ომარ ხაიამი













2014 წლის 21 მაისს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ხაიამის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საღამო და წარმოვადგენთ ჩვენს ახალ წიგნს.




1
მოდი, გული გამიხარე, მოდი ჩემთან, ჩემო კარგო,
იქნებ შენი სილამაზით ჩემს ვაებას რამე არგო?!
შენთან მინდა მოვილხინო, შევსვა ერთი დოქი ღვინო,
სანამ დოქად გადამზელენ, დოქში მინდა თავი ჩავრგო.

2
ხვალინდელ დღეზე რადგან პასუხს ვერავინ აგებს,
შენს სევდიან გულს, ღვინის გარდა, ვერარა არგებს;
მთვარიან ღამეს შევსვათ ღვინო, რადგან ეს მთვარე
მუდამ იქნება... ჩვენ კი ვერსად ვეღარ მოგვაგნებს.

3
ყურანის კითხვა თუმცა ბრძენი ხალხის ხვედრია,
მათაც არ ესმით ის, რაც ძნელად მისახვედრია;
ჯამის ფსკერზე კი რაგინდ ძველი ეწეროს ლექსი,
რომ ვერ გაიგოს, მე ჯერ კაცი არ შემხვედრია.

4
შენ ღვინის სმას თუ გიკრძალავს შენი საქმე, წონა, გვარი,
ჩვენი მაინც არ გაკიცხო შვება, ღვინით მონაგვარი;
შენ სიფხიზლე ნუ გგონია სიმდიდრე და მონაგარი _
პური შენი ბატონია, ჩვენთვის ღვინო მონა არი.

5
ვნების აკვანი თუმცა გულში ბევრჯერ დაგვერწა
და სიყვარულის ალმურითაც სახე აგვეწვა,
მაინც არ ვიცით, თიხით შექმნილ მოკვდავთა შორის
მარადისობის მოქანდაკემ რისთვის ჩაგვძერწა.

6
მუტრიბი მღერის, მე ნანგრევში ვაგდივარ მთვრალი
და ღვინოს ნატრობს გული, სული, ბაგე და თვალი;
არც შენდობა მსურს, არც მაშინებს ცოდვა და ბრალი,
არ მახსოვს მიწა და ჰაერი, ცეცხლი და წყალი.

7
ჯემშიდიც და ბარამ-გურიც ფლობდნენ კოშკს თუ კამარებს,
დღეს კი მათში თავის მოდგმას ჯეირანი ამრავლებს;
ჯერი ედგათ ჯეირნებით გასაძღომი ბარამებს,
მაგრამ დადგა ჯერი ნებით თვით აძღობდნენ სამარეს.

8
თავზედ ღრუბელი დამდგომია და ცრემლებს მაღვრის,
თან მეუბნება: `ეს ცხოვრება უღვინოდ არ ღირს!~
დღეს თუ სხვის საფლავს ჩვენ გავთელავთ ცეკვა-თამაშით,
ხვალ ჩვენს საფლავზე სხვას ნახავენ, ქეიფით დაღლილს.

9
ახლა, როცა შენი ვარდის აყვავების წელია,
შენ უღვინოდ რატომ ზიხარ, რატომ მოგიწყენია?
ეს საწუთრო მუხთალია, ავია და ძველია,
მოილხინე, ასეთი დღის კვლავაც პოვნა ძნელია.

10
დღეის ფიქრით ხვალინდელი დღე ვერსაით ვერვინ ჰპოვა,
ეგ ნაღველიც შენმა გულმა სულ ამაოდ დაიგროვა;
რაც წავიდა, გუშინ იყო და ვინ იცის, ხვალ რა მოვა,
წარსულზე და მომავალზე განა ღირსღა შენი გლოვა?!

11
ვინც შვილი იყო წუთისოფლის, შმაგის თუ მშვიდის,
კვალი ამაოდ ძებნა ოთხის, ექვსის თუ შვიდის...
ღვინო დალიე, არვინ იცის, რა გზით მოხვედი,
იმხიარულე, არვინ იცის, ვინ საით მიდის.

12
შენი სიავით ჟამთასრბოლავ, ბევრს უკვნესია,
უსამართლობა ოდითგანვე შენი წესია,
მიწის წიაღში, ო, რამდენი უძვირფასესი
იაგუნდი და მარგალიტი დაგითესია.

13
გულო, საწუთროს შენი კვნესა არა სწყინდება
და ტკბილი სულიც მალე სადღაც გაგიფრინდება;
მიტომაც გიჯობს ამ მდელოზე ილხენდე ერთხანს,
სანამ ეს მდელო შენს საფლავზე აბიბინდება.

14
ცხოვრების ზღვაში ვნახეთ, რაც რამ მარგალიტია
და ვერ გავიგეთ, ყალბია თუ ჭეშმარიტია;
ის საფიქრალი, რაც ცხოვრებამ ვერ დაიტია,
ფიქრადვე დარჩა, სიკვდილმა რომ შემოგვიტია.

15
ეს დოქიც თურმე კაცი იყო, ისიც თვრებოდა,
რომ დათვრებოდა, მერე სატრფოს ეახლებოდა;
დოქის სახელურს რომ უყურებ, ის ხელი იყო,
ლამაზმანების ყელ-კისერს რომ გარს ევლებოდა.

16
ბედი იმ დოქში, რაც მოუკლავს წყურვილს ღატაკებს,
თიხასთან ერთად მეფის თვალებს ჩააქანდაკებს,
თითო ღაწვისგან გამოძერწავს თითო ფიალას,
მისცემს ლოთებს და ყურს მიუგდებს, ვინ რას ქადაგებს.

17
ამ ძველ საწუთროს სახელი აქვს ცრუ და არამი,
მის ძველ კედლებში სამყოფი აქვს ყველას ვარამი;
ის სასახლეა, სადაც ასი ჯემშიდი მჯდარა
და არის კოშკი, სადაც ნახეს ასი ბარამი.

18
ვით ნიაღვარში წვიმის წვეთი და ზვავში ფიფქი,
დღეო გასულო, საწუთროში უკვალოდ მიქრი;
სანამ ვარ ქვეყნად, ეს ორი რამ არ დამამწუხრებს:
უკვე წასულ და ჯერარმოსულ დღეებზე ფიქრი.

19
ტურფა ვარდის სიცოცხლეში აყვავების თვეა კარგი,
ღვინით ღამენათევისთვის განთიადის მზეა კარგი,
რაც გაქრა და რაც წავიდა, რაც ხსოვნაში გადავიდა,
მასზე ფიქრებს დაეხსენ და... დღევანდელი დღეა კარგი!

20
ჩვენს აქ მოსვლამდე დღეც იყო და ღამეც ყოფილა,
ამ ცისქვეშეთში, ალბათ, რაღაც საქმეც ყოფილა;
ჩვენს ფეხქვეშ მიწა ლამაზმანის თვალებს მაგონებს,
აქ რომ იყო და, ალბათ, სხვაგან სადმეც ყოფილა.

21
დიდხანს ვძებნე და არაფერი დამიხვდა წინ მე,
გადავიღალე წარმართობით გარეთ თუ შინ მე;
რომ მეუბნებით - `ჯოჯოხეთი არ აგცდებაო~ -
ნუთუ სამოთხეს ან ჯოჯოხეთს სწვევიხართ ვინმე?!

22
ვინც ამ ფიალის ნამცეცები ერთად შეყარა,
სიტყვის სათქმელად ჩვენ ჯერ არსად შემოგვეყარა;
ან იმ მიწაზე რად ისურვა ჯავრი ეყარა,
ლამაზმანების მტვერი სადაც მრავლად ეყარა.

23
რადგან სიცოცხლე მოწყალებას არ არს ჩვეული,
მოილხინე და დაივიწყე ხვედრი წყეული;
ჭკუით იცხოვრე, რადგან შენი ტურფა სხეული
მხოლოდ მიწაა და მტვერია წყალს შერეული.

24
გაზაფხულზე, ღრუბელი რომ პირს ჩამოჰბანს ვარდს და ტიტას,
ღვინო სვი და ეგ ნაღველი მკლავებს აღარ ჩამოგწყვიტავს;
დღეს ამ ბალახს შენ გათელავ, ხვალ ის იტყვის თავის სიტყვას,
როცა შავი სამარიდან შენს ნარჩენებს ამოიტანს.

25
მთვრალმა ბულბულმა ოდეს ჰპოვა ბაღნარის კარი,
შემოეგება მას იქ ვარდი, პირმომღიმარი;
მერე ჩამოჯდა ჩემს მახლობლად და ჩამჩურჩულა:
"წარსულ სიცოცხლეს ნუ მისტირი... რაც არი, არი!"

26
ჟამთასრბოლა თუკი ჩვენი ხოცვა-ჟლეტით არ დაცხრა,
ზეცა, გინდა, შვიდი იყოს და, თუ გინდა, რვა და ცხრა;
თუკი სიკვდილს არ ავცდებით არც მე, არც შენ და არც სხვა,
სულერთია, ჭია დაგხრავს, თუ ნადირი დაგაცხრა.

27
თუ გაზაფხულდა, თუ ბარბაცებს მთვრალი ყაყაჩო,
რად გინდა, სატრფოს ბაგეების გარდა, სხვა სარჩო?
ღვინო დალიე, ამ ბებერმა წუთისოფელმა
თავის მორევში შენი მსგავსი ბევრი დაახრჩო.

28
ვერ ჩასწვდები ჭეშმარიტ აზრს, ვერ გაიგებ, ვინ ხარ, რა ხარ
და მიტომაც შენს სიცოცხლეს ასეთ ფიქრებს ფუჭად ახმარ;
სჯობს ფიალას ეფერო და, რომ მოკვდები ან დღეს, ან ხვალ,
სამარისთვის სულერთია, ფხიზელი თუ მთვრალი ჩახვალ.

29
რადგან ქარია ყველაფერი, რაც კი რამ არის,
რადგან ყველაფერს ელის ხვედრი მტვრის და სამარის,
შენ მარადიულს წამიერად შეავლე თვალი
და ჩათვალე, რომ წამიერიც მარადჟამ არის.

30
შავი მიწა, ფეხს რომ ადგამს დღეს ხან ერი და ხან ბერი,
ერთდროს ქალის ბაგე იყო, ვარდისა და ღვინის ფერი;
ეს ლამაზი აგურები, დღეს რომ მორთეს იმით ჭერი,
ან ვეზირის ხელი იყო, ანდა სულთნის თმა და წვერი.

31
ყოვლისშემქმნელმა როცა მოჭრა სამყაროს თარგი,
თვით არ იცოდა - რა არ ვარგობს და რაა ვარგი...
მე თუ ცუდი ვარ, რად მიბოძა თვისი იერი,
ან ასე უღვთოდ სულს რადა მხდის, თუკი ვარ კარგი?!

32
იდუმალების ფარდის ახდა ძალუძს არავის,
გრძნეულ ზრახვათა ამომცნობი არვინ არ არის.
აფსუს, წყვდიადი მიწის გულში დავიდებთ ბინას...
ჩვენი ცხოვრება სიზმარია... აბა, რა არის?!

33
სიზმრად ვნახე ვიღაც ბრძენი, მითხრა - `რა დროს ძილიაო?
აქ სიცოცხლის ვარდი ჭკნება, ცხადში გადაშლილიაო;
ძილში ყოფნით ვერ შეიცნობ მას, ვინც ყოფნის შვილიაო,
სანამ დროა, გამოფხიზლდი! _ ძილი მიწის წილიაო~.

34
ორ სამყაროში მოწანწალე მგზავრებსა ვგავართ,
თავსა და ბოლოს ვერ ვხედავთ და შუაზე დავალთ;
არავინ ამბობს ჩვენთან მართალს - ვინ ვართ და რა ვართ,
რა გზით მოვედით წუთისოფლად და რა გზით წავალთ.

35
შენი ხილვა, ტურფა ქალო, ო, რა საამურია,
მოდი, ღვინო მომაწოდე, ხომ იცი, რომ მწყურია...
და თუ ამან დამავიწყა, რაც რამ ქვეყნად შურია,
ძაღლი ვიყო, თუ მახსოვდეს სამოთხე და ჰურია.

36
იცოდე, შენც და შენი სულიც ბეწვზე კიდიხართ,
რადგან არყოფნას ჩალის ფასად შეუსყიდიხართ;
ღვინო დალიე, არვინ იცის, საიდან მოხველ,
იმხიარულე, არვინ იცის, საით მიდიხართ.

37
მწდეო, ამ ვარდნარს, დღეს რომ ყვავის გულის სალხენად,
გწამდეს, ხრიოკი დაერქმევა მალე სახელად;
მაშ, ღვინო ვსვათ და, მაშ, მოვკრიფოთ ვარდის კონები,
სანამ ეს მდელო უქცევიათ ნაგვის საყრელად.

38
ბნელი ცხოვრების გზაზე მავალს რადგან ვედრები,
აღარაფერი დამრჩა ქვეყნად დასაყვედრები;
მადლობა უფალს, საკუთარი რომ მაქვს ტკივილი
და ამას მაინც სხვას არავის არ ვევედრები.

39
მოვძებნოთ მდელო, სადაც ია-ვარდი თესია,
ღვინო შევსვათ და მოვილხინოთ, როგორც წესია;
ლამაზი ქალიც თუ გვეახლა გამთენიისას,
აღარც მეჩეთი გვეხსომება, არც ეკლესია.

40
სიცოცხლის რტოებს აყვავებას ერთხანს აცლიან
და ლამაზ პერანგს სუდარაზე მალე გაცვლიან,
შენს სხეულს, როგორც მფარველ კარავს, ნუ მიენდობი,
რადგან ამ კარავს მალე საყრდენს გამოაცლიან.

41
ხალხი ამბობს: `არ არსებობს სამოთხეზე კარგი რამო!~
მე კი ვამბობ: `სანამ ცოცხლობ, კარგად უნდა სვა და ჭამო~;
ის ნისია დაივიწყე და იზრუნე ნაღდის გამო -
შორიდან ხომ დაფდაფების ბრახაბრუხიც არის ამო.

42
ვიცი, რომ მკიცხავ ლოთობისთვის, ვიცი, რომ მძრახავ,
ვიცი, ჯოჯოხეთს ვერ გავცდები, ვერ გადავლახავ;
და რომ აგზავნი ჯოჯოხეთში ლოთსა და მიჯნურს,
ხვალ ხომ სამოთხეს, ვით ხელისგულს, ცარიელს ნახავ?!

43
მე ჯერ არ ვიცი, ჩემს სულზე ვინ ბატონობს და ვისია,
წყეული ჯოჯოხეთის თუ ტურფა სამოთხის ღირსია?!
ბარბითის კვნესა, ღვინის სმა, სატრფოს ალერსი მდელოზე,
ჩემთვის ეს სამი ნაღდია, ის სამოთხე კი - ნისია.

44
მთვარის სხივებმა გაარღვიეს სიბნელის მახე,
შენც შენი შვება დღეს ამ სავსე მთვარესთან ნახე;
მოილხინე და წარმავალ დროს ნურას შესჩივი _
თავად მთვარესაც დაეცლება მალე ეს სახე.

45
თან ღვინოს დავლევ, თან მოვილხენ, ეს დროც გავა თან,
რჯულსაც წავიხდენ, ურწმუნოსგან განზეც გავალ თან;
რადგან სულ მალე მე სიცოცხლე გამითხოვდება,
ჩემს დალხენილ გულს იმ პატარძალს მზითვად გავატან.

46
ღვინო ლალია და ისე ჩქეფს დოქის წიაღ ის,
რომ სულს ჩაუდგამს, ჯამის კედელს მას ვინც მიაღვრის;
ბროლის ჯამიდან რომ გვიცინის წითელი ღვინო,
სათავე შრება ცრემლისა თუ სისხლის ნიაღვრის.

47
ღვინო დალიე! უკვდავება, გწამდეს, ეს არი!
ვნება თუ უნდა სიჭაბუკეს წვავდეს, ეს არი;
ღვინო იყოს და ვარდებს კრეფდნენ ლამაზმანები...
ვისაც სიცოცხლე უნდოდეს და სწადდეს, ეს არი.

48
რაგინდ განგების ცოდვა-მადლი ხალხში ამრავლო,
რაგინდ სიკეთე ან სიავე გადააბრალო,
არავინ იცის, მის შემოქმედს რა ფიქრი სტანჯავს,
ეგებ ის ჩვენზე ასჯერ მეტად არის საბრალო?!

49
წითლად რომ ელავს, რაც მდელოა და რაც მოლია,
ეს ის სისხლია, ყაყაჩოს რომ ამოჰყოლია;
ეს ნაზი იაც, იმ კეკლუცის ხალი ყოფილა,
ვინც წუთისოფელს შესამუსრად მრავლად ჰყოლია.

50
მიწა, რომელიც დღეს მე და შენ ფეხქვეშ გვიგია,
ერთდროს რომ დიდი მეფე იყო, იქნებ იგია?!
სახეზე მტვერი რომ გვეყრება, იქნება ესეც
ლამაზ სახეთა მტვერია და ვერ გაგვიგია.

51
ხან კაცს მაგონებს მე ეს მდელო, მთვრალს და ბანგიანს
და ხან ლამაზმანს, ამღერებულს, ხელში ჩანგიანს...
ფრთხილად დაადგი მდელოს ფეხი, რადგან ამქვეყნად
ესღა შემორჩა მავან კეკლუცს, ლალისბაგიანს.

52
ღვინოში მასზე მეტი აზრი, მეტი წესია,
რაც მეფე ყობადს ანდა ქავუსს დაუთესია;
მთვრალი რინდების უდაბნოში ჩუმი კვნესა კი
კარის მლიქვნელთა ცრუ ღაღადზე უკეთესია.

53
სიცოცხლე ქრება, ვიღას ახსოვს ტკბილი და მწარე,
ვის უნდა ბალხის თუ ბაღდადის ზღაპრული მხარე?!
ღვინო დავლიოთ, მე და შენ რომ აღარ ვიქნებით,
გაბადრულ მთვარეს ბევრჯერ შეცვლის ნამგალა მთვარე.

54
თუ თქვენში სიბრძნე ფესვს გაიდგამს მადლის შეწევნით,
გონიერების საგანძურს თუ ყველგან ეწვევით,
ამაოების ბნელ კარიბჭეს გასცდებით, მაგრამ
ზღაპარს იტყვით და მარადიულ ძილსღა ეწევით.

55
ის, ვინც არ ნაღვლობს, წუთისოფლის გზებზე რა ხდება
და უდაბნოში ვინც ზმანებებს გვერდით ახლდება,
ვინც აწმყოს დაგმობს და მომავლის მონა გახდება,
დღეს უქმად ყოფნით რასაც შექმნის, ხვალ ის დახვდება.

56
ვინც დაბერდნენ და აკვნესდნენ, ვინც ცხოვრება ჩაათავა,
სიკვდილს კვალში ისე გაჰყვნენ, ვერვინ შეძლო მასთან დავა;
ვინც იცხოვრა ტკბილად, ამოდ, არც მას შერჩა სამუდამოდ...
წავიდნენ და ჩვენც წავალთ და სხვა მოვა და ისიც წავა.

57
რამაც ცა შექმნა, მზე აანთო, მთვარე მოხარა,
ნეტავ ჩვენ გულებს მწუხარება რატომ მოჰგვარა?!
მან ხომ მრავალი ლალის ბაგე და მუშკის ზილფი
შავი ქვესკნელის ზანდუკებში მიყარ-მოყარა.

58
მავანმა შექმნას, რომ მის შექმნილს ფლობდეს მავანი _
ეს არის თურმე ამ საწუთროს ავან-ჩავანი;
კაცს არაფერი ევალება სიხარბის გარდა...
ჯანდაბას ვალი! ღვინო იყოს ოღონდ თავანი.

59
რაგინდ იხილო ნაირგვარი ზეცის თაღები,
რაგინდ სიბრძნეთა მოიარო იალაღები,
გონიერების თავს და ბოლოს მაინც დაკარგავ,
რადგან ვინც კვდება, ხმა არ რჩება ამოსაღები.

60
ჩემი მოყვანით ბედისწერამ თუ რამ მოიგო,
წამიყვანა და მე სანაცვლო ნიშნი მომიგო;
ასე უაზროდ, წინ და უკან რომ მაწანწალა,
მან ამით მკერდზე ნუთუ რამე ჯილდო მოირგო?!

61
ჩვენი სიცოცხლე სასიკვდილო წამით იცვლება,
ზღვაც მარგალიტში ერთი წვეთით გარდაიცვლება;
ყველაფერს ვკარგავთ და, თუ გვრჩება თავები მხრებზე,
ვიფიქროთ ჯამის ავსებაზე, როცა იცლება.

62
აფსუს, მთელი მონაგები ჩვენ ხელიდან გაგვიფრინდა
და სიკვდილმა სისხლის ხელით ეს სიცოცხლე დაგვიფლითა;
იმქვეყნისკენ ვინც წავიდა, არ მოსულა არავინ და
არც ის უთქვამთ, მოგზაური რა წყვდიადში ჩაიბინდა.

63
აფსუს, ბავშვობის თავფურცელი მოიცვა ბინდმა
და გაზაფხული გადანისლმა ზამთრის ამინდმა;
ნეტავ, ის ჩიტი, სიჭაბუკის ხმით რომ გალობდა,
როდის მოფრინდა ჩემს გულში და როდის გაფრინდა?

64
ჩვენმა საწყისმა დასასრულიც უნდა იცალოს
და წუთისოფლის საწყაულიც გამოიცალოს;
ჩვენს დაბადებას არაფერი შეუცვლია და
ვერც იმით შევცვლით, თუნდაც ყველა გარდაიცვალოს.

65
ამქვეყანაზე თუ გონიერ ბილიკებს მისდევ,
გონება ასჯერ მაინც გეტყვის - დარდებს ნუ ისევ!
გაიგე, ძმაო, შენ არა ხარ ხორბლის მარცვალი,
შავ მიწაში რომ ჩაგაგდონ და აყვავდე ისევ.

66
რადგან სიცოცხლე შეუცნობი მიზნით შენდება,
ჩვენი მიზანი შეცნობილი ლხინით მშვენდება;
შენც, მერიქიფევ, ნუ გვიყვები ხვალინდელ ზღაპარს,]
ღვინო დაგვისხი, სანამ დილა დაგვათენდება.

67
უბედურება დამდევს კვალში მე სავალ გზაზე,
ჩემი სიკეთე, რა ხანია, გავცვალე ავზე,
და ჩემმა სულმაც, ალბათ, მიტომ შესძახა სხეულს:
"დროა წავიდე, სანამ სახლი დამენგრა თავზე".

68

ციურ განგებას ვერვინ განსჯის, ვერც გამოიცვლის,
ის ერთს რომ მოკლავს, მოსაკლავად სხვისთვის მოიცლის;
თავს ნუ იტყუებ აღსასრულის გადავადებით,
შენ თუ გცალია მოსაცდელად, ის არ მოიცდის.

69
თუმცა განგება წუთისოფელს ჭრელ სამოსს აცმევს,
იცოდე, მაინც ვერ აცდუნებს გონიერ კაცებს;
დრომ ბევრი შობა, ბევრიც მოკლა შენისთანა და
შენს სიცოცხლესაც ამ სამყაროს ნელინელ სტაცებს.

70
ჩემს ბედისწერას უჩემოდ თუ ქმნიდა განგება,
ჩემი ავ-კარგის ცოდნა ნეტავ რაში ადგება?!
გუშინდელივით დღეის ამბავს თუ არვინ მკითხავს,
რა პასუხს მთხოვენ, ხვალ განკითხვის დღე რომ დადგება?!

71
რად გსურს, იცოდე კაცად ვინ ღირს, ანდა ვინ არ ღირს,
რად ხარ მძებნელი სურნელთა და ფერთა ნიაღვრის?!
ვინც გინდა იყავ, ჩემო ძმაო, ეგ სულერთია,
შენ საპყრობილე მაინც გელის მიწის წიაღის.

72
არც ხეტიალით, არც სიცოცხლის უამინდობით,
არც ცრემლის დენით, არც ვინმესთან გულით მინდობით
არ შეიცნობა ამ სამყაროს საიდუმლო და,
თუ გსურს შეცნობა, შენს სულს უნდა უთხრა - `მშვიდობით!~

73
მათ, ვინც შობილან მზიან დღეს თუ მთვარიან ღამეს,
არმად შეერგოთ, ღვინის გარდა, რაც სვეს და ჭამეს;
რა ვქნა, არ მესმის, ეს უგნური ღვინის ვაჭარი,
ღვინოს რომ ყიდის, იმაზე კარგს იყიდის რამეს?!

74
შენ ამ საწუთროს დღეების თვლას ამაოდ უწყებ,
განა ვერ ხედავ?! _ კი არ ცოცხლობ, მის ტანჯვას უძლებ;
შენ ეს სიცოცხლე სანთელი ხომ არა გგონია,
რომ შენს ნებაზე კვლავ აანთო, თუ ჩაქრა უცებ.

75
ქვეყნის შემქმნელი ყველაფერს ქმნის ქარაგმასავით,
არავინ იცის, ვინ აუვსო გული მას ავით _
თვით მორწმუნესაც ის მოსისხლე მტერივით დასდევს
და ისღა გვრჩება, ღვინოს ვთხოვოთ შველა ძმასავით.

76
ვარდის სურნელით რომ თენდება ღამე ტიალი,
მაშინ უხდება ღვინით სავსე ჯამებს ტრიალი;
სამოთხის მადლიც, ჯოჯოხეთის შიშიც და ხათრიც
მხოლოდ ჭორია და სიტყვების ორომტრიალი.

77
პურის ნატეხი მშიერ მუცელს ვინც ამყოფინა,
ვისაც განგებამ სხვისთვის ლუკმა გააყოფინა,
ვინც არც მონობა ისურვა და არც ბატონობა,
კაცი მე ვარო, უნდა გვითხრას მან კმაყოფილმა.

78
უბრალო გლეხმაც კარგად იცის, ისიც კი ხვდება,
უაზრო ფიქრს რომ სარგებელი არსაით ხვდება;
გვიჯობს ავავსოთ ჯამები და ერთიც დავლიოთ,
რადგან ამქვეყნად მოსახდენი უჩვენოდ ხდება.

79
საამო დილა წუთისოფელს კვლავ რომ სწვევია,
ვარდი ცვარ-ნამით პირს რომ იბანს, როგორც სჩვევია,
ალბათ, ბულბულიც ყვავილნარში მიტომ გვიხმობს და
ამბობს: `ეს ღვინო მხოლოდ ჩვენი დასალევია~.

80
სანამ სიკვდილი და განკითხვა მოგეზმანება,
ღვინო ინატრე და ქეიფის გაეც ბრძანება!
განა ოქრო ხარ, დროებით რომ ჩაგფლან მიწაში,
შენი დაკარგვა ამ საწუთროს არ ენანება.

81
თუ შენი ყოფნა ანაცვალე არყოფნის მიზანს,
განგებას უკვე დაუსჯიხარ... მეტს რაღას გიზამს?!
რადგან სიკვდილი კვალში დაგდევს, სიცოცხლის ხიზანს,
სჯობს დარდი ღვინოს შესწირო და სიცხადე _ სიზმარს.

82
ვის რას მოუტანს საწუთროსთან დიდხანს დარჩენა,
მან თუ თავისი საიდუმლო არვის აჩვენა?
შეგირდს რა ვკითხო, თუ ოსტატსაც არ გაეგება _
რისთვის არსებობს და რა არის ქვეყნად გაჩენა.

83
ბედს თუ ემდური, თუ შეგიპყრეს მწველმა ეჭვებმა,
თუ შენს სიცოცხლეს უცებ სევდა შემოეჭრება,
სატრფოსთან ღვინით მოილხინე, რადგან სულ მალე
სიკვდილით მათთან მისასვლელი გზა მოგეჭრება.

84
შენ რომ ბედნიერ გზაზე დგახარ, ამაყი ხარ და
ჩემსას თუ მკითხავ, გზა ვერ ვნახე, ვაების გარდა.
ჩვენ კარგად ვიცით ჩვენი გზები, მაგრამ ვაი, რომ
ათას შეუცნობ გზას გვიმალავს სიკვდილის ფარდა.

85
ცხოვრების ბაღში ბედი ყვავილს რომ გააღიმებს,
მასაც მოსპობს და სასიცოცხლოს დააწყვეტს სიმებს;
წყალთან ერთად რომ აიყოლოს ღრუბელმა მიწაც,
განკითხვის დღემდე თავს გვასხამდა სისხლიან წვიმებს.

86
შენ თუ განგებამ კიდევ ერთი დღე გიზიარა,
ის დღეც ქეიფით გაატარე, ფიქრით კი არა.
სიცოცხლის ნება მხოლოდ ერთხელ მიეცა კაცს და
როგორც ატარა, სიცოცხლემაც ისე იარა.

87
მეუბნებიან, რომ სამოთხე ყველას გვარგია,
რომ იქ ფერიაც დაგვხვდება და ღვინოც კარგია...
მაგრამ ჩვენ ღვინოს აქაც გვასმევს ლამაზმანი და
სადღა წავიდეთ?! სამოთხეში რა დაგვკარგვია?!

88
სამოთხით მხიბლავ მეც და სხვასაც და სხვის სხვისიანს,
ამბობ: `სინათლით შეიცვლიო დღეებს ნისლიანს! ~
თუ ძმა ხარ, ღვინო დამისხი და დამალევინე...
ეს ერთი ნაღდი მირჩევნია ათას ნისიას.

89
ამბობენ _ ვინც აქ განიშორა აუგი საქმე,
განკითხვის შემდეგ განწმენდილი აღდგება აქვე.
ღვინოს და სატრფოს აქ მიტომაც არსად ვშორდები,
რომ, ვთქვათ და, უცებ გამაცოცხლონ, გავცოცხლდე აქ მე.

90
ღვინო დალიე, რომ გულიდან ჯავრი წაიღოს,
სამოცდათორმეტ სამყოფშიც რომ კარი გაიღოს.
ამ სასწაულის ერთ წვეთიც საკმარისია,
რომ თავის თავზე ყველა შენი ცოდვა აიღოს.

91
ჭკვიანი თუ ხარ, გადამალე, რაც გულში გიდევს,
რადგან ცხოვრება ნებიერთა სიბრიყვით გიტევს;
სადაფში მალვით მარგალიტად იქცევა ხოლმე
წვეთი, რომელიც ზღვის იდუმალ საფიქრალს იტევს.

92
დილა თენდება... ყაყაჩოებს ფერი ეცვლებათ,
ფიალებს ცვარით ივსებენ და დარდი ეცლებათ;
ვარდიც კალთას შლის და ჩურჩულით გვიამბობს ზღაპარს:
`დღეს მოილხინეთ, ხვალ ამისთვის აღარ გეცლებათ~.

93

არცერთი სიბრძნე მე ამქვეყნად არ დამიგმია,
თითქმის ყოველი საიდუმლო ფეხქვეშ მიგია...
სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ
და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია.

94
თუ ეს საწუთრო ჩვენს სიცოცხლეს სიკვდილს არჩევდა,
ნეტავ იმედის კვალში დევნა რისთვის დაგვჩემდა?! -
ჩვენი ქონება მოყვარესთან ლხინში გავხარჯოთ,
თორემ წავალთ და ყველაფერი მტერთან დაგვრჩება.

95
აღარავინ მყავს, არვინ ისმენს ამ ჩემს ღაღადისს,
მარტოღა ვუმზერ ქვეყანას და არც ღირს ნახვად ის.
მეგობრის ნაცვლად სუფრის თავში ზმანებას დავსვამ _
უცებ რომ მოვკვდე, ამან მაინც მითხრას `ნახვამდის~.

96
ას გზა-კვალს გიჯობს, ღვინის კვალზე თუ იარები,
მის წვეთად არ ღირს თვით ჩინეთის მთა და ბარები,
ლალისფერ ღვინოს რაგინდ ბევრი სიმწარე ახლდეს,
მაინც შესვი და ათას სიტკბოს ეზიარები.

97
ის წვეთი ზღვამ გადაყლაპა, ზღვამდე რომ დიდხანს იგორა,
მიწის ნამცეცით საფლავმა მუცელი ამოიყორა...
ამქვეყნად შენი მოსვლა და იმქვეყნად წასვლა იყო რა?
პატარა ბუზმა იფრინა... იყო და არა იყო რა!

98
ორი დღის სარჩოდ ერთი პური თუ გსურს იკმარო
და წყალს რომ დალევ, გულის ჯავრი გადაიყარო,
არც შენი მსგავსის სამსახურში ჩადგე ოდესმე
და ბატონობა ფიქრადაც კი არ გაიკარო.

99
მეგობრებივით რადგან ვუმზერთ ჩვენ ამ ფიალებს,
გულში მცირედი სიხარული რადგან წრიალებს,
ჩვენს მოლოდინში რადგან კბილებს ილესავს მიწა,
დაგვისხი ღვინო, სანამ ბედი თავს დაგვტრიალებს.

100
შენ მომავალი სულ ამაო ფიქრით განაღვლებს,
რადგან მის გზა-კვალს არვინ გახდის შენთვის გასაგებს.
გამხიარულდი! - შენთვის რჩევა მას არ უკითხავს,
დასაბამიდან ვინც საწუთროს საქმეს განაგებს.

101
თავს დაგვდგომია ბედისწერა მხუთავ სულივით
და ყოველ დილას გვტაცებს თითო აღსასრულივით;
ჯერარშობილებს რომ ენახათ ჩვენი ვაება,
არ ისურვებდნენ დაბადებას თავის სურვილით.

102
გულო, გერჩივნოს ყველა დარდის განზე დაგდება,
ამაო ყოფნის აღსასრული სანამ დადგება.
რადგან წამსვლელი წავიდა და მომსვლელი არ ჩანს,
ყოფნა-არყოფნის ფიქრი შენ არ გამოგადგება.

103
გულო, ლხინისთვის ყველა კარი რომ მაქვს ღია მე,
აი, ეს არის სიკეთე და აი, სიამე!
მაშ, შენც ცვარივით ჩამოჯექი ღამით მდელოზე,
რომ მომახარო დილაა თუ აისია მე.

104

მიწაში ჩასულს ჯერ მიწად რომ აქცევს განგება,
მერე მტვერივით ის მიწაზე გაიფანტება;
მიტომაც ვეძებ ისეთ ღვინოს, რითაც გონება
თავდავიწყებით დათვრება და დაიბანგება.

105
თვალში არ მომდის სასახლეთა კოშკის თავები,
გადამავიწყდა მთელი ქვეყნის სალოცავები,
აღარც კეთილი მახსოვს ვინმე, აღარც ავები,
რადგან დღეს ღვინის სურნელების ქსელში გავები.

106
ქვეყნიერებას თავს რომ ადგას ცის ლაჟვარდები,
შენ მათს მზერაში სულ ამაოდ გდევენ დარდები;
ღვინო დალიე, იმ ყოფაში შენც ჩავარდები,
ცაში კი არა, მიწაში რომ გადაგვარდები.

107
გუშინ მექოთნეს შევასწარი თვალი ბაზარში,
წიხლებს უშენდა სველ თიხაში, მტვერთან ნაზავში,
თიხა კი თითქოს შესჩიოდა - `ფრთხილად მომეპყარ! _
მაგ ქვეყანაში მეც ვცხოვრობდი, უზარმაზარში~.

108
ღვინოში არის სიცოცხლე და შენ ის დალიე,
რადგან ის ლამაზ სიჭაბუკეს ჰშვენის, დალიე;
თუკი რამ დარდი გექცა ცეცხლად, ღვინოს ანდე და
იქ უკვდავების წყაროს წყალს რომ შექმნის, დალიე.

109
ღვინოს თუ დალევ, ჭკვიან კაცთან უნდა დალიო
და ეს ცხოვრება ლამაზებში უნდა გალიო;
ოღონდ, თუ დალევ, ჩუმად სვი და ფრთხილად იყავი,
დღევანდელი დღე სიკეთით რომ გაიხვალიო.

110
ცისკარს რომ უმზერ, გაიხარე, ძმაო, დღეს ამით,
ღვინო დალიე, არ მოიკლა გული დღეს ავით;
ამ ერთ დილასაც გამოსტაცე სიამე, რადგან,
რაგინდ ეძებო, ხვალ ვერ ნახავ წარსულ დღესავით.

111
გრძელ გზას ვინც გაჰყვნენ, მარტონი თუ ბრბო თუ გუნდები,
აქ რომ არავინ დაბრუნდება, შენც დარწმუნდები;
შენც გზას ადგახარ და ქონების თვლას ნუ უნდები, _
თუ რამეს ტოვებ, წასაღებად ვერ დაბრუნდები.

112
ბრძენო მოხუცო, ჩააქსოვე რისხვა რამ ხმაში
და იმ ბიჭს უთხარ, მიწასთან რომ უყვარს თამაში,
რომ მხოლოდ მიწა არ ეგონოს... რომ ურევია
მეფე ყობადის და ფარვიზის მტვერი ამაში.

113
უკვე თენდება, ღვინო მასვი, ჩემო ფერია,
და ის მიმღერე, რაიც ჯერაც არ გიმღერია;
ვინც დღეს აქ არის, ხვალ მიწაში ჩაესვენება,
იქით წასულს კი დაბრუნება არ უწერია.

114
ერთმა ყორანმა გადიფრინა კედელი ტუსის,
კლანჭებში ჰქონდა თავის ქალა ქეიქაუსის,
ზედ დასჩხაოდა შემზარავად - რა კაცი იყავ
და შენს დაფდაფებს რა ხმა ჰქონდა! აფსუს, აფსუს ის!

115
ამ ფიალაში წუთისოფლის მადლი დაუნჯდა,
ვინც მას აკოცა, გაირინდა, თითქოს დამუნჯდა;
ეს მექოთნე კი მასში მხოლოდ თიხას ხედავს და
დაამსხვრევს კიდეც, ჭკვაში რამე თუ არ დაუჯდა.

116
ომარ, თუ დათვერ, ნუ ინაღვლებ ასეთ საქციელს,
ღვინო ეძიე, სანამ ყველგან ზურგი გაქციეს;
თუ არყოფნაში გელის წასვლა, ჯერ იქით წადი,
სადაც ღვინო სვეს და არყოფნა ყოფნად აქციეს!

117
თიხის მზელავთა გზას დავადექ ფიქრით სავსე და
ორი ათასი დოქი ვნახე, გზას რომ გასდევდა;
უცებ მე ერთმა დოქმა მითხრა: `აქ ვისაც ხედავ,
ზოგი დოქს ზელდა, ზოგი ყიდდა, ზოგიც ავსებდა~.

118
წუთისოფლის სივაგლახით მხოლოდ იგი მოისრა,
ვინც ცხოვრება დარდებით და მწუხარებით მონისლა;
მაშ, დავცალოთ ღვინით სავსე ფიალები ბროლისა,
სანამ კვდომის, სანამ ნგრევის და მსხვრევის ხმა მოისმა.

119
შავ მიწასა და ზუალს შორის სივრცე თუ არი,
თუ სიმართლეა, რასაც ვხედავთ ან თუ ცრუ არი,
ყველაფრის კარი შევაღე და შევეხმიანე...
მხოლოდ სიკვდილის კართან დამხვდა ცივი უარი.

120
წადი, ესტუმრე საროსავით აშოლტილ გოგოს,
ღვინო შესვი და ნუღარ განსჯი `რატომს~ და `როგორს~,
იჩქარე, თორემ შენს სიცოცხლეს სიკვდილის მგელი
ისე დაგიფლეთს, როგორც ქარი - მაისის კოკორს.

121
გადაივიწყე, რაც რამ იყო, რაც რამ იქნება,
ეგებ ჩვენც შევძლოთ სიხარულის წამის მიგნება?
ხვალ არყოფნაში შევაბიჯებთ და მაშინ ჩვენთვის
შვიდი ათასი წელიც წამად გარდაიქმნება.

122
ერთხანს რომ ვუმზერთ გაბრწყინებულ ცას გახელებით,
ვერაფერს ვხედავთ, თვალს ვიჩრდილავთ მხოლოდ ხელებით,
მზის ჩირაღდანი გვაბრმავებს და ამქვეყნად ვრჩებით
მხოლოდ შეშლილი სახეებით და სახელებით.

123
ჩვენს გარდა, ძმაო, ამ ხელადას არავინ დაცლის
და სიცოცხლესაც ერთ ქეიფში არავინ გაცვლის;
ის დროც დადგება, ეს მუხთალი წუთისოფელი
ღვინის კი არა, წყლის დალევას რომ აღარ გვაცლის.

124
ღვინის ძებნაში უნდა შევძრათ ცა და ხმელეთი,
რომ ჩვენს სახეებს აჩნდეს ვნების ელეთმელეთი,
აბეზარ ფიქრებს გავშორდეთ და გადავივიწყოთ
მოუსავლეთი, არყოფნა და უსაშველეთი.

125
როცა ვიძინებთ, სულს რომ ვანდობთ სიზმრებს სავსებით,
მიწაში მყოფებს ჩვენ ამ ძილით რომ ვემსგავსებით,
მაშინაც წასულ და არმოსულ არსებებს ვხედავთ
და ჩვენ ერთმანეთს არყოფნაზე ვებაასებით.

126
გინდა ებრძოლე განგებას და გინდა ეჩოქე,
გინდ ერთ დღეს მოკვდი, გინდ ასი წლის იყავ მეტოქე,
ღვინის სმის გარდა, არაფერი შეგრჩება, რადგან
ერთხელ დაზგაზე შენც გადაგზელს დოქად მედოქე.

127
ამ წუთისოფლის შხამი მხოლოდ მისთვის დამტკბარა,
ღვინო და სატრფო ნუგეშივით ვინც თან ატარა;
დიდს თუ პატარა შიშს და იმედს როდემდე ვდიო?!
მე რომ მოვკვდები, დიდი იყოს გინდა პატარა.

128
მზის ნათელ სახეს ვერ დაბინდავს მიწა საზარი,
ვერც დროს გაჰყვება ჩვენი სევდა უზარმაზარი;
ჩემს ფიქრთა ზღვაში ერთ მარგალიტს რომ მივაგენი,
მის წიაღ შესვლით დამეცემა, ვიცი, თავზარი.

129
ბრიყვებს ჰგონიათ, რომ ბრძენი ვარ და ბრძენკაცი ვარ,
მე კი, ღმერთმანი, ამ ფიქრს ჯერ არ გავუტაცივარ;
თუკი სიკვდილის საგუბარში მელის დახრჩობა,
რაღად მჭირდება იმის ცოდნა, თუ რა კაცი ვარ?!

130
ჩვენ ვართ სიამის სათავე და დარდის წყარონი,
ქვეყანას ვფლობთ და დავწანწალებთ უსახლკარონი,
სიმდაბლესა და სიდიადეს, ავსა და კეთილს,
როგორც სარკეში, ჩვენში სჭვრეტენ ეს სამყარონი.

131
სახლში რომ არ მაქვს ღვინის მსგავსი ახლომახლო რამ,
არვის ეგონოს _ უკადრისი ჩავისახლო რამ.
დღეს შენ ჩემს გულში სიყვარულით შემოხვედი და
არ მინდა, ჩემს გულს სხვა სიამით ხელი ვახლო რამ.

132
რა ვქნა, ძმობილო, მე ამქვეყნად უღვინოდ ვერ ვძლებ,
მე განა ვცოცხლობ, ტანს დავათრევ და ღვინოს ვეძებ;
ამწუთისოფლად ერთადერთ წამს დავემონები,
როცა მეტყვიან - დალიეო! - და ვეღარ შევძლებ.

133
ვისაც აქვს ოქრო და `მდიდარი~ _ ეთქმის _ მე ვარო,
ვინც რამეს შექმნის და ქვეყანას შეყრის _ მე ვარო!
ვინც სიდიადის კოშკს აიგებს... მას ერთხელ კარზე
მიუკაკუნებს სიკვდილი და ეტყვის _ მე ვარო.

134
ჩვენ ბავშვობაში საოსტატოდ ძალას ვიკრებდით,
დაგვიდგა დრო და ოსტატობით თავსაც ვიქებდით;
ისიც გაიგე, საბოლოოდ რა ბედს ვეწევით:
ჩვენ თურმე მიწა ვიყავით და მიწა ვიქნებით.

135
საწუთროს ხუნდს რომ ვერ ავიხსნი, ვიცი და მჯერა,
თავისუფლება მან ჩემს გულთან ვერ შეაჯერა;
შეგირდად ვყავდი წუთისოფელს მთელი სიცოცხლე,
მაგრამ ვერ გავხდი მის საქმეში ოსტატი ჯერაც.

136
გუშინდელი დღე ჩაიწრიტა სამყაროს ღარში,
ხვალინდელი კი არც მთაში ჩანს, არც სადმე ბარში;
მაშ, ნუღარ ფიქრობ არმოსულ და წასულ დღეებზე,
იმხიარულე და ნუ ფლანგავ სიცოცხლეს ქარში.

137
შენ, ჩემო თვალო, ჩემს დარდს ვეღარ შეეშველები,
რაგინდ მაჩვენო წუთისოფლის მთა და ველები;
მე ვხედავ მეფეს, თან რომ ახლავს კარის მცველები,
ვისაც მიწაში შესევიან ჭიანჭველები.

138
ნუ ენდობი წუთისოფელს, არყოფნაში მიდის იგი,
ღვინო სვი და შენს საფიქრალს სიხარულით მოურიგდი;
ეს ქვეყანა ძველთაძველი, რომ არ იყოს ფერთამცვლელი,
არასოდეს დადგებოდა, ძმაო, შენი მოსვლის რიგი.

139
ყველამ შეიცნო, რომ საწუთრო ჩვენი მტერია,
რომ მისი ზრახვა, მოკვლის გარდა, არაფერია,
ნეტარ არიან, ვინც აქედან მალე წავიდა
და ვისაც ქვეყნად დაბადება არ უწერია.

140
უსამართლობას ეს საწუთრო თუ არ მაკმარებს,
მეც მალე წავალ და გავყვები არყოფნის ქარებს,
ჩემი სიკვდილით მხოლოდ იმან უნდა იხაროს,
ვინც არასოდეს არ შეაღებს სიკვდილის კარებს.

141
გუშინ ერთი კაცი ვნახე, ვერაფერი ვუთხარ ენით,
ვერც ისლამით შევიცანი, ვერც რჯულით და ვერცა რწმენით,
ვერც სიკეთე ჩავაგონე სმენით ანდა თვალთა ჩენით
და ისღა ვთქვი _ ჩვენი მოდგმა ამაყობდეს უნდა შენით.

142
გიჯობს სვავივით ნასუფრალზე ეძებო ძვალი,
ვიდრე სუფრასთან არაკაცის გიმზერდეს თვალი;
სჯობს, ამ ნებიერ ნაძირალებს გაეცალო და
ალალი ლუკმის მაძიებლის დატოვო კვალი.

143
ზოგმა შეიცნო რწმენის გზები რაისთვის არი,
ზოგმა სიმართლის გზაზე ტყორცნა თვალთა ისარი;
მე ის მაშინებს, უცებ ვინმემ არ შემომძახოს:
`ბრიყვო, შენი გზა არც ეს არი და არც ის არი!...~

144
ცის თაღს რომ იჭერს, ოდითგანვე ერთი ხარია,
მეორე ხარის სამფლობელო მიწის კარია;
გონზე მოდი და თავად ნახავ შენ ამ სიმართლეს -
ამ ორ ხარს შუა ძალზედ ბევრი სახედარია.

145
ცაში რომ მქონდეს მე ღმერთივით ხელი გაწვდილი,
ჩამოვანგრევდი წუთისოფლის გუმბათს ამ დილით,
ახალ გუმბათს კი მე იმგვარად ავაშენებდი,
რომ ღირსეულ კაცს ახდენოდა გულის წადილი.

146
არც მოლხენილი კაცისაგან გეწევა შველა
და არც იმისგან, თვალი ცრემლით ვინც დაისველა;
აქედან წავლენ და უკვალოდ გაქრება ყველა _
გინდ იყოს ყრმა და გინდ სიცოცხლე ვინც დაიძველა.

147
ვინც ღვინის სმას და ლამაზმანთან მოლხენას ძრახავს,
ღვთიურ განგებას უგნურებით თავადვე ლახავს:
თუ ლოთს და მიჯნურს ჯოჯოხეთი თავის წილ სახავს,
მაშინ სამოთხეს მიწიერი ვერავინ ნახავს.

148
ეს გული სევდით და ნაღველით ჭკნება და დნება,
მაშ, მოილხინე, სანამ ლხინის გეძლევა ნება;
არავინ იცის ბედისწერის წესი და ცნება,
მაშ, ღვინო სვი და ლამაზმანთან მოიკალ ვნება.

149
ეს კოშკი ახლა თითქოს ზეცის კიბეს რომ აჰყვა,
შაჰს ეკუთვნოდა და მის ყველა ნებასაც დაჰყვა;
დღეს კი მის კედლებს შემზარავად დასჩხავის ყვავი:
ვინც ნებას დაჰყვა და გადაჰყვა, სიკვდილსაც გაჰყვა.

150
მოსვლა-წასვლაში სარგებელი იმის მსგავსად ჩანს,
უიმედობით დაცლილი რომ სავსის გარსად ჩანს;
ამქვეყნის ბევრი ბინადარი მიწად რომ იქცა,
უცეცხლო ალით იწვება და კვამლი არსად ჩანს.

151
როცა გამოვცლით წუთისოფლის შარბათს მე და შენ,
თითო აგურით შეგვიმკობენ საფლავს მე და შენ;
და მერე, მიწად რომ ვიქცევით, ჩვენც გადაგვზელენ
სხვისი საფლავის აგურებად, ალბათ, მე და შენ.

152
ღვინო დალიე, განგება ხომ სიკვდილს გვიპირებს
და ჩვენს სულებსაც არყოფნაში გადაიბირებს;
დაჯექ მდელოზე და კამკამა ღვინო დალიე,
სანამ ეს მდელო ჩვენს საფლავზე გაიბიბინებს.

153
სჯობს, ცოტა გქონდეს ყველაფერი, გარდა ღვინისა,
ლამაზმანებთან დაოკება გიჯობს ჟინისა,
სჯობს, სიმთვრალეში დაგეკარგოს გზები შინისა
და წუთისოფელს ამჯობინო წუთი ლხინისა.

154
განთიადზე რომ აყვავდება, ვარდი კი არა,
ის, რამაც ბულბულს დაამჩნია გულზე იარა,
შენც ყვავილნარში ჩამოჯექი, სანამ ამ ვარდმა
წარმავალობის მძიმე სენი გაიზიარა.

155
სანამ უნდა მდევდეს სევდა, ან საფიქრალს რისთვის ვისევ?
სანამ უნდა გაგირბოდე, სიამევ და სიხალისევ?
ღვინო მასვი, სანამ დროა, თორემ ისიც საეჭვოა,
მე რომ ახლა ჩავისუნთქე, ამოსუნთქვას შევძლებ ისევ?

156
სჯობს ძველ ღვინოში ჩაკლა, რაც რამ ახალი დრო ჩანს
და მოერიდო ყველა ბრიყვს და ჯიუტს და ოჩანს;
ფერიდუნის და ქაიხოსროს სამფლობელოებს
გერჩივნოს ჯამი, რომლის ფსკერზე სამოთხე მოჩანს.

157
ფულს და ქონებას, რაც არსებობს ამქვეყანაზე,
თან ვერ წაიღებ და ნუ ნაღვლობ, ძმაო, ამაზე;
ლამაზ სიცოცხლეს ნუ გაფლანგავ ამაო ფიქრით,
იმხიარულე და ცხოვრება გაილამაზე.

158
ზაფხულის მინდორს მუდამ მოსდევს ზამთრის ტრამალი
და მათს დევნაში ქრის სიცოცხლე ჩვენი ფრთამალი;
მოილხინე და შენც ირწმუნე ეს ერთი სიბრძნე -
`დარდი შხამია და ღვინოა მისი წამალი!~

159
დოქი ვიყიდე მედოქესთან მე ამას წინათ,
იმ დოქმა მითხრა: `საიდუმლოს გეტყვიო წვრილად,
შაჰი ვიყავ და ოქროს თასი მეჭირა ხელში,
ახლა კი ლოთის ხელში ყოფნა მერგოო წილად~.

160
ოთხის და შვიდის შედეგი ხარ, კაცი ხარ მხოლოდ,
ნუ ეხეტები უგზოუკვლოდ და უთავბოლოდ.
ღვინო დალიე, მე ხომ შენთვის ათასჯერ მითქვამს:
წახველ და მორჩა! - გადაგექცა საწყისი ბოლოდ.

161
თუკი იდუმალ გამოცანებს ვერ აუდიხარ,
ღვთიური სიბრძნის სიცხადეში თუ ბინდბუნდი ხარ,
აქ, ამ ღვინოში, მოიძიე შენი სამოთხე,
იქ კი, სადღაც რომ სამოთხეა, ვის რად უნდიხარ?!

162
არ ვიცი, ძმაო, ჭეშმარიტი შენ რა გგონია,
მე კი ასეთად ღვინით თრობა გამიგონია;
ვინც ეს ქვეყანა ააშენა, განა ჩვენსავით
გადაგრეხილი ულვაში და წვერი ჰქონია?!

163
რადგან ამქვეყნად გზაც კი არ მაქვს სადმე ნანახი
მარადისობის კარიბჭეთა გადასალახი;
ასი ათას წელს შავ მიწაში გავატარებ და
მაინც ამოვალ მიწის ზემოთ, როგორც ბალახი.

164
წუხელის ღამით მე სიმთვრალემ გამახელა და
ქვას მივამსხვრიე ქაშანური თიხის ხელადა;
ხელადამ მითხრა: `მეც შენსავით კაცი ვიყავი
და შენც სულ მალე მოგისვრიან დასამსხვრევადა~.

165
რა იქნებოდა, ის იმედი მეც რომ მენახა,
რომ ბედს თავადვე განვაგებ და სვეც რომ მენახა;
თუ საპყრობილედ მექცა ყოფნა, არყოფნამ მაინც
მამყოფოს ისე, ბნელთან ერთად დღეც რომ მენახა.

166
ღვინო მასვით, ბედისწერამ სანამ გამატიალა
და არყოფნის ბილიკებზე კენტად მახეტიალა;
ჟამთასრბოლამ მტვრად აქცია ბევრი თვალებცქრიალა
და მოზილა ასი დოქი და ათასი ფიალა.

167
ერთ ბერიკაცს შევეყარე სირაჯებთან გამთენიას,
კითხე: `ნუთუ წასულების არაფერი არ გსმენია?!~
ითხრა: `ღვინო დალიეო!... ჩვენისთანა რამდენია,
წასულან და, ხსოვნის გარდა, არაფერი დაგვრჩენია...~

168
მწდეო, ცოდვა თუ მადლში მაინც უნდა გავრიოთ,
და ყოფნა ერთით ან ათასი დარდით გავლიოთ,
სჯობს, მოვილხინოთ, სანამ მიწად გვაქცევს განგება
და სანამ ყველა ქარს გავყვებით, ღვინო დავლიოთ!

169
დიდხანს ვეძიე, დავიწყლულე გუგები თვალთა,
მაგრამ ვერ ვპოვე ვერსად კვალი სამოთხის წყალთა;
მაშ, დავივიწყოთ ის სამოთხე და ამ მდელოზე
ჩვენი სამოთხე მოვიძიოთ შავთვალა ქალთან.

170
შენ გუშინ სევდის საპყრობილე ისე აგიგეს,
შენი არც თხოვნა ისმინეს და არც რამ გაგიგეს;
გამხიარულდი! _ მე სხვა ნუგეშს ვერაფერს გეტყვი,
შენ ხვალინდელი ხაფანგი ხომ გუშინ დაგიგეს.

171
მე ერთხელ შევდგი მექოთნეთა ამქარში ფეხი
და ვნახე - ყველას მოემარჯვა ჩარხი თუ წნეხი,
დოქის მუცელში ჩაეზილათ შაჰინშაჰი და
ზედ სატუჩეზე დაეძერწათ საწყალი გლეხი.

172
მე ერთხელ ზეცამ იდუმალი ხმებით ამავსო,
მითხრა - შენსავით ბედისწერა მეც კი მტანჯავსო.
ჩემი ტრიალის შეჩერების ნება რომ მქონდეს,
მეც სიხარულით დავაღწევდი ამ ბრუნვას თავსო~.

173
მე ეს ღვინო არას მავნებს, სავსე დოქთან დამსვი მე,
აივსე და შესვი ჯამი, სავსე თასი მასვი მე;
ბედისწერა კვალში დაგვდევს: თარსი შენ და ნავსი - მე,
სანამ დოქად გადაგვზელენ, ჯამი - შენ და თასი - მე.

174
თუ ჩემი მოსვლა ქვეყნად იყო არამარადი
და თავს თუ ვეღარც წასვლისაგან დავიფარავდი,
ის აჯობებდა, რომ ლოთების ნავთსაყუდელში
არც მოსვლა იყოს და არც წასვლა აწ და მარადის!

175
ვისაც აქვს ერთი პური და მწვადის ნაჭერი სადილად,
ვინც დოქით ღვინოს ისურვებს და მოიპოვებს ადვილად,
ვინც ლამაზმანებს გაუშლის ხასხასა მდელოს მანდილად,
მისი სიკეთე სულთანსაც მოენატრება ნამდვილად.

176
ზეცის თაღები სიმართლით რომ იყოს ნაგები,
ჩვენც ვიქნებოდით მისი საქმის ამხანაგები;
მას, სამართლიანს, ენდობოდა კაცის გონება
და მის ზრახვასაც გაიგებდა ზრახვის გამგები.

177
ჰეი, მექოთნევ, ჭკუას უხმე და გონზე მოდი! _
მე არ მეგონა, ჩვენს მოდგმასაც თავს თუ ესხმოდი;
დაზგაზე თავად ფერიდუნის მტვერი ყრია და
შენ წიხლს რომ უშენ, რა გაქვს მკერდში _ გული თუ ლოდი?!

178
ტურფა ქალო, წუხელსაქეთ ღვინოს ვსვამ და ტკბილად ვმღერი,
მაშ, ცისკარზე შენც მოდი და გაახარე ჩემი ჭერი.
ათასობით ქეიქაუსს ახლა ჰქვია მიწის მტვერი...
დაბადება მაისია, სიკვდილი კი - დეკემბერი.

179
ღმერთმა ქნას, ძმაო, რომ მოვკვდები, მთვრალი ვკვდებოდე,
შენ კი - შენც მთვრალი - ისევ ლხინზე მელაყბებოდე,
მერე, ვინ იცის, ეგებ მაინც გენატრებოდე,
მე კი - მე მკვდარი - მხოლოდ მიწას ვენაღვლებოდე.

180
მე იმდენ ღვინოს დავლევ, რომ ღვინის სურნელი მდიოდეს
და როს მიწაში ჩამფლავენ, მიწიდან ამოდიოდეს;
თუ ჩემს საფლავზე გადივლის ლალისფერ ღვინის მსურველი
ჩემი სურნელი იყნოსოს, დათვრეს და ძლივს დადიოდეს.

181
ჩემი ფიქრები, ბრიყვებში რომ ჩამოვარიგე,
მათ არ ისმინეს, თვით კი ეჭვის მახე დავიგე;
თურმე იმათთვის, ვისაც უყვარს წუთისოფელი,
არ უნდა მეთქვა, მე რაც ვიცი და რაც გავიგე.

182
იმ მეგობარს, ვისაც გულმა მიადევნა გლოვის ზარი,
სადღაც სხვაგან მოსწოლია რაღაც სევდა შესაზარი;
მე როგორღა მოვიძიო წამალი ან წამლისდარი,
როცა თავად მკურნალიც კი ნაღველისგან ავად არი.

183
ხაიამ, არ ღირს დატირება არცერთი ცოდვის,
ზედმეტ ნაღველში სარგებელი ვინ ჰპოვა, როდის?
ვინც არ შესცოდა, მან შენდობის ფასი არ იცის,
მაშ, რაღად ნაღვლობ?! - ცოდვილთან ხომ შენდობა მოდის. (14)

184
ღვინოც ნაღდია, ჯამიც ნაღდი, ხომ ხედავ ჩემთვის,
შენს სამოთხეს კი ნისიობის ეჭვები ერთვის;
ბევრი წასულა ჯოჯოხეთშიც და სამოთხეშიც,
დაბრუნება კი არ მსმენია მე ჯერ არცერთის.

185
ღვინო დალიე, მიწის ქვეშაც გეყოფა ძილი,
არ გეყოლება შენ იქ დედა, ცოლი და შვილი.
ამ წუთისოფლის საიდუმლოს გამოჰკარ კბილი -
აღარასოდეს დამწიფდება ხმელ ხეზე ხილი.

186
ვარდს და ღვინოს ნუ მომაკლებ, ჩემო თვალისჩინო,
ჩემო კარგო, სანამ შევძლებ, უნდა მოვილხინო.
რაც ვიცოცხლე, რასაც ვცოცხლობ და ვიცოცხლებ რასაც,
ღვინოს ვსვამდი, ღვინოს ვსვამ და კვლავაც მასვი ღვინო!

187
ამ ცხოვრებით დაღლილ გულში სიხარულის ხე თუ დარგე,
მთელი შენი არსებიდან წუხილი თუ გადაკარგე,
თუკი ღვინო დაისხი და ფიალაში თავი ჩარგე,
ჩათვალე, რომ გიცხოვრია და შენს ყოფნას რაღაც არგე.

188
ვინც დაიბადა, ვინც ვნებისგან დაკარგა თმენა,
ვინც მოიძია სიხარული, ლხინი და ლხენა,
ვინც ღვინოს სვამდა, ერთმეოდა სიმთვრალით ენა...
ყველა წავიდა და იმქვეყნად დაიწყო ფრენა.

189
გაზაფხულზე, როცა იცვამს ფერად-ფერად კაბებს ია
და ვარდებსაც დილის ცვარი მძივებივით გადაჰყრია,
სახელი აქვს იმას კაცის, ვინც ლხინსა და ქეიფს გვაცლის,
ვინც ღვინო სვა და ფიალა უდარდელად დაამსხვრია.

190
ღვინო დალიე! ეს ვარსკვლავნი უასაკონი
ერთდებიან და იცვლებიან ზოდიაქონი.
შენს ნარჩენებს კი აგურებად გამოწვავენ და
იმ აგურებით სახლს აიგებს სახლის არმქონი.

191
ამ ცხოვრებისგან სასიკეთოს არას მოველი,
რადგან საწუთრო თავად არის სისხლისმწოველი;
ერთად დავცალოთ ლალისფერი ღვინის ჯამები,
სხვა რაღა გვრჩება? - მოსახდენი მოხდა, ყოველი.

192
გინდ იცოცხლე ასი წელი, გინდ სამასი, გინდ ათასი,
მაინც უნდა გამოცალო წუთისოფლად ყოფნის თასი;
გინდა იყავ მეფეთ მეფე, გინდა ბაზრის გლახის მსგავსი,
საბოლოოდ ორივ მათგანს დაედება ერთი ფასი.

193
დოქის ბაგეს ბაგე ვკიდე, ვნების ცეცხლი მოვიკიდე,
დღეგრძელობა ვეძიე და დოქის ყელში ჩავეკიდე;
დოქმა მითხრა: `ამ ცხოვრებას, ძმაო, ფრთხილად მოეკიდე,
ღვინო სვი და ნუ გგონია, რომ ამქვეყნად მოხვალ კიდე~.

194
მე ამ საწუთროს ხლართებს შუა ვარ ჩავარდნილი,
მუდამ გატანჯულს, არ მეღირსა შვება ნამდვილი,
ამ უთავბოლო წრებრუნვაში ისე გავთავდი,
ვერ მოვიოხე მე ვერცერთი გულის წადილი.

195
როცა სიკვდილით მე სიცოცხლის გზას გამოვცდები
და არ შემრჩება უსიცოცხლო ძვლებზე ხორცები,
ჩემი მტვრისაგან მხოლოდ დოქი უნდა მოზილოთ,
იმ დოქში ღვინოს ჩაასხამთ და მეც გავცოცხლდები.

196
მეკითხებიან: `შენ ლოთობას რატომ მიმართე,
განკითხვის დღეს ხომ თავს ვერაფრით ვეღარ იმართლებ?!~
სატრფოს ბაგით და ღვინით ვითხოვ თავის მართლებას,
განა არსებობს წუთისოფლად სხვა რამ სიმართლე?~

197
ეს საწუთრო მუხთალია, ავია და ჩქარი,
არ აკვნესო გარდაცვლილთა მოსაგონად ქნარი,
ლამაზებმა შემოაღონ შენი გულის კარი,
ღვინო შესვი, თორემ მალე შენც წაგიღებს ქარი.

198
მეჩეთში ნუ იარები და ნუ იღებ ნამაზს ყურად,
გიჯობს, მარანს ეწვიო და იქ გამოთვრე ვაჟკაცურად;
სანამ დროა, ღვინო შესვი, შესვი, სანამ შენი ნეშტი
ხან ფიალად გადაზილეს, ხან დოქად და ხანაც სურად.

199
სამოცი წლის თუ შესრულდი, გწამდეს - იღბალს ეწიე!
საითაც და სადაც წახვალ, ღვინის მარანს ეწვიე...
ძმაო, შენი თავის ქალა, სანამ დოქად აზილეს,
მხარზე დოქი შემოიდგი და ფიალა ეძიე.

200
გუშინ მექოთნეს ვეწვიე და იქ გამოვთვერი,
მან კი მოზილა ჯერ ქოთანი და მერე ქვევრი
და ის ვიხილე, რის ხილვასაც ვერ შეძლებს ბევრი -
მექოთნის ფეხქვეშ მამაჩემის ეყარა მტვერი.

201
მითხრეს: `დაგაქცევს ღვინის ბანგი და ვნების რული,
ვერ იქნებიო განკითხვის დღეს შენ მხიარული~.
მე მათი მჯერა, მაგრამ მაინც იმ წამს შევნატრი,
როცა ვბრუვდები ღვინისგან და ჭირს სიარული.

202
მწდეო, ეგ ჯამი ნეტარების არის სათავე,
მაშ, მომაწოდე, რადგან ფიქრი ვერ ჩავათავე;
დოქის ყელ-კისერს ჩემი ხელი არ მოშორდება,
სანამ გონებას ხელთ უპყრია გულის სადავე.

203
ეს რა დილა გაგვითენდა, მერიქიფევ, ადექ ზეზე,
მასვი ღვინო, წუხელ ღამით რომ ჩატოვე დოქის ფსკერზე;
მომაწოდე მე ეგ თასი და ვიცოდეთ ამის ფასი!
ამ ერთ ნაღდზე დღეს ვიზრუნოთ, ხვალ კი ყველა დანარჩენზე.

204
მთვრალი კაცის მოძულება შენ არ მოგცემს, ძმაო, ხელს,
ვინც გაკიცხოს ღვინით მთვრალი, ზეზეურად ჩამოხმეს;
ღვინო სვი და ფიქრი კმარა, გინდა სვი და გინდა არა,
ჯოჯოხეთში მიდიხარ და სადღა ნახავ სამოთხეს?!

205
ჩემს შესაქმნელად როცა ზელდა უფალი თიხას,
არ მკითხა, ვინ ვარ და როგორ ვარ და აღარც მკითხავს;
თუ ვარ ცოდვილი, უფლისგან ვარ ასე შობილი
და ამ ცოდვა-ბრალს, უფლის გარდა, ვინ განიკითხავს?!

206
თუ ვარ ფხიზელი, გაშლილი მაქვს ფიქრის დავთრები,
დავლევ და ჭკუა არ შემრჩება, ისე დავთვრები;
თუმც არის წუთი სიმთვრალეს და სიფხიზლეს შორის,
როცა საწუთროს მე არაფერს არ ვემართლები.

207
ბურთი რომ ხარ წუთისოფლის საცემი და საჩოგანო,
ამიტომაც ეგ ნაღველი ღვინოს უნდა გაატანო,
ვინც ამქვეყნად მოგვიყვანა, წასვლის ჟამიც, ჩემნო ძმანო,
მან იცის და მან იცის და მან იცის და მხოლოდ მანო.

208
ღვინოვ, სატრფო შეგარქვი და შენც მიჯნური მიწოდე!
განა ღირს, რომ ამ ცოდვისთვის მე სირცხვილით ვიწვოდე?
იმდენს დავლევ, დამძახოდეს ამვლელიც და ჩამვლელიც:
`ღვინის რუმბო, რას ბარბაცებ, ხელი გამომიწოდე!~

209
აწმყოს მიენდე, წარსულს უკვე მოედო ხავსი,
მომავალი კი, განა ერთი, ეჭვია ასი;
ფიქრს თუ აჰყვები, იმ შეშლილის იქნები მსგავსი,
ჩალად რომ უღირს დარჩენილი სიცოცხლის ფასი.

210
მართალ გზაზე იდგა იგი, ვინც განიგდო გულის ურვა
და სულ ლხინში, სულ ქეიფში, სულ ღვინოში სურდა ცურვა;
ვინც იმაზე არ ინაღვლა, ზეცა არის შვიდი თუ რვა,
იცხოვრა და ფუჭი საქმე არასოდეს მოისურვა.

211
ამ წუთისოფელს უდარდელად ვინც არ ექცევა,
რასაც იშენებს, ჯავრისაგან უმალ ექცევა;
ქარის ქროლაც კი მოექცევა ცეცხლის ენებად
და წყალს ბაგეზე რომ იპკურებს, ცეცხლად ექცევა.

212
მე, წყლით და თიხით ნაქანდაკარს, სხვა რა ძალა მაქვს:
ამ ცასღა ვუმზერ, გარს რომ მაკრავს, სხვა რა ძალა მაქვს?!
მადლიც ღვთისაა და ცოდვებიც მისგან მებოძა,
მისივ შერჩეულს მივდევ გზა-კვალს... სხვა რა ძალა მაქვს?!



ვინ იყო ომარ ხაიამი?

(2005 წლის გამოცემის წინასიტყვაობა)   

    ბევრი ლეგენდა არსებობს ომარ ხაიამის ცხოვრების შესახებ...
    ეს არც არის გასაკვირი, რადგან ძალზე დიდი დრო გვაშორებს იმ ეპოქასთან, როცა განგების ძალით წუთისოფელს მოევლინა კაცი, რომელიც მთელი სიცოცხლის მანძილზე ცდილობდა, გაეცა პასუხი კითხვისთვის, თუ რატომ დაიბადა ამქვეყნად, რა აზრი აქვს სიცოცხლეს, რა არის სიკვდილის შემდეგ...
ხაიამის ცხოვრების მკვლევართა და, საერთოდ, სპარსული ლიტერატურისა და ირანის ისტორიის სპეციალისტთა შორის დამკვიდრებული აზრის თანახმად, ეს გენიალური კაცი XI საუკუნის შუა წლებში უნდა დაბადებულიყო. მავანი მეცნიერნი უფრო შორსაც მიდიან და მისი დაბადების ზუსტ თარიღსაც კი ასახელებენ - 1048 წლის 18 მაისს (?!). ასეა თუ ისე, ომარ ხაიამი XI საუკუნის პირველ ნახევარში ნამდვილად დაბადებულა და საკმაოდ დიდხანსაც უმზერია მზისა და მთვარისათვის. ზემოხსენებული `მავანი მეცნიერნი~ გარდაცვალების ზუსტი თარიღის გამოთვლასაც ახერხებენ იმ ასტროლოგიური მონაცემების საშუალებით, რომლებსაც ხაიამთან დაკავშირებულ მრავალრიცხოვან წყაროებში წააწყდნენ, ანუ - 1131 წლის 4 დეკემბერს. ჩვენ არ ვაპირებთ ამ თარიღების არც ნდობას და არც უარყოფას... მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სამოცდათორმეტ წელს მაინც გასტანა ხაიამის სიცოცხლემ, რასაც ზოგიერთ რობაიში თავად ავტორიც ადასტურებს:
"...სამოცდათორმეტ წელიწადს მე ფიქრები მდევდნენ
და გავიგე, რომ არაფერი არ გამიგია".
    ომარ ხაიამის სამშობლოდ მიჩნეულია ირანის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე დიდი ისტორიული რეგიონი ხორასანი და კერძოდ - ქალაქი ნიშაბური, რომელიც XI საუკუნეში ამ მხარის და, საერთოდ, აღმოსავლური სამყაროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ-საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ქალაქი ნიშაბური, როგორც ხაიამის დაბადების ადგილი, თითქმის არ იწვევს ეჭვს და ამას ზურგს უმაგრებს ზედწოდება, `ნიშაბური~ (ნიშაბურელი), რაც, როგორც წესი, ძველ სპარსულენოვან სამყაროში პიროვნული ატრიბუტიკის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილს წარმოადგენდა.
შესაძლებელია, თავად სიტყვა `ხაიამ~-შიც ამოვიკითხოთ საჭირო ინფორმაცია რობაიების ავტორის შესახებ. ეს გახლავთ არაბული სიტყვა, რაც `კარვის მკერავს (მეკარვეს)~ ნიშნავს, თუმცა გაურკვეველია, თავად იყო ამ ხელობის, თუ მისი წინაპრებისაგან შემორჩა `გვარის~ სახით ომარად წოდებულ კაცს.
"ომარ იბნ იბრაჰიმ ხაიამ ნიშაბური" - საბოლოოდ ასე დადგინდა ამ პიროვნების სახელი, თუმცა მას მთელი მსოფლიო უფრო მარტივად მოიხსენიებს - ომარ ხაიამი.

        ომარ ხაიამი - პოეტი?
   მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, ხაიამის პიროვნებით დაინტერესებული მკვლევარები იზიარებენ საერთო აზრს იმის შესახებ, რომ ეს კაცი უდიდესი განსწავლულობით გამოირჩეოდა და მრავალი სამეცნიერო ტრაქტატის ავტორიც იყო, რომელთაგან უმეტესობა არაბულ ენაზე შექმნა, რადგან იმ ეპოქაში სწორედ არაბულ ენაზე იწერებოდა ყველა მეცნიერული ნაშრომი. ეს გამოკვლევები კი ისეთ ზუსტ მეცნიერებებს მოიცავენ, როგორიცაა მათემატიკა და ასტრონომია. მშობლიურ სპარსულ ენაზე დაწერილთაგან ხაიამს მხოლოდ `ნოვრუზ-ნამეს~ (ახალი წლის წიგნს) მიაწერენ, რაც მისივე რობაიების სულისკვეთებას უფრო ეხმიანება, ვიდრე ღრმა მეცნიერულ განსჯას.
    დიახ, ომარ ხაიამი, როგორც მათემატიკოსი და ასტრონომი, შუა საუკუნეების სპარსული სინამდვილისათვის საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, რაც არ შეიძლება ითქვას ხაიამის, როგორც პოეტის შესახებ... ამას თავისი გამართლება აქვს, თუმცა ყოველივე ეს მეცნიერული არგუმენტები არ გახლავთ და მხოლოდ ვარაუდებს ემყარება.
რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, ომარ ხაიამი საქართველოში ევროპიდან `მოვიდა~. მიუხედავად იმისა, რომ შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურა, ზოგადად რომ ვთქვათ, მჭიდრო კავშირში იყო სპარსულ პოეზიასთან, ომარ ხაიამი პრაქტიკულად არსად ფიგურირებს ჩვენს სამწერლობო მატიანეებში. ამას, შესაძლოა, ის `გამართლება~ მოეძებნოს, რომ ჩვენი წინაპრები, სხვა მეზობელი კულტურული ერების მსგავსად, ნაკლებად სწყალობდნენ ლირიკას. ამ აზრს თავად რუსთველი ადასტურებს "ვეფხისტყაოსნის" პროლოგში, სადაც გარკვევით არის ნათქვამი, რომ "მოშაირედ~ ვერ ჩაითვლება `ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი"-ს მთქმელი პოეტი. სხვათა შორის, ხაიამის მსგავსად, შუა საუკუნეების ქართული სინამდვილე ნაკლებად იცნობდა ისეთ პოეტებს, როგორებიც იყვნენ თუნდაც საადი, ჰაფეზი, ჯამი და სხვები. ძნელი დასაჯერებელია, რომ `სპარსული ენის სიტკბოთი~ გაბრუებული ქართველი მოლექსე-მოშაირეები არ ცნობდნენ ხსენებული პოეტების სიდიადეს; აქ, ალბათ, უფრო სხვა ფაქტორები მოქმედებდნენ, რაც, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობასთან იყო დაკავშირებული. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ თავად სპარსელებიც ნაკლებად სწყალობდნენ ომარ ხაიამს, როგორც პოეტს, რადგან მათთვისაც უფრო მეტად ეპიკური ჟანრი იყო მისაღები... თუმცა ეს მსჯელობა ძალზე შორს წაგვიყვანს, რადგან, იძულებულნი ვიქნებით, გზასაცდენილებმა ვარაუდების სფეროთა მიკიბულ-მოკიბულ შეხედულებებს მივდიოთ და ჩვენს საკითხთან დაკავშირებით ვეღარაფერი ვთქვათ.
რამდენი რობაი დაწერა ომარ ხაიამმა?
    ამ კითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და, ალბათ, მისი დასმაც კი არ ღირს ჩვენს საუკუნეში.
    რატომ?
    პასუხი მარტივია - ძალზე დიდი დრო გვაშორებს იმ ეპოქასთან, როცა ხაიამად წოდებული პიროვნება თავის ოთხსტრიქონედებს თხზავდა (`რობაი~ არაბულად სწორედ ოთხსტრიქონედს ნიშნავს).
    და მაინც?
    ომარ ხაიამთან მიმართებაში მხოლოდ `სამეცნიერო-კვლევითი~ მიზნებით აღჭურვილი ადამიანები დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, რადგან ნაირგვარ წყაროში ხაიამის კუთვნილი რობაიების რიცხვი 20-სა და 5000-ს შორის მერყეობს. ასე რომ, პრაქტიკულად უაზრობაა რაიმე მეცნიერული დასკვნის გამოტანა, რადგან ყოველი კონკრეტული რიცხვის უკან, როგორც წესი, რომელიმე სერიოზული წყარო დგას. ასეა თუ ისე, `ხაიამოლოგია~, როგორც ფილოლოგიური მეცნიერების დარგი, არსებობს და მას ყველაზე სანდო წყაროდ 1207 წლით დათარიღებული ხელნაწერი მიაჩნია, რომელიც XX საუკუნის შუა წლებში უპოვიათ ირანში, ერთ კერძო კოლექციაში და (ალბათ!) სარფიანი გარიგების შედეგად ოქსფორდის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკისათვის გადაუციათ. ამ ხელნაწერში 252 რობაი არის წარმოდგენილი...
იმავე ხანებში კემბრიჯის უნივერსიტეტის ერთ-ერთმა პროფესორმა იპოვა მეორე ხელნაწერი (ასევე კერძო კოლექციაში) და 1259-60 წლებით დაათარიღა. მასში 172 რობაის ამოკითხვა შეიძლება...
    ყველა ქართველი ირანისტის დიდი მასწავლებელი, დავით კობიძე, ოქსფორდ-კემბრიჯის მარადიულ დავას (ავტორიტეტული ირანელი ფილოლოგების დამოწმებით) "სიყალბით" სპეკულირებას ადარებს. ძნელია, არ დაეთანხმო ბატონი დავითის აზრს, მით უმეტეს ახლა, როცა თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ სენსაციური მასალის "მოპოვების" და მის აფიშირების დროს `მავანი მეცნიერნი~ მხოლოდ საკუთარი ავტორიტეტის ამაღლებას ცდილობენ და ნაკლებად ითვალისწინებენ ისეთ უბრალო ცნებას, რასაც ჭეშმარიტება ჰქვია...
ასე რომ, პრაქტიკულად შეუძლებელია ომარ ხაიამის მიერ შექმნილი რობაიების რიცხვის დადგენა...
    შესაძლებელია მხოლოდ ერთი - ხაიამის პოეზიის გააზრება!
  მიუხედავად იმ ირონიისა, რაც უნებლიედ გამოკრთა ზემოხსენებულ მეცნიერულ კვლევათა მიღწევების შესახებ საუბრისას, მაინც შეგვიძლია დავასახელოთ მეტ-ნაკლებად სანდო წყარო, რაც ამ კრებულში წარმოდგენილი თარგმანების შექმნის საფუძველი გახდა. ეს არის ხაიამის შემოქმედების ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მკვლევარის, მოჰამედ ალი ფორუღის მიერ დამუშავებული ტექსტის საფუძველზე გამოცემული წიგნი, რომელიც XX საუკუნის 70-იან წლებში დაისტამბა, მასში 178 ოთხსტრიქონედია თავმოყრილი. ჩვენ ამ გამოცემის სრული სპარსული ტექსტის სკანირება მოვახდინეთ და ორიგინალის სახით სწორედ ის არის წარმოდგენილი ამ კრებულის, ასე ვთქვათ, სპარსულ ნაწილში.

     მთარგმნელთა შთაგონების წყარო
    სპარსული ლირიკა მთელი მსოფლიოსათვის პირველად გერმანელმა იოჰან ვოლფგანგ გოეთემ `აღმოაჩინა~, შექმნა რა თავისი ცნობილი `აღმოსავლურ-დასავლური დივანი~. სწორედ მისმა დიდმა ავტორიტეტმა და ლიტერატურულ პროცესებზე ზეგავლენამ გახადა ევროპელთა ყურადღების ღირსი ცივილიზაციის ის განუმეორებელი ფენომენი, რასაც სპარსული პოეზია ჰქვია და რასაც ანალოგი არ მოეძებნება არც ერთ ეპოქასა და სივრცეში. თუმცა არც ასე რადიკალურად შეიძლება მსჯელობა, რადგან პოეზიის ჭეშმარიტი მიყვარულები და დამფასებლები გოეთემდეც სცემდნენ თაყვანს პოეტთა "აღმოსავლურ თანავარსკვლავედს", ანუ ისინი, ვინც ახერხებდნენ ენობრივი ბარიერის გადალახვას და სპარსული ენის ცოდნის წყალობით ეცნობოდნენ ირანსა თუ მის შემოგარენში დაბადებულ გენიოსთა ქმნილებებს. მასობრივი მკითხველისთვის კი საჭირო გახდა `მთარგმნელობითი ინსტიტუტის~ საქმიანობის შექმნა-გაფართოება, რასაც წარმატებით გაართვა თავი პრაქტიკულად ყველა კულტურულმა ენობრივ-ლიტერატურულმა გარემომ.
    ასეთი ახსნა-განმარტებითი `გამართლების~ შემდეგ გასაკვირი აღარ იქნება ის ფაქტი, რომ მსოფლიოსათვის ომარ ხაიამი აღმოჩენილ იქნა მხოლოდ XIX საუკუნის შუა წლებში, ინგლისელი ედვარდ ფიტცჯერალდის მიერ. ეს პიროვნება ინგლისურენოვანი სამყაროს ერთ-ერთ უპირველეს პოეტადაა მიჩნეული.... ომარ ხაიამის `წყალობით~. არგენტინელი მწერალი ხორხე ლუის ბორხესი ერთ პატარა ესსეში ასეთ აზრს გამოთქვამს: ედვარდ ფიტცჯერალდის პიროვნებაში ერთ მშვენიერ დღეს ომარ ხაიამის სული `ჩასახლდა~ და ინგლისურად აამეტყველაო. ეს, ალბათ, ყველაზე მართალი, ყველაზე ჭეშმარიტი მისტიკური ვარაუდია მათ შორის, რაც კაცობრიობის ისტორიაში მრავლად შეუქმნიათ სპირიტიზმის ავ-კარგით მოვაჭრე `მოაზროვნეებს~.
    უფრო კონკრეტულად:
  ედვარდ ფიტცჯერალდმა (1809-1883) ცხოვრების დიდი ნაწილი განმარტოებით გაატარა ინგლისის ქალაქ საფოლკში. ზუსტად ვერავინ იტყვის, იცოდა თუ არა მან სპარსული ენა იმ დონეზე, რაც თარგმნის შესაძლებლობას მისცემდა, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ 1859 წელს გამოსცა ომარ ხაიამის ღუბაიყატ-ად წოდებული წიგნი, რითაც სათავე დაუდო სპარსელი პოეტის განუზომელ პოპულარობას მთელ მსოფლიოში. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ხსენებულ წიგნს დიდი ვერაფერი ყურადღება დაუმსახურებია და მხოლოდ დანტე გაბრიელ როსეტის მიერ 1868, 1872, 1879 წლებში განხორციელებული გამოცემების შემდეგ გახდა ყველასათვის ნათელი, რომ ედვარდ ფიტცჯერალდის სახით ინგლისურენოვანმა სამყარომ შეიძინა, არათუ მხოლოდ მთარგმნელი, არამედ დიდი პოეტიც.
   ზემოხსენებული საკითხებით დაინტერესებულმა პირებმა იციან, რომ ფიტცჯერალდის მიერ შესრულებული თარგმანი უფრო თავისუფალი `გადამღერებაა~ ხაიამისეული თემატიკისა. აქვე დგება საკითხი მთარგმნელის მიერ სათარგმნელი მასალის ენის სრულყოფილად ცოდნის შესახებაც, მაგრამ ეს ყველაფერი პოეზიის მოყვარულებისათვის მალევე ეძლევა დავიწყებას, რადგან მათი გულის, გონების და სულის წინაშე იშლება ჭეშმარიტი პოეზიის სამყარო და უკვე ნაკლებად არის საინტერესო ამა თუ იმ `წვრილმანის~ ცხოველმყოფელობა. მთავარია ის `ფორმულა~, რაც ყოველი მთარგმნელის საქმიანობის უმაღლეს შეფასებას წარმოადგენს, ანუ - ომარ ხაიამი ინგლისელი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა!....

      ომარ ხაიამი საქართველოში
    პირველი ქართულენოვანი რობაიები მხოლოდ 1924 წელს გამოჩნდა საქართველოში, როდესაც ჟურნალ `კავკასიონში~ (#1-2) გამოქვეყნდა იუსტინე აბულაძის მიერ პწკარედული სახით შესრულებული 24 რობაი. ეს, რა თქმა უნდა, უფრო მეცნიერულმა თვალსაზრისმა განაპირობა და, ბუნებრივია, ვერ მიიპყრობდა პოეზიის მოყვარულთა ყურადღებას. პირველი, ვინც ომარ ხაიამის ქართულად `ამეტყველება~ სცადა, ბატონი ამბაკო ჭელიძე გახლდათ, მანამდე კი, 1936 წელს, ჟურნალ `საბჭოთა ხელოვნებაში~ დავით კობიძემ გამოაქვეყნა ვრცელი წერილი ომარ ხაიამის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. მანვე შეკრიბა ერთად სხვადასხვა გამოცემებში გაბნეული თარგმანები ამბაკო ჭელიძისა და 1946 წელს ცალკე წიგნად გამოსცა.
ჩვენ, ხაიამის გარდა, არ გვეგულება სხვა ისეთი უცხოელი პოეტი, რომელიც ქართველი მთარგმნელების ესოდენ დიდ ყურადღებას დაიმსახურებდა. შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ ამგვარი ფუფუნების საშუალებას რობაიების მცირე ზომა და აზრის `სიმარტივე~ იძლევა, მაგრამ ეს არასწორი შეხედულებაა, რადგან ზემოხსენებული საკითხები, უბრალოებასთან ერთად, დიდი სირთულეების დაძლევას მოითხოვს, რათა ითქვას:
ხაიამი ქართველი რომ ყოფილიყო, სწორედ ასე დაწერდა.
საბედნიეროდ, საქართველოშიც აღმოჩნდნენ ის პიროვნებები, რომლებმაც დიდი სპარსელი პოეტის და მოაზროვნის შემოქმედება სათანადო სიდიადით წარმოაჩინეს.
1959 წელს გამოიცა ბატონი მაგალი თოდუას მიერ შესრულებული დიდებული თარგმანები, რასაც დღემდე დიდი ინტერესით და სიამოვნებით ვკითხულობთ და, დარწმუნებულნი ვართ, მომავალი თაობებიც არ მოიკლებენ მათგან მონიჭებულ სიამეს.
1963 წელს ბატონი ვახუშტი კოტეტიშვილის მიერ გამოცემულ თარგმანებში კიდევ ერთხელ ამეტყველდა ომარ ხაიამი ქართულად. ეს სწორედ ის შემთხვევაა, რაც ზემოთ ვახსენეთ, ანუ _ პოეტმა იპოვა თავისი მთარგმნელი. სრული გულწრფელობით და სიამაყით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბატონი ვახუშტის თარგმანები მთარგმნელობითი საქმიანობის, როგორც ხელოვნების და კულტურის შემადგენელი ნაწილის, შეუდარებელი მიღწევაა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ამაზე უკეთ შეძლოს ვინმემ ქართულად თქვას ის, რაც თითქმის 1000 წლის წინ ითქვა სპარსულად, მაგრამ.... ომარ ხაიამი მაინც არ აძლევს მოსვენებას (....ალბათ, არც მომავალში მისცემს!) პოეტურ სიტყვასთან მოპაექრე ადამიანებს და, მიუხედავად უკვე არსებული დიდებული თარგმანებისა, სულ ახალი და ახალი `ვარიაციების~ შექმნას აიძულებს მათ.
1966 წელს ბატონმა თამაზ ჩხენკელმა აღმოსავლური ლირიკის კრებულში ერთხელ კიდევ სცადა ხაიამის რობაიების თარგმნა და კვლავ ახალი სიტყვა თქვა. მის თარგმანებში სხვა კუთხით დავინახეთ ის, რაც თითქოს უკვე ნაცნობი და გააზრებული იყო მანამდე.
    მას შემდეგ სხვა მთარგმნელებმაც სცადეს ბედი "ხაიამის ასპარეზზე" და ამით, თუ ვერ გაამდიდრეს, გაამრავალფეროვნეს მაინც რობაიების თარგმანთა გალერეა. აღსანიშნავია სულ ახლახან გამოსული ორენოვანი წიგნი, სადაც ბატონმა ნომადი ბართაიამ სპარსული ტექსტის გვერდით მშვენიერი თარგმანები წარმოადგინა.

    * * *
    თქვენს ხელთ არსებული წიგნი კი შეიძლება ერთადერთი ღირსებით გამოირჩეს - მასში მოჰამედ ალი ფურუღის მიერ შეჯერებულ-დადგენილი სპარსული ტექსტი სრული თანამიმდევრობითაა თარგმნილი და სპარსული ენის მცოდნეებს შესაძლებლობა ეძლევათ, აქვე წარმოდგენილი თარგმანი შეადარონ დედანს. პოეზიის მოყვარულებს კი, ალბათ, იმედს არ გაუცრუებს ეს თარგმანები, რომელთა პირველი ნიმუშები 1974 წელს შესრულდა და ბატონი დავით კობიძის მცდელობით "უნივერსიტეტის გაზეთში" დაიბეჭდა. სულ უკანასკნელი კი 2004 წლის ზაფხულში ითარგმნა....

ალექსანდრე ელერდაშვილი