უილიამ შექსპირი

William Shakespeare

(1564–1616 წწ)

2004 წელს გამოცემული
60 სონეტის გარეკანი

















ახალი წიგნის წინასიტყვაობა

მთარგმნელ-შემდგენლის
ერთი რჩევა
შექსპირის სონეტების მოყვარულთათვის



(2014 წელს გამოცემული სონეტების სრული ვერსიის გარეკანი)

შექსპიროლოგიაში და ზოგადად შექსპირის შემოქმედებით დაინტერესებულ მკითხველთა შორის (...რომ აღარაფერი ვთქვათ სნობებზე) გავრცელებულია დაახლოებით ასეთი აზრი - რომ არაფერი დაეწერა შექსპირს 154 სონეტის გარდა (იგულისხმება, რა თქმა უნდა, მისი პიესები), იგი მაინც იქნებოდა კაცობრიობის უპირველეს პოეტთა შორის უპირველესიო...
კატეგორიულად არ ვიზიარებ ამ აზრს და ვამტკიცებ საწინააღმდეგოს _ შექსპირს პიესები რომ არ დაეწერა, მისი სონეტების არსებობა შეიძლება არავის სცოდნოდა, ლიტერატურის საგანგებო სპეციალისტების გარდა.
დიახ!!!
საქმე იმაში გახლავთ, რომ უილიამ შექსპირის სონეტები არის არა ლირიკის, როგორც ასეთის, ნიმუშები, არამედ თითოეული მათგანი წარმოადგენს ერთ დასრულებულ დრამატურგიულ მინიატურას, ასე ვთქვათ - მინი-პიესას, რასაც გააჩნია ყველა ის სასცენო მოთხოვნილება, და პირველ რიგში _ სიტყვებში ჩაქსოვილი მოქმედება, რაც დრამატულ ქმნილებას აუცილებლად სჭირდება. ვიცნობ რა, შეძლებისდაგვარად, შუა საუკუნეების სპარსელი პოეტების შემოქმედებას და ვეცნობი (...და ვთარგმნი) რა, ამჟამად დიდი იტალიელი პოეტების ნაწარმოებებს, ნათლად ვრწმუნდები იმაში, რომ შექსპირი, როგორც ლირიკოსი, ახლოსაც ვერ მივა თავისი პოეზიის სრულყოფილებით თუნდაც ჰაფეზთან ან პეტრაკასთან... ამ უკანასკნელთათვის მთავარი იყო ემოცია (...და ეს გახლავთ ლირიკის შექმნის წინაპირობა), შექსპირი კი, თანამედროვე ენით რომ ვთქვა, “ექშენით” (ქმედებით) უფრო იყო დაინტერესებული და ისეთი შთაბეჭდილებაც კი რჩება, რომ იგი სონეტებს თხზავდა, ასე ვთქვათ, როგორც სავარჯიშოებს დიდი დრამატურგიული ნაწარმოებების შექმნის წინ ან მსვლელობისას... ანუ “რეპეტიციას გადიოდა”, როგორც ეს თეატრალური სამყაროს წარმომადგენლებს სჩვევია. ნახეთ თუნდაც 143-ე სონეტი და დაინახავთ არა მარტო თეატრალურ წარმოდგენას, არამედ კინოფილმივით გაილვებს თქვენს თვალწინ ქალი, რომელიც ქათამს დასდევს გარკვეული მიზნით... სანამ თქვენ ამ სონეტს კითხულობთ, მე ჩემთვის ჩავილაპარაკებ, რომ უკვე ხსენებული ჰაფეზის ყაზალებში ან პეტრარკას სონეტებში სადმე ქათმის მადევარი ქალი რომ გამოჩენილიყო, მერწმუნეთ, მათი თანამედროვენი, რბილად რომ ვთქვათ, უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, შექსპირთან კი ეს სავსვებით ბუნებრივად გამოიყურება...
აი, ამის თქმა მსურდა წინასიტყვაობის სახით, ოღონდ:
ყოველივე ზემოთქმული არ უნდა აღვიქვათ ისე, რომ შექსპირის სონეტებს ლიტერატურული ღირებულება არ გააჩნია... პირიქით _ მან თავისი “სავარჯიშოებით” ბოლო მოუღო ანტიკური ეპოქიდან რენესანსში გადმოსულ სწორხაზოვანი ჭეშმარიტებებით მანიპულირებას,  შეიძლება ითქვას _ ბიბლიურ ესთეტიკასაც კი და პარადოქსული აზროვნებით ფაქტიურად დასაბამი მისცა ახალ ლიტერატურულ ცნობიერებას, რაც დღემდე განაგრძობს შექსპირულ სამყაროში ტრიალს და, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს ვერ დააღწევს თავს, თუ საერთოდ საჭიროა მისგან თავის დაღწევა.... ეს უკვე სხვა თემაა და მასზე სერიოზული მსჯელობაა საჭირო, ჩვენ კი ამჯერად იმით შემოვიფარგლებით, რომ კიდევ ერთხელ გავუსვამთ ხაზს რჩევას:
შექსპირის ყოველი სონეტი წაიკითხეთ, როგორც ერთი პატარა სატრფიალო-ტრაგიკული (...ზოგჯერ კი კომიკური) პიესა და შეეცადეთ გონების თვალით წარმოიდგინოთ თეატრი და, როგორც, რეჟისორმა თავად დადგათ ეს მინიპიესა თქვენს ვირტუალურ სცენაზე... წარმოსახვაში!
* * *
წიგნი ეძღვნება გენიალური ინგლისელი პოეტის დაბადების 450 წლისთავს.



1
მემკვიდრეს უნდა გვიტოვებდეს მამრი თუ მდედრი,
კოკორმა უნდა მიიბაროს ვარდის მშვენება
და რადგან ყველას გზას მოუჭრის სიკვდილის ხვედრი,
შვილებში უნდა გრძელდებოდეს მშობლის ხსენება.
შენ კი გწადია, მარად შეგრჩეს სიტურფე თვალთა,
გსურს, შენივ ცეცხლით გამოკვებო დროის სახმილი,
გინდა ხრიოკეთს დააბერტყო სიუხვის კალთა
და, როგორც მტერმა, საკუთარ სულს ჩასცე მახვილი.
დღეს შენ ამშვენებ ამ სამყაროს, ვით ხატი ტაძარს,
ხარ წარმავალი გაზაფხულის ზღვა უნაპირო,
ხვალ კი ჩააცმევ შენს სიტურფეს ჟამთასვლის ძაძას
და სამარისკენ წარიტაცებ... ნაზო ნადირო.

იყავ მოწყალე და ნუ ელი ჟამთა აღვსებას,
ნუ აჭმევ მიწას წუთისოფლის კუთვნილ არსებას.

2
ორმოცი ზამთრის ტყვეობაში რომ ჩავარდები,
შენს შუბლს ორმოცი ნაოჭი რომ დათხრის, დაღარავს,
რომ გადაფარავს შენს ყვავილნარს ეკალ-ბარდები
და არ მოხიბლავს აღარავის... არსად... არღარას,
მაშინ გკითხავენ - "ის მშვენება სად გადამალე,
საით გაქრაო საგანძური ყმაწვილურ ფერთა?"
იტყვი - "თვალების სიღრმეებში დავასამარე!..." -
და ეს მოიტანს გაუგონარ დაცინვას შენთან.
შენს სილამაზეს მიეგება მეტი ღირსება,
თქმა რომ შეგეძლოს - `ეს არსება შვილია ჩემი,
მას გადაეცა ყველა ჩემი ზნე და თვისება,
იგია ჩემთვის სიბერის ჟამს ნუგეშისმცემი~.

როცა ბერდები და სიცოცხლე ახალ სისხლს ითხოვს,
შვილს შეხედავ და კვლავაც იგრძნობ სხეულში სითბოს..

3
შეხედე სარკეს და უთხარი შენსავ ორეულს,
რომ დროა, ქვეყნად მისი მსგავსი იშვას არსება,
რომ ამ სამყაროს, დედობრივად გრძნობამორეულს,
მარად შეეძლოს განახლება და დამსგავსება.
თანამეცხედრედ ნუთუ ვერსად ვერ ხედავ ვერცერთს,
ყამირ მიწაზე ნუთუ არ გსურს გაჭრა სავალი,
ან ეგებ გიჯობს, ეგ სხეული სამარედ გექცეს
და ჩაკლა მასში არშობილი შთამომავალი.
შენ შენი დედის სარკე ხარ და ის შენში ხედავს
ჟამთა წიაღში გადაპენტილ თავის აპრილებს,
მაშ, შენც ჩახედე შვილის სარკეს, სანამ შენს ცხედარს
დრო არყოფნაში გარიყავს და გაინაპირებს.

და თუ მეწყვილედ კვლავაც არვინ გაგეტოლება,
ისე მოკვდები, მომგონიც კი არ გეყოლება.

4
ასე გულუხვად ნაბოძები შენი მშვენება,
ნუთუ გგონია - გასაფლანგი საგანძურია?
ბუნებას მისი მონიჭება სესხად ენება
და ვალის უკან დაბრუნებაც უხვად სწყურია.
ასეთ სიტურფეს, ასე ხარბად ნაზიარები,
მარტო რომ იხმარ, ნუთუ არ გსურს, სხვაც აზიარო?
ნუთუ ცხოვრებას დაუგმანო უნდა კარები
და ქვეყნად, კი არ იარსებო, გზად ჩაიარო?
სილამაზესთან ჭიდილში რომ იღვრები ოფლად,
რომ მოგეძალა საკუთარი თავის ცდუნება,
ნუთუ არ ნაღვლობ, რას დატოვებ ამწუთისოფლად,
როს ანგარიშთა გასწორებას მოგთხოვს ბუნება?

თუ სამომავლო არ ისურვე დროთა შენება,
დაიმარხება შენთან ერთად შენი მშვენება.

5
დრო აქანდაკებს წუთისოფლის სანახაობებს,
დრო ქმნის სიცოცხლეს, ვით სჩვევია ნატიფ ხელოვანს,
მერე თავს ესხმის თავისსავე შექმნილ რაობებს
და გზად ახვედრებს სისასტიკეს მრავალფეროვანს.
დროის საშოში ნაალერსებ ლამაზ მაისებს
დროის საფლავში დეკემბერი ჩაენაცვლება,
მკვდარი სიტურფით ჟამთასრბოლა უბეს აივსებს,
გაუსაძლისი მწუხარება საზღვარს გასცდება
და მხოლოდ ბროლის თხელ კედლებში გამოკეტილი
ნაზი ვარდების სურნელება სუნამოისა
დარჩება ხსოვნად, რომ დრო-ჟამი იდგა კეთილი
და რომ დროებით ნაშენები დროით მოისრა.

დაე, სიკვდილი იყოს სენი განუკურნელი,
ბროლის კედლებში დარჩეს ოღონდ ვარდის სურნელი.

6
ნუ მისცემ ზამთარს შენს ბაღნარში შემოსვლის ნებას,
სანამ გაზაფხულს ვარდები არ აჰყვავებია,
სანამ საგანძურს გამიზნულს არ მიუჩენ დებას,
სანამ მომავალს გზა-სავალი არ დასწყებია.
ვით სადმე ვინმე მევახშეა, რომ გასცემს სესხად
თავის სიმდიდრეს, მოგებას რომ უხვად ეწიოს,
შენი სიცოცხლე გასესხებით მიეცი შენც სხვას,
რომ სარგებელი ერთი ათად უკან გეწვიოს,
რომ ათჯერ უფრო ბედნიერი და ღირსეული
ათი მემკვიდრით შეედარო საწუთროს გამჩენს,
რომ შენ სიკვდილმა გამოგტაცოს მხოლოდ სხეული
და შენს შვილებში ათჯერ მეტი სახელი დაგრჩეს.

...და თუ არავის უწილადე სიტურფის მადლი,
შვილის სანაცვლოდ გეყოლება სამარის მატლი.

7
აგერ, მნათობმა გაახილა ზეცაში თვალი,
ამოაფრქვია აღმოსავლეთს სხივთა მძივები,
მერე თვისსავე სინათლეში მოხატა კვალი,
საწუთროს თაღზე სიდიადით ნალივლივები.
მერე შუადღის დაბრძენებით დამშვენებულმა,
ვეღარ მოირგო ყმაწვილური ვნება-სურვილი
და, ვით მოკვდავმა, სილაღეში თავაშვებულმა,
კვლავაც განაგრძო გზა-სავალი ოქროცურვილი.
მერე დაეშვა... ვეღარც ყელი მოიღერა და
გარდუვალობას ვეღარც ასცდა ბნელი ქაოსის,
სადღაც მიღმიერ სამყაროსკენ ტყორცნა მზერა და
ვეღარაფერი მოიტოვა სააქაოსთვის.

შენც, ვით მნათობმა, არ მიანდო გზას სიმარტოვე
და სიკვდილამდე ერთი შვილი მაინც დატოვე.

8
ნეტავ რას ნაღვლობ, როცა ანდობ მუსიკას სმენას,
მის სიტკბოებას რატომ ხვდები სევდის ჰანგებით?
ეგებ ის გიყვარს, რაც განიჭებს შეუცნობ წყენას,
ეგებ სიამე სატანჯველად გექცა განგებით?
ეგებ საყვედურს გეუბნება აქ ყველა ბგერა,
მწარე სიცხადე ეგებ ამხელს ფარულ იარებს,
ეგებ აქ მაინც ის სიმართლე გესმის და გჯერა,
რომ მარტოობა შენ სიკეთეს ვერ გაზიარებს.
შეხედე, სიმმა როგორ შექმნა სხვა სიმთან წყვილი,
როგორ დაიწყო სიმებს შუა ჰანგმა თარეში,
ერთად ამღერდა თითქოს მამა, დედა და შვილი
ბედნიერების აუმღვრეველ სიანკარეში.

და, ალბათ, გესმის, რასაც მღერის სამი არსება,
რომ მარტოობა შენთვის სიკვდილს დაემსგავსება.

9
შენ, ალბათ, ნაღვლობ, აცრემლებულ ქვრივს თუ დატოვებ;
შენი სიკვდილით, არ გსურს ერგოს ვინმეს ზიანი,
მაგრამ სიცოცხლეს თუ უშვილოდ დაიმარტოვებ,
შენ თვით საწუთრო გაგაცილებს თვალცრემლიანი.
შენ თვით სამყაროს დააქვრივებ უიმედობით,
თუკი არავინ დაუტოვე მას შენი მსგავსი,
ქმარდაკარგული ქალი ხარობს მხოლოდ დედობით,
შვილია მისთვის წარსულის და მომავლის არსი.
ქონების ფლანგვით გამფლანგველი ჰპოვებს იმედებს,
რომ ფულის ნაცვლად ის პატივის არის მძებნელი;
სილამაზეს კი გასაფლანგად როცა იმეტებს,
უაზროდ კარგავს გამეტებულს გამმეტებელი.

მას გული სხვისკენ სიყვარულით ვერ გაექცევა,
ვინც საკუთარ თავს, როგორც მკვლელი, ისე ექცევა.

10
ნუ დაიკვეხნი, რომ გიყვარდა ქვეყნად მავანი,
შენ სხვა გეტრფოდა, სხვის სიყვარულს ფლობდი სულ თავად...
ვშიშობ, შერცხვენილს დაგემხობა ცა და თავანი,
რადგან სიყვარულს მოევლინე სულთამხუთავად.
შენ საკუთარ თავს, ვით მოსისხლე, დაუხვდი მტერი,
შენი არსების ამოძირკვა თავად გენება,
ჩამოგენგრევა, ალბათ, თავზე იმ ტაძრის ჭერი,
რაც წინაპრებმა დაგიტოვეს დასამშვენებლად.
გთხოვ, შეიცვალე შენ აზრი და მეც დამამშვიდე;
ნუთუ სიკეთეს გირჩევნია შენ რაღაც ავი?!
შენს თავს შეხედე მოწყალედ და შენს თვალს მაშინვე
გადაეშლება სამომავლოდ სხვა სანახავი.

შენს არსებაში სხვა არსების ეძიე კვალი
და შენც შეავლე ახლადშობილ სიტურფეს თვალი.

11
როცა ბერდები, სიყმაწვილეს თითქოს აბრუნებს
ის შენი მსგავსი, ვისაც ჰქვია შენი ნაწილი,
სისხლსა და სხეულს უანგაროდ სხვას ვინც არგუნებს,
ამით შერჩება მომავლისკენ ხელი გაწვდილი.
სწორედ ეს არის წუთისოფლის სიბრძნე და არსი,
ამის გარეშე არაფერი ქვეყნად არ ხდება,
აქ თუ არავინ მოავლინა თავისი მსგავსი,
მთელი ქვეყანა სამოც წელში გაპარტახდება.
თვით ეს სამყარო შენში ხედავს თავის ღირსებებს,
ყველა სიკეთე მოუცია შენთვის ბუნებას,
ის არ მფარველობს მახინჯთა და ბრიყვთა თვისებებს,
რომ არ შეესწროს თავისსავე განადგურებას.

შენ ბეჭედი ხარ ბუნების და მისი არსების,
ანაბეჭდები რომ დატოვო შენი მსგავსების.

12
როდესაც ვუსმენ, როგორ მითვლის საათი წამებს,
როდესაც ვნაღვლობ საცოდავად დამჭკნარ იაზე,
როდესაც ვხედავ განთიადით გამაძღარ ღამეს,
ან ვფიქრობ მავან ერთდროს გიშრის ნაწნავიანზე,
როდესაც ირგვლივ უფოთლებო მოჩანს ხეები,
რომელთა ჩრდილში ერთდროს ფარებს ჰქონდათ ბინები,
როდესაც ზაფხულს დასწრეტია სიუხვეები
და გზას ადგანან წარმავლობის ბალდახინები,
მე სწორედ მაშინ მახსენდება შენი მშვენება,
მაშინღა ვხვდები, რომ სიცოცხლე მხოლოდ ბანგია,
შენს სიყმაწვილეს რომ დროებით მოსვლა ენება
და წუთისოფლის ბილიკებზე გასაფლანგია.

და რადგან არვის შეიბრალებს სიკვდილს ცელი,
დატოვე შვილი, როგორც ხსოვნის ერთგული მცველი.