Saturday, July 30, 2016

საადი შირაზელი



„ბუსთანი“



მეხუთე კარი

მე-2 იგავი







ერთ არდებილელს ვიცნობდი, მას სახელს ძალა რამ სძენდა -
სპილოს შვილს ხელს თუ დაჰკრავდა, დედის ხორთუმში აძვრენდა.
მასთან ჭიდილი ისურვა ჭაბუკმა, ნაბდით მოსილმა
და ნათელი დღე უეცრად თითქოს-და ღამემ მონისლა.

ბარამ-გურს ჰგავდა, თუმც იყო ერთობ მსურველი ავისა,
ხელში ეჭირა მარტოდენ ქამანდი კანჯრის ტყავისა.

არდებილელმაც გაიგო მიზეზი მისი მოსვლის და
უმალ მშვილდს დასწვდა და სიმი ლამის ყურამდე მოზიდა.

ორმოცდაათი ისარი სტყორცნა და განა რა ეცვა,
რომ ისრებისგან ნაბადმა შეძლო ჭაბუკი დაეცვა?!

როცა ნაბდოსანს მიეცა დრო შებრძოლების მომცველი,
თვისი ქამანდით გაკოჭა უიღბლო ისრის მტყორცნელი.

იმ არდებილელს მოეპყრო, როგორც ქურდსა და მპარავსა, -
იქ მიათრია, საითაც ხედავდა იმის კარავსა....

და მოისარი სირცხვილმა დატანჯა, არ დააძინა,
დილით მსახურმა რომ ნახა, თითქოს ამ სიტყვით დასცინა:

„შენი ნატყორცნი ისრით რომ რკინას ხვრეტდი და ღარავდი,
მის ნაბადს ვერრა დააკელ?! ანდა ტყვედ როგორ ჩავარდი?!“

არდებილელმა პასუხი გასცა მას, ცრემლით ცხებული:
„დღე სიკვდილისა ყველასთვის სადღაც არს ჩასაფრებული!

შენ იცი ჩემი ამბები ბრძოლებში გამოხდომისა, -
როსტომს შეეძლო ესწავლა ჩემგან წესები ომისა;

როდესაც განგების თვალი მე მოწყალებით მიმზერდა,
ნაბადს კი არა, რკინასაც ვირჩევდი დასამიზნებლად,

ახლა კი ბედმა მიმუხთლა... უიღბლოდ დამცა დაბლა და
ჩემგან ნატყორცნი ისრები მოიგერია ნაბადმა“.

* * *
შუბი ჯავშანს ხვრეტს, მეომარს სიკვდილი თუ უწერია,
იღბლიანთან კი ის შუბი პერანგსაც ვერ მოერია.

სიკვდილი ხმალს რომ აღმართავს, ვეღარაფერი გიშველის,
გინდა აბჯარი გეცვას და გინდა მთლად იყო შიშველი,

იღბლიანთან ხომ კარგახანს სიკვდილს არ დაედგომება,
მის შორიახლოს მრავალჯერ თუნდა იქუხონ ომებმა...

ბრძენი იღბალს ვერ შეიქმნის, ფიქრებით ცაც რომ გაკვეთოს,

ბრიყვს თუ ბედი აქვს, სულ ხარობს, თუნდ არაფერი აკეთოს.