Saturday, May 10, 2014

ჯალალ-ედ-დინ რუმი

(დავუბრუნდი... დამიბრუნდა)

2523

შენ, გულო, ცეცხლის თაყვანის მცემო,
   ცეცხლი რომ გექცა სახლად და კარად,
მოუხმე მწდეს, რომ ღვინით ფიალას
   მივსებდეს ისევ მარად და მარად.
მოდი, მოგელი, მწდეო ფიალით,
   ბაგე ისევ თრთის ვნების რიალით,
ვაზის ნაჟურის სულში წრიალით
   ცეცხლი შევიგრძნოთ საამო ქარად.
შენ, ლერწამივით ბაღნარში რხეულს,
   განდობ მე სურვილს, უცხოს და რჩეულს,
მსურს, მექცეს ეს გზა, უგნურს და ეულს,
   ჩემი სატრფოსკენ მიმავალ შარად.
ეს მთელი ჩემი ჭკუა-გონება,
   მავან პირმთვარეს რომ ემონება,
ვით გაფლანგული, ქრება ქონება,
   როცა, ვით ცრემლი, ღვინოც ჩქეფს ღვარად.
ორი ჯამი მაქვს: ერთია ცეცხლის,
   მეორე _ განძის და ოქრო-ვერცხლის,
ოქროსაც მალე ის ცეცხლი შეცვლის,
   რადგან ცეცხლია სულ მთად და ბარად.
მწდეო, ცეცხლმა რომ კვალში მდია მე...
   მისგან შევიცან ყველა სიამე,
შენ რას გაიგებ - რა ბედს მწია მე...
   შენ დროის დენაც გიცვნია არად.
აღვდგეთ ცეცხლიდან ლხინით და ლხენით,
   შ ა მ ს - ე  თ ა ბ რ ი ზ ი ს   სულით და რწმენით,
ოქროდ რომ გვექცეს ცხოვრება დენით,
  მაინც ჩაქრება ის ცეცხლის დარად.