საადი




ყაზალები

* * *
თვალი მოვკარ - დღეს მიწაზე დადიოდა მთვარე,
საროსავით აშოლტილი... ნაზად მონარნარე...

მომეჩვენა თითქოს ჩემთვის თვით სამოთხის კარი
გაიღო და დავინახე საოცნებო მხარე.

ჩემს სიცოცხლეს ვფიცავ! - ადრე არ მინახავს, საროს
მოეპაროს ცის თაღიდან მთვარე მომღიმარე... 

არც მსმენია, რომ შეექმნათ დედასა და მამას
მზე - ლაჟვარდთა ნამდვილ მზეზე მეტად მოელვარე.

ჩემს თავს ვუთხარ - სჯობს გავშორდე, მოვარიდო თვალი,
გულში რომ არ ჩამისახლდეს სატკივარი მწარე.

განშორება მიჯობს, ვიდრე სანანებლად მექცეს
ის, რაც ერთხელ ვიხილე და ვეღარ გავეყარე...

მან კი ბაგე შეარხია და ჩურჩულით მითხრა:
ბრძენი თუ ხარ, შენი სიბრძნე ახლა მოიხმარე...

სიყვარულს ნუ გაურბიხარ შენ, ს ა ა დ ი, ნურსად... 
ბედნიერი ხარ, თუ ვინმე მართლა შეიყვარე!

* * *


სასიკვდილო წამის მოსვლა შენზე ფიქრის წამით იყოს,
შენს ქუჩაზე მიწად ქცევის იმედით და ჟამით იყოს.

განკითხვის დღე დადგეს ოდეს, გული სულ შენ მოგძახოდეს,
ბაგე შენთვის დაფრქვეული ცრემლითა და ნამით იყოს.

მოვიშორე  გრძნობის კალთა ორთავ ქვეყნის ლამაზ ქალთა,
მე მონა ვარ შენთა თვალთა...  სიტკბოც ტრფობის შხამით იყოს.

საუკუნო ძილსა შინა სატანჯველი მქონდეს ბინა,
შენს დალალებს ვიხსენებდე... შვება მხოლოდ ამით იყოს.

სალოცავი გაქრა ვნება... უჩემობით ვარდი ჭკნება....
თვით ფერიას არ აქვს ნება, შენი მსგავსი რამით იყოს.

განა თრობა მინდა ღვინით ან სამოთხის ხილვის ჟინით?!
ჩემთვის თრობა წუთისოფლად სიყვარულის ჯამით იყოს.

ათასობით გზას თუ ვნახავ, ყველას შენთვის გადავლახავ,
რომ საადის გზა და კვალი  შენკენ დღით თუ ღამით იყოს!




იგავები "გოლესთანიდან"

1.
ერთხელ სამართლიან ანუშირვანს მავანმა სასიხარულო ამბავი ამცნო - ყოვლისშემძლევ! ღმერთმა შენი მტერი საიქიოში წაიყვანაო....
ანუშირვანმა იკითხა: ჩემს შესახებ ხომ არ გსმენია - დამტოვებს თუ მეც წამიყვანსო?!  

მტრის სიკვდილით ნუ იხარებ, არც ვინმე სხვა არ ახარო....
ჩვენც წავალთ და შენც წამოხვალ - აქ დამრჩენი არა ხარო!

2.
ერთ ვეზირს სულელი შვილი ჰყავდა... ადგა და მიაბარა მავან სწავლულს - "რამე ასწავლე, ეგება გონზე მოვიდესო". გამოხდა ხანი, სწავლულმა ძალა არ დაიშურა, მაგრამ ვერაფერი გააწყო უგნურ ყმაწვილთან; ჰოდა, მიუგზავნა მამამისს კაცი - "ეს გონზე არ მოდის, მე კი გამაგიჟაო".

საჭირო სწავლა-განათლებას იქ რჩება კვალი,
სადაც საწყისი კარგია და მყარია ძირი.
რაც უნდა ხეხო, ოფლი ღვარო რამდენიც გინდა,
უვარგის რკინას ვერ ექნება პრიალა პირი.
ძაღლი შვიდჯერაც რომ დაბანო, დასველდება და
მას უფრო მეტად მოედება ჭუჭყი და ჭირი.
იესოს ვირი მექაშიაც რომ წაიყვანო,
დაბრუნდება და ვირი ისევ იქნება ვირი.

3.
იყო ორი ძმა: ერთი სულთნის სამსახურში იდგა, მეორე კი თავისი მარჯვენით შოულობდა ლუკმაპურს.
ერთხელ მდიდარმა ძმამ უთხრა ღარიბს:" რატომ არ დაუდგები ვინმეს მსახურად, რომ ამ მძიმე შრომისაგან გათავისუფლდეო"?
ღარიბმა უპასუხა: "შენ თავად რატომ არ გინდა იშრომო, რომ ამ დამამცირებელი სამსახურისგან  შვება ჰპოვოო"?
ბრძენკაცებს უთქვამთ: საკუთარი ხმელი პურის დადება გერჩიოს ხელზე, ვიდრე მოსამსახურის ოქროს ქამარი გერტყასო წელზე.

განა არ სჯობს გამდნარ რკინას შენი ხელით ცომად ზელდე,
გულზე ხელებდაკრეფილი ვიდრე მონად  დასახელდე?!
ზოგი აღარც იმას ნაღვლობს, რომ  ცხოვრება ერგო ფუჭი,
თუ ზამთარში სითბო აქვს და გაზაფხულზე -  სავსე კუჭი.
გიჯობს ჭამო ერთი პური, შენი შრომით ოფლი ღვარო,
ვიდრე იყო ლაქია და წელში ორად მოიხარო.


"ბუსთანი"


უფლის სადიდებელი

დიდება უფალს, რომელმან სულით აღავსო სხეული,
რომელმან ენა გვიბოძა, სიტყვის სათქმელად რხეული,

ვადიდოთ ღმერთი მოწყალე, ცოდვათა მიმტევებელი,
ჭირში თუ ლხინში მოკვდავთა განმკითხავი და მხლებელი.

ნეტარ არს, ვინც მას ერთგულებს და მის კართან დგას მარადის,
ვინც განუდგება, ღირსებას აღარსად ჰპოვებს არად ის.

დიადი მეფე ცხოვრებამ თუნდ ალაღოს და ახაროს, 
უფლის წინაშე ის უჯობს თავი მიწამდე დახაროს.

ქედმაღალს უცებ არ დასჯის, გზას მისცემს, ერთხანს იაროს,
რომ მადლი მორჩილებისა მან თავად გაიზიაროს.

თუ განარისხებს მას ვინმე უზნეობით ან ფლიდობით,
ვეჭვობ, რომ თვისი ცხოვრება მან ჩაამთავროს მშვიდობით.

ორივ ქვეყანა წვეთია მისი ზღვისებრი ცოდნისა,
ის არის განმკითხავიც და მიმტევებელიც ცოდვისა.

თუ შვილი მამას გულსა სტკენს, თავნებობს და ეურჩება
და ეს ტკივილი არაფრით უამდება და ურჩება,

თუკი არ იშლის ის შვილი უგვან საქციელს თავისას,
მას მამა ბოლოს მოიკვეთს, როგორც ნაშიერს ავისას. 

თუკი საქმეში მავანი ავად ჩაიდენს საქციელს,
ნუ გაიკვირვებს თუ ყველგან ზურგი უკმეხად აქციეს, (0010)

თუკი მეგობრის წინაშე არ ხარ წრფელი და კეთილი,
მეგობრის კარი იქნება შენთვის სულ გამოკეტილი,

თუკი მოლაშქრემ ბრძოლისთვის მზადებას თავი ანება,
მისი ლაშქრიდან გაგდება სარდალს არ დაენანება,

ხოლო უფლისთვის ყველა ვინც კეთილია და ავია,
ერთგვარად განსაკითხი და თანაბრად საზრუნავია.

ერთი საერთო სუფრაა გაშლილი ქვეყნად ღვთიური,
იქ მოყვარეც ზის და მტერიც, შინაური თუ ტყიური, 

უფლის მონა ხარ, ვინაც ხარ – მოძალადე თუ მოწყალე,
სიავეს მიეკედლე თუ სიკეთე დაიმოძღვარე.

იგია ყოვლი არსების არსიც და შემოგარსულიც,
მის საბრძანებელს მორჩილებს მოდგმა კაცის თუ ავსულის.

ღვთის ნებას მისდევს, ცოცხალთა წიგნში სადაც რამ წერია,
ადამიანის შვილია, ფრინველია თუ მწერია.

წყალობას ისე ფართოდ შლის, რომ არს ყველასთვის სამყოფი,
თვით ყაფის მთაზე სიმურღმაც იგემა მისგან ნაყოფი.

მის სიდიადეს თანა სდევს უსაზღვროება მისადვე
და ჰგიეს იგი ერთარსად უკუნით უკუნისამდე.

ზოგს თავზე გვირგვინს დაადგამს და დაულოცავს ბედიღბალს,
ზოგს კი დასცემს და სიავეს მისას მიწითღა შენიღბავს. (0020) 

ბედნიერების სამოსელს აცვამს ზოგს ფეხით თავამდე,
ზოგი კი ერთი ავიდან ფეხს ითრევს სხვა რამ ავამდე.

ზოგისთვის ნახანძრალებზე ის გააშენებს ბაღნარებს,
ხოლო სხვებისთვის ნილოსის წყალს ცეცხლით აახანძარებს.

რაც რამ ასეა შექმნილი სიკეთით, ღმერთმა ინება
და რაც ისეა, შერისხვაც მისგანვე მოედინება. 

იგია ყოვლისმხილველი, მეთვალყურე და მხედველი,
მისგან შენდება სიავის გასამიჯნავად კედელი.

მან თუ მახვილის აღმართვა სიმართლისათვის ინება,
სჯობს დადუმება არჩიონ თვით წმინდა ქერუბინებმა.

და თუ მადლსა და სიკეთეს ის მოწყალებით გაიღებს,
აზაზელიც კი თავის წილს მოისურვებს და აიღებს.

მისია ყველა სიკეთის სავანე, სხვა არავისი,
სად დიდებულმაც ხამს დათმოს დიდებულება თავისი.

იგი მფარველობს ღატაკებს და მათს მოყვარეს ედრება,
მას ესმის უიმედოთა ყველა ლოცვა და ვედრება.

იგია ბრძნული განჭვრეტით ჯერ-არ-ხილულის მხილველი
და ჯერ-არ-თქმული სიტყვების მომძიებელი პირველი.

იგია ზესკნელ-ქვესკნელის სიავკარგეთა მკითხავი
და განკითხვის დღეს მისგან ვართ ყველანი განსაკითხავი. (0030)

არვინ არს მის ძლიერებას ქვეყნად რომ არ ემონება,
მის სიტყვას წინ ვერ აღუდგეს მოკვდავის ჭკუა-გონება.

მისი წყალობით ფრიალებს ქვეყნად სიკეთის ალამი,
და მისი ნებით მდედრს ან მამრს ქმნის მუცლად ბედის კალამი.

მან მზე და მთვარე შეუქმნა აღმოსავალს და დასავალს,
წყალზე ხმელეთის დაფენით გზა გაუკვალა გზა-სავალს

და რადგან წყალზე ძვრა მიწის ერთხანს არსაით გაჩერდა,
მთა და კლდეები აღმართა და ლურსმნებივით დაჭედა.

მან მისცა ჩანასახიდან მოკვდავს ფერიის იერი
და წყალზე დადგმულ სამყაროს აწ ძე ჰყავს უფლისმიერი.

მანვე ჩასახა ქვის გულში, რაც ფირუზი და ლალია
და ზურმუხტოვან ტოტებზე აწ ლალის ყვავილნარია.

ღრუბლიდან წვეთ-წვეთ აპკურა მან ზღვას სიცოცხლე სამყოფი,
მისსავე წვეთმა ჩასახა მუცლად ყოველი ნაყოფი.

ყოველ წვეთს თვისი აზრი აქვს: ერთს აქცევს ადამიანად,
მეორეს საროდ გარდაქმნის, მიწად მყოფს ძირფესვიანად.

უფალი ხედავს ყველაფერს – მალულია თუ ხილული,
გინდ იყოს რაღაც ნამცეცი, გინდაც ზღვა გადაჭიმული.

სარჩო და საბადებელი მისგან აქვთ არსთა მრავალთა,
უფეხოთ ანდა უხელოთ, მცოცავთ და ქვეწარმავალთა. (0040)

მისი ბრძანებით მიეცა არარაობას რაობა,
არსად სხვას არ შეუქმნია ამგვარი სანახაობა.

მაგრამ ყველაფერს ზღვარი აქვს, რაობაც ერთხელ ქრება და
უფლის წინ ყველა წარდგება იმ სულით, რაც მას ებადა.

იგია ქვეყნიერების ერთარსებობით მპყრობელი,
მის არსს ვერ სწვდება მოკვდავი, თუნდ დიდი სიბრძნის მფლობელი.

მის სიდიადეს ვერ განჭვრეტს კაცობრიობა ვეროდეს,
მისი მშვენება იხილოს ამქვეყნად, არვინ ელოდეს. 

თვით წარმოსახვის ფრინველიც ვერ ჰპოვებს იმის მწვერვალებს,
ჭკუას არ ძალუძს შეიცნოს სინათლე, იქ რომ ელვარებს.

გემით მცურავმა მისი ზღვის შეცნობა ვინც დააპირა,
ისე ჩაძირა, ფიცარი ერთიც არ გაანაპირა.

მეც ბევრი ღამე ვათიე, შიშით მითრთოდა ბაგენი,
როცა მეგონა – მივაგენ! _ თუმც მის არსს ვერ მივაგენი.

თუნდ ცოდნა გქონდეს უსაზღვრო საცნობი საწუთროისა,
ზღვარს ვერ გასცდები მცდელობით... ვინც სცადა, უმალ მოისრა.

უფლის არსობის სიღრმეში არც ზღვარი და არც ფსკერია,
მასზე მოფიქრალს ფიქრებში შეუცნობლობა ერია.

რაგინდ თვით საჰბანს აჯობოს ვინმემ სიტყვის თქმით ძლიერით,
მაინც ვერ აღწერს ის უფალს, შეუდარებელს იერით. (0050)

უფლის გზას ბევრი გაუდგა, ცხენი აჭენა თავნება,
მაგრამ, ჭენებას კი არა, სვლასაც კი თავი ანება.

განა ყველა გზა ან ცხენით ან ფეხით გასავლელია?
ფარ-ხმალის დაყრა სჯობს ზოგან, გავლა იმდენად ძნელია.

ზოგი აკრძალულ გზას ადგას ხასიათით და ბუნებით,
მიტომაც ელის მას დასჯა, შვებასთან არდაბრუნებით.

ზოგს აუვსებენ ჯამს ღვინით და ფიქრობს – შვება ეს არის...
ვაი, რომ ჭკუის დაკარგვის პირველი ცნება ეს არის.

ზოგ შევარდენს თუ თვალები ახვეული აქვს ბრმასავით,
ზოგს თვალი კი აქვს, თუმც ფრთები ცეცხლით დასწვია მას ავით.

ზოგი ყარუნის განძს ეძებს, თუმც უჯობს, რომ არ ეძიოს,
სიხარბით ის მოსვენებულ ცხოვრებას ვეღარ ეწიოს.

აბობოქრებულ ზღვაში ვართ, თავს გვადგას ტალღა სისხლისა...
ცოდვა შვება ნუ გგონიათ, არ არის გემი ის ხსნისა!

და თუ ამქვეყნად სავალი გწადია ჰპოვო შვებისა,
ცხენისთვის ჯერ მოიძიე გზა უკან დაბრუნებისა. 

მერე შენსავ გულს ჩახედე, როგორც ზედაპირს სარკეთა,
და ნახე მან სიკეთისთვის რა იღვაწა და აკეთა.

იქნებ იქ ტრფობის სურნულმა ბანგით წაგართვას თავი და
გიყვარდეს ყველა მოყვასი კვლავ-და-კვლავ, როგორც თავიდან, (0060)

კვლავ სიკეთისთვის იარო, გზა იქით ისე გეფინოს,
ფრთა სიყვარულმა შეგასხას, სამყარო გადაგეფრინოს

და იქ ახადო ფარდები ჭეშმარიტებას გონებით,
ეწიო შენსავ დიდებას ლაღად და თავმომწონებით.

შენი გონების მერანმა იქ ჰპოვოს სწრაფვის შედეგი,
სადაც მოქაჩავ სადავეს და მონუსხული შედგები,

ზღვას ვერ გაცურავს, მოყვასზე ზრუნვისთვის ვინც არ ილოცებს,
ვინც განჩინებას უფლისას უარყოფს ან გაიოცებს,

ვინც შუა გზაზე შედგება, განაგდებს რჯულს და ზნეობას
და მიზნისაკენ სვლას არჩევს უმიზნო მოცალეობას.

ვინც მოციქულის სიბრძნეში ეჭვის ძიებას უნდება,
იგი შვებით და მშვიდობით ვერასდროს შინ ვერ ბრუნდება.

ს  ა  ა დ  ი,  შენ ვერ მიაღწევ ჭეშმარიტების სანახებს,
თუ არ სდევ იმ გზას, რომელსაც უფლის რჩეული განახებს.

* * *
კარი პირველი - სამართლიანობისათვის

ჰეი, დიდო და მაღალო, დაბალს რომ ჩაგრავ სიმაღლით,
ალბათ, გგონია, ქვეყანა შენთვის აშენდა სილაღით;

შენ სუსტზე ძალას ნუ ხმარობ ხან როგორსა და ხან რა ფერს,
ისიც რომ ხელს გამოიღებს, შენ არ შეგარჩენს არაფერს....

მტერი, დიდი თუ პატარა, ყველა ერთგვარად მტერია,
მთა რომ დიდია, ის მხოლოდ ბევრი ქვაა და მტვერია.

მრავალი ჭიანჭველა რომ ერთად შეკრბეს და შეიკრას,
მძვინვარე ლომსაც ან დაღრღნის, ანდა წამებით შეიკლავს.

ცალ-ცალკე მხოლოდ ღერია თმა, ბალანი თუ ჯაგარი,
მაგრამ თუ ერთად დაიწნა, გამოვა ჯაჭვზე მაგარი.

ფეხს თუ დაუდებ მზაკვრულად მას, ვინც ძლივს ჰპოვა გზა-კვალი,
შენც ყველა გზაკვალს აგიბნევს ეს ბედისწერა მზაკვარი.

მხოლოდ მოყვასის გულია ჩვენი საუნჯე... განძი და
ხაზინა ჩალად არა ღირს, ხალხის ყოფა თუ დამძიმდა.

ღარიბს რომ ჩაგრავ, ახარებ შენ ზნედაცემულ რჩეულებს,
ამიტომ ბედი შენც მალე დაგცემს და დაგასნეულებს.


კარი მეოთხე - თავმდაბლობისათვის


* * *

მე ამ ძველთაძველ ამბავთა აწ მსურს თხრობა და გამხელა:
მაშინ, ქრისტე რომ ცხოვრობდა - იდიდოს მისმა სახელმა! _,

ვიღაც ჭკუათხელს ხედავდნენ სოფელ-ქალაქის შარაზე,
არსად რომ არაფერს იქმდა და არც ნაღვლობდა არაზე.

იმ პირშავს მთელი სიცოცხლეც შავად ჰქცეოდა, მგონია, 
მასზე ამბობდნენ - ამ კაცთან ეშმაკი მონაგონია.

ნეტავი ვისთვის იცხოვრა, ან ახლოს გაიკარა ვინ?! 
მისგან სიკეთის მნახველი არ იყო ქვეყნად არავინ... (045)

უტვინო, მაგრამ ამაყი, დაყიალობდა ასე და
არამი ლუკმის მძებნელი მუცელს ხშირ-ხშირად ავსებდა.

უნამუსობით ხალხს ყვლეფდა, ურცხვობით კალთებს ახევდა,
ტყუილით ისეთ ჯანღს ქმნიდა, თვალს ვეღარავინ ახელდა.

ის უმადური თვალებით ვერსად ხედავდა სიკეთეს,
მისმა ყურებმა თითქოს-და სმენის ჭიშკარი მიკეტეს.

იგი ხალხს სძულდა, ვით გვალვა -  აი, ეს არის სიმართლე! -
და თვალშიც ზიზღი უჩანდათ, ვით მცხრალსა მთვარეს სინათლე.

მას კი ჩირად არ უღირდა ეს და ცხოვრობდა ნებაზე,
არ წუხდა კაიკაცობის სახელის დატოვებაზე, (050)

მალე მის შავთა საქმეთა და განცხრომათა მიგნებით
აავსეს ბედის მწერლებმა, სადაც რამ ჰქონდათ წიგნები.

პატივმოყვარეს სულ ცოდვით უელვარებდა თვალები,
ღამით სულ მთვრალი ღრეობდა, დღისით კი - სულ ნამთვრალევი...

თურმე იმ დროს, იმ მხარეში იესო იარებოდა,
მრავალ მლოცველს თუ განდეგილს მადლის მოფენით ხვდებოდა,

მისი ხილვისას მავან მწირს მოსძალებია წადილი
და დაცემულა მის ფერხთით, ვით ღვთისმოსავი ნამდვილი.

ის ცოდვილი კი, ვისზეც ვთქვით ზემოთ, რომ ზურგი აქციეს,
ფარვანასავით ათრთოლდა, რომ სჭვრეტდა მწირის საქციელს; (055)

მას შერცხვა უცებ და ალბათ ბევრმა შურიც კი შენიშნა -
თითქოს მდიდარ კაცს შეხედა ღარიბ-ღატაკმა დერვიშმა. 

ჩურჩულებდა და ამბობდა - "ვაგლახ! ვა, მეო, ვა, მეო...
უაზროდ მითენებია, ჰოი, რამდენი ღამეო!"

თვალთაგან ცრემლთა მოდენით ჰგავდა ღრუბელს და წვიმასა,
ცხოვრება ფუჭად რომ განვლო, სწუხდა ცოდვილი იმასა.

ამბობდა: "როგორ ამაოდ მივლია, რაც ვიარე და
სიცოცხლე ტკბილი მეგონა, თურმე ყოფილა მწარე და  

აწ ისღა დამრჩა - ვინატრო, რომ სიკვდილს მალე ვეწიო, -
სამყაროს დიად შემქმნელთან ესღა მაქვს შესახვეწიო; (060)

ის ჯობდა, ვინმეს მოვეკალ, ბავშვი როდესაც ვიყავი,
ვიდრე სიბერის კარამდე სირცხვილით მივსულიყავი...

შემინდე, ღმერთო მაღალო, თუ არის ჩემთვის შენდობა,
თუკი რამ ნდობა შემომრჩა, განკითხვას შენსას ენდობა!"

კუთხეში სადღაც ერთ მხარეს ჩამოჯდა იგი მკვნესარი...
ასეა - ყველა ცოდვილის დიდი ტკივილი ეს არის:

ნანობდეს და ძლივს ამბობდეს, სიბრიყვეს თვისას ჩიოდეს,
თავჩაქინდრული იჯდეს და ჩუმად ცრემლები სდიოდეს.

იესოს ფერხთით მწირმა კი წარბი ამაყად აზიდა
და თქვა - "ამ ცოდვილ არაკაცს აქ ყოფნას ნეტავ რა რჯიდა?! (065)

უბედურმა და უგნურმა ჩვენთან ყოფნა რად არჩია?!
სიავით თავი ყველასგან განა თვით არ განარჩია?!

ცოდვათა ცეცხლით დადაგვა მან თავად გაიზიარა,
ქარს გაატანა სიცოცხლე, სულ უნაყოფოდ იარა.

მისი სიკეთე ვის ახსოვს, ან მოამაგე ვისია?!
იგი ქრისტესთან მოსვლის და საუბრის განა ღირსია?!

მას ახლა რა განუზრახავს, ან სიტყვით რაის მთქმელია?! -
ის ჯოჯოხეთის გზას ადგას უკვე მრავალი წელია. 

მისი სიავე თვალსა და ფეხქვეშ სულ ეკლად მეგება,
ჩემს სიახლოვეს რომ არის, მეც ავად მრაცხდნენ ეგება?! (070)

მლოცველთა შორის ის რომ ჩანს, ვწუხვარ ფრიად და ფრიადო...
ვაითუ, განკითხვის დღემდე გვდიოს მან, ღმერთო დიადო!"

მწირი ასე რომ ჩიოდა - მწყობრი სიტყვით თუ უმეცრად,
იესომ უზენაესის ხმა გაიგონა უეცრად!

უფალმა ბრძანა: ეს თუა ცოდვილი, ის კი - წმინდანი,
ორთაგან სამოთხის ღირსად, ყველამ გაიგოს, ვცანი.

ცოდვილმა თუმცა იარა უაზროდ შარაგზანია,
დღეს ის განუდგა თვის ცოდვებს და ყველა მოინანია...

ვინც მაცდურ ყოფას ზურგს აქცევს და სურს უფლისკენ იაროს,
ის იმსახურებს, ზეგარდმო წყალობა გაიზიაროს. (075)

ვინც ცოდვა მოინანია და დათმო ავი ზრახვანი,
სამოთხის კართან მიიყვანს ამგვარი გარდასახვანი.

ღვთისმოსავს თუკი არ ესმის - რა არის მონანიება
და არ სურს ცოდვილთან ერთად სამოთხის გზათა ძიება,

შერცხვეს ასეთი წმინდანი - მას ჯოჯოხეთში ელიან -,
ცოდვილს კი სამოთხის გზათა ძებნაში ყველგან შველიან,

სინანულით და ცრემლის ღვრით ცოდვილი სასჯელს თავს აღწევს,
მხოლოდ ღვთისმოშიშობით კი ბევრი ვერ ჰპოვებს საწადელს.

განა არ იცით - თუ მდიდარს მიადგა თხოვნით მავანი,
მან დააპურა ბეჩავი და არა ამპარტავანი. (080)

თუ კაცის ლამაზ იერში მახინჯი სული სახლდება,
მას ჯოჯოხეთის ჭიშკარი ყოველთვის ღია დახვდება.

წუთისოფლის გზას მისდიო სჯობს თვინიერი თავდახრით,
ვიდრე პატივთა ძიებით ქედმაღლობისკენ გადახრით.

საკუთარ თავზე ვინც იტყვის - მცანით სრულყოფილ კაცადა,
ნუ გჯერათ - ღმერთმა სრულყოფა მხოლოდ თავმდაბალს აცადა.

თავისი კაიკაცობით ვისაც სჩვევია ტრაბახი,
არვის უნახავს მის მიერ ჩამოგდებული ყაბახი.

ზოგჯერ ხახვსაც კი უჩნდება სისავსის ფუჭი ვნებანი,
სიცარიელე თავისი ჰგონია კაკლის ლებანი. (085)

ჩვენთა ცოდვათა ვერცნობით და მიწყივ ლოცვა-ვედრებით,
ვერაფერს ვინანიებთ და ამაოდ მლოცველს ვედრებით.

ქედმაღალსა და მკრეხელში ვერვინ იხილი სხვაობა,
თუ არცერთს არ გაეგება მონანიების რაობა.

თუნდ მომლოცველი იყავი ან განდეგილი ეული,
მაინც ვერასდროს გახდები ერთადერთი და რჩეული.

ისეთ კაცს ფარისევლობა ყოველ სიტყვაში ეტყობა,
ვინც რწმენით თავს იწონებს და ხალხს მედიდურად ეპყრობა.

სიბრძნის წესია, რომ არსად გაცუდდეს-გაააუგდეს,
საადიც იტყვის ერთ სიბრძნეს, მსმენელი ყურს თუ დაუგდებს: (090)

ცოდვილი, ვისაც უფალთან მიიყვანს მონანიება,
სჯობს იმ ღვთისმოსავს, ვინც ლოცვას უგრძნობი ჩვევით მიება.


* * *

მსმენია ერთი ამბავი, ბრძენკაცის თავს რომ ხდებოდა,
მას მთვრალი რინდი ანაზდად ქეჩოში ჩასჭიდებოდა...

გონებადაბნელებული ურტყამდა ნათელაზრიანს,
ის კი არაფერს ამბობდა, კრინტსაც არ სძრავდა ბრაზიანს...

მივიდნენ, ჰკითხეს: "რად სდუმხარ, განა შენ კაცი არ ხარო?!
გალანძღე მაინც ეს ურცხვი!... როდემდე უნდა ახარო?!"

ეს რომ ბრძენკაცმა გაიგო, სულში ჩაიდგა ნათელი
და თქვა: "დაწყნარდით! არ ითქმის ჩემთან ასეთი სათქმელი.

განა ვერ ხედავთ - მთვრალია! მას, ჩემი ქეჩო კი არა,
ძალუძს თვით ლომსაც შეებას და დააჩნიოს იარა.

გონიერისთვის ეს საქმე ცუდია, განა კარგია,
რომ ის გალანძღოს, ვისთვისაც ჭკუა ზედმეტი ბარგია;

თუ კაცი გქვია, ეს სიბრძნე შენ გულზე ამოიკვეთე:
ბევრი სიავე ნახე და მაინც აკეთე სიკეთე!"

* * *

ერთხელ ერთ მეუდაბნოეს ძაღლი სიავით ეცა და
ისე უკბინა, ფეხიდან სისხლი შხამივით წვეთავდა. 

ნაკბენმა მას რომ მოჰგვარა შფოთვა და კვნესა ღამისა,
მისი გოგონაც შეწუხდა - პატარა შვილი მამისა -

და მოკრძალებით წარმოთქვა, როგორც ამბობენ შვილები:
„რად არ უკბინე შენც იმ ძაღლს, განა არა გაქვს კბილები?!“

თითქოს დაუცხრა ტკივილი, შვილს მოეფერა მამილო,
ღიმილით უთხრა: "შენ, ჩემო გულისვარდო და ყვავილო!

ძალა მეც მაქვს და ვუკბენდი, არ შევარჩენდი კბენასა,
მაგრამ სირცხვილით ვეღარსად შევძლებდი გამოჩენასა...

მიჯობს ხმლით თავი მომკვეთონ, თუ მდევენ ავი ფიქრები -
ძაღლს რომ ვუკბინო, მეც მისი მსგავსი ცხოველი ვიქნები“.

არაკაცს არაკაცობით სჯობს მიაყენო ზიანი,
ძაღლთან კი მუდამ იყავი კაცი და ადამიანი.



კარი მეშვიდე - აღზრდისათვის

მისრეთში კაცი ცხოვრობდა ღარიბი, მაგრამ კეთილი,
სულ ჩუმად იჯდა, შეუცნობ დუმილში  გამოკეტილი;

ზოგი მას შორით უმზერდა, ზოგი ახლოსაც ბედავდა
და, ვით ფარვანა სანთელში, სინათლეს ყველა ხედავდა.

მაგრამ ერთ ღამეს აწეწეს  მისი არსება ფიქრებმა
და დაიჩივლა: "ამდენი დუმილი განა იქნება?!

მგონი, არასწორ საქმეს და სურვილებს გავუტაცივარ,
ჩუმად მყოფს ვინ მიმიხვდება, რომ მე ჭკვიანი კაცი ვარ?!"

ალაპარაკდა და ვაი! - მოყვარეა თუ მტერია
დაფრთხა და ყველამ გაიგო, იგი როგორი შტერია.

მისრეთში ყოფნა წაუხდა, გარს მოესივნენ ბრიყვები...
წავიდა... ერთი მეჩეთის თაღს წააწერა სიტყვები:

"მე ჩემი თავი სარკეში ერთხელ მაინც რომ მენახა,
ვიტყოდი - სჯობდა დუმილი კვლავ დიდხანს შემომენახა...

სახეზე მაჩნდა ნათელი და ჭკუით გავააუგე,
სხვას რა მოვთხოვო, როდესაც ჩემს თავს თავად ვერ გავუგე".

* * *
უტვინომ რაგინდ სიტყვებით იკეკლუცოს და იკარგოს,
სიბრიყვეს ვერ დამალავს და სჯობს სადმე გადაიკარგოს.

გონიერისთვის დუმილს თუ სიდარბაისლის ფასი აქვს,
ბრიყვისთვის არის საშველი - მალავს მის ბრიყვულ ხასიათს.

შენ თუ ბრძენი ხარ, გამიგებ - სიტყვას სიფრთხილე რად უნდა,
თუ უგნური ხარ, დადუმდი! - ის შერცხვა, ვინც არ დადუმდა...

შენს გულისნადებს ნუ ანდობ ჩქარა ბრბოს და მის ამალას,
აცალე, გულმა განსაჯოს, სათქმელს რამდენ ხანს დამალავს.

სიტყვა რომ ენას გასცდება, ტყუილია თუ მართალი
ვერ დააბრუნებ, გინდ სდიო, გინდა დაუწყო თვალთვალი;

ნედლმა კალამმაც სხეულში ბევრ სათქმელს ყოფნა აცალა,
ვიდრე მას დანა არ მისწვდა და თავი არ წააცალა.

ეს ჩვენი მოდგმა ასეა - მეტყველებს კაცი ყოველი,
თუმცა ბევრ ჩვენგანს ზნითა და ჭკუით სჯობს უტყვი  ცხოველი.

თუ რამეს იტყვი, თქვი ისე - სიტყვაში ჩანდეს გონება
თუ ვერ თქვი, მაშინ დუმილი არის ოქრო და ქონება.

ბრძენი ყველგან ჩანს სიბრძნით და მასზე ყვებიან არაკებს,
ის ბრიყვი თუთიყუშივით არასდროს ილაპარაკებს.

ჭკვიანი კაცი ფასდება ფიქრით და სიტყვაძვირობით,
ყბედს კი ვირიც სჯობს თავისი პირუტყვობით და ვირობით.


კარი მერვე – მადლიერებისათვის


მეფის ძე ერთი ცხენიდან ძირს ჩამოვარდა უცებ და
კისერი მთლად დაეგრიხა, ტკივილებს ვეღარ უძლებდა.

მხრებში ჩარგული კისერი მართლაც რომ სპილოს უგავდა
და თავის მოსაბრუნებლად მთელი სხეულით ბრუნავდა.

ამაოდ დაშვრა მკურნალი, მეფეს ვინც ჰყავდა ყველა და
ბოლოს  საშველად მოიხმეს ბერძენთა მხარე -  ელადა.

ერთმა ბერძენმა მეფის ძე, არცთუ ტანჯვით და წვალებით,
განკურნა და გაუსწორა კისერი მისი მალებით.

გავიდა დრო და მკურნალმა თვით სთხოვა შველა შაჰის ძეს,
მაგრამ მას ზედ არ შეხედეს, არათუ შველა აღირსეს.

შერცხვა ბრძენ მკურნალს, ასეთი უმადურობა ნახა რა,
ორიოდ სიტყვა ჩუმად თქვა და თავი დაბლა დახარა:

„ეჰ, ჩემგან რომ არ მიეღო შვება მას, კისერდაგრეხილს,
ჩემს დანახვაზე გულგრილად ვერ მიიგრეხდა სახეს ის“.

ჰოდა, შაჰს ძღვნად შეუგზავნა, ვით აბი, რაღაც მარცვალი
და შეუთვალა - „დაწვითო, მიიღეთ მისგან ნაცარი“...

დაწვეს და კვამლმა იქ ყველას „აფცი-აფცი“ რომ დამართა,
კვლავ მოეგრიხა კისერი შაჰის ძეს... ვეღარ გამართა.

კვლავ უხმეს ბერძენს - “გვინდაო, მკურნალო, შენი შველა” - და
ვეღარსად ნახეს... ამაოდ ააწრიალეს ელადა.

* * *
მადლიერებას სიკეთედ ვინც მიიჩნევს და ჰგონია,
ის სიკვდილის წინ ხვდება, რომ ცხოვრებას აზრი ჰქონია.