Wednesday, June 25, 2014

თურქული პოეზიიდან

ათილლა ილჰანი

"მარტოობის ლექსი"


ცის დიდებულ სიბნელეთა მზერამ ხალხი გადარია, -
ვარსკვლავები მტევან-მტევან  ჩამოკრიფონ, მზად არიან...
მეც მარტო ვარ... მთის მწვერვალნიც სულ მარტონი რად არიან?!
რად არიან?! რად არიან?!

ღამის თითებს მოსწყდა თითქოს ერთი ია... ერთი ვარდი...
მე ბავშვობის სიმღერებში ბაგის თრთოლვით გადავვარდი...
შენ დაგეძებ სიბნელეში – მიწაზედ ხარ?! გზად ხარ?! ცად ხარ?!
მზერით გეძებ, შენ კი მზერით უკარება ნეტავ რად ხარ?

სად ხარ? სად ხარ?


"შემოდგომის შემოფეთება"

ეს რა ხდება?! 
ან მე თავად რა მომდის?!
კვირტი კვირტთან 
ტყემლის ტოტზე ფეთქდება,
სხივი სხივთან დილიდან საღამომდის
ჩემს სიცოცხლეს ნება-ნება ეფრქვევა...
მე კი ვზივარ... 
ფოთოლ-ფოთოლ ჩამოცლილს 
ვხედავ ხეებს, რადგან... 
რადგან რა ხდება?

შემოდგომის ვიგრძენ შემოფეთება.

(გალექსილია მაყვალა ხარებავას მიერ თურქული ენიდან შესრულებული პწკარედიდან)