Tuesday, November 5, 2013

ჯანი როდარი

იმედი

მინდა მქონდეს მაღაზია პაწია...
კარს გავხსნიდი, ყველას გავუღიმებდი...
იცით, რად მსურს მე ეს გაწამაწია?
გასაყიდი რა მაქვს? რა და – იმედი!

გავძახებდი: "ხელმისაწვდომ ფასადაც
ვყიდი იმედს, ბითუმად კი – იმედებს",
ერთის ნაცვლად ექვსს მივცემდი და სადაც
ფულს იმედში ყველა გამოიმეტებს.

მერე ვუხმობ ღატაკებს და ღარიბებს,
ვინც ცხოვრებამ იმედს გადააჩვია,
და უფულოდ მათთვის ჩამოვარიგებ
მთელ იმედებს, რაც კი რამ გამაჩნია.


საახალწლო სურვილები

საახალწლო სურვილები, მინდა, გაგიზიაროთ
და ჩვენ მათი ასრულებით მუდამ ერთად ვიაროთ:

მინდა, იყოს იანვარი აპრილივით მზიანი,
გრილ ივლისად გარდაიქმნას მარტი თავაზიანი,

მე დღე მინდა ისეთი, რომ ღამე აღარ მახსოვდეს,
რომ არ ქროდეს ქარიშხალი ზღვაზე აღარასოდეს,

თბილი პურის სუნი მცემდეს, სადმე გზად რომ ჩავივლი,
კვიპაროსმა გამოისხას ერთხელ ატმის ყვავილი,

ძაღლი იყოს კატისათვის მეგობარი რჩეული,
რძე მენახოს შადრევნიდან დილით ამოფრქვეული...

თუ ზედმეტი რამ ვინატრე, შემიცვალეთ ის იმით,
რომ ვიარო მთელი წელი ბედნიერი ღიმილით.


სამახსოვრო

ზოგი საქმე დღისით უნდა აკეთო,
ან ისწავლო, ან თამაშის ადგილი
გამოძებნო ხტუნვით იქით-აქეთო,
დაიბანო და მიირთვა სადილი.

ზოგი საქმე ღამისაა... გჭირდება
ძილისათვის რომ ლოგინი დაიგო,
იქ თავისთვის ბალიშიც რომ იდება,
სჯობს, რომ ყურით არაფერი გაიგო.

ზოგი საქმე არც დღისით და არც ღამით
არ ხდებოდეს, ყველა ამის მდომია,
არც ზღვაზე და არც ხმელეთზე - არსაით!
და ასეთი, მაგალითად, ომია.