სხვადასხვა

ПАСТУХ И СОЛОВЕЙ 
Готхольд Эфраим Лессинг

Тебя раздражает, о любимец муз, крикливое сборище парнасского сброда? Так услышь же от меня то, что однажды довелось услышать соловью. 
- Спой, любезный соловей! - воскликнул как-то раз чудесным весенним вечером пастух, обращаясь к молчавшему певцу. 
- Ах, - промолвил соловей, - лягушки подняли такой крик, что у меня пропала всякая охота петь. Или ты их не слышишь? 
- Да, я их слышу, - возразил пастух, - но разве не твое молчание повинно в том, что я слышу их?

მწყემს-ბულბულ-ბაყაყიანი
(გოტჰოლდ ეფრაიმ ლესინგის გალექსილი არაკი)

მუზის მსახურნო, ვნაღვლობ, რომ 
მუზას არ ვემახსოვრებით,
თუ გამოვყრუვდით პარნასის
კარს მიტმასნილი ხროვებით.

ჰოდა, მისმინეთ! - მწადია,
გიამბოთ ერთი არაკი
მწყემსმა ბულბულთან თუ რარიგ
გააბა ეს ლაპარაკი:

"- რად არ გალობო, ბულბულო,
რატომ მოგვაკელ წყალობა?!"
ენატრებოდა, როგორც ჩანს,
მწყემსს მისი ტკბილი გალობა".

"ეჰ - თქვა ბულბულმა - ყიყინებს
რადგან ბაყაყი მრავალი,
არ მსურს გალობა... ხომ გესმის
ხმა მათგან აქ მომავალი?"

"მესმის, მესმისო - თქვა მწყემსმა -
შენ კი გემდური ძალიან,
ბაყაყის ყიყინს რომ ვისმენ,
შენი დუმილის ბრალია".

Большая кость
Басня Сергея Михалкова

Ворона жадная, раскрывши клюв, глядела,
Как пёс Волчок со смаком кость глодал.
Той костью овладеть Ворона захотела
И сверху вниз, как ястреб, налетела!
Такого натиска Волчок не ожидал.
И он, не разобрав, откуда, кто напал —
Шасть под крыльцо! А наглая воровка,
Что подлый свой манёвр придумала так ловко,
Вцепилась в кость… Однако кость была
Не по Вороне тяжела.
И как Ворона ни старалась,
Ни тужилась, ни надрывалась,
А уволочь с собой добычу не смогла,
Да хорошо ещё, сама жива осталась —
Волчок, придя в себя, ей вырвал полкрыла.
***
Одна из первых мер предосторожности:
Соразмерять желанье и возможности. 

დიდი ძვალი
(სერგეი მიხალკოვის არაკი)

პირდაფჩენილმა ხარბმა ყვავმა შეასწრო თვალი
ერთ მურიკელას, მადიანად დიდ ძვალს რომ ხრავდა,
ყვანჩალას სურდა, წაერთმია ძაღლისთვის ძვალი
და მას ზემოდან თავს დააცხრა ისეთი ძალით,
რომ მურიკელას უცაბედი შიში დაჰყვა და
ვეღარც გაიგო, რამ დასჩხავლა ასე ყვა-ყვა და
შეძვრა კიბისქვეშ! ის თავხედი ქურდბაცაცა კი,
ასეთი მარჯვე მოიგონა მანევრი რაკი,
ძვალს ჩააფრინდა... გატაცება სურდა თავისთვის
თუმც მძიმე იყო ძვალი ყვავისთვის,
და როცა აქეთ-იქით ეცა და
ბევრი იწვალა, ბევრსაც ეცადა,
მიხვდა - სიხარბით ძლიერ შეცდა და
ცოცხალი შერჩა, კიდევ კარგი, ყვანჩალას თავი,
გონს რომ მოეგო, ძაღლმა ლამის დაფლითა ყვავი.
* * *
ფრთხილად იყავ და მიეძალე იმის შეცნობას,
რომ გაუტოლდეს საწადელი შესაძლებლობას.

* * *
ეზოპე და მონა ქალი როდოპი
ერთხელ ერთსა ჭიანჭველასა, შრომა მას უქეს რომელსა,
ვინც აფასებდა ამქვეყნად მარტოდენ მისებრ მშრომელსა,
სხვისი რომ არრა ემართა - არც სესხი ჰქონდა, არც ვალი,

გამოეტანა მზის გულზე ზამთრის საკვები მარცვალი...

აშრობდა და დასცქეროდა სიამით თავის მარაგსა
და ჩვენც აქედან დავიწყებთ ამ ჩვენს პატარა არაკსა:

მას ერთი მწერი მოადგა უცებ - სად იყო სად არა,
ვერ გაიგებდით რა იყო, ვერცერთ მწერს ვერვინ ადარა,
რადგან შიმშილის ვაებით იყო იმგვარად ძლეული,
რომ სახე დაჰკარგვოდა და იარებოდა ეული.
დასჩლუნგებოდა სისუსტით ენა, ყური თუ თვალია
ზოგს ხოჭო ეგონებოდა, ზოგს ჭრიჭინა თუ კალია...
და სთხოვა იმ ჭიანჭველას - ,,ძმობილო, ძლიერ მშიაო...
ერთი მარცვალი მაჭამე, მზეზე რომ გაგიშლიაო.''
,,შენ რატომ უნდა გაჭამო?! შესძახა ჭიანჭველამა, -
მე თავად შევჭამ ჩემს ნაშრომს, უნდა იცოდეს ყველამა, -
მე რომ ზაფხულში ვშრომობდი, სად იყავ, შენ რას ელოდი?!''
მშიერმა უთხრა:,,მე მაშინ შენ სიმღერებით გშველოდი!
არ გახსოვს - შრომის საზრუნავს თქვენ რომ ფიქრებში ისევდით,
მე გიმღეროდით მშრომელებს, იმედით გახალისებდით!''
,,მღეროდი ჩვენთვის და ამით გქონდა იმედი ხვალისა?!'' -
თქვა ჭიანჭველამ და სიტყვა სიცილით გაიხალისა:
,,წადი ახლა და იცეკვე...სიმღერას ცეკვაც ამშვენებს!
ჭამა კი იმას სჭირდება, ვინც შრომით სოფელს აშენებს!''

ისევ მშიერი გაუყვა გზას ის ხოჭო თუ კალია...
უმადურობა ამქვეყნად, ვაჰმე, რა დიდი ბრალია!

* * *

ლემკური ხალური ბალადა
(ლემკები - ხალხი, რომელიც უკრაინის, პოლონეთის და სლოვაკიის 
საზღვარზე ცხოვრობს)


დარაბებთან ნეკერჩხალი სევდიანად შრიალებს
და ჩიტუნას გალობაც რომ სადღაც გაიწკრიალებს,
ყური უგდე, საყვარელო - რა თქვა ჩიტმა ჩიორამ:
ნუ ცდილობო სიყვარულში კარგი მოიძიო რამ...

განა ნებით შემიყვარდი?! - ღვთისგან ვიგრძენ ტრფიალი...
ან ეშმაკი შემომიჩნდა ოხერი და ტიალი.
სიყვარული მაინც მოვა თავად, გინდა თუ არა,
სჯობს გაუძლო კარგად ანდა ავად, გინდა თუ არა.

საყვარელო, ცდუნებით და ვნებით გასაძლები ხარ,
განა ერთი ანდა ორი?! - უსასრულო წლები ხარ...
რა სასმელით გამაბრუე - ჯადო ხარ თუ მისანი?!
რომ უშენოდ ფუჭად ქრება დრონი ცხოვრებისანი.

დარაბებთან ნეკერჩხალი ამწვანდა და შრიალებს,
საყვარელო, ხედავ ქარი მას რომ თავს დასტრიალებს,
ან ამოგლეჯს, ან დაატეხს სასჯელს, ბედით მოვლენილს...
ჩემო კარგო, ჩვენ ამქვეყნად ნეტავი რა მოგველის?!



ბაჰარი

ირანელი პოეტი (1874-1946 წწ)

სამშობლო საფრთხეშია

შემოდგომაა... მთლად გადახმა მდელო და ველი,
დამფრთხალ ბეღურას სიცივისგან დასდინდა ცრემლი.
ყვავების გუნდამა ჩააშავა წალკოტი მთელი,
სუმბულს და სოსანს ძირს ანარცხებს სიკვდილის ცელი.
    ბულბულიც დაშვრა უიმედო კვნესით და სტევენით –
    მამულიშვილნო, საფრთხეშია სამშობლო ჩვენი!

ჰე, ირანელო, გაპარტახდა შენი სახლ-კარი,
დაეპატრონა შენს საბუდარს უცხოთა ჯარი,
შენ კი მიენდე და მოიმკე გლოვა და ზარი,
შენი იმედი გაქრა ისე, როგორც ზღაპარი...
ნურვის ენდობი, ნუ იქნები იმედის მჩენი!
 მამულიშვილნო, საფრთხეშია სამშობლო ჩვენი!

ქვეყნის საქმეებს თავს არიდებს ყველა ვაზირი,
ერის თავკაცებს დაუდუმდათ ენა და პირი,
ბრძენნი ეჭვობენ, მათი რჩევა გაგვიხდა ძვირი...
ჰეი, ირანო, თავს დაგატყდა ურვა და ჭირი!
ჩემო ირანო, შენს სატანჯველს ვერ ვიტყვი ენით!
 მამულიშვილნო, საფრთხეშია სამშობლო ჩვენი!

საქმის კეთება აღარ უნდა ქვეყნად არავის,
ლაყბობის გარდა სხვა სურვილი ქვეყნად არ არის,
თვით სწავლულსაც კი სახელი აქვს ცრუს და მპარავის,
ბრიყვნი ჩივიან, მათი საქმე, აბა, რა არის?!
    კვნესა–ჩივილით გვემატება სნება და სენი...
    მამულიშვილნო, საფრთხეშია სამშობლო ჩვენი!

ერთიანობა და სიმტკიცე გვინდოდა ძალზე,
გვსურდა სიკეთე მოგვდგომოდა ერთიან კარზე,
არარის კვნესა გაგვეცვალა რაობის ჰანგზე,
ჩვენ კი დავდეგით ორგულობით დაცემის გზაზე.
    ქვეყანას ღუპავს მლიქვნელობა და ავი ზნენი...
    მამულიშვილნო, საფრთხეშია სამშობლო ჩვენი!

ვამბობ – სამშობლოვ! – და ცრემლებით მევსება თვალი,
ვეღარსად ვპოვე საიმედო მე ნიშანწყალი,
მაგრამ ჩემს სხეულს სანამ ათბობოს სიცოცხლის ალი,
მე კვლავაც ვიტყვი, თუმცა მითქვამს სიტყვა მრავალი:
    სამშობლოვ ჩემო! ო, სამშობლოვ, შვილი ვარ შენი!...
    მამულიშვილნო, საფრთხეშია სამშობლო ჩვენი!


სამშობლოვ ჩემო

ჩემო ირანო, შენ ხარ ჩემი ტკბილი მამული,
ჩემს გულს, შენს გარდა, არ სცოდნია სხვა სიყვარული!

სარწმუნოების დიდო ბურჯო, შენი საზღვრები
ისე ღელავენ, როგორც გული - ჩემში ჩანთქმული.

გშორდები შენ და რსად მატკბობს ვარდის სურნელი,
ო, შენ ხარ ვარდი, ჩემს სურვილთა ბაღში დარგული.

ტურფა ბაღნარო, შენი სახე თუ არ მიღიმის,
გულს მიწყლულებენ ეკლები და ვარ გათანგული.

ღმერთის საბუდარს გიწოდებენ და უშენობით
ჩაესახება ჩემს ანგელოზს სატანის სული.

სანამ შენს საზღვრებს აბობოქრებს დუშმანის ჯარი,
არ უწერია ჩემს არსებას სიმშვიდე სრული.

მე ნაღველისგან დავსუსტდი და თუ არ ვიკვნესე,
არავის სჯერა, რომ სხეულში მეც მიძგერს გული.

ვაი, ირანო, გაიფლანგა შენი სიმდიდრე...
სუდარისთვისაც აღარ არის ძაფი დართული.

შენს გაჭირვებას დავტიროდი, მაგრამ ვაი, რომ
გულზედ არავის დამჩნევია სნება და წყლული.

ჩემი პერანგი თუნდ გაჟღინთონ სისხლის ცრემლებმა,
არვის ატირებს ეს სიტყვები - ვაებით თქმული.

ხალხო, სიმწრისგან ვიმეორებ ყოველცისმარე:
სამშობლოვ ჩემო, აფსუს, შენი დიდი წარსული.


შაჰის რისხვა

მღლის და მაწამებს ეს სიცრუე და ორპირობა,
ღმერთო, მაშორე ამ ნაღველთა უნაპირობა.

ჩემს გულს და სხეულს ამ დილეში შორდება სული,
გადამეწყვიტა არსებობის იმედი სრული.

ისე გაწამდა ბნელ ხაროში ჩემი ცხოვრება,
ღმერთთან დავიწყე მე სიკვდილის შემათხოვრება.

ვაი, რომ გაქრა ჩემი ცოდნა, ჩემი უნარი
და ჩემი ჭკუაც - არავისგან დასაწუნარი.

ახლა დაცინვის და დაწყევლის გახდა სამიზნე,
გაქრა უნარიც, ცოდნაც, ჭკუაც - ჩემი სამი ზნე.

ვაჰ, ეს ცხოვრება სივაგლახით გადანათელი!
ურწმუნოებმა ჩამიღამეს რწმენის ნათელი.

ჩემი სავალი სულ დარდის და სნების გზებია,
ამქვეყანაზე სიყვარული არ მღირსებია.

მომაგონდება ოჯახი და ჩემი შვილები
და ჩემს მზიან დღეს ეფარება ბნელი ჩრდილები.

როდის დაცხრება სივალალის ყველა საწუხი?
ხუთ შვილს რა ვუთხრა, ვით აღმოვთქვა ჩემი პასუხი?

და მაინც ვიტყვი, მე საიდან დამატყდა ჭირი,
შაჰის რისხვაა ყოველივეს ფესვი და ძირი.

ვინა ვარ განა და ვის ვერჩი, რა გრძნეული ვარ?!
ჩანგის სიმივით უსუსური და ეული ვარ.

არწივის კლანჭებს ჩავუვარდი მე, ვით ბეღურა,
ჩემი ჩივილი ქვეყანაზე არვის ეყურა.

მე არც თურქი ვარ, არც არაბი, არც ვინმე ლური,
მე არც ქურდი ვარ, არ არავის წავართვი პური.

ვინ ვარ? პოეტი... მე სიტყვებით ყასიდებს ვკინძავ,
ბ ა ჰ ა რ ი  მქვია, სიკეთეს და სიმართლეს ვიცავ.

ვის რა შევცოდე, რა სიწმინდეს მივუზღე ავი,
რომ მომისაჯეს დილეგი და დღეები შავი?

რად ამიკრძალეს ნათელი დღის დანახვა ნეტა
და ღამღამობით მოციაგე ვარსკვლავთა ჭვრეტა?

სარკმელს შევცქერი სხვითფენისას თუ წვიმის ცრისას
და ვხედავ მხოლოდ რაღაც ნაგლეჯს ლაჟვარდი ცისას.

ღამით კი სარკმელს პირს უქუფრავს წყვდიადის ფარდა
და ვერრას ვხედავ მორიალე ზმანების გარდა.

ეს საკანი რომ იბინდება, ვით კურდღლის სორო,
ფიქრს ვერ ვაშორებ და სხეული ვით განვაშორო.

მე ბორკილი მაქვს, ქურდები კი დადიან ლაღად,
ჰე, სამართალო, მაშ დაიქეც, არსებობ რაღად?!



ირეჯ მირზა
ირანელი პოეტი (1886-1951 წწ)

მე ასე მაქვს გაგონილი: როცა მშობა დედამ,
შემასწავლა ძუძუს წოვა და ალერსი თბილი,

ღამღამობით ჩემს აკვანთან დიდხანს იჯდა იგი,
ის ფხიზლობდა, მე მასწავლა უშფოთველი ძილი.

მუდამ, როცა შევხედავდი ბაგემღიმარ დედას,
ვარდებივით იშლებოდა ჩემი ბაგის წყვილი.

სიარული შემასწავლა ნაბიჯ-ნაბიჯ მან და
დედამიწას დაეფინა კიდევ ერთი ჩრდილი.

თითო სიტყვა შემასწავლა, ამომივსო ენა
და გავიგე, რომ პირველად "დედას" ამბობს შვილი.

მე სიცოცხლე მან მაჩუქა და ვიცოცხლებ სანამ,
მეყვარება მუდამ დედა - ძვირფასი და ტკბილი.



აბულყასემ ლაჰუთი
ირანელი და ტაჯიკი პოეტი,
ტაჯიკეთის ეროვნული გმირი 
(1887-1957 წწ)




სატრფომ მომიხმო და მეც მიველ, ღამით მივედი,
იქ დამათენდა, რომ მეგონა - წამით მივედი.

მე ფეხს ვითრევდი, მაგრამ გული თავად მირბოდა,
იქ გულის დევნამ მიმიყვანა, ამით მივედი.

ცოდვილმა სულმა არ ისურვა კვლავ შეცოდება;
სულს რომ დავეხსენ, ტანი დამრჩა და მით მივედი.

მის სიყვარულში დამქაშობა რომ გამეწია,
ვარდთან ბულბულის გალობით და დამით მივედი.

ის ვარდი ჩემი სიყვარულით თავს თუ იწონებს,
მეც თავმომწონე ღიმილით და სალმით მივედი.

მისი ალერსი ღვინო თუა და თუ ბანგია,
მასთან მწყურვალი გულითა და ჯამით მივედი

სატრფო აპრილის ენძელა და ია თუ არის,
მეც გაზაფხულის ცვარითა და ნამით მივედი.

ან თუ თევზია და მოელის თავის მებადურს,
მეც ბადითა და მებადურის საქმით მივედი.

და ჭეშმარიტი სიყვარული მე იქ დამიხვდა,
თუმცა რომ მიველ, ლიქნითა და ქრთამით მივედი.

დღეს თუ ვარ ნაღდი, თუ ალალი გულით გავლაღდი,
გუშინ სატრფოსთან ჩურჩულით და ჩქამით მივედი.

* * *
დიდხანს ვეძებე სამართალი და სიკეთის ძებნით დიდხანს ვიარე,
მაგრამ ვერსაით მოვიძიე და გულისთქმა ვერვის გავუზიარე.

მთელ ქვეყანაზე ვერვინ ვიპოვე, ვინც სიმართლისკენ გაიგნო კვალი,
ამაო ძებნით დავღალე თვალი, დავიწყლულე და დავიიარე.

ვინც მეგობრობა შემომფიცა და ვინც ძმობის წესს და კანონს იცავდა,
ბოლოს მტრად მექცა, ბოლოს მიმტრო და სიალალის წილ მერგო სიარმე.

ვინც შემხვდა გზად თუ ქვეყნის კიბეზე, ყველა ზრუნავდა თავის ჯიბეზე
და მხოლოდ შრომით ვიცან კაცი და მხოლოდ შრომაში ვიგრძენ სიამე.

მთელი ცხოვრება მისთვის ვიბრძოდი, რომ გაემარჯვა სიკეთეს ავზე,
გამარჯვებისთვის საკუთარ თავზე წისქვილის ქვაც კი დავიტრიალე.

და როს დაიმსხვრა ყველა ბორკილი, და როს ვხარობ და სულით ვმაღლდები,
თავისუფლების ბაირაღები ამქვეყმად მიტომ ავაფრიალე.

* * *
დიდი ქართველი პოეტის ხსოვნას

ნეტარო დავით გურამიშვილო,
სულ თავს მახსენებს შენი იერი,
ორი სიცოცხლე რომ გერგო ქვეყნად
და ორივ იყო ნაყოფიერი.

ერთს ხორციელი სიცოცხლე ერქვა,
რაიც ჩაქრა და რაიც დადუმდა,
ხოლო მეორეს, სულით ნაცხოვრებს,
აფრის დაშვება კვლავაც არ უნდა.

იყავ პოეტი და მეომარი,
იყავ მამაცი და იყავ ბრძენი!...
აი, ეს არის, რასაც შესწირე
სრულად პირველი სიცოცხლე შენი.

შენი მეორე სიცოცხლის ფასი
ახლა ვცანით და ახლა გავიგეთ,
შენს ნააზრევსა და ნაფიქრალში,
ყოველმა ერმა გზა რომ გავიგნეთ.

შენ მეგობრობის სიმბოლო იყავ,
რასაც საზღვარი არ გააჩნია,
რუსს, უკრაინელს და ქართველს შორის
ძმობას კვლავ შენი კვალი აჩნია.

* * *
მე, გონიერი, გამაოგნეს შენზე ფიქრებმა
და ჩემი ლექსიც ახლა მხოლოდ შენთვის ითქმება.

გულზედ ხანძარი მომიგზნე და ჩემს გულში მცხოვრებს
რად არ გახსოვს, რომ შენი სახლი ცეცხლში ინთქმება?!

გვედრი, ერთბაშად ჩამინავლო სიცოცხლის ალი,
თორემ ნელინელ წამებით და ტანჯვით მიქრება.

ან დამიბრუნდი, ანგელოზო, თორემ აწ სული,
გამიპარტახეს ბოღმისა და ეჭვის ჭინკებმა.

ან მითხარ მაინც - ვით ჩავსახო გულში იმედი?
ის, რაც დაიქცა სიყვარულით, რით შეიქმნება?

ვაგლახ, რომ ვიცი ჩემი გულის ზნე და ბუნება -
თუ ვინმე უყვარს, მარად მისი მონა იქნება.







ხოსრო შაჰანი 
خسرو شاهانی
(ირანელი მწერალი სატირიკოსი)
(1930-2002 წწ)



სახელმწიფო ნაგავი




იმხანად ჩვენი სახლი მთავარი გზიდან განშტოებულ ერთ მიგდებულ ქუჩაზე მდებარეობდა და ამ ვიწრო, მიყრუებულ შესახვევში დაახლოებით თოთხმეტი–თხუთმეტი ოჯახი ცხოვრობდა.
იმ ქუჩაზე ჩემს გადასახლებამდე, არ ვიცი, რა მიზეზით, ქუჩის შუაგული ნაგავსაყრელად იყო ქცეული და მეზობლებს ყოველ დილით, თითქოს რაღაც მოვალეობით პირი შეუკრავთო, თითო ვედრით ნაგავი და საოჯახო ნარჩენები მოჰქონდათ და სანაგვედქცეულ ადგილზე ყრიდნენ. ჩვენი უბნის მეეზოვესაც მოეძებნა იქამდე მოკლე გზა და იგივეს აკეთებდა, რასაც ხსენებული მეზობლები – სადაც კი რამე ნაგავს და ნაყარ–ნუყარ საგნებს შეაგროვებდა, ურიკით მოჰქონდა და ჩვენი ქუჩის ნაგავსაყრელზე ახვავებდა.
ერთი–ორჯერ მეზობლებს ვკითხე: "თქვენს ნაგავს და ნარჩენებს შუა ქუჩაში რატომ ყრით–მეთქი?"
მიპასუხეს: "ყველა ყრის და ჩვენც ვყრითო".
უბნის მეეზოვესაც ვკითხე: "შენ რაღად აგროვებ ნაგავს სხვა უბნებში და ჩვენს ქუჩაზე რატომ მოგაქვს?"
ასე მითხრა: "ჩვენ დავალებული გვაქვს, რომ ნაგავი ერთ ადგილზე დავაგროვოთ... მერე ქალაქის მმართველობის მანქანა მოვა და წაიღებს".
ჰოდა, წავედი და ქალაქის მმართველობის შესაბამისი უბნის განყოფილებაში განვაცხადე:
"ჩვენი ქუჩა ნამდვილ ნაგავსაყრელად არის ქცეული, ხალხის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საფრთხეშია, გაეცით განკარგულება, რომ ყველა სიბინძურე იქიდან მოაშორონ და ქუჩის მაცხოვრებლებიც გააფრთხილეთ, რომ იქ ნაგავი აღარ დაყარონ".
ასე მიპასუხეს: "ამ საქმეს თავისი წესი და რიგი გააჩნია და აკრძალულია თვითნებურად ამ ნაგვის გატანა. ჯერ უნდა სააუქციონო განაცხადი გავაკეთოთ, მერე სამჯერ გამოვაქვეყნოთ ეს განაცხადი მრავალტირაჟიან გაზეთში და თქვენი ქუჩის საყოფაცხოვრებო ნარჩენებში ვინც ყველაზე მეტ თანხას გადაიხდის, მას მივყიდითო ნაგავს".    
მომეჩვენა, რომ ასეთი პასუხით სურდათ დაუყოვნებლივ თავიდან მოეშორებინათ ჩემი მსგავსი მთხოვნელი და ესღა ვუთხარი:
"კარგი, მაგრამ სანამ აუქციონოს განცხადება დაიბეჭდება, უკიდურეს შემთხვევაში იმაზე მაინც იზრუნეთ, რომ ნაგვის გროვა და სიბინძურე სიგრძე–სიგანეში აღარ გაიზარდოს".
მათი პასუხი იყო: "ჩვენ უფლება არ გვაქვს სახელმწიფოს შემოსავლების ზრდას ხელი შევუშალოთო".
მუნიციპალიტეტიდან წამოვედი და რამდენიმე დღე სულ კბილების კრაჭუნით ვიკავებდი დუმილს. საუბედუროდ, ჩვენი სახლი ქუჩის ბოლოში იყო და არანაირი არჩევანი არ მქონდა საიმისოდ, რომ სხვა გზით მევლო და ამიტომაც დღეში რამდენჯერმე ჩავუვლიდი ხოლმე გვერდს ამ ნაგავსაყრელს, სადაც საჭმლის ნარჩენებზე დაგეშილი მაწანწალა ძაღლები და აუტანელი ბუზები მიმაცილებდნენ აქეთ-იქით; დამიჯერებთ, ალბათ, რომ ყოველთვის როცა იქ ჩავივლიდი, ნახევარ სიცოცხლეს ვკარგავდი და გულისრევის და თავბრუსხვევის შეგრძნებით ვიტანჯებოდი.
ერთხელაც წავედი, საღებავები და ფუნჯი ვიყიდე და შუა ქუჩაში ნაგავსაყრელის თავზე კედელს წავაწერე - „დაიწყევლოს იმის დედ-მამა, ვინც აქ ნაგავი დაყაროს და აქაურობა დააბინძუროს“.
მაგრამ არც ამ საშუალებამ გაჭრა, რადგან ღამით ქუჩის ბიჭები მოვიდნენ, კედელს კიბე მიადგეს და „დაყაროს“ გადააკეთეს ასე - „არ დაყაროს“, შედეგად კი მივიღეთ ის, რომ იმ დღის შემდეგ სხვა ქუჩების მაცხოვრებლებმაც გაიგეს, რომ ნაგავი სწორედ იქ უნდა დაყარონ და „კეთილშობილურ საქმეში“ წვლილის შესატანად ჩვენს ქუჩაზე მოდიოდნენ, თავის ნაგავი მოჰქონდათ და ნაგავსაყრელის გროვას ზემოდან ამატებდნენ.
ერთი-ორჯერ ქუჩის ბინადრებს თავი მოვუყარე, შუა ქუჩაში ორატორის ტრიბუნა დავდგი, შევდექი მასზე და სანიტარულ-ჰიგიენური სამსახურის ოფიციალური წარმომადგენელოვით იქ შეკრებილი მეზობლებისთვის ქადაგება დავიწყე იმის შესახებ, რომ ნაგვის დაყრა შეიძლება ნაირგვარი სნეულებების გავრცელების მიზეზი გახდეს, მაგრამ არც ამან გამოიღო შედეგი და ნაგავსაყრელის სიგრძე-სიგანე დღითიდღე კიდევ უფრო მატულობდა.  
ერთდღეს იმ უბნის ასაკოვან და დარბაისელ მცხოვრებთა ნაწილი შევკრიბე და მივმართე:
- მოდით, ფული შევაგროვოთ, ნაგავმზიდი მანქანა და რამდენიმე მუშა დავიქირავოთ, ეს ნაგავი ქალაქგარეთ გავატანინოთ და ერთხელ და სამუდამოდ გავთავისუფლდეთ ამ სიბინძურისგან.
მოხუცებმა ერთმანეთს გადახედეს, ერთი ისე წავიდა, რომ ხმაც არ ამოუღია, მეორემ კი თავი გაიქნია და სინანულით მითხრა:
- ბატონო ჩემო! ჩვენ იმ საქმეში არ ვერევით, რაც ჩვენ არ გვეხება. ეს ნაგავი სახელმწიფოს ეკუთვნის და მას პატრონი ჰყავს, ჩვენ ვერ გავბედავთ, რომ სახელმწიფო  ქონებას ხელი ვახლოთ. 
მე სიტყვა გავაწყვეტინე:
- როდიდან გახდა ნაგავი სახელმწიფოს კუთვნილება და ქონება?! სახელმწიფო თქვენ ნაგვის გამყიდველი გგონიათ, თუ რა?! - ეს რანაირი ლაპარაკია?! ამ ნაგვის გროვამ ჩვენ ცხოვრება გაგვიმწარა, სახელმწიფოს იმის დრო ჯერ არ აქვს, რომ ეს ნარჩენები გაიტანოს და თუ ამ საქმეს ჩვენ მოვაბამათ თავს, მადლობასაც კი გვეტყვიან; ყველა საქმის გაკეთებას სახელმწიფოსგან ხომ არ უნდა ველოდეთ...
მოხუცებმა ასე მიპასუხეს:
- ჩვენ აუტკივარ თავს არ ავიტკიებთ და არც იმის დრო და ნებისყოფა გვაქვს, რომ სახელმწიფო ინსტანციებში კარდაკარ  ვიაროთ და საქმე ვარკვიოთ; შენ მარტო თუ შეძლებ ამის მოგვარებას, წადი და მოაგვარე.
მივხვდი, რომ მათ ვერაფრით დავიყოლიებდი და ვკითხე:
- მე თუ მოვახერხე ის, რომ ეს ნაგავი ამ ქუჩიდან გავატანინო, თქვენ მპირდებით, რომ აქაურობას აღარ დაანაგვიანებთ?
დამთანხმდნენ: 
- თუ არავინ დაყრის, ჩვენც აღარ დავყრითო.
ჰოდა, წავედი, ას თუმნად ნაგვის მანქანა და სამი-ოთხი მუშა დავიქირავე და ორიოდე საათში ქუჩაში ნაგვის ჭაჭანება აღარ იყო.... მერე იქაურობა დავაგვევინე, წყალიც მოასხურეს აქეთ-იქით და ჩვენმა ქუჩამ თავისი პირვანდელი სახე დაიბრუნა; ქუჩის ბინადრებმაც როცა ნახეს, რომ გზა გასუფთავდა, აღარც ძაღლები დაწანწალებდნენ და აღარც კოღო-ბუზის სახსენებელი იყო სადმე, დიდად მადლიერნი დარჩნენ და მას შემდეგ, ღმერთი-რჯული, შუა ქუჩაში ნაგავი აღარავის დაუყრია.
* * *
ამ ამბიდან ოციოდე დღის შემდეგ, სამსახურში რომ მივდიოოდი, დავინახე ერთ სახლთან, ქუჩის შუა ნაწილში ვიღაც ჩინოვნიკი იდგა და მეზობლის პატარა გოგოს ეკითხებოდა:
- მაშ, ვინ გაიტანა აქედან ნაგავი?
- მე რა ვიცი, ვინ გაიტანა - უპასუხა გოგონამ.
მე ცნობისმოყვარეობამ დამძლია, გავჩერდი და ყური მივუგდე. ამასობაში ეზოს კართან გოგონას დედა მოვიდა და ჩინოვნიკს უთხრა:
- „ღმერთმანი, ჩვენ არაფერ შუაში ვართ, უფროსო! რამდენიც არ ვუთხარით იმ ბატონს - „ნუ იზამ ამას“ - ყურადღება არ მოგვაქცია - „თქვენი საქმე არ არისო“.
ჩინოვნიკმა წარბი შეიკრა და მრისხანედ იკითხა: - „სად არის მისი სახლი?“
გოგონას დედამ კარის ჩარჩოდან თავი გამოყო, მზერით მიანიშნა ჩემი სახლისკენ და უპასუხა: - „აი იქ, ქუჩის ბოლოშია - მერე მეც დამინახა და კმაყოფილებით შესძახა - აი, აქ რომ დგას, ეს კაცია“.  
ჩინოვნიკმა სახე ჩემსკენ შემოაბრუნა, მკაცრად შემომხედა და მკითხა: - „აქედან ნაგავი თქვენ გაიტანეთ?“
მე დავეთანხმე: - „დიახ-მეთქი“
ჩინოვნიკმა თავიდან ფეხებამდე ჩამათვალიერა და ისევ მკითხა: - „ვისი ნებართვით?“
- „რა ნებართვა სჭირდებოდა ამას, ბატონო?! შუა ქუჩაში ნაგვის და სიბინძურის გროვა ეყარა... ჰოდა, მე ვუთხარი მუშებს და წაიღეს...“
- „სადწაიღეს?“ 
- „რა გითხრათ, აბა?! არ ვიცი...“
- „როგორ თუ რა მითხრა?! არ იცი, ნაგავი სად წაიღეს?“
- „მე საიდან უნდა ვიცოდე, უფროსო?! მძღოლმა წაიღო სადღაც...“
ჩინოვნიკმა დოინჯი შემოიყარა და დამიბღვირა: - „რატომ ისულელებ თავს?! ხაზინის კუთვნილი ქონება მიიტაცე, სახელმწიფო ნაგავი წაიღე და გაყიდე... ფული ჯიბეში ჩაიჩხრიალე და ახლა მე აქ მასხარად მიგდებ?“
მომეჩვენა, რომ იმწუთს ან ის ჩინოვნიკი ვერ იყო თავის გონებაზე ან მე და მღელვარება ვეღარ შევიკავე: - „ბატონო ჩემო! რატომ კადრულობთ ასეთი რამის თქმას?! რომელ სახელმწიფო ქონებაზე მელაპარაკებით?! რა გავყიდე?! მე თვითონ ასი თუმანი გადავიხადე ჩემი ჯიბიდან, რომ ნაგავი გაეტანათ და ქუჩა სუფთა ყოფილიყო...“
ჩინოვნიკმა ბლოკნოტი ამოიღო, მე ვინაობა გამომკითხა, საგულდაგულოდ ჩაინიშნა და წავიდა, მეც ჩემი სამსახურის გზას დავადექი.
* * *
მეორე დილით ისევ ის ჩინოვნიკი დამადგა სახლში და ქალაქის სამმართველოში თავის უფროსთან წამიყვანა... ოთახში რომ შევედით, ის უფროსი ერთხანს რაღაც საბუთებს აწერდა ხელს, მერე თავი აწია, მე შემომხედა და ჩინოვნიკს გადაულაპარაკა: - „ეს არის ის კაცი, ვინც სახელმწიფო ნაგავი მიითვისა და შეჭამა? ესაა?!“
მე ჩინოვნიკს არ დავაცალე პასუხის გაცემა და თავად ჩავეჭერი მათს საუბარს: - „რას ბრძანებთ, ბატონო?! ვინ შეჭამა სახელმწიფო ნაგავი?! ნუთუ მე ვგავარ ნაგვისმჭამელ კაცს?!“
სახელმწიფო მოხელემ ჩაიღიმა და მითხრა: - „არა, ნაგვის ჭამას მე თქვენ არ გაბრალებთ... აი, ნაგვის გაყიდვა და ნაშოვნი ფულის ჭამა და გაფლანგვა კი  შეგიძლიათ... გთხოვთ  დაბრძანდეთ“.
ჩამოვჯექი და თავაზიანად განვაგრძეთ საუბარი.
- „აბა, ახლა მომიყევით, სად წაიღეთ ის ნაგავი?“ - მკითხა დიდმა ჩინოვნიკმა.
- „გუშინ თქვენს ხელქვეითს უკვე ვუთხარი, რომ არ ვიცი სად წაიღეს ის ნაგავი; მხოლოდ ის ვიცი, რომ ასი თუმანი გადავუხადე მძღოლს და წაიღო...“
ჩემმა თანამოსაუბრემ სიგარეტს მოუკიდა, გააბოლა და მითხრა: - „ის თუ იცოდით, რომ ეს საყოფაცხოვრებო ნარჩენები და ნაგავი სახელმწიფოს კუთვნილებაა და, ჩვენი სპეციალისტების გამოთვლების თანახმად, თქვენ შვიდი ათასი თუმანის ღირებულების სახელმწიფო ქონება უნებართვოდ გაყიდეთ? - და არ დამაცალა პასუხის გაცემა, ისე დამცეცხლა - ამას ჰქვია სახელმწიფო ქონების მიტაცება, ამას ჰქვია ხაზინის ქურდობა... ახლა გაიგეთ?“
უცებ ვიგრძენი. რომ საფეთქლები დამებერა, ტვინში სისხლი ამივარდა და ლამის გონება დავკარგე... „ანუ რა? - ვუთხარი საკუთარ თავს - რა ჩავიდინე ეს?! ხომ ვარ ახლა ღირსი სახელმწიფოს ქონების გაფლანგვისთვის დამიჭირონ და ციხეში ჩამსვან?“ - ბოლოს ბოდიშს მოხდით მივმართე მოხელეს:
- „ ბატონო! იქნებ მითხრათ რას ვიმსახურებ ახლა ჩადენილი დანაშაულის გამო?“
- „რას და... ჩვენ გვაქვს კანონი... კოდექსი... პარაგრაფები....“
- „დიახ, დიახ... ვიცი...“
- „ჰოდა, 247856-ე მუხლის მესამე პარაგრაფის „ბე“ პუნქტის თანახმად, თქვენი საქციელი განისაზღვრება, როგორც სახელმწიფო ქონების უკანონო მითვისება.
- „რა ვქნა ახლა მე?! როგორ მოვიქცე, რა წყალში ჩავვარდე?!“ - დავიწყე წუწუნი, მაგრამ დიდმა ჩინოვნიკმა შემაჩერა და მითხრა:
- „ახლა შევავსებთ თქვენს მონაცემებს და საქმეს პროკურატურაში გადავგზავნით, მაშ!“
„ღმერთო, ჩემო! ეს რა ჩავიდინე?! რა ძალა მედგა, რომ სახელმწიფო ქონებას ხელი დავაკარე?!... ეს დაწყევლილი ნაგავი და სიბინძურის გროვა წლების განმავლობაში იქ ეყარა და მე რატომ ჩავყავი ცხვირი იმაში, რაც ჩემი საქმე არ იყო?! რომელი ჩინოვნიკი ან რომელი მოსამართლე და უფლის მოციქული მე ვიყავი, რომ სხვებზე მეტად გამოვიდე თავი?! ეს რა ჩავიდინე?! რა ძალა მედგა...“.
ბოლოს, როგორც იქნა, ხმა ამოვიღე: - "ბატონო უფროსო! ახლა იქნებ ცოტა დრო მომცეთ, რომ სახელმწიფოსთვის განკუთვნილი ნაგვის ოდენობა სადმე მოვაგროვო და თავის ადგილზე დავაბრუნო?"
სახელმწიფო მოხელემ თვალები დამიბრიალა: - "განა ყველა ნაგავი სახელმწიფო ნაგავია?! სახელმწიფო საქმე შენ ხუმრობა ხომ არ გგონია?!“
არც მე დავიხიე უკან: - "ბატონო ჩემო! ასე ძალიან რატომ მედავებით? რა განსხვავებაა - ნაგავი ნაგავია..."
დიდმა ჩინოვნიკმა დამიღრიალა: - "არავითარ შემთხვევაში! თუ შეგიძლია, ოცდაოთხი საათის განმავლობაში სწორედ ის საყოფაცხოვრებო ნარჩენები მოძებნეთ და თავის ადგილზე დააბრუნეთ, თუ არა და ვალდებული ვიქნები თქვენი საქმე პროკურატურას გადავცე“.
ასე და ამრიგად გადაწყდა, რომ ხვალ ნაგავი უნდა დამებრუნებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში პროკურატურა წამიყენებდა ბრალს... 
* * *
მუნიციპალიტეტის შენობიდან გამოვედი, სიგარეტი გავაბოლე და უმისამართოდ გავუყევი გზას, თავში კი ათასგვარი აზრი მიტრიალებდა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მომეძებნა გამოსავალი შექმნილი მდგომარეობიდან: "სახელმწიფო ნაგავი! რომ მცოდნოდა, იმ ნაგავს ასეთი პატრონი ჰყავდა, განა თითს დავაკარებდი?! მე მეგონა, კეთილ საქმეს ჩავიდენდი, სისუფთავეს და ჰიგიენას დავიცავდი, ხალხსაც სამსახურს გავუწევდი და ქალაქის მმართველობასაც შევეშველებოდი ქალაქში წესრიგის  დამყარებაში... რას ვიფიქრებდი, თუ ასე შემობრუნდებოდა საქმე?! იმ დღეს, როცა მუნიციპალიტეტში მითხრეს, რომ ნაგავი აუქციონზე უნდა გაიტანონ და გაზეთებში განცხადება გაავრცელონ ამ აუქციონის თაობაზე, ჩავთვალე, რომ მეხუმრებოდნენ, მაგრამ ვაი!... სახელმწიფოს მოხელეები თურმე არასოდეს ხუმრობენ....“
ამ ფიქრებით იმ გარაჟის გზას დავადექი, სადაც ოცი დღის წინ მანქანა დავიქირავე... მინდოდა იმ მანქანის მძღოლი მენახა და მეკითხა - სად წაიღო ჩვენი ქუჩიდან ის წყეული ნაგავი. იქ ჩემი ნაცნობი მძღოლის ამბავი რომ ვიკითხე, ასე მითხრეს: - "ერთი კვირის წინ მას გარაჟის გამგესთან ჩხუბი მოუვიდა, სამსახურს თავი დაანება და ახლა სადღაც სამხრეთში საბარგო მანქანაზე მუშაობს, მაგრამ მისი მისამართი არავინ იცისო".
დავბრუნდი ისევ სახლში იმ იმედით, რომ მეზობლები დამეხმარებოდნენ და პირველივე ნაცნობს მივადექი: - "თუ გახსოვთ, ამ ოციოდე დღის წინ პატარა სამსახური გავუწიე ამ ჩვენს ქუჩას და აქ რომ ნაგავი ეყარა, ჩემი ხარჯით ქალაქგარეთ გავიტანინენ...."
- "დიახ, დიახ - მიპასუხეს - ძალიან დიდი მადლობელი ვართ თქვენი და, როგორც ხედავთ, ჩვენც ვასრულებთ პირობას და ნაგავს იქ აღარ ვყრით".
- "მეც მადლობელი ვარ თქვენი - ვუპასუხე - მაგრამ ახლა ერთი პრობლემა წარმოიშვა - სახელმწიფო ჩემგან ითხოვს თავისი კუთვნილი ნაგვის ადგილზე დაბრუნებას; იქნებ ახლა თქვენ დამეხმაროთ და ყველა ოჯახიდან ერთი-ორი ვედრო ნაგავი გამოიტანოთ და მე მომცეთ, რომ წავიღო და ისევ შუა ქუჩაში დავყარო და ამით ჩემს თავს რამე ვუშველო".    
ასე მითხრეს: - "ჩვენ სიტყვის ხალხი ვართ და პირობას ვერ დავარღვევთო".
- "კარგი... კარგი.... მეც პატივს ვცემ თავისი სიტყვის  პატრონ ხალხს, მაგრამ სახელმწიფო ახლა მხოლოდ შვიდი ათასი თუმნის ანაზღაურებას კი არ მედავება, არამედ დაპატიმრებასაც მიპირებენ; ამიტომაც ჩვენი მეგობრობის და მეზობლობის ხათრით გთხოვთ - ღვთის გულისთვის. თითო ვედრო ნაგავი მასესხეთ და ერთი კვირის შემდეგ უკლებლივ უკან ჩაგასესხებთ".
ერთმა მეზობელმა ცხვირწინ კარი მომიჯახუნა და მითხრა: - "ჩვენ გასასესხებელი ზედმეტი ნაგავი არ გვაქვსო", მეორე მეზობელმა ჭკუის დარიგება დამიწყო: - "ტვინი უნდა გქონოდა და იმ საქმეში ცხვირი არ ჩაგეყო, რაც შენ არ გეხებოდა; შენ რა გგონია, ჩვენ ბრმები ვიყავით და ვერ ვხედავდით ნაგავს?! მაგრამ ჩვენ კარგად გვესმოდათ, რაც მოჰყვებოდა ამ საქმეს... ჰოდა, შენ მოაბი ამ საქმეს თავი და შენვე აგე პასუხი..."
* * *
"ღმერთო ჩემო! რა ვქნა?! იმდენი ნაგავი და ნარჩენები სად ვიშოვო, რომ შუა ქუჩა გავავსო?!" - ამ მწარე ფიქრებში ჩაძირულმა კითხვა-კითხვით მივაკვლიე ქალაქგარეთ ნაგავსაყრელს, იქ კი რამდენიმე ვაჭარი და გლეხი დავინახე, რომლებსაც ნაგავი და ნაკელი შეეგროვებინათ ნიადაგის გასანაყოფიერებლად და ბევრი ხვეწნის შემდეგ დავითანხმე ორმოცი თუმნის საფასურად დაეთმოთ ეს ნაგავი ჩემთვის; ავკიდე ეს ავლა-დიდება სახედარს და იმ სახედრის პატრონთან ერთად ჩვენი ქუჩისკენ წამოვედი... დავცალეთ ნაგვით სავსე ტომრები იქვე, სადაც ადრე სახელმწიფოს კუთვნილი სანაგვე იყო მოწყობილი და სახედარი თავისი პატრონიანად ჯერ თვალსაც არ იყო მიფარებული, რომ უცებ დავინახე ჩემსკენ მომავალი სათვალიანი და იღლიაში პორტფელამოჩრილი კაცი, რომელიც გაჯგიმული ნაბიჯებით ჩემსკენ მოდიოდა და როგორც მომიახლოვდა, მაშინვე მრისხანედ მითხრა:
- რატომ აბინძურებ გარემოს, რას ყრი მანდ?!   
- არაფერია, ბატონო! სახელმწიფო ნაგავს, რომელიც მე მოვიპარე, უკან ვაბრუნებ თავის ადგილზე.
- სახელმწიფო ნაგავი რა არის, კაცო?! - (არა, მან უფრო სხვა სიტყვებით დამახასიათა, რასაც აქ ვერ დავწერ) -  შენ ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხეში აგდებ და არავინ იცის კიდევ რა ბნელი აზრები გაწუხებს და თანაც გინდა, რომ ეს ყველაფერი სახელმწიფოს გადააბრალო?!
მეც ვეღარ შევიკავე სიბრაზისგან თავი და შევყვირე: - "საერთოდ ვინ ხარ შენ, რომ ასე მელაპარაკები?!"
ასე მითხრა: - "მე ჯანმრთელობის სამინისტროს მთავარი ინსპექტორი ვარ და მევალება. რომ გამოვავლინო ყველა ის პირი, ვინც ნაგავს ყრის ქუჩაში, დავაჯარიმო ისინი და მათი საქმე საგანგებო ორგანოებს გადავცე".
"მგონი, მეორე შარში გავყავი თავი" - გავიფიქრე, ინსპექტორმა კი მშვიდი ტონით განაგრძო: - "ახლა ეს ნაგავი ისევ იმ ტომრებში ჩაყარე, აჰკიდე სახედარს და წაიღე იქ, საიდანაც მოიტანე; მერე მოხვალ ჩემთან სანიტარულ ინსპექციაში და იქ გავარკვევთ შენს ნამდვილ მიზანს და განზრახვას".
ყელში ბურთი მომაწვა, თვალები ცრემლით ამევსო და ინსპექტორს შევევედრე: - "ბატონო! ვაი ჩემს თავს... მხოლოდ ოცდაოთხი საათი მსქვს საიმისოდ, რომ ჩემს მიერ მოპარული სახელმწიფო ნაგავი მოვაგროვო და ადგილზე დავაბრუნო და აგერ, უკვე ორმოცი თუმანი გადავიხადე აქ მოსატანად..."
ისევ დამიბღვირა: - "შენ მე ზღაპრებს ნუ მიყვები; არ მაინტერესებს, რამდენი გადაიხადე! სახეზე გატყობ, რომ შენ რაღაც დივერსიული ორგანიზაციის წევრი ხარ და დავალებული გაქვს აქ ნაგვის დაყრით და მიკრობების გავრცელებით ადამიანებს შორის მწვავე ინფექციური დაავადებების გავრცელება გამოიწვიო; მე ვალდებული ვარ ეს ამბავი ვაცნობო შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს და ისინი მიიღებენ შენს მიმართ ზომებს შენი დივერსიული და ძირგამომთხრელი ქმედებების გამო; ახლა კი აკრიფე ეს ნაგავი აქედან, ჩქარა!" 
ჩემმა ხვეწნა-მუდარამ არანაირი შედეგი არ გამოიღო. ინსპექტორმა იმ ნაგავ-ნაკელის მცირეოდენი ნაწილი ნიმუშის სახით ცხვირსახოცში გაახვია, რათა ლაბორატორიაში გაერკვიათ, თუ რა სახის მიკრობებით ვაპირებდი ადამიანთა შორის ეპიდემიის გამოწვევას და მათი სიცოცხლის ხელყოფას... მერე მთელი ნაგავი ისევ ტომრებში ჩამაყრევინა და იმავე სახედრით წამაღებინა იქ, საიდანაც მოვიტანე და ამაშიც დამატებით ორმოცდაათი თუმანი გადავიხადე... ბოლოს კი  სანიტარული ინსპექციისკენ გავუდექი გზას.
* * *
სანიტარულ ინსპექციაში დამკითხეს და დაახლოებით 15-16 გვერდიანი საქმე შეკერეს იმის თაობაზე, რომ ნაგავს ვყრიდი ქუჩაში და ამით იქ მაცხოვრებელთა ჯანმრთელობას სერიოზულ საფრთხეს ვუქმნიდი...  და ხუთასი თუმნითაც დამაჯარიმეს! მერე ხსენებული ინსპექტორის მიერ წამოღებული ნიმუში საგულდაგულოდ შეფუთეს და შესაბამის ლაბორატორიაში შესასწავლად და დასკვნების გამოსატანად გადააგზავნეს... იქ უნდა გაერკვიათ, თუ რა სახის მიკრობებს შეიცავდა ჩემს მიერ დაყრილი ნაგავი და აქედან გამომდინარე რომელი ბანდის წევრი ვიყავი და რომელი უცხო სახელმწიფოს დავალებით ვახორციელებდი ჩემს ბაქტერიოლოგიურ დივერსიას და ძირგამომთხრელ  საქმიანობას. ამასთან ერთად ჩამომართვეს ხელწერილი, რომ გამოძიების დამთავრებამდე ქალაქის ფარგლებს არ დავტოვებდი და არსად მივიმალებოდი.
ასე და ამრიგად მივენდე ჩემს ბედისწერას, რადგან არც ის შემეძლო, რომ სახელმწიფო ნაგავი უკან დამებრუნებინა და არც იმდენი ფული მქონდა, რომ ვინმესთვის მიმეცა, მეთქვა - შევცდი-მეთქი... 
"რაც უნდათ, ის ქნან! მე მეტი აღარ შემიძლია" - ამ გადაწყვეტილებით წამოვედი სახლში.
* * * 
ამასობაში სამი მტანჯველი თვე გავიდა, რომლის აღწერაც ჩემს ძალებს აღემატება და ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ ერთი სახელმწიფო დაწესებულება იკვლევდა იმას, თუ რა მიზნით მოვიპარე და შევჭამე მათი კუთვნილი ნაგავი, ანუ სად წავიღე, ვის მივყიდე და მერე სად დავაბანდე მიღებული თანხა და ამის გამო დამეკისრა შვიდი ათასი თუმანი ჯარიმის გადახდა... მეორე დაწესებულება, ანუ სანიტარული ინსპექცია კი ადგენდა დოკუმენტაციას იმის გასარკვევად, თუ რა ბაქტერიოლოგიური იარაღით ვაპირებდი ნაირგვარ სნეულებათა გამოწვევას, რათა შემდეგ სხვა ორგანოებში გაერკვიათ ჩემი ჯაშუშობის საკითხი.
დიახ, სამი თვე გავიდა და საბოლოოდ ასეთი შედეგი მივიღე: შვიდი ათასი თუმანი ხომ გადავიხადე, ამას დაემატა ის, რომ მთელი ჩემი ქონება აუქციონზე გაყიდეს და კიდევ სამი ათასი თუმნის გადახდა დამეკისრა ყოველთვიურად სახელმწიფოსთვის მიყენებული მორალურ-მატერიალური ზარალისთვის მანამ, სანამ საბოლოოდ არ დადგინდება, რომელი დივერსიული ჯგუფის წარმომადგენელი ვარ და რომელი ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ვმოქმედებდი.... ღმერთმა იცის, როდის გაარკვევენ ამას! ყველაზე აუტანელი კი ის არის, რომ ქუჩაში ჩემს დანახვაზე მეზობლები ჩემსკენ იშვერენ ხელს და ერთმანეთს ეუბნებიან:
- "ერთი ამას შეხედეთ! 50 ათასი თუმნის სახელმწიფო ქონება მოიპარა და შეჭამა და ისე დადის, თითქოს არაფერი დაუშავებია... ნაბიჯის გადადგმაც რომ არ ეშლება?! ვინმემ რომ უთხრას, თვალსზევით შავი წარბი გაქვსო, ალბათ, გაბრაზდება კიდეც... ამას ჰქვია თაღლითი კაცი! ასე უბრალოდ ნუ უყურებთ - რაც მიწის ზემოთ ჩანს, სამი იმდენი ქვემოთაა....“