როს მიწაზე დაანარცხა და დაადგა თავზე ხანჯლით,
სურდა თავი მოეჭრა, რომ არ გასცლოდა სული ტანჯვით,

ხელი მაღლა აღმართა და თვალი თვალში გაუყარა,
მაგრამ კვნესა შემოესმა - "არ მომკლაო...არა... არა...."

და მოულბა ზურაბს გული... შეიცოდა.... მისცა შვება,
დამარცხებულს შემარცხვენელ ფიქრთან ყოფნა მიანება.

მერე ჰუმანს გაუგზავნა შებორკილი ციხისთავი:
"ეს პირველი მტერია და ბევრიაო კიდევ ავი". 

* * *

ოდეს მისწვდა ეს ამბავი თეთრ ციხეში დიდს და მცირეს,
რომ ჰოჯირი დამარცხდა და, როგორც მონა, დაიჭირეს, (195)

უიმედო ზარად ექცათ ციხის მკვიდრებს ჩუმი მოთქმა,
უჰოჯიროდ ვეღარაფერს იქმდა მთელი მისი მოდგმა.

მაგრამ ეს რომ გოჟდაჰამის ქალს აცნობეს, ერთობ გრძნეულს,
რომ ტყვედა ჰყავს ციხისთავი მტერს, უეცრად შემოსეულს,

თუმცა ავად სცნობდა ყველა, მაინც იყო მამის შვილი,
სულ ომში და სულ ბრძოლებში ნაცადი და გამოზრდილი,

მას სახელად, გურდაფარიდს, ეკრძალვოდნენ დიდი რიდით...
აბა, როგორ დახვდებოდა მტრის შემოსვლას ის სიმშვიდით

ერთი კი თქვა - "ასეთ სირცხვილს ნეტავ გული როგორ უძლებს?!" -
მერე ფერი დაეკარგა, მთლად საავდროს ჰგავდა ღრუბლებს, (200)

მის სამშობლოს განგებისგან მოევლინა რადგან ჭირი,
საბრძოლველად გაამზადა ლაგამ-აბჯარ-უნაგირი.

იგი ქალად რომ არ ეცნოთ ზილფებით და დალალებით,
თმა დამალა ჩაფხუტში და ბრძოლის ველზე გამალებით

გააქროლა ბედაური და იმავწამს, ქარის გარდა,
თითქოს ყველა გრიგალი და ქარიშხალი ამოვარდა

თურანელთა ლაშქრის თვალწინ, ვით მეხი და როგორც ელვა,
გაფრინდა და გამოფრინდა.... ხმა კაცივით ააღელვა

და შესძახა: "ჰეი, ვინ ხართ! თუკი ბრძოლას ანდეთ თავი,
გამოდით და დამენახეთ!... გყავთ კი ვინმე გამბედავი?!" (205)

ზურაბს მწარედ გაეღიმა,  ოდეს მზერით მისწვდა მხედარს,
და დაეჭვდა - მართლა ჩანს თუ რაღაც გრძნეულ სიზმარს ხედავს....

გაიფიქრა - ასე მარტოს ან სპა არ ჰყავს, ან ჯარიო?! -
ხაფანგისკენ წამოსულა კიდევ ერთი კანჯარიო....

წამოდგა და შეიმოსა, დასწვდა ჩაჩქანს, აბჯარს, ხიფთანს
და გავიდა ბრძოლის ველზე, რომ შეჰყროდა ახალ ხიფათს.

გურდაფარიდს წესად ჰქონდა მშვილდს სწვდომოდა ხელდახელ და
პირველივე ისრის ტყორცნით მტერს სცემოდა გულზე ელდა....

მასზედ იყო, ალბათ, თქმული -  ჯადო აქვსო თავის ისრის,
არწივსაც კი მისწვდებაო, ეს ქალი რომ ისარს ისვრის! (210)

და ზურაბის ფარსაც მისწვდა, განა ერთი ანდა ორი,
წვიმასავით წამოსული... წამიც აღარ იყო შორი,

რომ სიკვდილი მოეტანათ ამ ისრებს და მაშინ ლომი
მიხვდა, დროა, რომ დაეწყო მოძალებულ მტერთან ომი.

მოიმარჯვა ხმალ-ხანჯალი, იმ საწადელს ანდო გული,
რომ ბრძოლის ველს დასდენოდა მტრისგან სისხლის ნაკადული.

და ზურაბის გააფთრებამ,  ვით ელვამ და ცეცხლის ალმა,
გურდაფარიდს აგრძნობინა - გაცლა სჯობდა და ჰა, ქალმა,

მშვილდი მხარზე მოისროლა, გააქროლა ცხენი განზე,
მიწა ნისლად გადაფინა ცის თაღზე და გალავანზე, (215)

თან შუბის წვერს უღერებდა, თითქოს სურდა ეთქვა - მტერო!
ახლოს მოდი, მოდგმა შენი, მსურს, მოვსპო და ვაცამტვერო!

ბრძოლის ჟინი მოეძალა უფრო მეტად ზურაბს ამით
და ვეფხვივით გამძვინვარდა ის საკბილოს სითამამით,

აედევნა... გაეკიდა... გააქროლა ველზე ცხენი,
გზნებას ვეღარ იოკებდნენ მრისხანების სადავენი.

და ჰა, თითქმის მიეწია, შუბის წვერით მისწვდა კიდეც...
ყალყზე შედგნენ დევნილიც და მისი დევნის გადამკიდეც,

ჰკრა ზურაბმა კვლავაც შუბი, ვით ცეცხლი და მეხი ვითა,
და ჯავშანი გურდაფარიდს ნაწილ-ნაწილ დაუფლითა. (220)

მერე ხელიც რომ შემოჰკრა, მტერს მოაკლდა ძალა მტრული
და უნაგირს მოსწყდა, როგორც ბურთი ჩოგანშემოკრული,

მაგრამ ძალა კვლავ მიეცა გურდაფარიდს... უმალ ხელით
ჩაეჭიდა ის უნაგირს და მახვილით მჭრელთამჭრელით

ზურაბს შუბი გადაუპო შუაზე და შეხტა ისე,
მისმა ცხენმა კვლავაც იგრძნო თვისი მხედრის სიხალისე

და გაქუსლა ისევ განზე... ახლოს იყო მარცხი ლამის,
თუმც იმედი ჰქონდა თვისი სიმარჯვის და სითამამის.

ზურაბს გონი დაებინდა... ცხენს დეზი ჰკრა, სწრაფს და რჩეულს
და სადავე ანდო თითქოს რაღაც ძალას ეშმაკეულს, (225)

რომ მტერს ისევ მისწეოდა... მისდია და მისწვდა ოდეს,
ვეჭვობ ვინმე სხვას ამგვარი მრისხანება მისწეოდეს!....

თავზე სწვდა და მოიზიდა, მუზარადიც რომ მოხადა,
მოეჩვენა თითქოს ზეცამ მზე ღრუბლიდან გამოხატა.

და ზურაბმაც ამ მშვენებას ვერ მოსწყვიტა მაშინ თვალი,
ესღა თქვა თუ გაოცებით გაიფიქრა  - "ვაი!.... ქალი?!"

ღმერთო! ასეთ სილამაზეს რად შემყარე ბრძოლის ველად?!
ნუთუ წესად აქვთ ირანში, მდედრს გზავნიდნენ საბრძოლველად?!

თუ დიაცი ასე იბრძვის, წინ თუ  უსწრებს ვაჟკაც მხედრებს,
ამ უცნაურ ცისქვეშეთში, ბედი სხვას რას შემახვედრებს?!" (230)

მაგრამ ფიქრებს აღარ გაჰყვა... მოიმარჯვა გრძელი თასმა,
ქალს ხელ-ფეხი შეუკრა და შეძლო იქვე მშვიდად დასმა;

უთხრა: "ახლა ჩემი ტყვე ხარ, შებრალებას ნუღარ ელი!
თქვი, პირმთვარევ, რას მერჩოდი, რად აღმართე ჩემზე ხელი?

ჩემს მახეში არ გაბმულა ჯერ ასეთი ჯეირანი,
ვეღარსაით გამექცევი, ვერ გიშველის შენ ირანი!"

გურდაფარიდს რად უნდოდა ამის თქმა და ამის ახსნა?! -
რამე ფანდს თუ არ იხმარდა, არ შეეძლო თავის დახსნა.

თვალთმაქცურად გაყუჩდა და ნაზად უთხრა: "ჰოი, ლომო!
შენ ერთადერთს შეგიძლია მთლად სამყარო დაივრდომო, (235)

გატყობ, ჭკუაც გაქვს და გონიც და აფასებ კარგად მთქმელსაც,
მაშ, მისმინე... ჩვენ ვაჩვენეთ ირანელსაც, თურანელსაც,

რომ ვიბრძოლეთ და დავმარცხდი, რომ არ ველი ხსნას და შველას,
მაგრამ უცებ თმას გავიშლი, დავანახებ სახეს ყველას

და ატყდება მითქმა-მოთქმა შენს ლაშქარში - ნახე!.... ნახე!...
თურმე ქალთან უბრძოლია... ვაჰ, ამ კაცის სავაგლახე!...

სჯობს ეს დარჩეს საიდუმლოდ, სჯობს დავმალო მე იერი...
სამარცხვინოდ თავს არ შეიქმს, კაცი თუა გონიერი

და შენც ჩუმად გამიშვი და ხმა დავყაროთ ვითომ მხეცი
შენ გაგისხლტა... ვითომ უცებ ლაჩარივით გავიქეცი... (240)

სიტყვას გაძლევ, კარს გაგიღებ, ოდეს მოხვალ ციხის ახლოს,
ფიანდაზად გადაგიშლი სამყოფსა და სამოსახლოს,

ჩაგაბარებ ჩვენს თეთრ ციხეს და მის ყველა მეციხოვნეს...
ვიცი, გულით დაუჯერებ ჩემებრ ალალ მთქმელს და მთხოვნელს!"

თქვა და ზურაბს გაუღიმა - ჰოი, ქალის გრძნეულ ღიმილს
რა სცოდნია! - ყოველ ვაჟკაცს დაჯერება უნდა იმის,

რომ ღიმილი მხოლოდ მისთვის აელვარებს ამ სამყაროს,
რომ სამოთხის ბაღნარებში აშრიალებს სიო საროს,

რომ შველივით განაბულა ორი თვალი წარბთა შუა...
და ზურაბი უცხო გრძნობამ დროის მიღმა გაიტყუა... (245)

მაგრამ უმალ გონს მოეგო და ქალს უთხრა: "შენი მჯერა...
ასეთია, ალბათ, ჩემი განგება და ბედისწერა,

გაგიშვებ და წადი, ოღონდ შეასრულე ის, რაც მითხარ...
იქნებ ციხე შეუვალი გგონია და მშვიდად მით ხარ?!

ვერ დაიცავთ,  დამხვდეს თუნდაც იქ ძუ ლომი ანდა ხვადი....
შემოვალ და შემოვანგრევ ციხის კედლებს.... ახლა წადი!"

ქალმა თვისი მაცდურობით მოიძია ოდეს შვება,
ცხენს მოახტა და ციხისკენ გააქროლა ნება-ნება,

მას ზურაბიც აედევნა, ვაჟს სჯეროდა - დადგა ჟამი,
რომ ციხის კარს გააღებდა ორივესთვის გოჟდაჰამი, (250)

გამოაღეს კარი, მაგრამ რაწამს ქალმა შეძლო შესვლა,
ჩარაზეს და გარეთ შთენილ ზურაბს მოთქმა შემოესმა

გაქცეულ და გადარჩენილ გურდაფარიდს შეხვდნენ ოდეს,
იმის ნაცვლად რომ მას, ცოცხალს, ყველა ერთად შეჰხაროდეს,

მოთქვამდნენ და მოიგლოვეს ის და ჰაჯირ-ციხისთავი,
მოხუცმა თუ ყრმამ დაწყევლა კარს მომდგარი მტერი ავი;

უთხრეს დიაცს: "ძუ ლომივით რომ ებრძოდი იმ თურქ ყმაწვილს,
ჩვენ აქ ტკივილს ვერ ვმალავდით, თვალებიდან ცრემლად ნაწვიმს,

შენ არც თავი შეირცხვინე, არც აქციე ზურგი ძალად,
თუმცა ღმერთსაც უმადლოდე, რადგან გშობა მაცდურ ქალად!" (255)

გურდაფარიდს გაეღიმა... აღარ უგდო ყური მოთქმას,
გადახედა გალავანს და იქვე ზურაბს, კართან მომდგარს

გადასძახა გალაღებით - "რაღად დგახარ ნეტავ,  ვაჟო?!
გაბრიყვდი და გამიშვი და... გირჩევ, გული გაიკაჟო!

გხედავ, ბოღმა მოგწოლია, იმედი რომ ფუჭად ხარჯე,
რომ ამაოდ ამედევნე.... რომ ამაოდ გაისარჯე....

და თუ გრძნობა მოგეძალა, ვაჰ, რომ უნდა გაგიწბილდეს -
არ მოხდება, ირანელი ქალი თურქს რომ დაუწყვილდეს!

შენი ბედიც ეს ყოფილა, განიშორე ფიქრი ავი....
წადი, შენი ცხოვრება გაქვს სავალი და სანახავი. (260)

მაგრამ გული მეუბნება - შენ არა ხარ თურქთა გვარის,
შენში რაღაც ჩვენიანთა სიდიადის კვალი არის,

მაგ შენს მხრებს და მაგ შენს მკლავებს მოსდევთ ძალა ლომის მგვანთა,
თურქთა შორის შენ ხარ, ალბათ, ფალავანი ფალავანთა!

ოღონდ ესეც დაიხსომე, ფუჭი არის შენი ზრახვა,
თუ ირანის შაჰს აცნობეს, რომ გსურს ზღვართა შემოლახვა

შაჰი უმალ იხმობს როსტომს, ვისაც სცნობენ თაჰამთანად,
მასთან ომს კი ნუ გაბედავ, რაგინდ ჰგავდე მასვე ტანად,

ვაგლახ შენს თავს! ჯერ არ იცნობ ირანელთა დევგმირ როსტომს -
ვინც ირანზე გაილაშქრებს, ერთიანად ყველას მოსპობს! (265)

მენანები, ჭაბუკი ხარ..., რაგინდ მტერი გერქვას ჩემი,
მინდა შენს თავს ავაშორო რისხვა, ზარად დასაცემი

და ამიტომ გირჩევ - წადი! მოიძიე ის გზა-კვალი,
თურანისკენ რომ წაგიყვანს.... აირიდო, სჯობს, მზაკვარი

ბედისწერა ... წადი!... წადი!... არას გარგებს შენი მკლავი,
თუკი მხრებზე მოგებმევა პირუტყვივით ბრიყვი თავი".

შერცხვა ზურაბს, ასე მწარედ რომ დასცინა ვიღაც ქალმა...
ციხეს ვერას დააკლებდა... გაცლა სჯობდა... გზამ სავალმა

რაც კი რამე დაახვედრა წინ თუ უკან, შორს თუ ახლოს,
რაც კი რამე ეკუთვნოდა თეთრი ციხის სამოსახლოს, (270)

მისი ხელით დაინგრა და დაიქცა და გაპარტახდა....
თითქოს ნგრევა სირცხვილის და მრისხანების შველა გახდა.

სიმწრითღა თქვა: "უსახელოდ დავასრულე მე ეს დღეო,
ქალის ჭკუას ავყევი და ის ციხე ვერ ავიღეო....

ახლა ღამე ჩამოწვება ჩემი გულის მსგავსად შავი...
ხვალ კი... ნახონ, რაც მოელით... ხვალ რისხვა აქვთ სანახავი!

* * *
როს ზურაბი შორს წავიდა და დაეხსნა იმ თეთრ ციხეს,
გოჟდაჰამმა უხმო მსახურს, წერილების მწერალ-მკითხველს,

დასვა წერად და შაჰისთვის ეს უსტარი გაამზადა:
"გიგზავნიო მალემსრბოლელს, დავულოცო მინდა გზა და (275)

ირანისკენ გამოვუშვა და შევთხოვო უფალს - ღმერთო!
გთხოვ, შიკრიკის გზა და კვალი შაჰის კართან შეაერთო!

დიდო მეფევ! თურანიდან უთვალავი მოდის ჯარი,
ვეჭვობ, მათგან დაგვიცავდეს ან ციხე და ან აბჯარი;

წინ რომ ფალავანი უძღვის ჯარს უთვალავს სიგრძე-განით,
ათ და ორმეტ წლის იქნება ის ასაკით, მაგრამ ტანით

აშოლტილი საროა და ფართოდ გაშლილ მხრებს და ბეჭებს
ისე იხდენს, რომ ასაკის სიმცირეში დაგაეჭვებს.

ბრძოლის ველზე მრისხანეს და გახელებულს მოჰგავს სპილოს,
არ მინახავს ჩვენს საზღვართან ასეთს ვინმეს ენაპიროს, (280)

ის რომ მტრისკენ შემოიქნევს ინდოთაგან ნაწრთობ მახვილს,
თითქოს მთაც კი ზანზარებს და ზღვა ცის ტატნობს ტალღებს ახლის,

ის რომ ყვირის, ვეჭვობ ასე რამე ჭექდეს... რამე ქუხდეს....
რამე საშველს ვეღარ ნახავს, მას რომ ვინმე გზად დაუხვდეს.

ციხისთავმა ჰაჯირმა რომ მოჰკრა თვალი თურქთა რაზმებს,
ცხენს მოახტა იგი მარტო, უმალ მისწვდა შორით სამზერს

და ეძგერა იმ ფალავანს, ვით ჭკუიდან გადამცდარი,
მაგრამ ვაჰ, რომ ვეღარ ვნახე მერე მე ის ცხენზე მჯდარი...

ბრძოლის ჟინი გონს რომ ეცა, არ გასულა, ალბათ, წამი,
ისე უმალ, ისე სწრაფად... არ შეჰხრია თურქს წამწამი (285)

უნაგირს რომ მოსწყვიტა და დაბლა დასცა ჩვენი გმირი....
ვაგლახ, ასე უბრძოლველად ტყვედ ჩაბარდა მტერს ჰაჯირი.

და რაც მტრობამ მისთვის თესა, დღეს შეესწრო ავად მომკილს
ვერც სულიდან, ვერც ხელიდან ვერ იშორებს ახლა ბორკილს...

ბევრი თურქი შემხვედრია, მაგრამ ასეთს... ასეთ ძლიერს
არ შევყრივარ.... ვაგლახ, ვშიშობ მეც სიცოცხლის დასალიერს

არ მომიხდეს ტყვეობაში ახლა ჩემი მოდგმის ყოლა,
ერთი კაციც აღარ დამრჩა, რომ შეეძლოს მტერთან ბრძოლა.

კიდევ გეტყვი - ის, ზურაბი,  ყმაწვილია ჯერაც, მაგრამ
თუ მთასავით აღიმართა, წინ ნაბიჯსაც ვეღარ დადგამ, (290)

სხვას არვის ჰგავს.... შევხედე და მომეჩვენა - ვუმზერ ზღაპარს,
ის მაგონებს მარტოოდენ როსტომს და მის მამა-პაპას,

ისიც მიტომ იშვა ქვეყნად, მიტომ უმზერს ზეცის თაღებს,
სურს დიდება მოიძიოს, სადაც გზა-კვალს გაილაღებს

და ჰა, ამ გზამ მოიყვანა ის ირანში... ვშიშობთ ყველა,
რომ დაგვხოცავს, თუკი ჩვენთვის არ ვეძიეთ სადმე შველა,

დიდო მეფევ, გევედრები! უხმე ლაშქარს... უხმე მალე
და მტერს ისე ჩაუსაფრდი, სადმე ისე გადამალე,

რომ დაესხა უცებ გზაზე... რომ მათ ფეხი არსად დადგან
ჩვენს საზღვრებში.... ვეღარ ვიცავ მე ამ ციხეს, მეფევ, რადგან.  (295)

ხელში ძალა აღარ მაქვს და ვიცი, მოვა მტერი დილით....
მიტომ უნდა გავეცალოთ.... წამოვალთ და თქვენსკენ ვივლით".

დაასრულა წერილი და ზედ ბეჭედი დასვა შაჰის,
მალემსრბოლი დალოცა და გაუყენა ღამით გზას ის,

უთხრა: "სანამ გათენდება ისე წადი, არვინ ზრახოს,
რომ წერილი გაგატანე და არც მტერმა დაგინახოს!"

გაგზავნა და ისევ ფიქრად მოეძალა მწველი სევდა, -
გაცლა სჯობდა სანამ მტერი ციხის კედლებს დაანგრევდა,

აიყარა დიდ-პატარა - ჯერ მამალიც არ ყიოდა -
და იმ ფარულ გზას გაუყვნენ, გვირაბით რომ გადიოდა. (300)

ირანისკენ მიმავალთა თვალში დიდი დარდი ჩანდა -
ვაგლახ, მტრისგან სამშობლო თუ დაიქცა და გავერანდა....


* * *
მზე მთაზე რომ გადმოდგა და გაანათა დიდი ველი,
თურანელმა მეომრებმა გაამზადეს საჭურველი,

ზურაბს უთხრეს - აწ კი დროა, ვიჯეროთო გული მტრობით,
გაგვიძეხ და შევუტიოთ ირანს შენი სპასპეტობით.

და ზურაბმაც მიაქროლა ცხენი, სადაც გუშინ ქალმა
აცდუნა და შეაცდინა, მაგრამ ციხის კართან თვალმა

ვეღარავინ დაინახა... შევიდა და ციხე მთელი
დახვდა უკაცრიელი და უსულო და ცარიელი... (305)

სანამ იგი გონს მოვა და ირანისკენ წასვლას ბრძანებს,
მალემსრბოლი გოჟდაჰამის წერილს შაჰთან მიაბრძანებს...

ჰა, სულ მალე გზა წერილმა ირანამდე გაიკვალა
და მეფესთან რომ მივიდა, მის გულს დარდი მოეძალა,

უხმო ყველა მხედრათმთავარს, მცირესა თუ უკვე წლოვანს,
ყველას, ვინც-კი ბურჯად ედგა ირანის ტახტს, სახელოვანს,

ჩამოსხდნენ და შეაცქერდნენ... ჯავრი აჩნდა მეფის თვალებს,
ჯერ ვერავის ვერ გაეგო _ რას ბრძანებს და დაავალებს;

აქეთ თუსი და გუდარზი, ხოლო იქით დაჯდა გივი,
ბარამი და ფარჰადი და... რაინდების მთელი მწკრივი. (310)

ნაღვლიანად მიმოავლო ერთგულ კაცებს მეფემ თვალი,
ის წერილი აჩვენა და უთხრა: მტერმა გზა და კვალი

გამოიგნო ირანისკენ!... აწ მითხარით ფალავნებმა,
რა ვქნა? სადმე გზად დავუხვდე თუ აქ მოსვლის მივცე ნება?

გოჟდაჰამი ვერას გახდა... ლამობს ციხის დატოვებას,
ალბათ, უკვე მოდის ჩვენკენ... სამშობლოში ეძებს შვებას.

მტრის ურდოებს წინ მოუძღვის ჯერ ჭაბუკი ვიღაც გმირი...
ვინ დახვდება იმ გმირს? როგორ ავაშოროთ ირანს ჭირი?”

რაინდებმა დაიძახეს ერთად  - "ჩვენო მეუფეო!
ფეხმარდ შიკრიკს მოუხმე და უბრძანე და ეუფლეო, (315)

ზაბულისტანს გაფრინდეს და როსტომს ამცნოს ჩვენი შიში,
რომ თურქებს სურთ დაგვიპყრონ და გაგვისწორონ ანგარიში,

რომ მის მეტი სხვა იმედი არავინ ჰყავს ტახტს და მეფეს,
რომ ის დუშმანს, ხმალთან ერთად, სახელითაც დააფეთებს".

მეფეს აზრი მოეწონა, რომ როსტომი იყო მხოლოდ
საშველი და აღარ მიჰყვა ფიქრს და განსჯას უთავბოლოდ.

უხმო მწერალს... დაივიწყა მან როსტომის ყველა წყენა
და წერილის მისაწერად მოიქარგა თითქოს ენა.

ჯერ დიდება უძღვნა უფალს! - ადამის ძეს რაც აქვს წესად...
ხოტბა ისე აღავლინა, ვერ იტყოდა უკეთესად  (320).

მერე როსტომს მისწვდა სიტყვით, მოიძია მისი ნდობა
და უსურვა რაინდს კვლავაც სიმხნევე და რაინდობა!....

"მტერს და დუშმანს, მხეცს და ნადირს, ძილს რომ უფრთხობ, შენა ხარო,
მუდამ გვყავდი იმედად და დღეს საშველსაც შენ ნახავო,

შენ გსახავო იმ მეომრად, ვისაც ვანდობთ დარდს და ვარამს,
მაზანდარანს შენ იპყრობ და კედლებს უნგრევ ჰამავარანს.

შენმა გურზმა ეგებ მზესაც ამოუვსოს ცრემლით თვალი
და დაკარგოს ცის ტატნობზე სამოძრაო გზა და კვალი.

შენი ხმა რომ დაიჭექებს, იქ მეხიც ვერ ვარგობს მეხად,
სპილოს ძალა ეკარგება შენთა მკლავთა მოსაგრეხად (325).

შენ ქამანდით მოიხელთებ, რაც საბრძოლოდ ლომი ზარდეს,
მთას რომ შუბი დააძგერო. ეგებ ისიც აზანზარდეს.

შენ ხარ, დიდო ფალავანო, ირანისთვის ახლა შველა 
და სამშობლოს დასაცავად მოგელის და გიხმობს ყველა.

და მეც გიხმობ! - წუთისოფელს ვეღარ ვუცქერ ახლა ლაღად,
გული მექცა სატკივართა სამსხვერპლოდ და დასადაღად.

გოჟდაჰამის წერილი რომ მომიტანეს, ვიხმე იმწამს
ვაზირები და ვუამბე, რომ ირანის ცას და მიწას

ელის დიდი განსაცდელი და როდესაც ვკითხე რჩევა,
თქვეს - როსტომის გარდა, ზურაბს სხვა ვერავინ მოერევა (330)

და მიტომაც გამოვგზავნეთ შენთან გივი სათხოვარით,
რომ სამშობლოს დაეხმარო!... თავად იცი - მხოლოდ ჯარით

ჩვენ ვერაფერს გავაწყობთ და გიხმობ!... მოდი!... დღით თუ ღამით
ამ წერილს რომ წაიკითხავ, არ დაეჭვდე ერთი წამით, 

არ დაიწყო ჩემი სიტყვის განსჯა... სიგრძე-განით ბჭობა...
გიჯობს ჩვენთან ჩამოსვლა და მკლავის მკლავზე გადაჭდობა,

გოჟდაჰამმა გვამცნო, როსტომ! - მტერი ერთობ ძლიერია....
ჭირსა შიგან განზე დგომა გზა სატანისმიერია...~

ეს წერილი დაასრულა და დამოძღვრა ასე გივი:
სამშობლოსთვის თავდადება არის ვალი ღვთაებრივი, (335)

მაშ, აჩქარდი, როსტომისკენ გააქროლე ახლა ცხენი...
დაიხსომე - შენ დრო არ გაქვს ზაბულისტანს დასარჩენი,

თუ ღამის პირს ჩააღწიე, დილით უკან გამობრუნდი,
დაარწმუნე როსტომი, რომ თურქთა რაზმი, თურქთა გუნდი

მოდის ჩვენკენ! - მოდის რისხვით ის ავი და ის წყეული,
სამშობლოსთვის ბრძოლა მართებს, კაცი თუა ღირსეული!"

გივს მიანდეს წერილი და ირანელი ხალხის ნება...
გზად მიმავალს არ ეღირსა მას ძილი და მოსვენება.

* * *
ზაბულისტანს რომ მიადგა ირანელი მალემსრბოლი,
საზღვრის პირას ამის ნიშნად მიაწვდინეს ზეცას ბოლი, (340)

გამოვიდა როსტომი და თან გამოჰყვა მას ამალა,
კარგი სტუმრის მისაღებად სიხარული არ დამალა,

პირს ღიმილი უნათებდა გზად გამოსულ დიდს თუ მცირეს.
შეეგებნენ და ლხინისთვის თადარიგი დაიჭირეს,

და გივს უთხრა თაჰამთანმა - "მშვიდობა შენს მობრძანებას!
ირანის შაჰს ხომ არ უჭირს? იქნებ ჩემგან რამე ნებავს?"

სანამ ამბავს გაიგებდა, აივანზე დასვა გივი,
პატივი და მზრუნველობა გაუწია მამობრივი,

ის წერილიც გამოართვა... სტუმარს დიდხანს უგდო ყური,
რომ გაიგო, ვიღაც ზურაბს გაუჩნდაო გულში შური, (345)

რომ ირანს და მის შაჰინშაჰს არ სძინავსო ღამე შიშით,
გაეცინა როსტომს და თქვა: - "ეს ზურაბი განა ჯიშით

ჩვენი დიდი წინაპრების გვარისა და მოდგმის არის?!
რატომ გჯერათ ამ წერილის, მითქმა-მოთქმით მომდინარის?!

რად შეშინდით?! ჩვენი შაჰი რა შეუცნობ საფრთხეს სახავს?!
თურქთა შორის სადმე გმირი განა ვინმეს დაუნახავს?!"

მერე ჩუმად უთხრა სტუმარს: "სამანგანის შაჰის ასულს
ჩემგან ერთი ვაჟი ჰყავსო... მაგრამ, ვფიქრობ, ჯერ მას არ სურს,

საბრძოლოდ და სავაჟკაცოდ სხვა ქვეყნებში ჯომარდობდეს... 
ჯერ ასაკით პატარაა, ვეჭვობ, დედის კალთას თმობდეს. (350)

დედამისი საჩუქრებით არაერთხელ მომიკითხავს,
მისგან ვიცი, განა ვინმე შუაკაცმა უნდა მითხრას,

დედამ შვილი ერთხანს კიდევ უნდა წვრთნას და უნდა ზარდოს,
რომ საწუთროს ასპარეზზე მერე გადაინავარდოს.

ვიღაც ზურაბს რად მიხსენებ?! რად დაგაფრთხეს ამ ფიქრებმა?! _
ჩემი შვილი ის არ არის, სხვა კი გმირი არ იქნება...

დღეს დღევანდელს სანამ ჟამი ღამისაკენ ააბარგებს,
სჯობს დავსხდეთ და დავაპკუროთ ღვინის მადლი დამშრალ ბაგეს.

ხვალ კი წავალთ... ვეახლებით თურქებისგან დამფრთხალ მეფეს,
დავამშვიდებთ, ვანუგეშებთ, ვეტყვით სიტყვას მაამებელს, (355)

და თუ ბედმა არ გაგვწირა, თუ მოგვეცა მისგან ნება,
არ იქნება ძნელი საქმე მტერთა ზედა გამარჯვება.

ზღვამ თუ ტალღა აღიმაღლა და გადასცდა ზღვარს და კიდეს,
ყველა ცეცხლს და ხანძარს მოსპობს, რაც ნაპირებს წაუკიდეს.

შორიდან რომ დაინახონ, საბრძოლველად ვინც მათ ხვდებათ,
ჩემი დროშის ფრიალითაც უმალ ნირი წაუხდებათ,

არ ღირს მათგან ვინაღვლოთ და გულზე დარდი მოგვესიოს,
გვიჯობს შევხვდეთ აივანზე ნეტარების მომგვრელ სიოს....

ღვინო ვსვათ და მოვილხინოთ ჯამითა და ფიალებით,
ეს ცხოვრება დავივიწყოთ თავის ოხერ-ტიალებით". (360)

იმდენი სვეს, იმ ერთი დღით არ შეწყვეტდნენ, ალბათ, თრობას...
და მეორე დღეც მიანდეს ღვინოსა და შარბათობას....

ვის ახსოვდა, რომ ქვეყანა გარსმოცული იყო მტრებით?!
რომ უხმობდა შაჰი როსტომს, რომ თურქები გამეტებით

მოიწევდნენ ირანისკენ... მესამე დღეც ისევ ისე,
ჯავრით კი არ დააღამეს, მოიმრავლეს სიხალისე...

მეოთხე თუ მეხუთე დღეს გივს შაჰი რომ გაახსენდა.
თქვა: “ვინ იცის, როგორ დარდობს... მოუთმენლად გველის ჩვენ და

ქეი-ქაუსს, ალბათ, ახლა ფიქრი ექცა მტანჯველ ნებად,
გზა ვეღარსად მოიძია სიმშვიდისკენ გასაგნებად. (365)

არც სმა-ჭამა აღარ ახსოვს, არც განცხრომა, აღარც ძილი...
მან არ იცის - მტრის მოსვლამდე რა დროა და რა მანძილი.

ჩვენ კი ვსხედვართ აივანზე, დროსტარებას ვანდეთ თავი, 
დაგვავიწყდა, რომ ირანი მტრისგან არის დასაცავი,

ვაჰთუ შაჰი გაგვირისხდეს, დაგვატეხოს თავზე წყრომა!...
ავი საქმე ადვილია, თუკი კაცმა მოინდომა” 

დაამშვიდა  ის როსტომმა - “გული მკერდში მშვიდად გედოს!
ქვეყნად კაცი არსად დადის, მე რომ ავად გადმომხედოს”.

ესა თქვა და დაიძახა - “ცხენი ჩქარა! ცხენი მინდა!~
ზაბულისტანს ხმა გავარდა - არ დარჩესო კაცი შინ! _ და (370)

ბუკს ჩაჰბერეს, ნაღარანი მოიმარჯვეს ყველგან ხელად...
მოუხმობდნენ ერთგულ მხედრებს ტანზე აბჯრის ასასხმელად.

* * *
...და გმირები გაეშურნენ შაჰისაკენ.... განვლეს გზები...
როს გამოჩნდა სასახლე და მისი დიდი დარბაზები,

სიხარულით მიესალმნენ ყველას... თითქოს იგრძნეს შვება,
მაგრამ შაჰმა ასეთ სალამს ჯერ დუმილი შეაგება,

მერე კი გივს გადმოხედა და მრისხანედ ჩამოსძახა,
თითქოს ყველა შეცოდება ამ ერთ კაცში ერთად ნახა:

"ეს როსტომი ვინ გგონია?! ჩემს ბრძანებს ზურგს რომ აქცევს,
ნუთუ ჩემი ტოლია და მეფის სიტყვას პატივს არ სცემს?! (375)

ვხედავ, შენც რომ გაგაბრიყვა და მის მხარეს გადახვედი, 
მაშ გიბრძანებ, რომ ჩემს თვალწინ შენვე მოკლა ეს თავხედი!"

შეკრთა გივი: “მართალია, ვერ მოვედით, ჩვენ ადრეო
მაგრამ როსტომს ჩემგან მოკვლა, მეფევ, როგორ აკადრეო?!”

"რაო, რა სთქვი?! - აბობოქრდა შაჰი უმალ - როგორ ბედავ?!
ღალატი რომ განგიზრახავთ თქვენ ორივეს, კარგად ვხედავ!”

იხმო თუსი და უბრძანა - "გაიყვანე!... გამარიდე!....
ჩამოახრჩე! ან მოკალი... აქ დგომას სჯობს, თავებს სჭრიდე!..."

და ქე-ქაუსს მრისხანება მოეძალა ისე ძლიერ,
თითქოს თივის ზვინს მოედო მძვინვარება ცეცხლის მიერ. (380)

თუსი მეფეს დამორჩილდა, როსტომს ხელით წაეტანა,
რაც უბრძანეს იმას იქმდა, სურდა გარეთ გაეყვანა,

მაგრამ, აბა, თაჰამთანთან გააწყობდა თუსი რამეს?!
ვერც გაჰყავდა, ვერც იჩენდა მეტ ძალას და სითამამეს.

და როსტომმა დაიყვირა, ვერ მოთოკა მრისხანება:
“მე რომ აუგს მიპირებდე,  არ გაქვს,  მეფევ,  ამის ნება!

შენ სამეფო ტახტს რომ ფლობდე, არ მგონიხარ ამის ღირსი...
შენგან საქმე არ მინახავს ჯერ მეფობის საკადრისი;

წადი, ზურაბს შეებრძოლე, თუ გაქვს ამის შნო და ძალა...
შენ საწუთრომ დრო სამეფოდ ბევრი აღარ მოგითვალა". (385)

ესა თქვა და შეშინებულ თუსს ისე ჰკრა ხელზე ხელი,
თითქოს სპილომ დასცა ფეხი სამარეში ჩამმარხველი.

სიშმაგეც რომ მოეძალა, რომ არ დაცხრა ბრაზი ნებით,
დაფრთხა მეფე ქე-ქაუსი თავის ნაზირ-ვაზირებით,

მაგრამ თავი მიანება მათ როსტომმა, დადგა კართან...
უხმო რაშს და როს ამხედრდა, დაიძახა: "ალალმართალ

კაცს სიკვდილს რომ მიპირებს და შეიქმს იმას,  რაც არ შემფერს,
თავს არასდროს არ დავუხრი არც ვაზირს და არცა მეფეს!

ვისაც გურზი ჰქონდეს ხელთ და ვისაც რაში გვერდით ჰყავდეს,
ვინც არწივის მოდგმისაა, ის არ უნდა გადაყვავდეს, (390)

წყვიდიად ღამეს გავანთებ მე მახვილის ელვარებით,
წინ ვერავინ დამიდგება შიშითა და მღელვარებით,

ჩემს მხარ-მკლავებს ვერ დასწამებს ვერვინ ძალთა სიიეფეს,
ჩემზე მეტი ვაჟკაცობა არ ჰქონია არცერთ მეფეს,

ეს ქვეყანა არის სავსე მონებით და მომჩივნებით,
მე კი ვცხოვრობ წუთისოფლად მხოლოდ უფლის მორჩილებით.

აგერ, მოჰყავს ირანისკენ ზურაბს თურქთა დიდი ჯარი,
მოგსპობთ ყველას, ვერ დაგიცავთ მისგან ციხე და აბჯარი;

გიჯობთ ყველამ განიშოროთ ერთმანეთთან შუღლის ჟინი,
გადარჩენის გზა ეძებეთ, თუკი შეგრჩათ თავში ტვინი. (395)

მე ირანში ვეღარ მნახავთ თუნდაც წუთის დაყოვნებით....
ეს სასახლე გინდ აივსოს სვავებით და ყვავ-ყორნებით".

თქვა და დაჰკრა მერანს დეზი, არ ისმინა სიტყვა, არა...
მწყემსმა ზურგი აქცია და უპატრონოდ დარჩა ფარა.

ხალხს იმედი აღარ ჰქონდა და გუდარზთან მაშინ ყველა
მივიდა, რომ მისი სიბრძნით მოეძიათ რამე შველა.

სთხოვეს: "წადი ქე-ქაუსთან,  მას ხომ სჯერა შენი სიტყვის,
დააჯერე ის უგნური, თუ როსტომზე ცუდს არ იტყვის,

ამით ყველას გადაგვარჩენს... უჯობს მშვიდად ის განსაჯოს,
რომ როსტომი ირანისთვის კვლავაც უნდა გაისარჯოს, (400)

დაედევნოს... დააბრუნოს.... მიაწვდინოს ხმა და თხოვნა...
ვეღარავინ ვერ გვიშველის, თუ ეს თხოვნა დააყოვნა".

დაეთანხმა ხალხს გუდარზი, ძე უძველეს მეომართა,
და სამეფო დარბაზისკენ ფიქრიანი გაემართა.

ქაუსს უთხრა: "განა როსტომს ისეთი რა ჰქონდა ბრალი,
რომ სიკვდილი მოისურვე მისთვის, როგორც სამართალი?!

აღარ გახსოვს, ალბათ, როგორ გაშორებდა ჭირს და ვარამს,
მაზანდარანს რომ იპყრობდა... რომ ანგრევდა ჰამავარანს...

რად გაწირე შენ ირანის ერთგული და ღვიძლი შვილი?! _
ხალხი ამბობს - მეფეს ქცევა შეშვენისო მოზომილი, (405)

შენ კი თქვი და არ დაფიქრდი, რომ ეს როსტომს გააჯავრებს...
ახლა რა ვქნათ? - მტერი მოდის!... ვინ დახვდება თურქთა ჯარებს?

არის ვინმე ჩვენს ქალაქში ვაჟკაცი და ფალავანი,
რომ დაიცვას ზურაბისგან ჩვენი ციხე-გალავანი?

გოჟდაჰამმა ხომ მოგწერა ის, რაც თავის თვალით ნახა,
რა სიმწარეც იწვნია და რა ვაებაც ივაგლახა.

ხომ გვაცნობა, რომ ზურაბი ჰგავს საბრძოლოდ მოსულ დევსო,
რომ ირანის სატახტომდე, ღმერთმა ნუ ქნას, მოვიდესო.

განგებამ ხომ  იმედად და ხსნად როსტომი მოგვცა ჩვენ და
შენ კი ისე უსამართლოდ მოეპყარ, რომ განაწყენდა, (410)

და წავიდა... მიგვატოვა უიმედოდ..." - მეფეს გულმა
რეჩხი უყო... ვერღარა თქვა ერთხანს ჭკუადაკარგულმა...

სინანულიც მოეძალა...  მოიკრიბა მერე გონი
და ამაოდ რომ განრისხდა, ის თავადაც მიხვდა, მგონი.

"მართალს ამბობ, - უთხარა მეფემ - შენ, ვაზირო,  ამბობ მართალს....
დაგიჯერო მიჯობს შენ და ყური ვუგდო ხალხის ნათქვამს.

ვაჰ, რომ მეფის გულსაც ზოგჯერ გაფიცხება ეძალება,
მიტომაც ხამს შენი მსგავსი გონიერის გვერდით ხლება.

წადით, ჩქარა! დაეწიეთ როსტომს!... ჩქარა! მოაბრუნეთ!
მის გამწყრალ გულს ეწამლეთ და ტკბილი სიტყვით ესალბუნეთ. (415)

დაავიწყეთ, რაც რომ ჩემგან მოისმინა სიტყვა ავად,
რომ დაბრუნდეს მტრებისგან ჩვენი ქვეყნის დასაცავად". 

თქვა მეფემ და გაეშურა როსტომისკენ ის ვაზირი,
მსწრაფლ მომართეს მდევარისთვის, სადაც იყო გზა და გზირი.

ვაზირს კვალში მიედევნა დიდებულთა მთელი რაზმი,
ყველას ჰქონდა როსტომისთვის სიტყვა ტკბილად მოსაკაზმი.

დაეწიენ ოდეს როსტომს, ტანით რომ ჰგავს დევს და სპილოს,
მოესურვა ყოველ მათგანს, მას საამოდ ეხმატკბილოს.

ქება უძღვნეს: "ჩვენს სამშობლოს შენ ჰყავხარო, გმირო, ფარად!
უფალს შევთხოვთ შენს სიცოცხლეს და სიკეთეს აწ და მარად, (420)

რომ საწუთრომ  მუდამ შენთვის ყველა მადლი ფეხქვეშ შალოს,
რომ ირანის ტახტისაკენ გზა სულ მალე გაგეკვალოს.

შენც ხომ იცი, რომ ქე-ქაუსსს თავში ჭკუა ცოტა უძევს,
რომ ირანი მის უგუნურ ზნეს და ქცევას ძლივსღა უძლებს. 

გახელდება, გაგიჟდება... სიშმაგისგან  შლეგი ხდება,
მერე თითქოს გონს მოვა და სინანულით შეწუხდება.

მას თუ უნდა ლომს ცხვარივით მოეპყროს და ვეფხვი ითხოს,
ირანელ ხალხს შლეგის ცოდვა რატომ უნდა მოეკითხოს?!

ახლა ზის და უსაშველოდ ინანიებს თავის ქცევას,
მტრისგან ელის დამხობას და ქვეყნის თავზე ჩამოქცევას..." (425)

მათ როსტომმა უსმინა და მშვიდად უთხრა ბოლოს მდევრებს:
"ქე-ქაუსის ძირს დამხობა აწ საერთოდ არ მაღელვებს.

მე გვირგვინად ქუდი მაქვს და ტახტად - ჩემი უნაგირი,
შლეგს კი არა სივაჟკაცეს მსახურებდეს უნდა გმირი.

ქე-ქაუსი მრისხანებით ვერ იქნება ჩემი მტერი,
ჩემთვის არის იგი რაღაც.... არაფერი.... ფეხის მტვერი.

ყველა მიცნობს წუთისოფლად როგორც ლაღს და თავისუფალს
და ამქვეყნად შემიძლია დავმორჩილდე მხოლოდ უფალს'.

ესა თქვა და შაჰის კაცებს რომ გასცლოდა, ესღა სურდა,
თუმც გუდარზმა უთხრა ბოლოს, გული გაუმამაცურდა:  (430)

'შენგან ახლა სხვა სიტყვას და სხვა გმირობას ელის ხალხი,
არ ჩააცვა შენს სამშობლოს ბედკრულობის ნიშნად  თალხი.

თორემ ცილსაც დაგწამებენ - შეშინდაო... წავიდაო...
განერიდა თურქთა რაზმებს ის ცოცხალი თავითაო.

ხომ გაიგე, გოჟდაჰამმა რაც გვაუწყა დიდი შიშით,
რომ თურქები ამოგვჟლეტენ ერთიანად გვარით.... ჯიშით.... 

ან მოგვიწევს გადახვეწა, მივატოვებთ სახლს და სამყოფს
და მივიღებთ უგუნური შაჰის ქცევით მომკილ ნაყოფს.

ახლა უკვე მითქმა-მოთქმას გაიგონებ შინ და გარეთ,
რომ ზურაბთან საბრძოლველად ვერაფერი მოვაგვარეთ, (435)

რომ ერთმანეთს წავეკიდეთ, ვერ გავიგეთ სად და ვინ არს,
რომ უგნური კინკლაობით ძირს და ფესვებს ვუთხრით ირანს.

რომ შენც შიში დაგეუფლა, როსტომ! - ხალხი დაგსჯის ამით,
რონ შენს სახელს და დიდებას  დაივიწყებს დასაბამით.

ერთსაც გეტყვი _ დაე, მეფე უმგვანოთა იყოს მგვანი,
ჩვენ კი გვმართებს რომ დავიცვათ სატახტო და ტახტრევანი~.

ყურს უგდებდა მას როსტომი, ფიქრს ჯიუტად აღარ კრებდა
და ხვდებოდა, რომ ვაზირი სრულ სიმართლეს ღაღადება.

და თქვა ბოლოს: "გულს თუ შიში დათხრის როგორც თაგვი სოროს,
ასეთ ნაძრახ სიცოცხლესთან სჯობს სიკვდილმა განმაშოროს!" (440)

მობრუნდა და სატახტოსკენ მოიძია გზა და გეზი,
კვლავ უხმობდა მის ცხოვრებას სავაჟკაცო ასპარეზი.

როს მიადგა სასახლის კარს, შაჰი ფეხზე მდგომი დახვდა
და ათასი პატიება სთხოვა მისთვის, რაც გარდახდა.

ასეთები ვართო მოდგმით - ეს ყოფილა უფლის ნება! -
ზოგჯერ ჭკუა სიფიცხისგან სათქმელს სულ არ უფიქრდება.

მოგიხმე და არსად ჩანდი... მოლოდინის მაწვა ლოდი,
გზას გავცქერდი... დღეებს ვთვლიდი... ვმრისხანებდი და გელოდი... 

მტერმა გონი დამიბნელა და შენც გკადრე არსაკადრი,
გული დარდმა შემიჭამა, თითქოს დაცხრა მთვარე ბადრი; (445)

კვლავ სიშმაგე მომეძალა, როგორც სნება...როგორც ჭირი...
აწ ვნანობ და გთხოვ შენდობას... ამომივსოს მიწამ პირი!"

მას როსტომმა უთხრა წყნარად, გონების ხმას დაჰყვა ნებით:
'შენ მეფე ხარ და ჩვენ გვმართებს მორჩილება თაყვანებით. 

მეც მოველ და მიმსახურე, ვალად მაწევს შენთან ხლება...
არასოდეს მოგკლებოდეს შენი ხალხის ერთგულება".

გაუხარდა მეტად ქავუსს, განეშორა მტანჯველ აზრებს,
ბრძანა: "ლხინი გვმართებს აწ და ხვალ ომისთვის შევკრებთ რაზმებს!"

უხმეს ყველას, ვინც შაჰინშაჰს მოალხენს და გაალაღებს,
აივანი დაამსგავსეს გაზაფხულის ბაღჩა-ბაღებს. (450)

არემარეს მოეფინა, როგორც ფარჩა, ტკბილი ჰანგი,
ბაგეთაგან დაიბანგა, რაც რამეა დასაბანგი.

შუაღამეს გასცდა ლხინი, ისინი კი სვამდნენ ღვინოს
და ერთმანეთს არ აკლებდნენ სათქმელ-სამღერ-საღიღინოს.


ამბავი თეთრ ციხეზე გალაშქრებისა

დილით ბრძანა მეფემ: "მართებს აწ მოხუცსაც იყმაწვილოს
და საბრძოლო ლაშქრობისთვის ამზადებდეს  ცხენს თუ სპილოს".

მერე გახსნა საჭურჭლეთა ყველა ბჭე და ყველა კარი,
მოლაშქრეთა საამებლად გასცა უხვად საბოძვარი.

მეფის ირგვლივ ჯავშნოსან და აბჯროსანთა დადგა წყება,
ასი ათას ვაჟკაცს სურდა მტერთან მტრულად შებრძოლება. (455)

მთელი ქვეყნის მეომრები რომ მოედნენ გზას და არეს,
ნატერფალთა მტვრით და ბუქით ცის ლაჟვარდი გადაფარეს. 

არც ბანაკი გაშალეს და არცა სცემდნენ სადმე კარავს,
გზას დაადგნენ მტრის მოსვლის და მოპარვისგან დასაფარავს.

ქოსს დაჰკრეს და ნაღარასა, ვით სჩვეოდათ ბრძოლის ველად,
ცხრა მდინარე გადალახეს ცხრა მთას იქით წასასვლელად.

შორეულ გზას მანძილ-მანძილ დასვენებით ანდეს თავი,
დღეს და ღამეს აურიეს დრო-ჟამი და სათვალავი.

შუბს და ოროლს გზად ლაპლაპი გასდიოდა ნება-ნება,
თითქოს ელვა ლაჟვარდ ცაზე ხან ჩნდება და ხანაც ქრება. (460)

ვერ მოთვლიდით დროშების და მედროშეთა ფერს და იერს,
ლაგამ-აბჯარ-უნაგირთა ბრწყინვა ჰკვეთდა თვალსაწიერს.

თითქოს ცაზე ოქრო-ვერცხლით გადმოდგაო ღრუბლის ქულა
და ლაშქარი ამ სიმდიდრის დასაფრქვევად დაიგულა.

მეომრებს კი არ ახსოვდათ აღარც დღე და აღარც ღამე,
ბრძოლის ჟინით დაავიწყდათ ცა და მისი სიკამკამე...

და ჰა, მალე თეთრ ციხეში ხმა დაირხა - "ჯარი მოდის!
შეგროვების დრო არისო, სადაც კია, ქვის და ლოდის". 

სიტყვა სიტყვას მიება და ბაგით ბაგეს გადაეცა, -
ზურაბს უთხრეს: "დაბნელდაო ირანელთა ჯარით ზეცა" (465)

არ სჯეროდა, მაგრამ მაინც მოიჩრდილა მან სახე და
თეთრი ციხის გალავნიდან ზურაბმა ველს გადახედა,

მერე ხელი გაიშვირა და ანიშნა ჰუმანს: "ხედავ?!
ასეთ ლაშქარს ვითომ ბრძოლას შეჰკადრებ და გაუბედავ?!"

ჰუმანმაც რომ გადახედა ირანელებს, უმალ სახე
გაუფითრდა და შეიცნო გულში შიშის სივაგლახე,

მაგრამ ზურაბს გაეცინა - "განიგდეო, ჰუმან, ურვა!
ამ ლაშქარმა ნეტავ ჩემთან ბრძოლა როგორ მოისურვა?!

მის სიმრავლეს ნურად აგდებ, რაგინდ ბევრი დამხვდეს წინ მე,
ჩემი ტოლი არსაით ჩანს ხმლით, შუბით თუ გურზით ვინმე, (470)

მე ვერაფერს დამაკლებენ, მომესიონ თუნდაც ყველა,
თუნდაც უფალს ევედრონ და მზეს და მთვარეს სთხოვონ შველა.

იარაღიც ბევრი აქვთ და ხალხსაც ვხედავ ველზე მრავალს,
მაგრამ მე ვერ დამიხშობენ სახელოვან გზას და სავალას,

ბრძოლას ვიწყებ და აცნობეთ აფრასიაბს სიტყვა ასე,
რომ ერთთავად ბრძოლის ველი მე სისხლის ზღვას დავამსგავსე".

თქვა და ციხის გალავნიდან ძირს ჩავიდა მხნე და მშვიდი,
შიშის ნაცვლად სიხარული უნათებდა სახეს დიდი,

რომ სადაც არს, მის საწადელს აასრულებს დრო და ჟამი,
თუმც მანამდე ლხინი სურდა და გასძახა  - "მწდეო, ჯამი!" (475)

თეთრ ციხეში დაეწაფნენ ღვინოს, ხოლო იქით მხარეს
მოალყენი დაბანაკდნენ და ველი მთლად გადაფარეს....

ალყას კრავდა ირანელი, ღვინოს სვამდა ლაღად თურქი...
და დღემ ღამის მოძალებით შემოისხა ბნელი ქურქი.

სიმშვიდისთვის მიატოვა არემარე თითქოს მზემ და
მშვიდად არვინ იჯდა არსად.... და როსტომიც რომ არ თვლემდა,

ამიტომაც განიზრახა რაღაც საქმე იდუმალი,
ჩუმად მეფის კარვისაკენ მოიძია გზა და კვალი,

უთხრა მეფეს: "მბრძანებელო! ერთი საქმის მომეც ნება,
დამეკარგა ფიქრისაგან მე ამ ღამით მოსვენება, (480)

წავალ, ვნახავ თურქთა რაზმებს, თვალს შევავლებ დიდს და მცირეს,
ვკითხავ ვინმეს - ის ზურაბი ასე რატომ ადევგმირეს;

და შენც წვრილად მოგახსენებ".... ქე-ქაუსმა უთხრა: "კარგი!
თავად იცი, შენს გულს რა აქვს აწ საძებარ-დასაკარგი".

და როსტომმაც გამონახა სადღაც თურქთა კაბა-ჯუბა,
მიიპარა თეთრ ციხესთან,  გულში ჯავრი ჩაიგუბა,

ისე განვლო ყველა კარი, არსად დახვდა თუნდაც მცველი
და მოესმა შემთვრალ თურქთა საშინელი ღრიანცელი,

თითქოს ღვინით იმ თურქებმა ბრძოლის შიში განიქარვეს...
და როსტომი მიაშტერდა მათ, ვით ლომი - თხების არვეს, (485)

დაინახა ზურაბიც და მის გარშემო მთელი რაზმი 
შეკრებილი ყველა ერთად: მარცხნივ იჯდა ჟანდარაზმი,

მარჯვნივ მოჰკრა თვალი ჰუმანს, თვისი სიბრძნით ყველგან ცნობილს,
მერე მზერით მისწვდა ბარმანს, მრავალ ომში გამოწრთობილს,

მაგრამ მათგან, როგორც ღამის წყვდიადისგან დღის სამყაროს
განარჩევდით მხოლოდ ზურაბს, ვით აშოლტილს ბაღში საროს.

ბედაურის ფაფარივით მას გაშლოდა ორი მხარი,
პირს ღიმილი დაჰფენოდა საამო და გასახარი,

იმ დარბაზში სხვებიც იყვნენ ვაჟკაცები, ალბათ, ასი,
მათ შორის კი დადიოდა მსახურების დასთა დასი (490)

და უსხამდნენ ლომებივით მოწყურებულ ვაჟებს ღვინოს,
ალხენდნენ და აქეზებდნენ, რომ არავინ მოიწყინოს;

ქებაც უძღვნეს მამაც ვაჟებს, თითოს ერგო ლექსი თითო:
"მტერს თავზარი დასცეთ უნდა თქვენ ხმლითა და მახვილითო".

გასცქეროდა შორით ზურაბს და უგრძნობდა როსტომს გული,
რომ იპოვა თითქოს რაღაც,  აქამომდე დაკარგული...

მაგრამ უცებ აჩოჩქოლდა, აწრიალდა თურქთა რაზმი,
თითქოს რაღაც შენიშნესო.... ფეხზე ადგა ჟანდარაზმი

და ვით სარო მონარნარე როსტომსკენ წამოვიდა,
ბნელ კუთხეში შეფარებულს ჰკითხა: "ვინ ხარ?! ჩქარა თქვი და (495)

მითხარ, ჩვენთან რატომ მოხველ? აქ საშენო ვინმე ნახე?
სინათლეზე გამოდი, რომ დავინახო შენი სახე".

მაგრამ უცებ მას როსტომმა დაჰკრა მუშტი მთელი ძალით
და კარისკენ გაეშურა, ვეღარვინ ნახა თვალით.

ჟანდარაზმი ძირს დაეცა, თაჰამთანის მუშტით მკვდარი,
სულმა გვამი მიატოვა, როსტომმა კი ციხის კარი.

ცოტა ხანში ზურაბმა რომ მიმოავლო დარბაზს თვალი,
ჟანდარაზმი ვერ შენიშნა, არსად ჩანდა მისი კვალი.

მოიკითხა - “სად წავიდა?! ნუთუ ჩვენთან აღარ მოვა?!
იქნებ რამე ეწყინა და ლხინი მიტომ მიატოვა?!" (500)

მსახურებმა ერთხანს ძებნეს, შინ და გარეთ გადასძახეს,
მაგრამ არსად ჩანდა იგი.... და ჰა! - ბოლოს მკვდარი ნახეს....

შიშითა და შეცხადებით დაიქუხა თურქთა რაზმმა -
“სამუდამოდ დატოვაო ეს ქვეყანა ჟანდარაზმმა?!”

ზურაბს კრძალვით მოახსენეს - "მკვდარიაო... მისი სული
მიიბარა განგებამ და დადგა მისი აღსასრული".

ამის თქმა და დაიყვირა იქ ზურაბმა: "რა თქვით?! რაო?!
ვინ მიბედავს ასეთ ტყუილს? ბრიყვმა გაიმასხარაო?!

აქეთ, ჩქარა მაშხალები!" - არ გასულა ერთი წამი,
იქ მიიჭრა, მაგრამ კაცის ნაცვლად დახვდა მხოლოდ გვამი. (505)

გაიოცა და იკითხა - “ასე უცებ მოკლა რამო?! -
უხმო მერე მხედართმთავრებს და უბრძანა - ამაღამო

შეწყდეს ლხინი! სირცხვილისგან გულს ლახვარი უნდა გესოთ!
მთელი ღამე იფხიზლოთ და საბრძოლველად ხმალი ლესოთ!

მგელი ისე შემოვიდა, თითქოს იყო მსგავსი კვამლის,
ძაღლმაც არსად დაიყეფა, არც ხმა იყო სადმე მამლის?!

ჰოი, ქვეყნის შემოქმედო! ჩვენო ხსნავ და ჩვენო შველავ!
ვფიცავ, ხვალე ჩემი ცხენით ყველა გზას რომ გადავთელავ,

მოვკლავ თუკი ირანელი შემეფეთა ვინმე გზად მე...
შურს ვიძიებ! ხომ შემხვდება ჟანდარაზმის მკვლელი სადმე!" (510)

მერე ერთხანს გაყუჩდა და მწარე ფიქრით გაინაბა,
მხედართმთავრებს გადასძახა: “ჩამოჯექით ყველა, აბა,

და ვახსენოთ მეგობარი... ახლა ყველას გვმართებს გლოვა...
ჩვენი ლხინი დასრულდა და ხვალ სისხლისღვრის ჟამი მოვა”. 

* * *

თეთრ ციხეს რომ გამოშორდა, გამობრუნდა უკან ოდეს,
თქვა როსტომმა - "დღეს ლაშქარში გივი უნდა დარაჯობდეს" -

და ხუმრობა მოისურვა... მიიპარა როგორც ლანდი,
გივმა შორით რომ ვერ იცნო, უმალ გურზი და ქამანდი

მოიმარჯვა და მრისხანედ, როგორც შმაგი ერთი სპილო,
აღრიალდა - "ვინა ხარო?" - და სალანძღავ-სათაკილო (515)

არ მოაკლო ვიღაც უცხოს, შემოპარულს ლანდის დარად...
როსტომმა კი კვლავ ისურვა სამასხროდ და გასახარად

არაფერი ეთქვა, მაგრამ ბოლოს ისე ახარხარდა,
მიხვდა გივი - შუაღამით ირანელთა გმირის გარდა,

რომ ვერავინ გაბედავდა დარაჯებთან ახლოს მისვლას...
და შესძახა - "გიცან ლანდო! როსტომი ხარ! - ხარხარს მისას

მე ათასში გამოვარჩევ... ოღონდ მითხარ შუაღამით
ფეხით საით დადიოდი?! - გამაკვირვე, როსტომ, ამით...."

და უამბო მას როსტომმა, სადაც იყო და რაც ნახა,
მეგობრისგან საიდუმლოდ არაფერი შეინახა. (520)

მერე შაჰთან მივიდა და როს გზა მისცა კარვის მცველმა,
უთხრა მეფეს: "გამაყრუა იქ თურქების ღრიანცელმა;

ვნახე ყველა, მაგრამ ზურაბს ბეჭებით და მხრით და მკლავით
იქ ვერავინ შეედრება... ის მაღლა დგას ათი თავით

ყველა თურქზე, ირან-თურანს ვინც უნახავს გზად და ველად
და ვინც ჩვენთან შემოსულა საომრად და საბრძოლველად.

ვუმზერდი და ვერ გამეგო, რას ვხედავდი - ცხადს თუ ზღაპარს...
ის რატომ ჰგავს ასე ძლიერ ჩემს წინაპარ მამა-პაპას?!"

მერე ისიც უთხრა მეფეს, ერთი თურქი სახით კუშტით
მასთან ახლოს რომ მივიდა და რომ მოკლა იგი მუშტით.... (525)

თქვეს და ღვინოს მიეძალნენ, სწვდნენ ფიალებს სმად და დაცლად...
მთელი ღამე ომზე ფიქრი ედგათ თვალწინ სიზმრის ნაცვლად.

* * *
როცა სტყორცნა მზემ ქამანდი ბინდითმოსილ ზეცის თაღებს,
სხივებს გზა რომ გაუკვალა ლაჟვარდებში გასალაღებს,

მზეს ზურაბიც ამოჰყვა და ციხის თავზე დადგა მტვერი, 
როს საბრძოლოდ შეუკაზმეს მას მერანი ჩალისფერი.

დასწვდა ხელით იგი მახვილს, ინდოეთში ნაწრთობ-ნაჭედს,
თავთ ჩაჩქანი დახურეს და წელთ ქამარი შემოაჭდეს,

ქამანდები ჩამოჰკიდეს უნაგირზე უკან რკალად, 
და წავიდა წარბშეკრული მტრისკენ გზების გასაკვალად. (530)

მთისკენ ბილიკს როცა აჰყვა, იქ შეყოვნდა ბორცვსა ზედა
და იქიდან ირანელთა გაშლილ ბანაკს გადახედა.

მერე უცებ გაახსენდა, მას ჰოჯირი ტყვედ რომ ჰყავდა, 
"მომგვარეთო! - და უბრძანა - ჩემთან ყოფნის ნებას გრთავ და 

შენ სიმართლე მითხარ მასზე, ვინც ჩვენს მზერას შემოგვხდება!...
თუ სისწორე არ აქვს ისარს, ის სამიზნეს ვერ მოხვდება,

იწრიალებს აქეთ-იქით უმიზნოდ და უთავბოლოდ... 
და მიტომაც ვითხოვ შენგან სწორი სიტყვა მითხრა მხოლოდ!

რასაც გკითხავ,  ყველაფერზე მიპასუხე შენ მართალი,
არ გაგექცეს სიმართლისგან მოშორებით სადმე თვალი, (535)

თუ გინდა, რომ ტყვეობიდან გაგიშვა და მოგცე ნება,
რომ იცხოვრო თავისუფლად, რომ გეწიოს გულზე შვება,

გიმეორებ: მე ირანზე რასაც გკითხავ, თქვი მართალი,
არ გაგექცეს სიმართლისგან მოშორებით სადმე თვალი!

თუ არაფერს დამიმალავ, საჩუქარი ასჯერ ათი
გელის ჩემგან: რა ოქრო და რა განძი და რა ხალათი. 

და თუ ღმერთი გაგიწყრა და სცადე ჩემი მოტყუება,
შენ სიკვდილი არ აგცდება ან დილეგში სადმე გდება.

"ო, მეფეო! - თქვა ჰოჯირმა - შენ პატივი რადგან დამდე,
ვფიცავ, რომ შენ გიერთგულებ ქვეყნის დასალიერამდე. (540)

მოგახსენებ შენ სიმართლეს, ტყუილის თქმას ვერ გავბედავ,
ირანელთა ამბავს გეტყვი, რაც ვიცი და რასაც ვხედავ".

მას ზურაბმა შეუძახა: "გაიხედე და თქვი ახლა,
მათგან მეფე ვინ არის და ამალაში ვინ იახლა?

სახელები მსმენია და არ მინახავს მათი სახე...
ვინ თუსია? ვინ გუდარზი? ვინ ბარამი? - დამანახე!

როსტომი არ დაივიწყო და სხვაც ვინმე, თუა გმირი,
ჩემთან ბრძოლის მოსურნე და ჩემი შუბით გასაგმირი.

აბა, ახლა გახედე და მითხარ - იქ რომ შვიდი ფერით
ჩანს კარავი ჩახლართული ბევრი კალთით მშვენიერით, (545)

ვხედავ მის წინ ასი სპილო გახელებით იქნევს ხორთუმს,
ტახტრევანსაც ვხედავ იქვე ფირუზისფრად შემკულ-მორთულს,

დროშაც მოჩანს ალისფერი, კარვის თავზე მოფრიალე...
ის კარავი ვის ეკუთვნის? გახედე და მითხარ მალე

ამაყად რომ დააბიჯებს ირანელთა ლაშქარს შუა
ის ვინ არის, ან რა ჰქვია?! ვეჭვობ, თავად მეფე თუა...

მას ჰოჯირმა მოახსენა: "დიახ, ხედავ თავად მეფეს!
მისი ნებით ლომებიც კი ძაღლებივით ააყეფეს".

კვლავაც ჰკითხა მას ზურაბმა: "იქით... მარჯვნივ... განაპირზე
სპილო რომ ჩანს და შავ კარავს ირგვლივ, გვერდით, თავზე, ძირზე, (550)

მხედრები რომ შემორტყმიან ყოველ მხარეს წყება-წყება,
ერთი რაზმი რომ მიდის და მეორე რომ ენაცვლება,

ის გარსმორტყმულ კარავთაგან განირჩევა რატომ ნეტავ?
ოქრო-ვერცხლით მოპრიალე მეომართა ჯგუფსაც ვხედავ...

აგერ, დროშაც დავინახე, ზედ ნახატად სპილოს მქონე...
ის კარავი ვის ეკუთვნის? მითხარ ჩქარა... გამაგონე!

და ჰოჯირმა უთხრა ზურაბს: "ეს თუსია, ძე ნავზარის!
ომში სპილოს დროშით მსვლელის და დამცემი მტრის თავზარის".

კიდევ ჰკითხა: "იქვე ახლოს მარჯნის ფერსაც ვხედავ კარავს,
მეომართა დიდი რაზმი მის კალთებს რომ ყველგან ფარავს, (555)

ზედ ოქროსფრად დროშა რომ ჩანს... დროშაზე კი ლომის სახე...
ის კარავის ვის ეკუთვნის? მითხარი და დამანახე!"

ჰოჯირმა რომ გაიხედა, უმალ უთხრა: "ჩანს არავინ,
მაგრამ ვხვდები, გუდარზისა უნდა იყოს ეს კარავი".

მას ზურაბმა ისევ ჰკითხა: "ზურმუხტისფერს ვხედავ კარავს,
მის ირგვლივ კი ლაშქარია, იმ მიდამოს მთლად რომ ფარავს;

ტახტრევანიც ჩანს და თითქოს ეს კარავი კარავს არ ჰგავს....
მის ბინადარს ქავიანთა ვარსკვლავი რად დაუქარგავს?!

ტახტზე რომ  ზის ფალავანი ამაყად და გაბედულად,
სილაღეს და სიდიადეს რომ ჰფენს შარავანდედულად, (560)

სახეზე რომ დასთამაშებს ფიქრი მტერთა შელახვაზე, 
რომ დამჯდარიც მაღალია გარემომცველ ყველა სხვაზე,

ცხენიც მიჰყავთ უკვე მასთან ქამანდებით დასარახტად,
თქვი სახელი ჩქარა მისი, თორემ დავრჩი მზერით სახტად...

თქვი - ვინ არის?! ან მალიმალ ხმას მრისხანედ რად იმაღლებს?!
გეგონება ქარიშხალი მოაგელვებს ზღვაზე ტალღებს.

მრისხანებით ემსგავსება გაშმაგებულს თითქოს სპილოს,
ვეჭვობ, ვინმე მას ირანში ვაჟკაცობით შეეცილოს.

მე ასეთი მეომარი ქვეყნად არსად არ მინახავს,
არც ასეთი ცხენი ვიცი, მას რომ ახლა გვერდით ახლავს. (565)

თქვი - ვინ არის?! - მსურს ვიცოდე მისი მოდგმა მამით, პაპით...
ან ეს დროშა რად ირჩია მან ზღაპრული გველეშაპით?!"

უპასუხა: "სულ ახლახან ეწვიაო მეფეს, მგონი,
ეს დევკაცი ჩინეთიდან... მე ასე მაქვს განაგონი".

"სახელიც თქვი! ერთგულების ხომ მომეცი, ჰოჯირ ფიცი?!"
უპასუხა: “მბრძანებელო, მას რა ჰქვია,  მე არ ვიცი...

თეთრი ციხის დასაცავად გამომგზავნეს მაშინ რადგან,
ეს ჩინელი როს ირანის შაჰინშაჰის ჯარში ჩადგა".

და ზურაბმა წარბი შეკრა, მოეძალა გულზე სევდა,
არ ეგონა, თუ ლაშქარში როსტომს ვერსად შეამჩნევდა. (570).

ის სამკლაურს მამისეულს დააშტერდა ისევ თვალით...
თითქოს სურდა, რომ ამ ნიშანს რამე გზით და რამე კვალით

ის მამასთან მიეყვანა... ან ჰოჯირის მლიქვნელ ენას
დასცდენოდა ეგებ რამე, მაგრამ, ალბათ, ბედს და ზენას

არ სურდა, რომ ზურაბს იმ დღეს შესძლებოდა მამის ნახვა,
რომ ამაოდ მოუწია მას ტყე-ველის გადალახვა.